არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვენეცია „ქალაქი ზღვაში“

ვენეცია „ქალაქი ზღვაში“

ვენეცია „ქალაქი ზღვაში“

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის იტალიიდან

„ეს არის დიდებული ქალაქი ზღვაში. წყალია ყველგან — ფართო თუ ვიწრო ქუჩებში; ზღვის წყალი ხან მიიქცევა და ხან მოიქცევა; ზღვის წყალმცენარეები მყარად ჩაბღაუჭებია სასახლეების მარმარილოს“ (სამუელ როჯერზი, ინგლისელი პოეტი, 1822 წელი).

ეს „დიდებული ქალაქი“ ვენეციაა. ერთ დროს დიდი რესპუბლიკის ამ დედაქალაქს შეეძლო თავისუფლად დაეკვეხნა იმით, რომ საუკუნეების განმავლობაში ჰეგემონობა ეპყრა ხმელეთსა თუ ზღვაზე. როგორ და რატომ ააშენეს ქალაქი „ზღვაში“? რამ გახადა იგი დიდებული ქალაქი? როგორ დაემხო მისი იმპერია და რა დარჩა დღეს ყოფილი დიდებულებიდან?

არასახარბიელო ადგილი

ვენეცია მდებარეობს ადრიატიკის ზღვის ჩრდილო-დასავლეთით ლაგუნაში და 118 კუნძულზეა გაშენებული. ზღვაში ჩამდინარე მდინარეებს თავთხელ სანაპირო ზოლში ჩააქვთ დიდი რაოდენობის შლამი. ზღვის მიმოქცევისა და ჩამდინარე წყლების გავლენით აქ წარმოიქმნა ფსკერული ნატანის ზვინულები, რომლებიც გარს ერტყმის დაახლოებით 51 კილომეტრი სიგრძისა და 14 კილომეტრი სიგანის წყნარ ლაგუნას. ზღვაში სამი ვიწრო გასასვლელი 1 მეტრი სიმაღლის წყლის ნაკადსა და საზღვაო ტრანსპორტს მიმოსვლის საშუალებას აძლევს. ერთ წყაროში ნათქვამია: „საუკუნეების განმავლობაში ლაგუნა სავაჭრო გემების ნავსაყუდელი იყო; ვაჭრები ადრიატიკის ზღვიდან მიცურავდნენ ან ცენტრალური და ჩრდილოეთ ევროპიდან მდინარეების გავლითა თუ საქარავნო გზებით მოდიოდნენ აქ“.

მეცნიერების აზრით, ქალაქი ახ. წ. V—VII საუკუნეებში წარმოიშვა; მაშინ ჩრდილოეთიდან მოსულმა ბარბაროსებმა გადაწვეს და გაძარცვეს კონტინენტის ქალაქები. მძარცველების მოსვლამდე ხალხი გაიქცა და მრავალმა თავი ამ ძნელად მისადგომ, მაგრამ უსაფრთხო კუნძულებს შეაფარა.

ძველი დოკუმენტების თანახმად, აქ პირველი შენობები გრძელი, მაგარი ხის ბოძებზე იყო დაყრდნობილი; ეს ბოძები ჩასობილი იყო შლამში და ჩატანებული ჰქონდა პატარ-პატარა ტოტები თუ ლელქაში. მოგვიანებით ვენეციელებმა ათასობით ხის ხიმინჯზე დაფუძნებული ქვის სახლების შენება დაიწყეს. ლაგუნას კუნძული რიალტო, რომელიც მოგვიანებით ქალაქის ცენტრი გახდა, ხშირად წყლით იფარებოდა; ის აგრეთვე არც საკმარისად მყარი და არც ისე დიდი იყო, რომ იქ მოსახლეობის დიდი ნაწილი დასახლებულიყო. კუნძულებზე საჭირო იყო წყლის დრენირება და ამგვარად დასასახლებელი ტერიტორიების გადიდება, რისთვისაც პრიმიტიულ მეთოდებს იყენებდნენ. მოსახლეობა თავისი ნავებისთვის თხრიდა არხებს და ამაგრებდა კუნძულებს, რათა მშენებლობისთვის მოემზადებინა ისინი. არხებზე, რომლებიც ქუჩების როლს ასრულებდა, გააკეთეს ხიდები. ეს კი ფეხით მოსიარულეებს ერთი კუნძულიდან მეორეზე გადასვლის საშუალებას აძლევდა.

რესპუბლიკის დაბადება და აღზევება

რომის დასავლეთ იმპერიის დაცემის შემდეგ ლაგუნას კუნძულები ბიზანტიის იმპერიის მმართველობის ქვეშ მოექცა, ბიზანტიისა, რომლის დედაქალაქიც მაშინ კონსტანტინოპოლი იყო (დღევანდელი სტამბოლი). მაგრამ ლაგუნას მკვიდრნი აჯანყდნენ და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. შედეგად ვენეცია გახდა უჩვეულო, „დამოუკიდებლობის მქონე პატარა ტერიტორია . . . ეს იყო საჰერცოგო, რომელიც ერთმანეთისგან ყოფდა ორ დიდ“ — ფრანკთა და ბიზანტიელთა — იმპერიას. ამ უნიკალურმა მდებარეობამ ქალაქს საშუალება მისცა განვითარებულიყო, აყვავებულიყო და დიდი „საშუამავლო ვაჭრობის“ ცენტრი გამხდარიყო.

მომდევნო საუკუნეებში ვენეციამ არაერთი ომი აწარმოა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ქვეყნებთან, რომლებიც მისი მოწინააღმდეგენი იყვნენ; დაპყრობილთა შორის იყვნენ: სარკინოზები, ნორმანები და ბიზანტიელები. ბოლოს ვენეცია ამ ქვეყნებიდან ყველაზე ძლიერი გახდა, მაგრამ ეს მოხდა 1204 წელს მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილეთათვის დახმარების გაწევის შემდეგ, როდესაც განადგურებულ იქნა უძლიერესი მეტოქე — კონსტანტინოპოლი. ვენეციას მრავალი სავაჭრო ახალშენი ჰქონდა დაფუძნებული შავ ზღვასა და ეგეოსის ზღვაზე, ასევე საბერძნეთსა და კონსტანტინოპოლში, სირიასა და პალესტინაში, კვიპროსსა და კრეტაზე. ახლა კი მან ისარგებლა ბიზანტიის იმპერიის დაცემით და ამ სავაჭრო ახალშენებიდან მრავალი თავის კოლონიად აქცია.

„ხმელთაშუა ზღვის დედოფალი“

მე-12 საუკუნეში ვენეციის დიდი გემთსაშენი რამდენიმე საათში მთლიანად აღჭურვილ თითო ველბოტს უშვებდა. ვენეციაში აწარმოებდნენ მინას და მდიდრულ ქსოვილებს — მაქმანს, ფარჩას, ქამხასა და ხავერდს. დასავლეთ ვენეციელ და უცხოელ ვაჭრებს აქ მოჰყავდათ ცხენები და მონები, მოჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი, ქარვა, ბეწვეული, ხე-ტყე, შალი, თაფლი და ცვილი. მუსლიმანური ლევანტიდან კი მოჰქონდათ: ოქრო, ვერცხლი, აბრეშუმი, სანელებლები, ბამბა, საღებავი, სპილოს ძვალი, სურნელოვანი ნივთიერებები და სხვა მრავალი რამ. ქალაქის ხელმძღვანელობა ზრუნავდა იმაზე, რომ ნებისმიერი გატანილი თუ შემოტანილი საქონლიდან გადასახადი აეღო.

ვენეციის გალამაზებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს ისეთმა ცნობილმა არქიტექტორებმა და ფერმწერებმა, როგორიცაა: პალადიო, ტიციანი და ტინტორეტო. ამიტომ ქალაქს აღწერდნენ როგორც „ლა სარენისიმა“ ანუ „უწყნარესი“ და „უმშვენიერესი“. მაშინ სამართლიანად შეიძლებოდა ქალაქზე ეთქვათ, რომ ის იყო „ხმელთაშუა ზღვის დედოფალი . . . ცივილიზებული მსოფლიოს უმდიდრესი და ყველაზე აყვავებული კომერციული ცენტრი“. იგი ასეთად დარჩა საუკუნეების განმავლობაში. მისმა ძლიერებამ შერყევა მხოლოდ მე-16 საუკუნეში დაიწყო, როდესაც სავაჭრო გზებმა ხმელთაშუა ზღვიდან ატლანტის ოკეანესა და ამერიკის კონტინენტის მხარეს გადაინაცვლა.

ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მიმოფანტული ვენეციის კოლონიები არასოდეს ყოფილა გეოგრაფიულად თუ პოლიტიკურად გაერთიანებული და მათ არასოდეს უმოქმედიათ შეთანხმებულად. ამიტომაც კოლონიების დაკარგვა გარდაუვალი იყო. მეზობელი სახელმწიფოები თანდათანობით აგლეჯდნენ ვენეციას კოლონიებს მანამ, სანამ 1797 წელს ნაპოლეონ I-მა საბოლოოდ არ აიღო ლაგუნის ქალაქი და ავსტრიას არ გადასცა. 1866 წელს ვენეცია იტალიის ნაწილი გახდა.

ზღაპრული ქალაქი

მრავლისთვის ვენეციაში ჩასვლა ორი ან სამი ასეული წლით უკან დაბრუნების მსგავსია. ამ ქალაქში რაღაც უნიკალური ატმოსფეროა გამეფებული.

ქალაქის ერთ–ერთი დამახასიათებელი თავისებურება სიწყნარეა. ძირითადად, ვიწრო ქუჩებში ფეხით მოსიარულეები გამოყოფილნი არიან წყლის ტრანსპორტით მოსიარულეთაგან, თუ არ ჩავთვლით არხებს, რომელთაც გვერდებზე საცალფეხო გზა გასდევს ან ამ ქალაქისთვის ტიპიურ თაღოვან რკინის ხიდებს. ერთადერთი მოტორიანი სატრანსპორტო საშუალება აქ ნავებია, რადგან ქუჩები წყლით არის „მოკირწყლული“. ქალაქი გამოირჩევა მხატვრულ საგანძურთა სიმდიდრით. წმინდა მარკოზის მოედანი თავისი ბაზილიკათი და კამპალინეთი (სამრეკლო); ასევე საუცხოო სანაპირო ზოლი, სადაც მწვანე ლაგუნა მზის სხივთა შარავანდედშია გახვეული, მრავალი ხელოვანის შთაგონების წყაროა.

მთავარ მოედანზე ღია ცის ქვეშ არსებული კაფეები მრავალ ტურისტსა თუ ადგილობრივ მკვიდრს იზიდავს. აქ შეგიძლიათ მიირთვათ სასმელი ან საუცხოო ნაყინი და უსმინოთ პატარა კლასიკური ორკესტრის მიერ შესრულებულ მუსიკას. ზიხართ ამ კაფეში და უყურებთ გამვლელებს; ტკბებით ჩინებული არქიტექტურით და არსად მანქანების ჭაჭანება არ არის, რის გამოც შეიძლება ისეთი გრძნობა დაგეუფლოთ, რომ ნამდვილად წარსულში მოგზაურობთ.

ეს ქალაქი განსაკუთრებით მხატვრულ საგანძურთა მაძიებლებს იზიდავს. მისი სასახლეები, მუზეუმები თუ ტაძრები მრავალი სახელგანთქმული ფერმწერის მიერ არის მოხატული. მაგრამ ზოგიერთი ტურისტისთვის საკმარისია, იხეტიალოს ვიწრო ქუჩებში და დატკბეს უცხო გარემოს თვალიერებით. მაღაზიები ტურისტებს სთავაზობს საქონელს, რომლითაც ეს ქალაქი სახელგანთქმულია — ლაგუნის კუნძულ ბურანოდან მაქმანსა თუ მოქარგულ ქსოვილს და მურანოდან საუცხოო ბროლისა თუ შუშის ჭურჭელს. ვაპორეტოზე (სწრაფმავალი წყლის ტრამვაი) მცირე ხნით თუ გაისეირნებთ, რაც თავისთავად უნიკალური რამ არის, მიხვალთ ამ კუნძულთაგან რომელიმეზე, სადაც საკუთარი თვალით შეგიძლიათ ნახოთ, როგორ ამზადებენ ამ საქონელს.

ვიწრო, მოხატულ თაღებიანი საუცხოო სასახლეები იმაზე მეტყველებს, რომ წარსულ დღეებში აქ აღმოსავლურ კულტურას დიდი გავლენა ჰქონია. დიდ არხზე, რომელიც ქალაქის მთავარი „მაგისტრალია“, გადებულია სახელგანთქმული რიალტოს ხიდი, რომლის ქვემოთ უხმაუროდ მისრიალებენ მბზინავი შავი გონდოლები.

ვენეცია კვლავ იბრძვის გადასარჩენად

„მშვენიერი რესპუბლიკის“ დაცემიდან ორი საუკუნე გავიდა და ვენეცია კვლავ იბრძვის გადასარჩენად, მაგრამ არა ომში. ამ ისტორიულ ცენტრში მცხოვრებთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო და, თუ ის 1951 წელს 175 000–ს შეადგენდა, 2003 წლისთვის იგი 64 000 გახდა. ამის მიზეზი კი უძრავ ქონებაზე გაბერილი ფასები, სამუშაო ადგილების სიმცირე და თანამედროვე ტიპის შენობების ნაკლებობაა. საჭიროა გადაიჭრას (თუ ეს საერთოდ შესაძლებელია) ისეთი რთული სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, როგორიცაა მაგალითად, საკითხი იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება ამ ქალაქის განახლება; ქალაქისა, რომელიც თანდათანობით ინგრევა.

მე–20 საუკუნის 20–იან წლებში კონტინენტზე აშენდა ახალი ინდუსტრიული რაიონი იმ მიზნით, რომ ამას ხელი შეეწყო ადგილობრივი ეკონომიკის გაუმჯობესებისთვის და ლაგუნას გადაკვეთაზე გაკეთდა ღრმა არხი, რათა ნავთობით დატვირთულ ტანკერებს საშუალება ჰქონოდა ამ არხის გავლით ნავთობსახდელამდე მისულიყო. ამ ღონისძიების გატარების შედეგად გაჩნდა სამუშაო ადგილები, ინდუსტრიის განვითარებამ გამოიწვია გარემოს დაბინძურება და, შედეგად, ზღვის დამანგრეველი მოქცევა, რომელსაც „აქვა ალტას“ (მაღალ წყალს) უწოდებენ; ზღვის ასეთი მოქცევის გამო უფრო და უფრო ხშირად იტბორება ქალაქის ისტორიული ცენტრი.

ვენეციისთვის ახალი არ არის ის ფაქტი, რომ ლაგუნას გარემო და წყლის მოძრაობა და ძალა განსაზღვრავს ფაქიზ ბუნებრივ პროცესებს, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია ქალაქის გადასარჩენად. 1324 წელს ვენეციამ კოლოსალური საინჟინრო სამუშაოები შეასრულა იმისათვის, რომ შეეცვალა იმ მდინარეთა მიმართულება, რომლებიც ლაგუნას შლამით მოშთობის საშიშროებას უქმნიდა. XVIII საუკუნეში ააგეს დამბები, რათა ადრიატიკის ზღვიდან ლაგუნაში წყლის მოვარდნა აერიდებინათ.

ახლა ვენეციაში სიტუაცია უფრო კრიტიკულია, ვიდრე ოდესმე. იმ იმედით, რომ მოეგვარებინათ ხმელეთის ჩაძირვის პრობლემა, საერთოდ შეწყვიტეს ინდუსტრიული მიზნებისთვის იმ მიწისქვეშა ქანების ამოღება, რომლებიც წყლის აბსორბციას ახდენს, მაგრამ მთელ მსოფლიოში ზღვის დონე მატებას განაგრძობს. გარდა ამისა, ლაგუნას ტერიტორიის შემცირება გამოიწვია ახალი მიწების ათვისებამ, რასაც თავის მხრივ წყალსა და ხმელეთს შორის წონასწორობის დარღვევა მოჰყვა. წყლის დონის მატება დიდი ხანია ვენეციას საფრთხეს უქმნის, მაგრამ ის იმდენად საშიში არასოდეს ყოფილა, როგორც დღეს. XX საუკუნის დასაწყისისთვის წმინდა მარკოზის მოედანი წელიწადში დაახლოებით 5–7–ჯერ იფარებოდა წყლით. საუკუნის შემდეგ კი მხოლოდ ერთ წელს ის წყლით 80–ჯერ დაიფარა.

ვენეციის საუცხოო ისტორიული და მხატვრული მემკვიდრეობა და ის პრობლემები, რომლებიც ამ ქალაქს აქვს, საერთაშორისო წრეების ზრუნვის საგანი გახდა. გამოიცა სპეციალური კანონი, რომლის მიზანია, დაიცვას ქალაქი წყლის მაღალი დონისგან; ამავე დროს, დაიცვან გარემო ისე, რომ ხელი არ შეეშალოს პორტის ფუნქციონირებასა და ქალაქის მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას. მაგრამ ის, თუ როგორ გაკეთდეს ეს საუკეთესო სახით, დღემდე არ იციან.

მიმდინარეობს სამუშაოები არხების სანაპიროების ამაღლებაზე; აგრეთვე არის ისეთი ადგილები, სადაც გამოიყენეს ქანები, რომლებიც მიწისქვეშა ფენებიდან წყლის ზემოთ ამოსვლას აფერხებს და ხელს უშლის „აქვა ალტას“ მდგომარეობამდე წყლის ამოსვლას. უდიდეს კამათს იწვევს ლაგუნის შესასვლელთან მობილურ ბარიერთა ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც გაიხსნებოდა მაშინ, როდესაც წყალი საშიშროების შემქმნელ დონემდე მოიმატებდა.

ამ საკითხის მოგვარებას დიდი დრო, ენერგია, ყურადღება და რესურსები სჭირდება. ამ „დიდებულ ქალაქს ზღვაში“ მართლაც რომ საოცარი წარსული აქვს, მაგრამ სხვადასხვა მწერლის სიტყვების თანახმად, მას „მუზეუმად ქცევის საფრთხე ემუქრება; ამ დროს მოხდება გარეშეების მხრიდან ადგილობრივ მკვიდრთა მოთხოვნილებების უგულებელყოფა ან ისიც კი, რომ ადგილობრივი მკვიდრნი იძულებულნი გახადონ, დატოვონ ქალაქი“. ვენეციას საუკუნეების განმავლობაში უწევდა რთულ გარემო პირობებთან ბრძოლა, მაგრამ ახლა „მხოლოდ ფიზიკური დაცვა ამაო იქნება, თუ არ განახლდება ქალაქის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა და ქალაქი კვლავ ცოცხალი და ენერგიით სავსე არ გახდება“.

[რუკა 16 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ვენეცია

[სურათი 16 გვერდზე]

დიდ არხზე გადებული რიალტოს ხიდი.

[სურათი 16, 17 გვერდებზე]

სან-ჯორჯო მაჯორე.

[სურათი 17 გვერდზე]

სანტა-მარია დელა სალუტე.

[სურათი 18 გვერდზე]

რესტორანი დიდ არხზე.

[სურათი 19 გვერდზე]

წყლით დაფარული წმინდა მარკოზის მოედანი.

[საავტორო უფლება]

Lepetit Christophe/GAMMA

[სურათის საავტორო უფლებები 16 გვერდზე]

Map: Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.; background photo: © Medioimages.