არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ უნდა ვიმუშაო ფიზიკურად?

რატომ უნდა ვიმუშაო ფიზიკურად?

ახალგაზრდების შეკითხვები

რატომ უნდა ვიმუშაო ფიზიკურად?

„არასოდეს მიფიქრია იმის შესახებ, რომ ფიზიკურად ბევრი მემუშავა. კომპიუტერთან თამაში უფრო მსიამოვნებდა“ (ნეითანი).

„ზოგიერთი ახალგაზრდა მათ, ვინც ფიზიკურად ვმუშაობდით, ზემოდან დაგვყურებდა, თითქოს სხვა რამისთვის ჭკუა არ გვეყოფოდა“ (სარა).

ფიზიკურად მუშაობა — ბევრი ფიქრობს, რომ ის მოსაწყენია, ჭუჭყიანია და იგი ბევრისთვის არასასურველია. ეკონომიკის მეცნიერებათა პროფესორი ფიზიკურ მუშაობასთან დაკავშირებით ამბობს: „დღევანდელ მსოფლიოში, რომელიც დიდ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რა მდგომარეობა უჭირავს ადამიანს საზოგადოებაში, ფიზიკური შრომა პრესტიჟული არ არის“. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ბევრ ახალგაზრდას მუშაობა ეთაკილება.

მაგრამ მუშაობასთან დაკავშირებით ბიბლიაში სრულიად განსხვავებული თვალსაზრისია მოცემული. მეფე სოლომონმა თქვა: „განა უკეთესი არ არის ადამიანისათვის, რომ ჭამოს და სვას და უჩვენოს კეთილი თავის სულს თავისი შრომით?“ (ეკლესიასტე 2:24). ძველ დროში ისრაელები მიწათმოქმედებას მისდევდნენ. ხვნა, მოსავლის აღება და გალეწვა დიდ ფიზიკურ ძალებს მოითხოვდა. მაგრამ სოლომონმა აღნიშნა, რომ შრომას უხვი კურთხევების მოტანა შეუძლია.

საუკუნეების შემდეგ მოციქულმა პავლემ თქვა: „ვინც იპარავდა, ნუღარ მოიპარავს, არამედ იშრომოს, საკუთარი ხელით აკეთოს კარგი საქმე“ (ეფესოელები 4:28). პავლე მოციქული ფიზიკურად მუშაობას არ თაკილობდა. მართალია მას უმაღლესი განათლება ჰქონდა, მაგრამ ის ზოგჯერ კარვებს კერავდა და თავს ამით ირჩენდა (საქმეები 18:1—3).

შენ რას ფიქრობ ფიზიკურ მუშაობასთან დაკავშირებით? შეიძლება ამაზე არც კი გიფიქრია, მაგრამ ფიზიკურ შრომას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია.

მომავლისთვის მომზადება

ფიზიკური შრომა — იქნება ეს ჩაქუჩით მუშაობა თუ ბალახის თიბვა — ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ამას უფრო მეტი სარგებლობის მოტანაც შეუძლია. იცი მანქანის საბურავის გამოცვლა ან ზეთის შეცვლა? შეგიძლია ფანჯრის მინის ჩასმა ან გაჭედილი მილის გასუფთავება? იცი საჭმლის მომზადება? შეგიძლია აბაზანაში სისუფთავისა და სანიტარიის დაცვა? ეს ისეთი საქმეებია, რომლებიც ახალგაზრდა ქალსა თუ მამაკაცს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგება.

საინტერესოა, რომ თავად იესო დედამიწაზე ყოფნისას ზოგიერთ ხელობას დაეუფლა. როგორც ჩანს, მან ისწავლა დურგლობა, — უეჭველია თავისი მამობილისგან, იოსებისგან — რადგან ის დურგლად იყო ცნობილი (მათე 13:55; მარკოზი 6:3). შენც შეგიძლია სხვადასხვა სასარგებლო საქმის კეთება ისწავლო.

ხასიათის ფორმირება

ფიზიკურად მუშაობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ რა წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე. შეერთებული შტატების ფსიქიკური ჯანმრთელობისა და განათლების ნაციონალური ცენტრის დოქტორი ფრედ პროვენზანო ამბობს, რომ ფიზიკური საქმეების შესრულებამ შეიძლება „საკუთარი თავისადმი რწმენა“ შეგმატოს და „ასევე, თვითდისციპლინის განვითარებაში დაგეხმაროს, რაც წარმატებული მუშაობის საწინდარია“. ახალგაზრდა მამაკაცი სახელად ჯონი ამბობს: „მუშაობა მოთმინებას გიმუშავებს. სწავლობ, თუ როგორ გაუმკლავდე პრობლემებს“.

სარა, რომლის სიტყვებიც ზემოთ იყო მოხსენიებული, ამბობს: „ფიზიკურად მუშაობამ შრომისმოყვარე გამხადა. ამან მასწავლა, გონებრივად და ფიზიკურად დისციპლინირებული ვყოფილიყავი“. მოსაბეზრებელია ფიზიკური შრომა? ნეითანი ამბობს: „ვისწავლე ფიზიკურად მუშაობაში სიამოვნების პოვნა. რაც უფრო კარგად ვეუფლებოდი ამა თუ იმ საქმეს, მით უფრო უმჯობესდებოდა მუშაობის ხარისხიც. ამან საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის გრძნობა გამიღრმავა“.

ფიზიკურად მუშაობამ შეიძლება ისიც გასწავლოს, თუ რა სიხარული მოაქვს რაღაცის კარგად გაკეთებას. ახალგაზრდა ჯეიმზი ამას შემდეგი სიტყვებით გამოხატავს: „დურგლობა ჩემი საყვარელი საქმეა. თუმცა ის შეიძლება ზოგჯერ დამღლელიც კი იყოს, ყოველთვის იმას ვიხსენებ, რაც გავაკეთე და კმაყოფილების გრძნობა მეუფლება. ეს ნამდვილად სასიამოვნოა“. ბრაიანიც იმავეს ამბობს: „ძალიან მიყვარს ავტომობილების შეკეთება. იმის ცოდნა, რომ გაფუჭებული ნივთების შეკეთება და მათთვის თითქმის პირვანდელი სახის დაბრუნება შემიძლია, გულდაჯერებულობისა და კმაყოფილების გრძნობას მანიჭებს“.

წმინდა მსახურება

ქრისტიან ახალგაზრდებს ფიზიკურად მუშაობა შეიძლება ღვთისადმი მსახურების გაფართოებაში დაეხმაროს. როდესაც მეფე სოლომონს დაევალა, იეჰოვასთვის დიდებული ტაძარი აეგო, მან იცოდა, რომ ეს დავალება უდიდეს ძალისხმევასა და დახელოვნებას მოითხოვდა. ბიბლიაში ნათქვამია: „გაგზავნა კაცი მეფე სოლომონმა და მოაყვანინა ცორიდან ხირამი, რომლის დედა ერთი ქვრივი ქალი იყო ნაფთალის შტოდან, ხოლო მამა ცორელი სპილენძის ოსტატი. მომადლებული ჰქონდა ხირამს სიბრძნე, გამჭრიახობა და ცოდნა სპილენძის ნახელავის გასაკეთებლად. მივიდა სოლომონ მეფესთან და ყველა სამუშაო შეუსრულა“ (3 მეფეთა 7:13, 14).

მართლაც რა დიდი პატივი ხვდა წილად ხირამს, რომ თავისი ხელობა იეჰოვას თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად გამოეყენებინა! ხირამის მაგალითი ცხადყოფს, იგავების 22:29–ში (სსგ) ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტებას: „თუ გინახავს თავის საქმის ოსტატი კაცი? ის მეფეთა წინაშე დადგება და არ დადგება ბნელი ხალხის წინაშე“.

დღეს, იმ ახალგაზრდებსაც კი, რომელთაც მცირე ან თითქმის არავითარი გამოცდილება არა აქვთ მშენებლობის საქმეში, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სამეფო დარბაზების მშენებლობაში. ასეთი პროექტების წყალობით ზოგმა მრავალი საჭირო ხელობა ისწავლა; მაგალითად, ელექტრომოწყობილობებსა და ელექტროგაყვანილობასთან მუშაობა, სანტექნიკოსობა, კალატოზობა და დურგლობა. შენ შეგიძლია მიმართო ადგილობრივი კრების უხუცესებს იმისათვის, რომ სამეფო დარბაზის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა.

ჯეიმზი, რომელმაც რამდენიმე სამეფო დარბაზის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა, ამბობს: „კრებაში ბევრს შეიძლება დრო არ ჰქონდეს ან არ შეეძლოს მონაწილეობა მიიღოს ამ საქმეში. ამიტომ ამ დროს ინიციატივის გამოვლენით მთელ კრებას ეხმარები“. ნეითანმა, რომელმაც ისწავლა, თუ როგორ იმუშაოს ბეტონთან, დაინახა, რომ ამ ხელობამ ღვთისადმი მსახურების გაფართოების საშუალება მისცა. ის იხსენებს: „შევძელი ზიმბაბვეში ჩავსულიყავი და ჩემი ხელობა იეჰოვას მოწმეთა ფილიალის მშენებლობაზე გამომეყენებინა. იქ სამი თვე ვიმუშავე; ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ–ერთი საუკეთესო პერიოდი იყო“. სხვა ახალგაზრდები კი მუშაობისთვის მზადყოფნამ აღძრა, რომ იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივ ფილიალში მოხალისეებად ემსახურათ.

ფიზიკურ მუშაობაში დახელოვნება ასევე დაგეხმარება, იყო „იმით კმაყოფილი, რაც გაქვს“ (1 ტიმოთე 6:6). იეჰოვას მოწმეთა შორის მრავალი ახალგაზრდა პიონერი ანუ სრული დროით მქადაგებელია. სასწავლებელში ჩაბარების ნაცვლად, რასაც ბევრი დრო და თანხები სჭირდება, ზოგს ხელობის ცოდნა დაეხმარა, რომ თავი მატერიალურად უზრუნველეყო.

როგორ შეიძლება მისი სწავლა?

თავის უზრუნველსაყოფად ვაჭრობას აირჩევ თუ უბრალოდ სახლის საქმეებს გააკეთებ, შენ შეგიძლია ფიზიკური საქმეების კეთებაში დახელოვნდე. შეიძლება ადგილობრივ სკოლაში ხელობის დაუფლების კურსები ჩატარდეს. ალბათ, სახლშიც ბევრი რამის სწავლას შეძლებ. როგორ? სახლის საქმეების კეთებით. ზემოთ მოხსენიებული დოქტორი პროვენზანო წერს: „საოჯახო საქმეების შესრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის, რადგანაც მათ ეცოდინებათ, თუ როგორ შეასრულონ ძირითადი საქმეები სახლში, როდესაც მშობლებისგან დამოუკიდებლად მოუწევთ ცხოვრება“. ასე რომ, მზად იყავი საოჯახო საქმეების გასაკეთებლად. გაზონი ხომ არ არის გასაკრეჭი ან თაროს ხომ არ სჭირდება შეკეთება?

ფიზიკური სამუშაო სულაც არ არის დამამცირებელი. პირიქით, მას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია. თავი არ აარიდო ფიზიკურად მუშაობას! ნაცვლად ამისა, ეცადე „დაინახო სიკეთე“ შენს ნაშრომში, როგორც ეკლესიასტეს 3:13–ში წერია: „ეს ღვთის საჩუქარია“.

[ჩანართი 21 გვერდზე]

ხელობის დაუფლება ბევრ ახალგაზრდას ღვთის მსახურების გაფართოებაში დაეხმარა.

[სურათები 21 გვერდზე]

ხშირად ყველაზე მეტის სწავლა მშობლებისგან შეგიძლია.