სირთულეები, რომლებსაც დედები აწყდებიან
სირთულეები, რომლებსაც დედები აწყდებიან
„ადამიანების მთავარი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა . . . თუ დედა არ შეასრულებს თავის მოვალეობას ან საერთოდ არ გვეყოლება მომდევნო თაობა, ან ისეთი გვეყოლება, რომ უკეთესი იქნებოდა, სულ არ გვყოლოდა“. (თეოდორ რუზველტი, შეერთებული შტატების 26-ე პრეზიდენტი).
ნათელია, რომ ადამიანთა ცხოვრებაში დედა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგრამ მას უფრო მეტი რამ აკისრია, ვიდრე მხოლოდ ბავშვების გაჩენა. ერთმა მწერალმა დღევანდელი მსოფლიოს უმეტეს ნაწილში დედის როლთან დაკავშირებით თქვა: „ის არის ბავშვის ჯანმრთელობის, განათლების, ინტელექტის, პიროვნულობის, ხასიათისა და ემოციური სტაბილურობის ძირითადი განმსაზღვრელი“.
დედების უამრავ მოვალეობათაგან ერთ-ერთი შვილებისთვის ცოდნის მიცემაა. ბავშვი პირველ სიტყვებსა თუ მეტყველებას, ჩვეულებრივ, დედისგან სწავლობს. ამიტომ, ადამიანი პირველად ისე იწყებს ლაპარაკს, როგორც დედა ლაპარაკობს. ჩვეულებრივ, დღის განმავლობაში დედა უფრო მეტ დროს ატარებს ბავშვებთან, ვიდრე მამა, ამიტომ ის არის ძირითადი მასწავლებელი და აღმზრდელი. ასე რომ, მექსიკური ანდაზა, „განათლება დედის რძესთან ერთად შეიწოვება“, ხაზს უსვამს დედების მნიშვნელოვან როლს.
ჩვენი შემოქმედი, იეჰოვა ღმერთიც პატივს სცემს დედებს. ქვის ფილებზე „ღვთის თითით“ დაწერილი ათი მცნებიდან ერთ-ერთი შვილებს მოუწოდებს: „პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს“ (გამოსვლა 20:12; 31:18; მეორე რჯული 9:10). გარდა ამისა, ბიბლიური იგავი მოიხსენიებს „დედაშენის სწავლებას“ (იგავები 1:8). დღეს ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ მნიშვნელოვანია, ბავშვებს თავიანთი ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში ვასწავლოთ; ამ დროს ისინი უმთავრესად დედების მზრუნველობის ქვეშ არიან.
ზოგიერთი სირთულე
ბევრი დედისთვის სირთულეს წარმოადგენს ის, რომ ოჯახის სარჩენად მუშაობა უწევთ და არ შეუძლიათ შვილების გვერდით ყოფნა და მათი აღზრდა იმ გადამწყვეტი წლების განმავლობაში, როდესაც ისინი პიროვნებებად უნდა
ჩამოყალიბდნენ. გაეროს სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, რომ ბევრ განვითარებად ქვეყანაში დედათა ნახევარზე მეტი, რომელთაც სამ წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ, მუშაობს.გარდა ამისა, მრავალ დედას ხშირად მარტოს უხდება შვილების გაზრდა, რადგან მათი ქმრები სამუშაოს საძებრად სხვა ქვეყანაში ან ქალაქში არიან წასულნი. მაგალითად, ცნობების თანახმად, სომხეთის ზოგი რეგიონიდან მამაკაცთა თითქმის მესამედი სამუშაოს საძებნელად საზღვარგარეთ არის წასული. სხვა დედებს კი იმიტომ უწევთ, შვილები მარტოებმა აღზარდონ, რომ მათი ქმრები სახლიდან წავიდნენ ან დაიღუპნენ.
სხვა ქვეყნებში კი ბევრი დედისთვის სირთულეს წარმოადგენს ის, რომ მწირი განათლება აქვთ. გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის შეფასებით, მსოფლიოში 876 მილიონი წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანიდან ორი მესამედი ქალია. იუნესკოს ცნობის თანახმად, ფაქტობრივად, აფრიკაში, არაბულად მოლაპარაკე ქვეყნებსა და აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიაში ქალების 60 პროცენტზე მეტი წერა-კითხვის უცოდინარია. გარდა ამისა, მამაკაცთა უმრავლესობას სჯერა, რომ ქალებისთვის განათლება აუცილებელი არ არის და ის ხელსაც კი უშლის მათ, რომ შეასრულონ თავიანთი ძირითადი მოვალეობა — დაბადონ ბავშვები.
ჟურნალ „თვალსაზრისში“ ნათქვამია, რომ კერალას შტატის (ინდოეთი) ერთ ოლქში, სადაც გოგონები, ჩვეულებრივ, 15 წლის ასაკში ხდებიან დედები, მამაკაცებს არ სურთ განათლებულ ქალებზე დაქორწინება. მეზობლად მდებარე პაკისტანში ბიჭებს ენიჭებათ უპირატესობა. მიღებული განათლება იმის საშუალებას აძლევს მათ, რომ მაღალანაზღაურებადი სამუშაო იშოვონ და ხანდაზმული მშობლების შენახვა შეძლონ. ერთი წიგნის თანახმად კი, „მშობლები არ ხარჯავენ სახსრებს ქალიშვილებისთვის განათლების მისაცემად, რადგან ფიქრობენ, რომ ისინი მატერიალურად ვერ დაეხმარებიან ოჯახს“ (Women’s Education in Developing Countries).
შემდეგ სირთულეს წარმოადგენს ადგილობრივი წეს-ჩვეულებები. მაგალითად, ზოგ ქვეყანაში დედისგან მოელიან, რომ ის მხარს დაუჭერს ისეთ ჩვეულებას, როგორიცაა პატარა გოგონას საქმროსთვის მიყიდვა ან ქალების წინადაცვეთა. აგრეთვე დედებს ეკრძალებათ, რომ თავიანთ ვაჟებს ასწავლონ და ჭკუა დაარიგონ. ვალდებულია დედა, რომ დაიცვას ასეთი წეს-ჩვეულებები და სხვებს მიანდოს თავისი ვაჟის აღზრდა?
შემდეგი სტატიიდან დავინახავთ, თუ როგორ დაძლია ზოგმა დედამ ასეთი სირთულეები. ჩვენ აგრეთვე შევეცდებით, უფრო მეტად ჩავწვდეთ დედის როლს, რათა დავაფასოთ დედა და დედობა; აგრეთვე განვივითაროთ გაწონასწორებული თვალსაზრისი შვილების აღზრდა-განათლების საკითხში დედის როლთან დაკავშირებით.
[ჩარჩო⁄სურათი 4 გვერდზე]
„დედა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის აზროვნებისა და ცნობისმოყვარეობის სტიმულირებაში ისევე, როგორც მისი შემოქმედებითი უნარის განვითარებაში“. („ბავშვთა უფლებების დაცვის რეგიონალური სამიტი“, ბურკინა-ფასო, 1997 წელი).
[სურათები 3 გვერდზე]
დედას უდიდესი წვლილი მიუძღვის თითოეული ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და მისთვის განათლების მიცემაში, პიროვნებად ჩამოყალიბებასა და ემოციურ სტაბილურობაში.