ყველგან არის ღმერთი?
ბიბლიის თვალსაზრისი
ყველგან არის ღმერთი?
ღმერთს მართებულად ეწოდება ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე. მაგრამ ღვთის დიდებულების აღწერისას, ზოგი მესამე ტერმინს — ყველგან მყოფსაც — იყენებს. მათ სწამთ, რომ ღმერთი ერთდროულად ყველგან იმყოფება.
მართალია ბიბლიაში ეს ტერმინები არ გვხვდება, მაგრამ პირველ ორს აშკარად მხარს უჭერს ბიბლიური სწავლებები (დაბადება 17:1; ებრაელები 4:13; გამოცხადება 11:17). ღმერთი ნამდვილად ყოვლისშემძლეა; ამასთანავე, ის ყოვლისმცოდნე იმ გაგებით არის, რომ მას ვერავინ ვერაფერს დაუმალავს. მაგრამ ყველგან იმყოფება ღმერთი? თუ ის პიროვნებაა, რომელსაც განსაკუთრებული საცხოვრებელი აქვს?
სად იმყოფება ღმერთი?
რამდენიმე ბიბლიურ მუხლში ზეცა ღვთის „სამყოფელად“ არის მოხსენიებული (3 მეფეთა 8:39, 43, 49; 2 ნეშტთა 6:33, 39). თუმცა ერთი ბიბლიური ჩანაწერი იეჰოვა ღმერთის სიდიადეს შემდეგნაირად აღწერს: „ნუთუ ნამდვილად იმკვიდრებს დედამიწაზე ღმერთი? აჰა, ვერ იტევენ მას ცანი და ცანი ცათანი?“ (2 ნეშტთა 6:18).
„ღმერთი სულია“, — ნათქვამია ბიბლიაში (იოანე 4:24). აქედან გამომდინარე, ის სულიერ სამყაროში ცხოვრობს, რომელიც ფიზიკური სამყაროსგან სრულიად გამიჯნულია. როდესაც ბიბლია ღვთის „სამყოფელად“ ზეცას მოიხსენიებს, ის მიუთითებს ამაღლებულ ადგილზე, რომელიც იმ მატერიალური სამყაროს საპირისპიროა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ბიბლია გვასწავლის, რომ ღვთის სამყოფელი აშკარად განსხვავდება ფიზიკური სამყაროსგან, თუმცა, ამავე დროს ის რაღაც განსაკუთრებულ ადგილს წარმოადგენს (იობი 2:1, 2).
ღმერთი პიროვნებაა
იესომ მოიხსენია ღვთის სამყოფელი, როდესაც თავის მოწაფეებს უთხრა: „მამაჩემის სახლში ბევრი ადგილია. . . მე მივდივარ, რომ ადგილი მოგიმზადოთ“ (იოანე 14:2). სად წავიდა იესო? საბოლოოდ ის „შევიდა. . . თვით ზეცაში, ჩვენი გულისთვის ღვთის სახის წინაშე წარსადგომად“ (ებრაელები 9:24). აქედან იეჰოვას შესახებ ორ მნიშვნელოვან რამეს ვგებულობთ: პირველი — მას პირდაპირი გაგებით საცხოვრებელი აქვს და მეორე — ის პიროვნებაა და არა გაურკვეველი ძალა, რომელიც ყველგან არსებობს.
ამიტომაც ასწავლა იესომ თავის მიმდევრებს, ლოცვისას ეთქვათ: „ჩვენო ზეციერო მამა“. ასეთნაირად ისინი მიმართავენ პიროვნებას, იეჰოვა ღმერთს, რომელიც გარკვეულ ადგილას, კერძოდ, ზეცაში იმყოფება (მათე 6:9; 12:50). ეს სწავლება იმ ლოცვას შეესაბამება, რომელიც ღვთის ხალხმა 1 500-ზე მეტი წლის წინათ ისწავლა. ღვთის შთაგონებით წარმოთქმული უძველესი ჩანაწერები შემდეგ სიტყვებს შეიცავს: „გადმოიხედე შენი წმინდა სამყოფელიდან, ციდან და აკურთხე შენი ერი“ (მეორე რჯული 26:15).
ღვთის წმინდა სული, რომელიც ყველგან აღწევს
მართალია, ბიბლია ყოველთვის მოიხსენიებს, რომ ღმერთს აქვს განსაკუთრებული სამყოფელი, მაგრამ ხშირად იმასაც ამბობს, რომ ღვთის წმინდა სული ყველგან არსებულია. „საით წაუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი?“ — იკითხა ფსალმუნმომღერალმა დავითმა (ფსალმუნები 138:7). ზოგი შეიძლება დააბნიოს ამ მუხლმა და დაასკვნას, რომ ღმერთი ყველგან იმყოფება. თუმცა, ამ და სხვა ბიბლიური მუხლების კონტექსტის განხილვისას, ნათელი ხდება, რომ იეჰოვას წმინდა სულმა ანუ მოქმედმა ძალამ შეიძლება მისი სამყოფელიდან მატერიალური სამყაროს ნებისმიერ ადგილამდე მიაღწიოს.
როგორც მამა უწვდის შვილებს დახმარების ხელს, რათა დაამშვიდოს ისინი და მხარი დაუჭიროს მათ, ასევე იეჰოვას ხელს ანუ წმინდა სულს შეუძლია, მიაღწიოს სულიერი ან ფიზიკური სამყაროს ნებისმიერ ადგილამდე, რათა თავისი განზრახვა შეასრულოს. ამიტომაც შეეძლო ფსალმუნმომღერალს ეთქვა: „ფრთანი გამოვისხა განთიადისა, დავსახლდე ზღვის კიდეზე, იქაც შენი ხელი წამიძღვება და შემივრდომებს მარჯვენა შენი!“ (ფსალმუნები 138:9, 10).
თქვენ შეგიძლიათ იყოთ ღვთის მეგობარი
იეჰოვა ღმერთმა თავმდაბლობა და სიყვარული გამოავლინა, როცა თავისი პიროვნებისა და საცხოვრებელი ადგილის აღსაწერად დაახლოებით ისეთი ტერმინები გამოიყენა, რომელიც ადამიანებისთვის ადვილი გასაგები იქნებოდა. ასეთნაირად, ის შეიძლება ითქვას „დაბლა იხრება და დაჰყურებს ცას და მიწას“ (ფსალმუნები 113:6, აქ [112:6]). დიახ, ღვთის ბუნებას ადამიანი ბოლომდე ვერასოდეს ჩასწვდება.
იეჰოვა იმდენად დიდებული და აღმატებულია, რომ ძნელია მისი პიროვნების ადამიანისთვის გასაგებ ენაზე სრულიად აღწერა. ასე რომ, როდესაც ბიბლია მის ზეციერ სამყოფელზე ამბობს, რომ ის განსაკუთრებული ადგილია, ადამიანისთვის შეუძლებელია სულიერი სამყაროს წარმოდგენა (ფსალმუნები 138:6).
და მაინც, ის, რაც იეჰოვას შესახებ ვიცით, დიდად მანუგეშებელია; კერძოდ, ის არ არის გაურკვეველი, უპიროვნო ძალა, რომელიც მთელ სამყაროში, ყველგან არის გავრცელებული. პირიქით, ის პიროვნებაა, რომელსაც აქვს განსაკუთრებული სამყოფელი და პიროვნული თვისებები — სიყვარული და სათუთი გრძნობები. ასეთი შემეცნება ნებისმიერ ადამიანს უდიდეს შესაძლებლობას აძლევს, ჰქონდეს ხანგრძლივი, პირადი და მეგობრული ურთიერთობა სამყაროს უზენაეს, ყოვლისშემძლე ღმერთთან (იაკობი 4:8).