არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დედის საპატიო როლი

დედის საპატიო როლი

დედის საპატიო როლი

დედების როლს ხშირად სათანადოდ არ აფასებენ და უმნიშვნელოდაც კი თვლიან. უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც ზოგ კულტურაში ბავშვებზე ზრუნვას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. მათი აზრით, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე კარიერა და მას ზედმეტ ტვირთადაც კი მიიჩნევენ. უმრავლესობა ასეთ დამოკიდებულებას უკიდურესობად თვლის, მაგრამ, ჩვეულებრივ, დედებს შინამოსამსახურეებივით ეპყრობიან და ბავშვებზე ზრუნვას მეორეხარისხოვან საქმედ მიიჩნევენ. ზოგი იმასაც კი ფიქრობს, რომ ქალს თავისი სრული პოტენციალის გამოსავლენად კარიერის გაკეთება სჭირდება.

მაგრამ, მრავალი ქმარი და ბავშვი აფასებს ოჯახში დედის წვლილს. კარლო, რომელიც ფილიპინებზე იეჰოვას მოწმეთა ფილიალში მსახურობს, გვიხსნის: „დღეს აქ იმიტომ ვარ, რომ დედაჩემმა კარგად აღმზარდა. მამაჩემი მკაცრი კაცი იყო და მაშინვე გვსჯიდა ხოლმე, დედა კი იმით გვეხმარებოდა, რომ გვიხსნიდა და გვანახვებდა მიზეზს. მე ნამდვილად ვაფასებ, რომ მან სწავლების ასეთი მეთოდი გამოიყენა“.

პიტერი, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან არის, ერთ-ერთია იმ ექვსი შვილიდან, რომლებიც შეზღუდული განათლების მქონე დედამ აღზარდა. მათმა მამამ ოჯახი მიატოვა. პიტერი ამბობს: „დედა მოახლედ და დამლაგებლად მუშაობდა და დაბალი ანაზღაურება ჰქონდა. მას ძალიან უჭირდა, ყველასთვის გადაეხადა სწავლის ქირა. ხშირად მშივრები ვწვებოდით დასაძინებლად. მისთვის სახლის ქირის გადახდაც კი ძალიან რთული იყო. მიუხედავად ამდენი სირთულისა, დედა არასდროს ყრიდა ფარ-ხმალს. ის გვასწავლიდა, რომ საკუთარი თავი სხვებისთვის არასოდეს შეგვედარებინა. მისი თავგამოდებული მზრუნველობა რომ არა, ჩვენ ვერასოდეს მივაწევდით ცხოვრებაში იმ წარმატებებს, რასაც მივაღწიეთ“.

ერთი ნიგერიელი მამაკაცი, აჰმედი, გვიყვება, თუ რას ფიქრობს ბავშვების აღზრდაში თავისი ცოლის მიერ გაწეული დახმარების შესახებ: „ძალიან ვაფასებ ჩემს ცოლს. როცა სახლში არა ვარ, თავს იმედიანად ვგრძნობ, რადგან ვიცი, რომ ბავშვებს მზრუნველობა არ აკლიათ. ნაცვლად იმისა, რომ ცოლი კონკურენტად მივიჩნიო, მადლობელი ვარ მისი და ბავშვებსაც ვასწავლი, რომ დედასაც ისეთივე პატივისცემით მოეცქცნენ, როგორც მე მექცევიან“.

პალესტინელი მამაკაცი მთელი გულით აქებს თავის ცოლს, როგორც დედას: „ლინამ ბევრი გააკეთა ჩვენი გოგონასთვის და დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ოჯახის სულიერ წინსვლაში. ჩემი აზრით, მისი წარმატება მისი რელიგიური რწმენის დამსახურებაა“. ლინა იეჰოვას მოწმეა და გოგონას აღსაზრდელად ბიბლიურ პრინციპებს იყენებს.

რა პრინციპებია ესენი? რა შეიძლება ითქვას დედებთან დაკავშირებით ბიბლიურ თვალსაზრისზე? როგორ სცემდნენ ჯეროვან პატივს ადრეულ ხანაში დედებს, როგორც შვილების აღმზრდელებს?

გაწონასწორებული თვალსაზრისი დედებზე

როდესაც ქალი შეიქმნა, მას საპატიო როლი მიენიჭა ოჯახში. ბიბლიის პირველივე წიგნი ამბობს: «თქვა უფალმა ღმერთმა: „არაა კარგი ადამის მარტოობა! შევუქმნათ მას შესაფერისი შემწე“» (დაბადება 2:18). პირველი ქალი, ევა, ამგვარად გახდა ადამის შემწე ანუ შემავსებელი, მეორე ნახევარი. ის ადამისთვის სრულყოფილი დამხმარე უნდა ყოფილიყო. მას ღვთის განზრახვაში თავისი როლი ჰქონდა მინიჭებული — უნდა გაეჩინა შვილები, და ცოლ-ქმარს უნდა ეზრუნა როგორც ბავშვებზე, ისე დედამიწასა და ცხოველებზე. ევა, როგორც ჭეშმარიტი მეგობარი, ინტელექტუალურ მხადაჭერას გაუწევდა ქმარს და გაამხნევებდა მას. ადამი ნამდვილად ბედნიერი იყო, რადგან შემოქმედისგან ასეთი მშვენიერი საჩუქარი მიიღო! (დაბადება 1:26—28; 2:23).

მოგვიანებით ღმერთმა დაადგინა სახელმძღვანელო ნორმები, თუ როგორ უნდა მოპყრობოდნენ ქალს. მაგალითად, ისრაელში დედას პატივისცემით უნდა მოპყრობოდნენ და არა პირიქით. თუ ვაჟი ‘დაწყევლიდა თავის დედას და მამას’, ის სიკვდილით უნდა დასჯილიყო. ქრისტიან ახალგაზრდებს მოუწოდებენ, რომ ‘დაუჯერონ თავიანთ მშობლებს’ (ლევიანები 19:3; 20:9; ეფესოელები 6:1; მეორე რჯული 5:16; 27:16; იგავები 30:17).

ქმრის ხელმძღვანელობით, დედას გოგონასთვისაც უნდა ესწავლებინა და ვაჟისთვისაც. ბიჭებს რჯულის თანახმად მოეთხოვებოდათ, რომ ‘არ მიეტოვებინათ დედის სწავლება’ (იგავები 6:20). აგრეთვე იგავების 31-ე თავში მოცემულია „ლემუილის, მასას მეფის სიტყვები, რომლითაც დედამისი შეაგონებდა“. დედა გონივრულად აძლევდა თავის ვაჟს რჩევას იმასთან დაკავშირებით, რომ მორიდებოდა ალკოჰოლური სასმელების ბოროტად გამოყენებას. ის ეუბნებოდა: „მეფეებს არ შეეფერებათ ღვინის სმა, და არც მთავრებს შეეფერებათ მაგარ სასმელთა სიყვარული, რათა არ სვამდეს და არ ივიწყებდეს კანონებს, არ ამრუდებდეს ჩაგრულთა სამართალს“ (იგავები 31:1, 4, 5, სსგ).

ყველა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც დაქორწინებას აპირებს, გონივრულია გაითვალისწინოს, თუ როგორი უნდა იყოს „მარჯვე ცოლი“, რომლის შესახებაც მეფე ლემუილს დედამისი ეუბნება: „მარგალიტებზე მაღალია მისი ფასი“. იმ მნიშვნელოვანი დამსახურების აღწერის შემდეგ, თუ რას აკეთებს ასეთი ცოლი ოჯახისთვის, დედა ეუბნება მეფეს: „მაცდურია მშვენიერება და ამაოა სილამაზე. უფლის მოშიში ქალი კი ქებულია“ (იგავები 31:10—31). ნათელია, რომ ჩვენმა შემოქმედმა ქალებს საპატიო და საპასუხისმგებლო ადგილი მიუჩინა ოჯახში.

ქრისტიანულ კრებაშიც ცოლები და დედები პატივცემულნი და დაფასებულნი არიან. ეფესოელების 5:25-ში ნათქვამია: „ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები“. ახალგაზრდა ტიმოთეს, რომელსაც დედამ და ბებიამ წმინდა წერილებისადმი პატივისცემა ჩაუნერგეს, მოციქული პავლე ღვთის შთაგონებით სწერდა: „მოკრძალებით შეაგონე . . . უფროსი ასაკის ქალს — როგორც დედას“ (2 ტიმოთე 3:15; 1 ტიმოთე 5:1, 2). ამგვარად, მამაკაცი პატივისცემით უნდა მოექცეს უფროსი ასაკის ქალს, როგორც საკუთარ დედას. მართლაც, ღმერთი აფასებს ქალებს და ჯეროვან პატივს მიაგებს მათ.

გამოხატეთ მადლიერება

მამაკაცი, რომელიც ისეთ კულტურაში აღიზარდა, სადაც ქალს დიდ პატივს არ სცემენ, გვიყვება: „ისე აღმზარდეს, რომ მთავარი ყურადღება მამაკაცებს ექცეოდა; ვხედავდი, რომ ქალებს ცუდად ეპყრობოდნენ და პატივს არ სცემდნენ. ასე რომ, საკუთარ თავთან ბრძოლა მომიწია, რათა ქალების შესახებ შემოქმედის თვალსაზრისი განმევითარებინა — დამენახა მეუღლეში შემავსებელი, დამხმარე, მეორე ნახევარი ოჯახში და თანაშემწე ბავშვებისთვის აღზრდა-განათლების მიცემაში. თუმცა ჩემთვის ძალიან რთულია ცოლისთვის მადლიერების სიტყვების თქმა, ვხვდები, რომ ბავშვებში კარგი თვისებების ჩანერგვა მისი დამსახურებაა“.

მართლაც, დედებს, რომლებიც თავიანთ თავზე იღებენ შვილების აღზრდის პასუხისმგებლობას, შეუძლიათ იამაყონ თავიანთი როლით. ეს ღირსეული საქმიანობაა. ისინი სამართლიანად იმსახურებენ ქებასა და მადლიერების გულწრფელ სიტყვებს. ჩვენ დედებისგან ბევრ რამეს ვსწავლობთ — ჩვევებს, რომლებიც გვეხმარება მთელი სიცოცხლის განმავლობაში; კარგ მანერებს, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია სხვებთან კარგი ურთიერთობების დასამყარებლად, და ხშირად ზნეობრივ და სულიერ ფასეულობებს, რაც ახალგაზრდებს ეხმარებათ, სწორი გზიდან არ გადაუხვიონ. ახლო წარსულში გითქვამთ დედისთვის, რომ მადლობელი ხართ იმისათვის, რაც მან თქვენთვის გააკეთა?

[სურათი 9 გვერდზე]

პიტერს დედა ასწავლიდა, რომ ფარ-ხმალი არ დაეყარა.

[სურათი 10 გვერდზე]

აჰმედი ძალიან აფასებს შვილების აღზრდაში მეუღლის დახმარებას.

[სურათი 10 გვერდზე]

ლინას ქმარი თავიანთი გოგონას კარგ საქციელს ცოლის რელიგიური რწმენის დამსახურებად თვლის.