რა ხდება მსოფლიოში
რა ხდება მსოფლიოში
თამბაქო, სიღარიბე და ავადმყოფობა
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყობინება, რომ მწეველთა 84 პროცენტი ცხოვრობს განვითარებად ქვეყნებში, სადაც თამბაქოს წევა და სიღარიბე ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული“, — ნათქვამია ესპანეთში გამომავალ გაზეთში (Diario Medico). გარდა ამისა, ნებისმიერ ქვეყანაში „ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტს ეწევიან, თამბაქოს მოწევით გამოწვეული ყველაზე მეტი პრობლემები აქვთ და მიეკუთვნებიან საზოგადოების ყველაზე ღარიბ ფენას“. თუმცა თამბაქოს მოხმარება ბევრ განვითარებულ ქვეყანაში შემცირდა, მსოფლიოს მასშტაბით ის „ავადმყოფობის გამომწვევ უდიდეს რისკ-ფაქტორთაგან მეოთხე ადგილზე დგას“, — ნათქვამია ამ გაზეთში. ესპანეთში, სადაც ყოველწლიურად თამბაქოს წევით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობის რიცხვი 60 000-ია, მოწევა „ავადმყოფობის, უუნარობისა და ისეთი სიკვდილის მთავარი მიზეზია, რომლის არიდებაც შეიძლებოდა“.
სიგამხდრისთვის ძალებს არ იშურებენ
„ახალგაზრდები — განსაკუთრებით გოგონები — დიდ ძალისხმევას ახმარენ იმას, რომ გამხდრები იყვნენ და ეს სულ უფრო და უფრო პატარა ასაკში ხდება, რამაც შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს მათ ჯანმრთელობაზე“, — ნათქვამია კანადაში გამომავალ გაზეთ „გლოუბ ენდ მეილში“. 10—14 წლამდე ასაკის 2 200–ზე მეტ გოგონას დაუსვეს შეკითხვა კვებასთან დაკავშირებით მათ შეხედულებაზე. გაზეთი იუწყება, რომ «გოგონათა 7 პროცენტზე ნაკლებს ჰქონდა ჭარბი წონა, მაგრამ 31 პროცენტი თავიანთ თავს ისე ახასიათებდა, როგორც „ძალიან მსუქანს“ და 29 პროცენტმა კი თქვა, რომ დიეტაზე იყვნენ». რატომ სურთ ჯანმრთელ გოგონებს წონაში დაკლება? გაზეთის თანახმად, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის იმ მოზრდილებს, რომლებსაც ახალგაზრდები ბაძავენ, გამუდმებით დიეტაზე არიან და დასცინიან მათ, ვისაც ჭარბი წონა აქვს. „მასმედიაც დიდ გავლენას ახდენს მოზარდთა ქმედებაზე იმით, რომ მათში ყოველთვის მისაბაძად ძალიან გამხდარი ადამიანები არიან წარმოდგენილნი“, — ამბობს გაზეთი. ტორონტოს ბავშვთა საავადმყოფოს მკვლევარ–მეცნიერის დ–რ გეილ მაკ–ვეის აზრით, ბავშვებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ, რომ „წონაში მატება ჩვეულებრივია და აუცილებელიც იმისათვის, რომ ბავშვი მოზარდად იქცეს“.
ცხვრები იმახსოვრებენ სახეებს
„აღმოვაჩინეთ, რომ ცხვრებს შეუძლიათ სულ მცირე 50 სხვა ცხვრისა და 10 ადამიანის სახის დამახსოვრება“, — წერს ნეირობიოლოგი კიტ კენდრიკი ჟურნალ „ნიუ საიენტისტში“. მან და მისმა ჯგუფმა აღმოაჩინეს, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში 60 სახის ნახვის შემდეგ, ცხვრებმა თითოეული მათგანი „სულ მცირე ორი წლით“ დაიმახსოვრეს. ცხვრებს არა მარტო სახის დამახსოვრება შეუძლიათ, არამედ, ადამიანთა მსგავსად, მათ აგრეთვე შეუძლიათ „სახის გამომეტყველების მიხედვით განსაზღვრონ, თუ რა ხასიათზეა ადამიანი“. ჟურნალში ნათქვამია, რომ ცხვრებს „შეუძლიათ განასხვავაონ ადამიანის სახის სხვადასხვა გამომეტყველება და მოწყენილი ცხვრის გამომეტყველებაზეც შენიშნონ ცვლილება. ისინი აგრეთვე მომღიმარ ადამიანებს ამჯობინებენ, ვიდრე გაბრაზებულებს“. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ «ის ადამიანები, რომლებიც მწყემსავდნენ ცხვრებს, შესაძლოა ცხვრებისთვის ისეთებივე იყვნენ, როგორც ფარის ძალიან ნაცნობი წევრები, — ამბობს კენდრიკი. — მეგობრულად განწყობილი ადამიანები ცხვრებისთვის „პატივცემული ცხვარი“ ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ცხვრები ახლო ურთიერთობაში არიან თავიანთ მწყემსთან».
ბულბულების გალობა მანქანების ხმაურს ფარავს
„როდესაც ხმაური ძლიერდება, ბულბულები უფრო ხმამაღლა გალობენ“, — ნათქვმია ერთ გერმანულ გაზეთში (Berliner Zeitung). ბერლინის დამოუკიდებელ უნივერსიტეტთან არსებული ბიოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლის ჰენრიკ ბრუმის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ სიმღერის სიმაღლე, რომელიც იმისთვისაა განკუთვნილი, რომ ჩიტებმა თავიანთი ტერიტორია დაადგინონ და დედლების გული მოიგონ, 14 დეციბელით მერყეობს და დამოკიდებულია გარშემო ხმაურის დონეზე. „ეს შეიძლება ვინმემ მცირე ცვლილებად ჩათვალოს, — ამბობს ბრუმი, — მაგრამ, ამისათვის საჭიროა სახმო იოგებზე ხუთჯერ მეტი წნევა მოქმედებდეს; ეს კი ნიშნავს, რომ ჩიტის ფილტვებში წნევა ხუთჯერ უნდა გაიზარდოს“. წყნარ ადგილებში ჩიტების გალობა 75 დეციბელია. მაგრამ ადგილებში, სადაც მანქანების ხმაურია, ჩიტები 89 დეციბელის სიმაღლის ხმაზე გალობენ. გაზეთში ნათქვამია: „მკვლევარების გაოცება განსაკუთრებით იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ჩიტები ყოველდღე ახლიდან ეგუებიან სიტუაციას. შაბათ–კვირას, როცა მანქანების ხმაური ნაკლებია, ჩიტები ჩვეულებრივ უფრო ხმადაბლა გალობენ, ვიდრე სამუშაო დღეებში“.