არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ შემიძლია საკუთარი ემოციების მართვა?

როგორ შემიძლია საკუთარი ემოციების მართვა?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ შემიძლია საკუთარი ემოციების მართვა?

„მშობლებზე ხანდახან საშინლად ვბრაზდებოდი და ისეთ რამეს ვეუბნებოდი, რისი თქმაც სულაც არ მინდოდა. შემდეგ კი ახლოსაც არ ვეკარებოდი მანამ, სანამ ყველაფერი არ ჩაივლიდა“ (13 წლის კეიტი).

„ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ემოციურად გაუწონასწორებლობაა. ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს შინაგანად ვკვდები“ (19 წლის ივონი).

ემოციებს დიდი ძალა აქვს. ის გავლენას ახდენს ადამიანის ფიქრებსა თუ მოქმედებებზე. მან შეიძლება როგორც კარგის, ისე ცუდის გაკეთებისკენ გიბიძგოს. ზოგჯერ გგონია, რომ მათთან გამკლავება შეუძლებელია. „თითქმის არასოდეს არა ვარ საკუთარი თავით კმაყოფილი, — ამბობს 20 წლის ჯეიკობი. — ხშირად ვერ ვაკეთებ იმას, რასაც საკუთარი თავისგან მოველი. ზოგჯერ მხოლოდ ვტირივარ ან ისეთი გაღიზიანებული ვარ, რომ ჩემს რისხვას გარშემო მყოფებზე ვანთხევ. ძალიან მიჭირს საკუთარი ემოციების მართვა“.

მოწიფული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანი რომ გახდე, საჭიროა საკუთარი გრძნობების მართვაც ისწავლო. დღეს ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ემოციების მართვისა და ხალხთან საერთო ენის გამონახვის უნარი უფრო დასაფასებელია, ვიდრე ინტელექტი. ნებისმიერ შემთხვევაში, ბიბლია ძალიან აფასებს, როდესაც ადამიანს შეუძლია საკუთარი ემოციების გაკონტროლება. მაგალითად, იგავების 25:28-ში ნათქვამია: „თუ რისხვის დაოკება არ შეგიძლიათ, ისეთივე უმწეო ხართ, როგორც უგალავნო ქალაქი მტრის შემოტევისას“ („თანამედროვე ინგლისური თარგმანი“). რატომ არის ასე რთული გრძნობების მართვა?

სირთულე, რომელსაც ახალგაზრდები აწყდებიან

ნებისმიერი სოციალური ფენისა თუ ასაკის ადამიანს უწევს ბრძოლა, რათა კონტროლი გაუწიოს საკუთარ ემოციებს. ეს ბრძოლა შეიძლება განსაკუთრებით რთული იყოს გარდატეხის ასაკში. „მოზარდთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მათ რეგულარულად ეუფლებათ ერთდროულად ორი საპირისპირო ემოცია . . . ერთდროულად განიცდიან დიდ სიხარულსა და შიშს“, — ნათქვამია რუთ ბელის წიგნში „ცვლილებები სხეულში, ცვლილებები ცხოვრებაში“.

შენც, როგორც ახალგაზრდა, გამოუცდელი ხარ (იგავები 1:4, აქ). ასე რომ, ბუნებრივია, როდესაც ახალ სიტუაციაში მოხვდები, გარკვეულწილად ემოციური წონასწორობა დაკარგო ან სულაც თავგზა აგებნას. საბედნიეროდ, შენს შემოქმედს კარგად ესმის, რასაც გრძნობ. მან შენი ‘აზრებიც’ კი იცის (ფსალმუნები 138:23). თავის სიტყვაში ღმერთმა მოგვცა ზოგიერთი პრინციპი, რომლებიც დაგეხმარება.

რომელი უმთავრესი საშუალება დაგვეხმარება საკუთარი ემოციების მართვაში?

ემოციების გაკონტროლება რომ შეძლო, საჭიროა ისწავლო ფიქრების გაკონტროლება. უარყოფითმა ფიქრებმა შეიძლება მოქმედებისთვის საჭირო ძალა გამოგაცალოს (იგავები 24:10, აქ). მაგრამ როგორ შეგიძლია ისწავლო დადებითზე ფიქრი და ამგვარად საკუთარი ემოციების გაკონტროლება?

ერთი საშუალება ის არის, რომ არ იფიქრო უარყოფითზე, რამაც შეიძლება დეპრესიაში ჩაგაგდოს ან ემოციური წონასწორობა დაგაკარგვინოს. ბიბლიური რჩევის გამოყენება და იმაზე ფიქრი, „რაც სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს [და] რაც მართალია“, დაგეხმარება, უარყოფითი ფიქრები დადებითით შეცვალო (ფილიპელები 4:8). ამის გაკეთება შეიძლება რთული იყოს, მაგრამ მცდელობის შედეგად გამოგივა.

განვიხილოთ ახალგაზრდა ჟასმინის შემთხვევა, რომელმაც თქვა: „იმდენი რამ მაქვს გასაკეთებელი, რომ არ ვიცი, თავი როგორ გავართვა ყველაფერს. ახალი სამუშაო, ახალი პასუხისმგებლობები. ემოციურად გამოვიფიტე. ზოგჯერ სუნთქვაც კი მიჭირს“. გასაკვირი არ არის, რომ ზოგჯერ ახალგაზრდები თავს ასე გრძნობენ და ამის გამო საკუთარ ძალებში ეჭვი ეპარებათ. ბიბლია მოგვითხრობს ერთი ახალგაზრდის, ტიმოთეს, შესახებ, რომელიც ძალიან კარგად შეესაბამებოდა იმ მოთხოვნებს, რომლებიც მისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობების შესასრულებლად იყო საჭირო. მაგრამ, როგორც ჩანს, მას ამისათვის თავი შეუფერებლად მიაჩნდა (1 ტიმოთე 4:11—16; 2 ტიმოთე 1:6, 7).

შესაძლოა, შენც შეგეპაროს საკუთარ ძალებში ეჭვი, როდესაც ისეთი ახალი სამუშაოს შესრულებას დაგაკისრებენ, რომელშიც ვერ ერკვევი. „ამას ვერასოდეს გავაკეთებ“, — შეიძლება უთხრა საკუთარ თავს. მაგრამ შენ შეგიძლია მოერიო ასეთ გრძნობას, თუ უარყოფით ფიქრებში არ ჩაეფლობი. მთელი ყურადღება იმაზე გადაიტანე, რომ ისწავლო დაკისრებული დავალების კარგად შესრულება. დასვი კითხვები და გაითვალისწინე რჩევები (იგავები 1:5, 7).

რაც უფრო კარგად დაეუფლები შესასრულებელ საქმეს, მით უფრო დაჯერებული იქნები. ნუ გადაყვები შენს სისუსტეებზე ფიქრს და ნუ მისცემ ამას იმის საშუალებას, რომ ძალა გამოგაცალოს და წინსვლაში დაგაბრკოლოს. ერთხელ, როდესაც პავლე მოციქული გააკრიტიკეს, მან თქვა: „თუ სიტყვაში გაუწაფავი ვარ, ცოდნაზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი“ (2 კორინთელები 10:10; 11:6). შენც ასევე შეგიძლია განიმტკიცო დაჯერებულობა, თუ გეცოდინება შენი ძლიერი მხარეები, ხოლო სისუსტეებთან დაკავშირებით ღმერთს მიმართავ დასახმარებლად. ღმერთი ნამდვილად დაგეხმარება შენც ისევე, როგორც წარსულში ეხმარებოდა სხვებს (გამოსვლა 4:10).

სხვა საშუალება, თუ როგორ აკონტროლო ემოციები, ის არის, რომ დაისახო რეალური მიზნები და იცოდე შენი შესაძლებლობის ფარგლები. აგრეთვე შენს თავს სხვას ნუ შეადარებ. გალატელების 6:4-ში ბიბლია კარგ რჩევას გვაძლევს: „თითოეულმა თავისი საქმე გამოსცადოს და მხოლოდ მაშინ ექნება დიდი სიხარულის მიზეზი თავისით და არა საკუთარი თავის სხვასთან შედარებით“.

დაიოკე რისხვა

რისხვის დაოკება, შეიძლება კიდევ ერთი სირთულე იყოს. დასაწყისში მოხსენიებული კეიტის მსგავსად, განრისხებისას მრავალი ახალგაზრდა ამბობს და აკეთებს იმას, რაც სხვებს ზიანს აყენებს.

ზოგჯერ სრულიად ნორმალურია, რომ განრისხდე. მაგრამ გახსოვდეს კაცობრიობის ისტორიაში პირველი მკვლელი, კაენი. როდესაც კაენი „რისხვით აენთო“, ღმერთმა გააფრთხილა, რომ ასეთი რისხვა მას სერიოზულ ცოდვას ჩაადენინებდა. იეჰოვამ კაენს ჰკითხა: „შენსკენ ისწრაფვის [ცოდვა]. იბატონებ მასზე?“ (დაბადება 4:5—7, აქ). კაენმა არ გაითვალისწინა ღვთის რჩევა და შესცოდა, მაგრამ შენ შეგიძლია ღვთის დახმარებით დაიოკო რისხვა და თავი აარიდო ცოდვის ჩადენას.

და ისევ, ამ დროსაც ფიქრების გაკონტროლებაა საჭირო. იგავების 19:11-ში (აქ) ვკითხულობთ: „წვდომის უნარი ადამიანში რისხვას ანელებს, სხვისი დანაშაულისთვის გვერდის ავლა მშვენებაა კაცისთვის“. როდესაც ვინმე გაწყენინებს, შეეცადე ჩასწვდე, თუ რატომ მოიქცა ასე. სპეციალურად უნდოდა მას, რომ ეწყენინებინა? იმპულსურად ხომ არ მოქმედებდა ამ შემთხვევაში ან უცოდინრობის გამო ხომ არ მოუვიდა ეს? ღვთის გულმოწყალებას ირეკლავ, როდესაც ვინმე შენთან ურთიერთობისას შეცდომას უშვებს და ამ დროს შენ მხედველობაში იღებ იმას, თუ რამ განაპირობა მისი ასე მოქმედება, რაც რისხვის დაოკებაში დაგეხმარება.

რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა განრისხების საფუძვლიანი მიზეზი გაქვს? საღვთო წერილი ამბობს: „განრისხდით, მაგრამ ნუ შესცოდავთ“ (ეფესოელები 4:26). თუ საჭიროა, იმსჯელე მასთან ამ საკითხთან დაკავშირებით (მათე 5:23, 24). ან, ყველაზე საუკეთესო ვარიანტი ის იქნებოდა, თუ უბრალოდ დაივიწყებდი იმას, რაც მოხდა — დაწყნარდებოდი და ისე განაგრძობდი ცხოვრებას, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.

საინტერესო ფაქტია, რომ შენმა მეგობრებმა შეიძლება გავლენა იქონიონ იმაზე, თუ როგორ უმკლავდები რისხვას. ამასთან დაკავშირებით ბიბლია გვეუბნება: „ნუ დაემოყვრები ბრაზიანს და ფიცხ კაცთან ნუ მიხვალ, რომ არ გაიწვრთნა მის გზებში და არ დაუგო მახე შენს სულს“ (იგავები 22:24, 25).

იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც რისხვას იოკებენ, თავშეკავების განვითარებაში დაგეხმარება. იეჰოვას მოწმეების ქრისტიანულ კრებაში ბევრი ასეთი მოწიფული პიროვნებაა. მრავალი მათგანი, ასაკით შენზე უფროსიცაა და უფრო გამოცდილიც. გაიცანი ზოგიერთი მათგანი. დააკვირდი, თუ როგორ აგვარებენ პრობლემებს. ისინი აგრეთვე დაგეხმარებიან, რთულ სიტუაციაში ‘გონივრულად წარმართო’ საქმეები (იგავები 24:6). ჯეიკობი, რომლის სიტყვებიც ზემოთ მოვიხსენიეთ, ყვება: „ძალიან კარგია, როდესაც გვერდში გყავს მოწიფული მეგობარი, რომელსაც ღვთის სიტყვიდან რჩევების შეხსენება შეუძლია. როდესაც მახსოვს, რომ მიუხედავად ჩემი ემოციური არასტაბილურობისა, იეჰოვას ვუყვარვარ, შემიძლია ვაკონტროლო ემოციები და სიმშვიდე შევინარჩუნო“.

სხვა პრაქტიკული ნაბიჯები

ერთ პოპულარულ წიგნში ნათქვამია: „მრავალი გამოკვლევა ადასტურებს, რომ სხეულის მოძრაობა გავლენას ახდენს ადამიანის ხასიათზე და ეს მოძრაობის შედეგად ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიური გარდაქმნების გამო ხდება. სისხლში ჰორმონებისა და ჟანგბადის შემცველობა იცვლება იმის მიხედვით, თუ როგორ მოძრაობებს ასრულებს ადამიანი“. ყველასთვის ცხადია, რომ ფიზიკური ვარჯიში სასარგებლოა. ბიბლია გვეუბნება: „ფიზიკური ვარჯიში ­მეტ–ნაკლებად სასარგებლოა“ (1 ტიმოთე 4:8). კარგი იქნებოდა, დაგეგეგმა რეგულარულად ზომიერად ვარჯიში. ეს დადებითად იმოქმედებს იმაზე, თუ როგორ იგრძნობ თავს. ასევე სასარგებლოა ჯანსაღი დიეტის დაცვა.

ყურადღება მიაქციე იმასაც, თუ რა მუსიკას უსმენ და რით ერთობი. ერთ ბიულეტენში ნათქვამია: „ძალადობის ყურება . . . ადამიანს რისხვისა და აგრესიის გამოვლენისკენ აღძრავს . . . ვინც ძალადობაზე ფილმებს უყურებს, მათი ფიქრებიც აგრესიულია და არტერიული წნევაც მომატებული“ (The Harvard Mental Health Letter). ამგვარად, გამოავლინე გონიერება, როდესაც ირჩევ, რას მოუსმინო და რას უყურო (ფსალმუნები 1:1—3; 1 კორინთელები 15:33).

საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ ისწავლო ემოციების მართვა, არის შემოქმედთან ახლო მეგობრობის განვითარება. შემოქმედი გვიწვევს, ლოცვაში ველაპარაკოთ მას — გავუზიაროთ ჩვენი გრძნობები და ემოციები. „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს“, — გვეუბნება მოციქული პავლე. „აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას“. დიახ, შენ შეგიძლია შინაგანი სიმტკიცის გამომუშავება, რათა ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციას გაუმკლავდე. პავლე მოციქულმა დასძინა: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით“ (ფილიპელები 4:6, 7, 13).

ახალგაზრდა მალიკა ამბობს: „ვისწავლე ვილოცო, ვილოცო და ვილოცო. როდესაც ვიცი, რომ იეჰოვა ზრუნავს ჩემზე, ეს სიმშვიდის შენარჩუნებასა და ემოციების გაკონტროლებაში მეხმარება“. ღვთის დახმარებით შენც შეძლებ შენი ემოციების მართვას.

[ჩანართი 19 გვერდზე]

ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საშუალება, რომელიც ემოციების გაკონტროლებაში დაგეხმარება, ის არის, რომ აკონტროლო შენი ფიქრები.

[სურათი 20 გვერდზე]

უფროსებთან ურთიერთობით შეგიძლია ისწავლო, თუ როგორ მართო შენი გრძნობები.