გზის რომელ მხარეს ატარებთ მანქანას?
გზის რომელ მხარეს ატარებთ მანქანას?
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის დიდი ბრიტანეთიდან
აეროპორტში შევხვდი ამერიკელ სტუმარს და შემდეგ ორივენი ჩემი მანქანისკენ გავეშურეთ. „წინ დაჯექი“, — შევთავაზე მას. ის მაშინვე საჭის მხარეს წავიდა. „ოჰ, სულ დამავიწყდა, — თქვა მან. — აქ ხომ გზის მეორე მხარეს ატარებთ მანქანებს“.
რა თქმა უნდა, მეც, ალბათ, იმავეს ვეტყოდი მას, სტუმრად რომ შეერთებულ შტატებში ვყოფილიყავი. სახლში მისვლამდე მთელი გზა ვფიქრობდი, თუ რატომ ატარებენ მანქანას ზოგიერთ ქვეყანაში გზის მარცხენა მხარეს, მაშინ როცა მსოფლიოს უმეტეს ნაწილში პირიქითაა.
საგზაო წესები წარსულში
მოდი გადავინაცვლოთ წარსულში, დაახლოებით ორი ათასი წლის წინ, როცა რომაელებმა ბრიტანეთის ტერიტორია დაიკავეს. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მასალები იმასთან დაკავშირებით, მოძრაობის თუ რა წესები არსებობდა იმ პერიოდში. 1998 წელს არქეოლოგიური გათხრების შედეგად სუინდონის (ინგლისი) მახლობლად აღმოაჩინეს რომისკენ მიმავალი კარგად მოკირწყლული გზა. ბორბლების მიერ დატოვებული კვალი გზის ერთ მხარეს უფრო ღრმა იყო, ვიდრე მეორე მხარეს, თითქოს ორთვალას ერთ მხარეს ცარიელს გაევლო, იქიდან კი ქვებით დატვირთულს გამოევლო. დატოვებული კვალი კი იმაზე მიანიშნებს, რომ, ალბათ, ამ ტერიტორიაზე რომაელები გზის მარცხენა მხარეს დადიოდნენ.
ფაქტობრივად, ზოგიერთის აზრით, მხედრები ძველ დროში, ჩვეულებრივ, გზის მარცხენა მხარეს დადიოდნენ. ადამიანთა უმრავლესობა მარჯვენა ხელს უფრო მარჯვედ ხმარობს. ამიტომ მხედრისთვის უფრო მოსახერხებელი იქნებოდა, სადავე მარცხენა ხელში სჭეროდა, მარჯვენა კი თავისუფალი ჰქონოდა, იმისათვის რომ გამომვლელისთვის ხელი ჩამოერთმია ან საჭიროების შემთხვევაში თავი ხმლით დაეცვა.
მარცხენა მხარეს მოძრაობა მარჯვენათი იცვლება
მე-18 საუკუნის მიწურულს მარცხენა მხარეს მოძრაობა მარჯვენა მხარეს მოძრაობით შეიცვალა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა შეერთებული შტატები და ეს მოხდა მაშინ, როდესაც მეეტლეებმა რამდენიმე წყვილი ცხენშებმული საზიდრების ტარება დაიწყეს. ოთხთვალაში მეეტლებისთვის დასაჯდომი ადგილი არ იყო, ამიტომ ისინი უკან, მარცხენა მხარეს შებმულ ცხენზე სხდებოდნენ და მათრახს მარჯვენა ხელში იჭერდნენ. მარცხენა მხარეს შებმულ ცხენზე მჯდომი მეეტლე, ჩვეულებრივ, ამჯობინებდა მეორე საზიდარს მისთვის მარცხენა მხარეს აევლო გვერდი და მისგან გარკვეული მანძილით ყოფილიყო დაშორებული. ამას კი ის გზის მარჯვენა მხარეზე სიარულით ახერხებდა.
ინგლისელები კი გზის მარცხენა მხარეს დადიოდნენ. მათ ჰქონდათ პატარა ოთხთვალა და მეეტლე მასში, ჩვეულებრივ, წინა ადგილზე მარჯვენა მხარეს ჯდებოდა. აქედან მას შეეძლო მარჯვენა ხელით ისე მოექნია გრძელი მათრახი, რომ ის ოთხთვალაზე დადებულ ტვირთში არ გახლართულიყო. ოთხთვალას მარჯვენა მხარეს მჯდომ მეეტლეს შეეძლო გზის მარცხენა მხარეს შემხვედრი ტრანსპორტისგან საკმაო დისტანცია შეენარჩუნებინა. ქვეყნებმა, რომლებიც ბრიტანეთის იმპერიის ნაწილი გახდა, ასევე გადაიღეს გზის მარცხენა მხარეზე მოძრაობის წესები, თუმცა ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად კანადამ, ბოლოს მაინც მარჯვენა მხარეზე სიარული დააწესა იმ მიზნით, რომ შეერთებულ შტატებსა და კანადას შორის საზღვარზე მიმოსვლა გაეადვილებინა.
პოლიტიკურმა მოვლენებმა დიდი გავლენა იქონია საფრანგეთში მოძრაობის წესებზე. 1789 წლის რევოლუციამდე არისტოკრატები თავიანთ ეტლებს გზის მარცხენა მხარეს ატარებდნენ, გლეხებს კი აიძულებდნენ, რომ გზის მეორე მხარეს ევლოთ. მაგრამ რევოლუციის შემდეგ, დიდგვაროვნებმა თავიანთი ვინაობის დასაფარავად გლეხების მსგავსად გზის მარჯვენა მხარეს დაიწყეს სიარული. 1794 წლისთვის საფრანგეთის მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომ პარიზში მარჯვენა მხარეს ეტარებინათ ტრანსპორტი; ეს კი მოგვიანებით სხვა რეგიონებშიც გავრცელდა, რადგან ნაპოლეონ I-ის დამპყრობმა ჯარებმა ევროპის უმეტეს ნაწილში შეაღწიეს. გასაკვირი არ არის, რომ ნაპოლეონი უპირატესობას გზის მარჯვენა მხარეს სიარულს ანიჭებდა. ერთ ნაშრომში ნათქვამია, რომ, რადგან ის ცაცია იყო, „მის მეომრებს უხდებოდათ გზის მარჯვენა მხარეს სიარული, რათა ნაპოლეონს შეძლებოდა ხმლის იმ მხარეს დაჭერა, საითაც მოწინააღმდეგე იქნებოდა“.
ევროპის ქვეყნები, რომლებიც ნაპოლეონის მოწინააღმდეგეები იყვნენ, გზის მარცხენა მხარეს დადიოდნენ. რუსეთსა და პორტუგალიაში მარჯვენა მხარეს სიარული მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში შემოიღეს. ავსტრიასა და ჩეხოსლოვაკიაში მარჯვენა მხარეს მოძრაობა დაიწყეს მას შემდეგ, რაც ნაცისტურმა გერმანიამ XX საუკუნის 30-იანი წლების დასასრულს ეს ტერიტორიები დაიკავა და მათ მაგალითს მიჰყვა უნგრეთიც. დღესდღეობით მხოლოდ ევროპის ოთხ ქვეყანაში დადიან გზის მარცხენა მხარეს. ესენია: ბრიტანეთი, ირლანდია, კვიპროსი და მალტა. საინტერესოა, რომ, თუმცა იაპონია არასოდეს ყოფილა ბრიტანეთის კოლონია, იქ მცხოვრები ხალხიც გზის მარცხენა მხარეს ატარებს ტრანსპორტს.
გემები, თვითმფრინავები, მატარებლები და თქვენ
რა შეიძლება ითქვას გემებსა და თვითმფრინავებზე? როგორც წესი, წყალქვეშა ნავს საჭე მარჯვენა მხარეს აქვს. ასევეა საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებშიც. რას ვიტყოდით მატარებლებზე? ზოგ ქვეყანაში რამდენიმე ხაზიან გზებზე მატარებელში სასიგნალო მოწყობილობის მდებარეობის მიხედვით საზღვრავენ, რომელ მხარეს უნდა იაროს მატარებელმა. თანამედროვე მთავარი სარკინიგზო ხაზები ხშირად მატარებლებს ორივე მხარეზე მოძრაობის საშუალებას აძლევს, მაგრამ ადრინდელი სასიგნალო მოწყობილობის მქონე მატარებლები მხოლოდ ერთ მხარეს დადიოდა. თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეს მატარებელი, ზოგჯერ იმის მიხედვით წყდება, თუ რომელმა ქვეყანამ გაიყვანა თავდაპირველად იქ სარკინიგზო ხაზი.
ფეხით მოსიარულეები როგორღა უნდა მოიქცნენ? საცალფეხო ბილიკი ან ტროტუარი თუ არ არის, რეკომენდებული და უსაფრთხოა, ისე იაროთ, რომ მომავალ ტრანსპორტს პირდაპირ უყურებდეთ. თუ მანქანები გზის მარჯვენა მხარეს დადიან, მაშინ ფეხით მოსიარულეებს ურჩევენ, რომ მარცხენა მხარეს იარონ, რათა შემხვედრ ტრანსპორტს პირდაპირ უყურონ. ბრიტანეთში, სადაც გზის მარჯვენა მხარეს ვატარებთ მანქანებს, ვცდილობთ, ფეხით მოსიარულეებმა გზის მარცხენა მხარეს ვიაროთ. ჩვენი ამერიკელი მეგობრები როგორ იქცევიან? რატომღაც ამერიკელები მარცხენა მხარეს ირჩევენ!