არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

როგორ არ მოქმედებს ობობებზე მიზიდულობის ძალა?

„მეცნიერებმა ნათელი მოჰფინეს საიდუმლოს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ეჭიდებიან ობობები კედლებსა და ჭერს“, — ნათქვამია ლონდონში გამომავალ გაზეთ „ტაიმზში“. ობობას აქვს ოთხი წყვილი ფეხი. თითოეული ფეხი ბოლოვდება სავარცხლისებრი ბრჭყალებით. ამ ბრჭყალებიდან თითოეული კიდევ უფრო პატარა ბუსუსებით არის დაფარული. ობობების ამ 624 000 ბუსუსის დაბოლოებებსა და კედელსა თუ ჭერს შორის შეჭიდულობის ძალა იმდენად დიდია, რომ ობობას შეუძლია თავისი სხეულის წონაზე 170-ჯერ მეტი ტვირთი ატაროს და, ამავე დროს, კედლიდან თუ ჭერიდან არ ჩამოვარდეს. გერმანიასა და შვეიცარიაში ელექტრონული მიკროსკოპის გამოყენებით, რომელიც სკანირებას ახდენს, მკვლევარებმა ობობების ერთ სახეობაზე დაკვირვება მოახდინეს. აღმოჩენები იმის საფუძველს იძლევა, რომ „შესაძლებელია ახალი, ზემტკიცე წებოვანი ნივთიერებებისა და წებოს გამოგონება, რაზეც ნესტი არ იმოქმედებს“, — ნათქვამია „ტაიმზში“. ამ გამოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი ანტონია კესელი დასძენს: „წარმოიდგინეთ კოსმონავტები, რომლებსაც შეუძლიათ სკაფანდრით კოსმოსური ხომალდის კედლებს მიეკრან“.

რა ზღუდავს ხეების სიმაღლეში ზრდას?

„გიგანტური სექვოია დედამიწის ცოცხალ ქმნილებათა შორის ყველაზე მაღალია, მაგრამ იდეალურ პირობებშიც რომ იზრდებოდეს, მხოლოდ გარკვეულ სიმაღლეს აღწევს“, — ნათქვამია ერთ გაზეთში (Las Vegas Review-Journal newspaper). მსოფლიოში ყველაზე მაღალ ხესა (რომელიც 110 მეტრია და დაახლოებით 30-სართულიანი შენობის სიმაღლისაა) და ამავე სახეობის მაღალ ოთხ ხეზე დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ გიგანტური სექვოია შეიძლება მაქსიმუმ 130 მეტრამდე გაიზარდოს. როდესაც ფოთლებიდან წყალი ორთქლდება, ფესვებიდან ხდება წყლის შეწოვა და ხის წვერამდე მისი გადატუმბვა, რომლის დროსაც იგი მიზიდულობის ძალის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. მკვლევარების აზრით, ამ პროცესს მაქსიმუმ 24 დღე სჭირდება. რამდენადაც წყალი ჭურჭლების ანუ ქსილემის საშუალებით გადაადგილდება, ამოქაჩული წყლის მასა იზრდება მანამ, სანამ ის კრიტიკულ დონეს არ მიაღწევს და მეტის ამოქაჩვა შეუძლებელი გახდება, რაც აფერხებს ხის სიმაღლეში ზრდას. ყველაზე მაღალი ხის, დუგლასის, სიმაღლე 126 მეტრს აღწევს.

სპეციალური ტელეფონი მუსლიმანებისთვის

ამჟამად, ბაზარზე ხელმისაწვდომია ახალი მობილური ტელეფონი, რომელიც მუსლიმანი მომხმარებლისთვის არის განკუთვნილი. გერმანული გაზეთის „ცაიტის“ თანახმად, ტელეფონში შეტანილია არა მარტო მთელი ყურანი, არამედ ის აგრეთვე დაპროგრამებულია, რომ დღეში ხუთჯერ დარეკოს, რათა მორწმუნეებმა ილოცონ. ასევე ის მომხმარებელს იმასაც უჩვენებს, თუ როგორ უნდა მივიდნენ მსოფლიოს 5 000 ქალაქიდან მექამდე. ტელეფონი დაპროგრამებულია დასავლეთის გრიგორიანული ან ისლამური ჰიჯრას კალენდრის მიხედვით. მართალია, ასეთი ტელეფონი საკმაოდ ძვირი ღირს, მაგრამ მისი მფლობელები იმით იკვეხნიან, რომ იგი ისლამური მრწამსის წამყვანი საგანმანათლებლო ცენტრების მოწონებით სარგებლობს.

დედამიწა სულ უფრო და უფრო ბნელი ხდება

«მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ უკანასკნელ ათწლეულებში დედამიწის ზედაპირამდე მოღწეული მზის სხივების რაოდენობამ იკლო, — აღნიშნავს „საიენტიფიკ ამერიკენი“. — მზის რადიაცია კი არ კლებულობს, არამედ მზის სხივებს გზაზე ღრუბლები, დაბინძურებული ჰაერი და აეროზოლი ეღობება». ხელსაწყოების საშუალებით დაფიქსირდა, რომ XX საუკუნის 50-იანი წლების მიწურულიდან 90-იანი წლების დასაწყისამდე დედამიწის ზედაპირამდე მოღწეული მზის სხივების რაოდენობამ 10 პროცენტით იკლო. აზიაში, ევროპასა და შეერთებულ შტატებში ეს მაჩვენებელი უფრო დიდი იყო. მაგალითად, ჰონკონგში დედამიწამდე მოღწეული მზის რადიაცია 37 პროცენტით შემცირდა. მეცნიერებს ჯერ კიდევ ბოლომდე არ ესმით, თუ რა მიზეზით ხდება ეს.