არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კათოლიციზმი აფრიკული სურნელით

კათოლიციზმი აფრიკული სურნელით

კათოლიციზმი აფრიკული სურნელით

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ბრაზილიიდან

სალვადორში, ბაიას შტატის (ბრაზილია) ადმინისტრაციულ ცენტრში, წლის დასაწყისში გრანდიოზული დღესასწაული იმართება. ასობით ქალი წინ მიუძღვის პროცესიას, რომელიც ბონფინის კათოლიკური ეკლესიისკენ მიემართება, რათა ტაძრის კიბის საფეხურები სურნელოვანი წყლით გარეცხონ. ამ რიტუალით ისინი პატივს მიაგებენ აფრიკის ღმერთ-შემოქმედს, ოშალას.

ამ ცერემონიალს დაახლოებით მილიონი ადამიანი ადევნებს თვალყურს. აფრიკული დოლების რიტმზე ისინი უერთდებიან ზეიმს, რომელიც ქალაქის ქუჩებში იმართება.

ეს რიტუალი, რომელიც 250 წელს ითვლის, სინკრეტიზმის (რელიგიათა შერწყმის) ბრწყინვალე მაგალითია, რაც ბრაზილიური კათოლიციზმისთვის არის დამახასიათებელი. ამბობენ, რომ 70 მილიონზე მეტი ბრაზილიელი პირდაპირ, თუ ირიბად, კანდომბლესა და უმბანდუსთან, შანგოსა და სხვა აფრიკულ-ბრაზილიურ რელიგიებთან არის დაკავშირებული. მაგრამ, ამავე დროს, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა აცხადებს, რომ კათოლიკეა.

როგორ მოხდა ამ რელიგიათა შერწყმა? როგორ უყურებს ამას კათოლიკური ეკლესია? მოსაწონია რელიგიურ მრწამსთა შერწყმა, თუ უნდა ვერიდოთ ამას?

‘ჭეშმარიტ რელიგიასთან მიმყვანი ხიდი’

რიცხვობრივ მაჩვენებელთან დაკავშირებული გამოთვლები ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ სავარაუდოა, რომ ექვს მილიონზე მეტი იორუბა, ბანტუ და სხვა აფრიკული ტომების წარმომადგენლები XVI საუკუნის შუა პერიოდიდან XIX საუკუნემდე მონებად ჰყავდათ ბრაზილიაში (1888 წელს ბრაზილიაში მონობა გადავარდა). ამგვარად, აფრიკული ტრადიციული მრწამსისა და კათოლიციზმის შერწყმა ბრაზილიაში მონობის გადმონაშთია.

კათოლიკური ეკლესია ყველა მონისგან მოითხოვდა კათოლიციზმზე მოქცევას, მაგრამ, ამავე დროს, იწონებდა კათოლიციზმთან აფრიკული რელიგიის ელემენტების შერევას. ისტორიკოს როჟე ბასტიდის სიტყვების თანახმად, იეზუიტ მისიონერებს სწამდათ, რომ აფრიკელები კათოლიკურ რწმენაში პატარა ბავშვებივით მუსიკითა და ცეკვებით, აგრეთვე ტიტულებისა და საპატიო მდგომარეობისადმი სიყვარულით უნდა მიეზიდათ. „ისინი არ უნდა ვაიძულოთ, მთლიანად მიატოვონ თავიანთი ტრადიციული ჩვევები, — წერდა ბასტიდი, — არამედ შევარჩიოთ, რომელია მათი რწმენიდან მისაღები და ესენი ჭეშმარიტ რწმენამდე მიმყვან ხიდად გამოვიყენოთ“.

აფრიკულ საძმოებში, მაგალითად კათოლიკურ „წმინდა“ ბენედიქტესა და ქალწულ როზარიას საძმოში, მრავალმა აფრიკულმა ტრადიციამ „ქრისტიანული“ ელფერი მიიღო. წელიწადში ერთხელ, „წმინდა“ ბენედიქტეს დღესასწაულზე ასეთი საძმოები თავიანთ წევრებს შორის ირჩევენ მეფესა და დედოფალს; ეს ჩვეულება აფრიკული ტრადიციებიდან იღებს სათავეს, სადაც, ჩვეულებრივ, ტომებს მეფეები ჰყავთ.

„წმინდანები“ თუ ორიშა?

ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავლის არსებობის შესახებ რწმენა მიღებულია როგორც კათოლიციზმში, ისე აფრიკულ რელიგიებში. მაგალითად, იორუბა ხალხს სწამდათ ორიშასი. მათი მრწამსის თანახმად, ესენი იყვნენ ომის ღმერთები და მეფეები, რომლებიც ბუნების ძალებს მართავდნენ და ადამიანებსა და მათ უზენაეს ღმერთს, ოლორუნს, შორის შუამავლები იყვნენ. მსგავსად ამისა, რომაელ კათოლიკებს სწამთ, რომ „წმინდანები“ ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავლები არიან. ისინი კონკრეტულ სიტუაციებში დასახმარებლად კონკრეტულ „წმინდანებს“ უხმობენ.

ორიშას მიტოვების ნაცვლად, მრავალმა მონამ მისადმი თაყვანისცემა „წმინდანებისადმი“ მსგავსი თაყვანისცემით შენიღბა. ამგვარად, იორუბა ხალხის ომის ღმერთი ოგუნი გააიგივეს კათოლიკურ „წმინდანებთან“ — ანტონისა და გიორგისთან, რომლებიც ქრისტიანული სამყაროს მეომრებად და გმირებად ითვლებიან.

მსგავსად ამისა, იემანა, ყველა ორიშას დედა და ზღვის ღვთაება, გააიგივეს ქალწულ მარიამის სხვადასხვა ხატებასთან. ბონფინის უფალი, სალვადორში ყველაზე პოპულარული „წმინდანი“, გაიგივებულია ოშალასთან, იორუბა ხალხის პანთეონში ყველაზე დიდ ორიშასთან. ეს დამოკიდებულება კვლავაც ირეკლება ყოველწლიურ დღესასწაულებზე ტაძრის კიბის საფეხურების რეცხვაში *.

„ხალხს აქ გულწრფელად სწამს იესო, კათოლიკების წმინდანები და ორიშა“, — აღნიშნავს სალვადორის ერთი კათოლიკე მღვდელი. „მრავალი ძალიან სწრაფად გადადის ერთი რელიგიიდან მეორეში, — დასძენს ბრაზილიელი ანთროპოლოგი. — ისინი კათოლიკური ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ, მაშინვე [აფრიკულ] კანდომბლეს ცენტრში შედიან“.

კათოლიციზმისა და აფრიკული მრწამსის შერწყმა დელიკატური საკითხია. ლუკას მორეირამ, ბრაზილიის კათოლიკური ეპარქიის კრების ყოფილმა თავმჯდომარემ, განაცხადა: „თითოეულმა ადამიანმა საკუთარი რწმენა ისე უნდა დაიცვას, რომ სხვაში არ აურიოს“. მაგრამ მეორე კათოლიკე ეპისკოპოსმა აღნიშნა: „სინკრეტიზმი არის რეალობა, რომლის ეკლესიიდან განდევნაც შეუძლებელია“.

იკვეთება ორი ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულება. ეკლესიის კონსერვატიულად მოაზროვნე მღვდლები იბრძვიან იმის წინააღმდეგ, რაც, მათი აზრით, წარმართული და დემონურია, მაშინ როდესაც სხვები იმის მომხრეები არიან, რომ კათოლიკური ეკლესიის რიტუალებში ჩართული იყოს აფრიკული სიმბოლოები და ცეკვები.

რას იტყოდა იესო?

ქრისტიანობის დამფუძნებელი, იესო ქრისტე, მრავალი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფის ადამიანებთან ქადაგებდა. მაგრამ მან საკმაოდ მტკიცედ თქვა: „ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მამას სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ თაყვანს, რადგან მამა სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის“ (იოანე 4:23). გარდა ამისა, იესომ ახსნა, რომ მამა, იეჰოვა ღმერთი, ჭეშმარიტებას თავისი სიტყვის, ­ბიბლიის, მეშვეობით უმხელს ადამიანებს (იოანე 17:17).

იესომ თავის მიმდევრებს, უთხრა, რომ ესწავლებინათ ‘ყველა ერის ხალხისთვის ყველაფრის დაცვა, რაც მათ მცნებად დაუდო’ (მათე 28:19, 20). მას არასოდეს ურჩევია, მისი სწავლებები შეეცვალათ იმ მიზნით, რომ ის მიმზიდველი გაეხადათ განსხვავებული ტრადიციებისა და რწმენის მქონე ხალხისთვის. მოციქულების დღეებში ზოგიერთი ცდილობდა, სხვა რელიგიებიდან გადმოეღო იდეები და ჩვეულებები. მაგრამ ასეთი მცდელობები დასაგმობი იყო. „გამოდით მათგან და გამოეყავით, — წერდა მოციქული პავლე, — და . . . [ღმერთი] მიგიღებთ თქვენ“ (2 კორინთელები 6:17).

[სქოლიო]

^ აბზ. 14 აფრიკულ-ბრაზილიური რელიგიების ლექსიკონის თანახმად, ბონფინის ტაძრის კიბის საფეხურების რეცხვა მჭიდროდ არის დაკავშირებული იორუბა ცერემონიალთან. ამ ცერემონიალს ოშალას წყალს უწოდებდნენ და მასში ოშალას ოტასის, ანუ წმინდა ქვების, გარეცხვის რიტუალი შედის.

[სურათები 12 გვერდზე]

ტაძარში მომსახურე აფრიკული წარმოშობის ბრაზილიელი ქალები ტაძრის კიბის საფეხურებს რეცხავენ.

ხალხი ბონფინის (ბრაზილია) ტაძრის კიბეებზე.

[საავტორო უფლებები]

Top: De: A Tarde​—Wilson da Rocha Besnosik; bottom: De: A Tarde—​Antônio Queirós