კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მოზარდები
კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მოზარდები
▪ შეერთებულ შტატებში 15 წლის მოზარდი ცეცხლს უხსნის თანაკლასელებს; ორს კლავს და ცამეტს ჭრის.
▪ რუსეთში ნასვამი მოზარდები მხეცურად კლავენ ცხრა წლის გოგონას, ხოლო მის მამას და ბიძაშვილს საშინლად სცემენ.
▪ ინგლისში 17 წლის ბიჭი გამეტებით ურტყამს 14 წლის მოზარდს და ბასრ იარაღს უყრის. „განზრახული არ მქონდა მისი მოკვლა, — ეუბნება ის პოლიციას. — მაგრამ სისხლი რომ დავინახე, თავი ვერ შევიკავე“.
მსგავსი თავზარდამცემი შემთხვევები დღეს საკმაოდ ხშირად ხდება. ასეთი ამბები უჩვეულო აღარ არის. „მოზარდების მიერ გამოვლენილი ძალადობა ჩვენი საზოგადოების უმთავრესი პრობლემაა“, — ნათქვამია ერთ სახელმძღვანელოში (Professional School Counseling). ამ განაცხადს სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს.
განათლების სფეროში შეერთებული შტატების სტატისტიკური კვლევის ნაციონალური ცენტრი იტყობინება, რომ თუმცა ბოლო დროს ამერიკის სკოლებში იკლო ძალადობის შემთხვევებმა, „2001 წელს 12–დან 18 წლამდე ასაკის დაახლოებით 2 მილიონი მოსწავლე სკოლებში ჩადენილი ნაკლებად მძიმე დანაშაულის მსხვერპლი გახდა“. გარდა ამისა, სკოლებში აგრესია წინა წლებთან შედარებით უფრო ინტენსიურად ვლინდება.
მაგრამ ამერიკაში მხოლოდ მოსწავლეები არ ხდებიან თანატოლების მიერ გამოვლენილი ძალადობის მსხვერპლი. იმავე წყარო იტყობინება: „სკოლებში ძალადობას მასწავლებლების მიმართაც ავლენენ. 1997—2001 წლებში ნაკლებად მძიმე დანაშაულის მსხვერპლი დაახლოებით 1,3 მილიონი მასწავლებელი გახდა, ქურდობის — 817 000, ხოლო ისეთი დანაშაულებრივი ქმედებების, როგორიცაა გაუპატიურება, ყაჩაღობა, ფიზიკური შეურაცხყოფა — 473 000“. გარდა ამისა, „დაწყებითი და საშუალო სკოლის მასწავლებლების 9 პროცენტს მოსწავლეები შეურაცხყოფის მიყენებით ემუქრებოდნენ, ხოლო 4 პროცენტი ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა“.
როგორი მდგომარეობაა სხვა ქვეყნებში? ერთი საინფორმაცია სააგენტო იუწყება: „2003 წელს ჩინეთში დანაშაულის ჩადენის გამო 69 780 მოზარდი დააკავეს. ეს რიცხვი 12,7 პროცენტით აღემატება 2002 წლის პროცენტულ მაჩვენებელს“. ეს სააგენტო გვაუწყებს, რომ „დამნაშავეთა ბანდების 70 პროცენტი არასრულწლოვნებისგან შედგება“. 2003 წელს მოწოდებული ცნობის თანახმად, გასული 10 წლის განმავლობაში იაპონიაში ჩადენილი დანაშაულის 50 პროცენტი ახალგაზრდებზე მოდის.
ნარკოტიკები — ახალგაზრდების მტერი
მდგომარეობას ისიც აუარესებს, რომ ბევრი ახალგაზრდა საკუთარ სხეულს თავად აყენებს ზიანს. შეერთებული შტატების ნარკოლოგიის ნაციონალური ინსტიტუტის მიერ მოწოდებული ცნობის თანახმად, ამერიკაში მოზარდების 50 პროცენტი ცდილობს, რომ ნარკოტიკებს სკოლის დამთავრებამდე გაუსინჯოს გემო. იმავე ცნობა დასძენს: „დღითი დღე იზრდება იმ მოზარდთა რიცხვი, რომლებიც გადაჭარბებულად იღებენ ალკოჰოლს. ბოლო კლასებში დაახლოებით ხუთიდან ოთხი მოსწავლე (77 პროცენტი) ზომაზე მეტ ალკოჰოლს იღებს, ხოლო მოსწავლეთა ნახევარზე მეტი (46 პროცენტი) ამას მე-8 კლასამდე აკეთებს“.
სექსუალური აღვირახსნილობა
დღეს, როდესაც შიდს-ი ასე ფართოდ არის მოდებული, უდავოა, რომ ნებისმიერ შემხვედრთან სექსუალური კავშირის დამყარება ძალიან სახიფათოა. მიუხედავად ამისა, ბევრ ახალგაზრდას სექსი უწყინარ გართობად მიაჩნია. მაგალითად, ზოგი ამერიკელი ახალგაზრდა თამამად საუბრობს ერთი შეხედვით ლამაზ ფრაზაზე — „ერთი ღამით რომანი“, რაც ნებისმიერ შემხვედრთან სექსუალური კავშირის დამყარებას გულისხმობს. მათ მხედველობაში აქვთ ურთიერთობა „მეგობართან, რომელიც სიამოვნებას ანიჭებთ“, თუმცა მის წინაშე არანაირი ვალდებულება არ აკისრიათ.
მწერალი სკოტ ვოლტერი აღნიშნავს, რომ ახალგაზრდები, აღვირახსნილ წვეულებებს აწყობენ, როდესაც მშობლები სამუშაოზე არიან. ერთ ასეთ წვეულებაზე ერთმა მოზარდმა გოგონამ განაცხადა, რომ „იქ მყოფ ყველა ბიჭთან სურდა სქესობრივი კავშირის დამყარება . . . წვეულებაზე 12 წლის ბავშვებიც იყვნენ“.
ნუთუ აღმაშფოთებელი არ არის ეს ფაქტი?! ეს არ უკვირთ სპეციალისტებს, რომლებიც მოზარდთა სექსუალურ ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებს იკვლევენ. ექიმი ანდრეა პენინგტონი წერს: «გასული 20 წლის განმავლობაში გამოვლინდა, რომ სულ უფრო და უფრო მცირე ასაკის მოზარდები იწყებენ სექსუალურ ურთიერთობებს. დღეს უკვე „ნორმალურად“ ითვლება, თუ 12 წლის მოზარდი სქესობრივ ურთიერთობას იწყებს».
განსაკუთრებით შემზარავია გაზეთ „იუ-ეს-ეი ტუდეიში“ გამოქვეყნებული ცნობა: „ამერიკაში იზრდება იმ მოზარდთა რიცხვი . . . რომლებიც ორალურ სექსს მიმართავენ . . . ბავშვები არწმუნებენ საკუთარ თავს, რომ სინამდვილეში ეს სექსი არ არის“. 10 000 გოგონას გამოკითხვისას «80 პროცენტმა თქვა, რომ ქალიშვილები იყვნენ, თუმცა მათგან 25 პროცენტი ორალურ სექსს მიმართავდა. 27 პროცენტმა კი ორალურ სექსს „გასართობი საშუალება“ უწოდა».
სექსზე ასეთი თვალსაზრისი თანდათანობით სხვა ქვეყნებშიც იკიდებს ფეხს. «აზიაში იზრდება აივ-ით ინფიცირებული ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც მოზარდობის ასაკიდანვე ბევრთან ამყარებენ სექსუალურ ურთიერთობას, — იუწყება იუნესკო. — სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ქორწინებამდე ამყარებს სექსუალურ კავშირს, და ხშირად სხვადასხვა ადამიანთან, რითაც უარყოფს „აზიაში არსებულ ფასეულობებს“».
კიდევ რა ფაქტორები მოწმობს, რომ ახალგაზრდები კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან? კანადაში გამომავალი ერთი ჟურნალი იტყობინება: „16-დან 19 წლამდე ასაკის გოგონებს აქვთ ისეთი პერიოდები, როდესაც მწვავე დეპრესიას განიცდიან“ (Women’s Health Weekly). თუმცა დეპრესია ის დაავადებაა, რომელიც შეიძლება ორივე სქესის წარმომადგენელს დაემართოს. ამერიკაში გამომავალი ჟურნალის „იუნაიტიდ სტეიტს ნიუზ ენდ უორლდ რიპორტის“ თანახმად, ყოველწლიურად 5 000-მდე ახალგაზრდა თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს. იმავე ცნობაში ნათქვამია, რომ რატომღაც „გოგონებთან შედარებით ექვსჯერ მეტი ბიჭი იკლავს თავს“.
უეჭველია, რომ დღეს ახალგაზრდა თაობა უკიდურესად კრიტიკულ მდგომარეობაშია. რა არის ამის მიზეზი?
[სურათის საავტორო უფლება 3 გვერდზე]
STR/AFP/Getty Images