მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
მარტოობა სტატიათა სერიის, „მარტო, მაგრამ არა მარტოობით დატანჯული“ (8 ივნისი, 2004) წაკითხვამ აღმძრა თქვენთვის წერილი მომეწერა. თავიდან ამ სტატიებმა არ დამაინტერესა. მაგრამ, როგორც კი კითხვა დავიწყე, მივხვდი, რომ ხალხთან ახლო ურთიერთობაში არ შევდიოდი. იქ მოცემული რჩევები ზუსტად ის იყო, რაც მართლა მჭირდებოდა.
ა. ვ. (შეერთებული შტატები).
ეპილეპტიკური გულყრები მაქვს ხოლმე და დეპრესია მაწუხებს, რის გამოც ცხოვრების უმეტეს ნაწილს წამლების გვერდითი ეფექტით გამოწვეულ ძილში ვატარებ. ასე რომ, ხშირად მარტოობის გრძნობა მაწუხებს. ეს სტატიები დამეხმარა იმის დანახვაში, რომ მაშინაც კი, როცა მარტოობით ვიტანჯებით, მარტოები არა ვართ.
ჯ. კ. (შეერთებული შტატები).
მე 14 წლის ვარ. მქონდა ისეთი პერიოდები, როცა მინდოდა, რომ თანაკლასელების აღიარება მომეპოვებინა. ვფიქრობდი, რომ ისინი ჩემი მეგობრები იყვნენ. მაგრამ, როდესაც დაინახეს, რომ, როგორც ქრისტიანი, მათგან განვსხვავდებოდი, მივხვდი, რომ თუ არ შევიცვლებოდი და მათნაირი არ გავხდებოდი, ისინი მიმატოვებდნენ. ახლა უკვე ვიცი, რომ ნამდვილი მეგობრების — ხანდაზმულებისა თუ ახალგაზრდების — პოვნა ქრისტიანულ კრებაშია შესაძლებელი.
ნ. კ. (ესპანეთი).
ეს სტატიები დამეხმარა, გამეგო, თუ რატომ ვრეაგირებ ასე უარყოფითად, როდესაც ჩემი ქმარი მივლინებაში მიდის და მე მარტო ვრჩები. ძალიან დამეხმარა თქვენი რჩევა იმის თაობაზე, რომ მარტოობას შევხედო, როგორც საყოველთაოდ გავრცელებულ პრობლემას და ვესაუბრო მოწიფულ მეგობარს.
ი. ჰ. (ჩეხეთის რესპუბლიკა).
ძალიან მალე საცხოვრებლად ისეთ ადგილას გადავდივარ, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა. ამით დედა გახარებულია, მაგრამ ზოგჯერ მარტოობის გრძნობა აწუხებს. სწორედ იმ დროს, როცა ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა, ეს სტატიებიც გამოიცა. დაგეგმილი მაქვს, დედას რეგულარულად დავუკავშირდე და გავუზიარო ის სასიხარულო შემთხვევები, რომლებიც მსახურებისას მექნება.
ნ. კ. (იაპონია).
წუხილი ამას წინათ მეტისმეტი დარდისგან ძალიან გადავიღალე. ვფიქრობდი, ჩემი მდგომარეობა რწმენის ნაკლებობით იყო გამოწვეული, რაც უფრო ცუდ მდგომარეობაში მაგდებდა. ძალიან მადლიერი ვიყავი, როცა წავიკითხე სტატია „ბიბლიის თვალსაზრისი: არის წუხილი რწმენის ნაკლებობის მაჩვენებელი?“ (8 ივნისი, 2004). როდესაც ვწუხვარ, იეჰოვა ყოველთვის მამხნევებს.
ი. ი. (იაპონია).
დემოგრაფია სტატიაში „დემოგრაფია, ბიბლია და მომავალი“ (8 მაისი, 2004) თქვენ თქვით, რომ ისრაელებმა ეგვიპტე 215 წლის შემდეგ დატოვეს. მაგრამ გამოსვლის 12:40, 41–ში კი 430 წელი წერია.
რ. კ. (შეერთებული შტატები).
„გამოიღვიძეთ!“–ის პასუხი: გამოსვლის 12:40 (აქ) ამბობს: „ისრაელის ძეების მკვიდრობის დრო, რომლებიც ეგვიპტეში ცხოვრობდნენ, ოთხას ოცდაათი წელი იყო“. ყურადღება მიაქციეთ, რომ „ისრაელის ძეების მკვიდრობის დრო“ მხოლოდ ისრაელების მიერ ეგვიპტეში გატარებულ დროს არ გულისხმობს; არამედ, როგორც ჩანს, მასში იგულისხმება მთელი ის პერიოდი, რომელიც იწყება აბრაამის შესვლით ქანაანის ქვეყანაში. პავლე მოციქულმა აღნიშნა, რომ ეს 430–წლიანი პერიოდი მაშინ დაიწყო, როცა აბრაამთან დადებული შეთანხმება ძალაში შევიდა (გალატელები 3:16, 17). ეს შეთანხმება კი ძალაში ძვ. წ. 1943 წელს შევიდა, მაშინ როდესაც აბრაამი ქანაანში მივიდა. ბიბლიური ქრონოლოგია ცხადყოფს, რომ ეს მოხდა ეგვიპტეში ებრაელთა წასვლამდე 215 წლით ადრე. ასე რომ, ისრაელის „ეგვიპტეში ყოფნის ხანად“ 215 წელი რჩება. იხილეთ „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტომი პირველი, სტატია „ქრონოლოგია“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ მრავალ ენაზე.