არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სხვადასხვა კონტინენტის ცხოველთა თავშესაფარი

სხვადასხვა კონტინენტის ცხოველთა თავშესაფარი

სხვადასხვა კონტინენტის ცხოველთა თავშესაფარი

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის უკრაინიდან

სიამოვნებას განიჭებთ ცხოველებისთვის თვალყურის დევნება? თუ ასეა, მოიხიბლებით აფრიკიდან, აზიიდან, ავსტრალიიდან, ევროპიდან, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან ჩამოყვანილი ცხოველებით. ისინი ერთ ადგილას არიან თავმოყრილნი. როგორ არის მათი ნახვა შესაძლებელი? სამხრეთ უკრაინაში მდებარე ასკანია-ნოვას ნაკრძალში სტუმრობით. მის ყამირ სტეპზე სხვადასხვა კონტინენტის ცხოველები დახეტიალობენ და მშვიდად, ჰარმონიულად ცხოვრობენ.

ნაკრძალის ისტორია 1883 წლიდან იწყება. ამ წელს გერმანელმა ახალმოსახლემ ფრედრიკ პფალცფინმა ხელუხლებელი სტეპი ნაკრძალად აქცია. მას მანამდე კერძო ზოოპარკი ჰქონდა, სადაც 50-ზე მეტი სახეობის ფრინველი და ძუძუმწოვარა იყო. 1887 წელს კი ბოტანიკური ბაღიც გააშენა. ამჟამად ასკანია-ნოვას ნაკრძალი ზოოპარკთან ერთად ბოტანიკურ ბაღსაც მოიცავს და მთლიანობაში 11 ათას ჰექტარზეა გადაჭიმული.

როდესაც ასკანია-ნოვას ვუახლოვდებით, თავდაპირველად ბოტანიკური ბაღის ლამაზი ხედი იშლება. მეცნიერებს მსოფლიოს ბევრი კუთხიდან წლების განმავლობაში ჩამოჰქონდათ აქ სხვადასხვა ჯიშის ხეები, რომლებიც 200 ჰექტარზეა დარგული. ვინაიდან ეს ნაკრძალი ხრიოკ ადგილზე მდებარეობს, აქ არტეზიული ჭებია ამოთხრილი და არხებით ირწყვება ხეები და ბუჩქები. ორიგინალური ლანდშაფტითა და სარწყავი სისტემით ნაკრძალი ოქროს მედლით დაჯილდოვდა 1889 წელს პარიზის მსოფლიო გამოფენაზე.

ექვსი კონტინენტის ცხოველები

დაჩრდილული პარკიდან მზიან მინდორზე გავდივართ, რომელსაც ღობე აქვს შემორტყმული; დაახლოებით 2  500 ჰექტარზე გადაჭიმულ ტრამალზე 50 სხვადასხვა სახეობის გარეული ცხოველი დახეტიალობს. მოდით თავდაპირველად მოვინახულოთ აფრიკიდან ჩამოყვანილი ცხოველები.

კაფრული კამეჩი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საშიში მასიური ცხოველია. ის არა მხოლოდ თავისი ზომით — 1, 7 მეტრის სიგანის ბეჭით — არის შთამბეჭდავი, არამედ იმითაც, რომ თითო რქის სიგრძე 1 მეტრს აღწევს. ვინაიდან მამალი კამეჩები მოულოდნელად ირქინებიან, მათთან ახლოს მისვლა არ არის სასურველი.

ჩვენს ყურადღებას აგრეთვე იპყრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკიდან ჩამოყვანილი ანტილოპა — კანა. ეს ანტილოპები, რომლებიც აქ პირველად1892 წელს გამოჩნდნენ, უსაფრთხოდ ცხოვრობენ, რადგან ნაკრძალში ნადირობა აკრძალულია. ისინი ბალახს ძოვენ მნახველების თვალწინ, რომელთაგანაც საფრთხე არ ემუქრებათ. ზოგი კანა მოშინაურებულია და მეწველი მსხვილფეხა რქოსანი ცხოველის მსგავსად იწველება. მათი ნოყიერი რძე, რომელშიც ცხიმის მაღალი პროცენტული შემცველობაა, მედიცინაში გამოიყენება, მაგალითად, კუჭის წყლულის სამკურნალოდ.

დიდი ზომის მორბენალი ფრინველი ემუ ავსტრალიიდან არის ჩამოყვანილი. სირაქლემას შემდეგ ის ზომით ყველაზე დიდი ფრინველია. ზოგი ემუს სიმაღლე 1, 8 მეტრია, ხოლო წონა — 59 კილოგრამი. თუმცა სხვა ცხოველებისგან ბადისგან მოქსოვილი ღობით არიან გამოყოფილები, იმდენად დიდი ტერიტორია აქვთ, რომ თავისუფლად შეუძლიათ ირბინონ.

ამ უჩვეულო ფრინველის დამახასიათებელი თავისებურება ის არის, რომ ჯერ კიდევ კვერცხში მყოფი მართვეები მამალი ემუს ხმაზე რეაგირებენ. მაგალითად, როდესაც გამოჩეკვამდე ცოტა ხნით ადრე მართვეებს მამალი ემუს ხმის ჩანაწერი მოასმენინეს, ისინი ამოძრავდნენ და კვერცხებმა აქეთ-იქით ქანაობა დაიწყეს. მაგრამ მართვეებმა დედალი ემუს ხმაზე რეაგირება არ მოახდინეს. რატომ?

თუმცა კვერცხებს დედალი დებს, კრუხად მხოლოდ მამალი ჯდება. ის დაახლოებით 50 დღე ზრუნავს გამოუჩეკავ მართვეებზე და ამის შემდეგაც მფარველობს. მართვეებმა ჯერ კიდევ გამოჩეკვამდე იციან, თუ ვინ ზრუნავს მათზე. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფრინველები ჩვეულებრივ კვერცხებს არ დებენ. მათი კვერცხი ვეებერთელა და მუქი მწვანე ფერისაა; თითოეული დაახლოებით 700 გრამს იწონის.

ნაკრძალში გვხვდება აგრეთვე პრჟევალსკის ცხენები. ისინი 1899 წელს მონღოლეთიდან ჩამოიყვანეს. როგორც ამბობენ, საძოვრების ნაკლებობისა და მათზე ნადირობის შედეგად, ამ ჯიშის ცხენები წინა საუკუნის 60-იან წლებში თითქმის გადაშენდა.

ამჟამად სხვადასხვა ზოოპარკსა და პარკში დაახლოებით 1 100 პრჟევალსკის ცხენი გვხვდება, ასკანია-ნოვას ნაკრძალში კი — დაახლოებით ასი. მეცნიერები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს ცხენები კვლავ მომრავლდნენ. ამ მიზნით 1992—1993 წლებში 21 პრჟევალსკის ცხენი გემით გადაიყვანეს მონღოლეთში.

ამ ნაკრძალში ყველაზე ბევრია ჩინეთიდან და იაპონიიდან ჩამოყვანილი ხალებიანი ირემი. ამ ლამაზ ქმნილებას ხალებიანი ზურგის გამო ზოგ ენაზე ყვავილებიან ირემს უწოდებენ. ამ თვალწარმტაც ცხოველს მოხდენილი ტანი და წარმოსადეგი რქები აქვს, რომლებიც ამაყად ადგას პატარა თავზე.

ნაკრძალის სტეპზე შეგვიძლია თვალი მოვკრათ უზარმაზარ, მოშინაურებულ ინდურ ხარს — გაიალს, რომელიც მშვიდად ძოვს ბალახს. ინდოეთში ეს ცხოველები მთელი დღის განმავლობაში ტყეში დაეხეტებიან და ღამით ბრუნდებიან სოფელში. მართალია, ასკანია-ნოვაში არც ტყეა და არც სოფელი, მაგრამ ეს ხარები სხვა ჯიშის ცხოველებთან ერთად ამ ბალახოვან ადგილზეც კარგად გრძნობენ თავს.

თავისი ძალითა და სიდიდით აგრეთვე შთამბეჭდავია ამერიკული ბიზონი ანუ კამეჩი. დაახლოებით 150 წლის წინათ ეს გიგანტი ცხოველები ჩრდილოეთ ამერიკის სტეპებზე დახეტიალობდნენ, მაგრამ ნადირობის შედეგად თითქმის გადაშენდნენ. ამერიკული ბიზონი ევროპის ტყეებში მობინადრე კამეჩთა ერთ-ერთი სახეობაა. ამ სტეპზე ისინი ზამთარსა თუ ზაფხულში ისე გრძნობენ თავს, როგორც ტყეში.

ნაკრძალში აგრეთვე დასეირნობს სამხრეთ ამერიკიდან ჩამოყვანილი დიდი ზომის მორბენალი ფრინველი — ნანდუ. ის ავსტრალიური ემუს მსგავსია, რომელიც სიმაღლეში 1, 5 მეტრს აღწევს და 50 კილოგრამს იწონის. ემუს მსგავსად, კრუხად მამალი ნანდუ ჯდება. ამ ფრინველებს შორის განსხვავება ის არის, რომ ერთი სეზონის განმავლობაში მამალი ემუს შეჯვარება მხოლოდ ერთ დედალთან ხდება, მაშინ როდესაც მამალი ნანდუ რამდენიმე დედალთან წყვილდება. ამრიგად, სამიდან ხუთამდე დედალმა ნანდუმ კვერცხები შეიძლება ერთ ბუდეში დადოს.

ნაკრძალში ევროპიდან აგრეთვე ჩამოყვანილია კეთილშობილი ირემი და შველი. ისინი ამტანი ცხოველები არიან და კარგად მრავლდებიან სტეპზე; ეს ცხოველები ადვილად იტანენ ყინვასა და სიცხეს. მომრავლების მიზნით ამ სახეობის ირმები ევროპის სხვადასხვა ნაწილსა და იმ ადგილებში გადაჰყავთ, სადაც ისინი დაცულნი იქნებიან ნადირობისგან. ასკანია-ნოვას ნაკრძალში 1960 წელს ჩრდილოეთ ევროპიდან შოტლანდიური პონი ჩამოიყვანეს. მას შემდეგ მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.

ნაკრძალში აგრეთვე შეხვდებით ზებრის ჯოგს, ზოლებიან გნუს (დიდი ზომის აფრიკული ანტილოპა), აზიურ გარეულ ვირს, საიგას (ევრაზიული ანტილოპა) და ასევე ფრინველების უამრავ სახეობას. ნაკრძალში ზოგი ცხოველი მთელი წლის განმავლობაში სტეპზე ბინადრობს, მაშინ როცა სხვები ზამთარს გადახურულ შენობებში ატარებენ.

ბუნებრივი ნაკრძალის დაცვა

დღეს ასკანია-ნოვა უკრაინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სასწავლო ცენტრია. ამ ინსტიტუტის თანამშრომლები ფართო საქმიანობას ეწევიან, რომ დაიცვან ნაკრძალის სტეპი და დაეხმარონ ცხოველებს ახალ გარემოსთან შეგუებაში. მეცნიერები აგრეთვე ცდილობენ, მოამრავლონ იშვიათი და ეგზოტიკური ცხოველები.

ასეთი ბუნებრივი ნაკრძალის ნახვა შესაძლებელია დედამიწის სხვადასხვა კუთხეში. თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის სტეპებს, აფრიკის სავანებს, ავსტრალიის საძოვრებს და აზიისა და ევროპის ტრამალებს. თითოეულ ნაკრძალში განსაკუთრებული თავისებურებების მქონე სხვადასხვა სახეობის ცხოველებსა და მცენარეებს შეხვდებით. ასკანია-ნოვას ნაკრძალში შენიშნავთ, თუ როგორ ეგუებიან დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოყვანილი ცხოველები ახალ გარემოს და, როგორ ცხოვრობენ ჰარმონიულად.

დღეს ბევრი მოუთმენლად ელის ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები დროის დადგომას, როდესაც ღვთის სამეფო მშვიდობას დაამყარებს დედამიწაზე არა მარტო ადამიანებს, არამედ სხვადასხვა სახეობის ცხოველებს შორისაც (ესაია 11:6—9; ოსია 2:20; საქმეები 10:34, 35).

[რუკა 14 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ასკანია-ნოვას ნაკრძალი

[სურათი 15 გვერდზე]

კანა

[სურათი 15 გვერდზე]

კაფრული კამეჩი

[სურათი 15 გვერდზე]

ემუ

[სურათი 16 გვერდზე]

ხალებიანი ირემი

[სურათი 16 გვერდზე]

პრჟევალსკის ცხენი

[სურათი 16 გვერდზე]

ამერიკული ბიზონი

[სურათი 16, 17 გვერდებზე]

ნაკრძალში აგრეთვე სხვადასხვა სახეობის ფრინველია.

[სურათი 17 გვერდზე]

ნანდუ

[სურათი 17 გვერდზე]

შველი

[სურათი 17 გვერდზე]

კეთილშობილი ირემი

[სურათი 17 გვერდზე]

ბოტანიკური ბაღი

[სურათის საავტორო უფლებები 15 გვერდზე]

Eland and emu: Biosphere Reserve ”Askaniya-Nova,” Ukraine; globes: Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.

[სურათის საავტორო უფლებები 16 გვერდზე]

Deer: Biosphere Reserve ”Askaniya-Nova,” Ukraine; globes: Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.

[სურათის საავტორო უფლებები 17 გვერდზე]

Birds: Biosphere Reserve ”Askaniya-Nova,” Ukraine; flowers and park: Olha Dvorna/ Biosphere Reserve ”Askaniya-Nova,” Ukraine; globes: Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.