სირთულეები, რომლებსაც დღევანდელი ახალგაზრდები ხვდებიან
სირთულეები, რომლებსაც დღევანდელი ახალგაზრდები ხვდებიან
ბავშვი საუკეთესო პირობებშიც რომ იზრდებოდეს, მოზარდობის წლები მაინც მშფოთვარე პერიოდად ითვლება. სქესობრივი მომწიფების პერიოდში მოზარდებში სრულიად უცხო გრძნობები და ემოციებია მოზღვავებული. მოზარდებზე მასწავლებლები თუ თანატოლები ყოველდღე ახდენენ გავლენას. ისინი ტელევიზორის, კინოფილმების, მუსიკისა და ინტერნეტის ძლიერი ზეგავლენის ქვეშაც ექცევიან. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ „მოზარდობის წლები გარდატეხის პერიოდია, რომელსაც თან ახლავს სტრესი და მღელვარება“.
სამწუხაროდ, მოზარდებს ხშირად საკმარისი გამოცდილება არა აქვთ სტრესისა და მღელვარების დასაძლევად (იგავები 1:4). სათანადო ხელმძღვანელობის გარეშე ისინი ადვილად შეიძლება მოექცნენ დამღუპველი ზეგავლენის ქვეშ. მაგალითად, გაეროს ანგარიშში ნათქვამია: „გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ხშირად ნარკოტიკების მოხმარებას მოზარდობის წლებში ან მის შემდგომ პერიოდში იწყებენ“. იმავეს თქმა შეიძლება ძალადობაზე და ნებისმიერ შემხვედრთან სქესობრივ კავშირზე.
მშობლები, რომლებიც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ამ პრობლემებს და ფიქრობენ, რომ ასეთი რამ მხოლოდ „ღარიბებს“ ან გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფებს შორის ხდება, ხშირად ცდებიან. პრობლემები, რომლებსაც დღეს ახალგაზრდები ხვდებიან, კარგა ხანია გასცილდა ეკონომიკურ, სოციალურ და რასობრივ ფარგლებს. მწერალ სკოტ ვოლტერის აზრით, „თუ ვინმე ფიქრობს, რომ დანაშაულს, ძირითადად, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, 17 წლის ბიჭი სჩადის — რომელიც იმ რაიონში ცხოვრობს, სადაც დამნაშავეობა ფართოდ არის გავრცელებული და რომლის გაღატაკებული მშობელიც სახელმწიფოს კმაყოფაზეა, — როგორც ჩანს, არ ფლობს ბოლოდროინდელ მონაცემებს. დღესდღეობით პრობლემატური ბავშვი შეიძლება იყოს თეთრკანიანი, საშუალო ფენის წარმომადგენელი, 16 წლამდე ასაკის, და შესაძლოა — გოგონაც კი“.
რატომ იმყოფება დღეს ამდენი მოზარდი საშიშროების წინაშე? განა წინა თაობის ახალგაზრდობა არ ხვდებოდა მსგავს სირთულეებს ან არ იდგა ცდუნების წინაშე? ცხადია, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ იმ პერიოდში, რომელსაც ბიბლია „ძნელად ასატან დროს“ უწოდებს (2 ტიმოთე 3:1—5). კაცობრიობის ისტორიაში ახალგაზრდები არასდროს შეხვედრიან ასეთ სირთულეებს. განვიხილოთ ზოგი მათგანი.
არამყარი ოჯახები
განვიხილოთ, რა მდგომარეობაა არამყარ ოჯახებში. „ამერიკაში 18 წლამდე ბავშვების მესამედზე მეტის მშობლები ერთმანეთს ეყრებიან,“ — ნათქვამია ერთ ჟურნალში (Journal of Instructional Psychology). დასავლეთის ქვეყნებშიც მსგავსი სურათია. როდესაც
ოჯახი ინგრევა, ბავშვებს ხშირად ემოციურ ტკივილთან უწევთ გამკლავება. იმავე ჟურნალში ნათქვამია: „ბავშვები, რომელთა მშობლებიც ახალი გაყრილები არიან, სკოლაში უფრო დაბალი აკადემიური მოსწრებითა და ცუდი ყოფაქცევით გამოირჩევიან და უფრო არაკომუნიკაბელურები არიან, ვიდრე ისინი, რომლებიც მყარ ოჯახებში იზრდებიან, რომელთა მშობლებიც დიდი ხნის გაყრილები არიან, და რომელთაც ჰყავთ მამინაცვალი ან დედინაცვალი. გარდა ამისა, განქორწინება ხშირად უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე და მას პირადი ღირსების გრძნობას ულახავს“.დღითიდღე იზრდება იმ დედების რიცხვი, რომლებიც მუშაობას იწყებენ, რაც გარკვეულწილად გავლენას ახდენს ოჯახურ ატმოსფეროზე. იაპონიაში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ძირითადად დანაშაულს ის მოზარდები სჩადიან, რომელთა ორივე მშობელი მუშაობს.
ისიც აღსანიშნავია, რომ ოჯახის აუცილებელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ხშირად ორივე მშობელს უწევს მუშაობა. როდესაც ოჯახს მეტი შემოსავალი აქვს, შვილებიც მეტად არიან უზრუნველყოფილნი, თუმცა ამას უარყოფითი მხარეც აქვს — სკოლიდან დაბრუნებულ მილიონობით ბავშვს სახლში არავინ ხვდება. როდესაც მშობლები შინ ბრუნდებიან, ისინი უმეტესწილად დაღლილები არიან და სამუშაოსთან დაკავშირებულ პრობლემებზე ფიქრობენ. რა მოჰყვება ამას შედეგად? მშობლებს ნაკლები დრო რჩებათ შვილებისთვის. „იშვიათად ვართ ოჯახის წევრები ერთად“, — წუხს ერთი მოზარდი.
ბევრი, ვინც ამ საკითხს იკვლევს, მიიჩნევს, რომ არსებული ტენდენცია ახალგაზრდების მომავალს თავის კვალს დააჩნევს. ექიმი რობერტ შო აღნიშნავს: „ვფიქრობ, რომ მშობლების ასეთი დამოკიდებულების შედეგად — რაც უკვე 30 წელზე მეტია არსებობს — მოზარდებს არა აქვთ ოჯახის წევრებთან თბილი ურთიერთობები, ისინი არაკომუნიკაბელურები არიან, სწავლაში მოისუსტებენ და საკუთარ თავს ვერ აკონტროლებენ.
მშობლები აღიარებენ, რომ ქონების დაგროვებისკენ და საზოგადოებაში წარმატების მიღწევისკენ სწრაფვა მათ იმდენ დროსა და ფულს ახარჯინებს, რომ დრო აღარ რჩებათ შვილების ემოციური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად“.მოზარდების კეთილდღეობას ისიც უქმნის საფრთხეს, რომ როდესაც მშობლები მუშაობენ, დროის უმეტესი ნაწილი ისინი მეთვალყურეობის გარეშე არიან. ეს კი მათ სირთულეების წინაშე აყენებს.
აღზრდაზე განსხვავებული თვალსაზრისი
დღევანდელ ახალგაზრდებზე გავლენას ისიც ახდენს, რომ მშობლებს აღზრდასთან დაკავშირებით განსხვავებული თვალსაზრისი აქვთ. პროფესორი რონ ტაფელი აცხადებს, რომ ბევრი მშობელი „არ ასრულებს თავის მოვალეობას“. ასეთ შემთხვევაში ბავშვები ყოველგვარი ხელმძღვანელობის გარეშე იზრდებიან, რის გამოც ვერ აკონტროლებენ თავიანთ ქცევებს.
როგორც ჩანს, ზოგჯერ მშობლების ცუდი ბავშვობა გავლენას ახდენს შვილებთან მათ დამოკიდებულებაზე. ასეთ მშობლებს სურთ, იმეგობრონ შვილებთან და მკაცრად არ დასაჯონ. „შვილის მიმართ ძალიან რბილი ვიყავი, — აღიარებს ერთი დედა. — ჩემი მშობლები მეტისმეტად მკაცრები იყვნენ; ამიტომაც მსურდა, შვილები განსხვავებულად აღმეზარდა. სამწუხაროდ, ვცდებოდი“.
სადამდე მიჰყავს ზოგი მშობელი შემწყნარებლობას? ამერიკაში გამომავალი ჟურნალი „იუ–ეს–ეი ტუდეი“ იტყობინება: „ახლახან ჩატარებულმა ერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ნიუ–იორკში, ტეხასში, ფლორიდასა და კალიფორნიაში დაახლოებით 600 მოზარდი მკურნალობას გადის ნარკომანიის დასაძლევად; მათგან 20 პროცენტი მშობლებთან ერთად იღებს ნარკოტიკებსა და ალკოჰოლურ სასმელებს, ხოლო 5 პროცენტს კი პირველად მშობლებმა შესთავაზეს ნარკოტიკის — მარიხუანას — გასინჯვა“. რატომ იქცევიან მშობლები ასე არაგონივრულად? ერთი დედა აღიარებს: „ჩემს ქალიშვილს ვუთხარი, რომ მერჩივნა სახლში მიეღო ნარკოტიკები, ვიდრე გარეთ“. სხვები, როგორც ჩანს, ამას შვილებთან „ახლო ურთიერთობის“ დამყარების საშუალებად მიიჩნევენ.
მედიის ძლიერი გავლენა
მედიაც დიდ ზეგავლენას ახდენს მოზარდებზე. მკვლევარი მარიტა მოლის სიტყვების თანახმად, ერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ამერიკაში მოზარდები დღეში დაახლოებით 4 საათსა და 48 წუთს ატარებენ ტელევიზორსა და კომპიუტერთან.
შეიძლება ეს სახიფათოდ ჩაითვალოს? ერთ სამეცნიერო ჟურნალში აღნიშნული იყო, რომ შეერთებული შტატების „ექვსი ძირითადი სამეცნიერო–კვლევითი საზოგადოება“, მათ შორის ამერიკის სამედიცინო საზოგადოება, ერთსულოვნად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მასმედიის მიერ ასახული ძალადობა „ბავშვებს აგრესიულ ხასიათს“ უყალიბებს. „კონსენსუსის მიუხედავად, ამ საკითხში ნაკლებად გათვითცნობიერებული ხალხი გამორიცხავს ძალადობის ზრდაში მასმედიის როლს“ (Science).
მაგალითისთვის ავიღოთ ვიდეოკლიპები. მშობლები ხშირად გაოგნებულები არიან იმის გამო, რომ ზოგ კლიპში დეტალურად არის წარმოდგენილი უზნეობის ამსახველი სცენები. შეიძლება ამან გავლენა მოახდინოს მოზარდის ქცევებზე? 500 სტუდენტის გამოკითხვის შედეგად „სიმღერის ტექსი, რომელიც ძალადობას განადიდებს, ადამიანებში აგრესიისკენ აღმძვრელ ფიქრებსა და გრძნობებს წარმოშობს“. სხვა ბოლოდროინდელმა გამოკვლევამ კი აჩვენა: „არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ მოზარდებმა — რომლებიც დიდ დროს უთმობენ სექსისა და ძალადობის ამსახველ ვიდეოკლიპებს, რომლებშიც „განგსტა–რეპია“ გამოყენებული — აირეკლონ ასეთი უმსგავსო საქციელი“.
500–ზე მეტი გოგონას გამოკითხვის შედეგად, რომლებიც ინტენსიურად უყურებდნენ ასეთ ვიდეოკლიპებს, აღმოჩნდა, რომ მათ უფრო ადვილად შეეძლოთ მასწავლებლის ცემა, ციხეში მოხვედრა და არაერთთან სქესობრივი კავშირის დამყარება.მოზარდები და კომპიუტერები
ბოლო წლებში მოზარდის აზროვნებაზე კომპიუტერიც ახდენს დიდ გავლენას. „უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში საგრძნობლად იზრდება იმ ოჯახების რიცხვი, სადაც თითოეულ წევრს პირადი კომპიუტერი აქვს, — იუწყება ერთი ჟურნალი. — შეერთებულ შტატებში იმ ოჯახების ორ მესამედს, რომლებსაც სასკოლო ასაკის (6–დან 17 წლამდე) ბავშვები ჰყავთ, კომპიუტერი აქვთ . . . 3–დან 17 წლამდე ბავშვების რიცხვი, რომლებსაც სახლში კომპიუტერი აქვთ, 1998 წლიდან 2000 წლამდე 55–დან 65 პროცენტამდე გაიზარდა“ (Pediatrics). კომპიუტერების მომხმარებელთა რიცხვი სხვა ქვეყნებშიც იზრდება.
სულაც არ არის საჭირო, რომ მოზარდს პირადი კომპიუტერი ჰქონდეს. ერთი მკვლევარი აცხადებს, რომ „5–დან 17 წლამდე მოზარდების თითქმის 90 პროცენტი კომპიუტერს იყენებს, ხოლო 59 პროცენტი ინტერნეტით სარგებლობს“. კომპიუტერი მოზარდებს უსაზღვროდ დიდ, სასარგებლო ინფორმაციას სთავაზობს, თუ ის გონივრულად და უფროსების მეთვალყურეობით იქნება გამოყენებული. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მშობელი შვილს საზღვრებს არ უდგენს კომპიუტერის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ მკვლევარი მარიტა მოლი ერთ საგანმანათლებლო ჟურნალში წერს: 2001 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ „მშობლების 71 პროცენტმა იცოდა, რომ მათი შვილი ინტერნეტს საკმაოდ დიდ დროს უთმობდა. თუმცა, როცა იგივე შეკითხვა ბავშვებს დაუსვეს, 70 პროცენტმა თქვა, რომ მათმა მშობლებმა თითქმის არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, რომ ისინი ინტერნეტით სარგებლობდნენ“. ამავე გამოკითხვის თანახმად, 9—10 წლის ბავშვების 30 პროცენტმა თქვა, რომ ისინი შედიან პირად და სპეციალურად მოზარდებისთვის განკუთვნილ ვებ–ჩეთებში. 11—12 წლამდე ბავშვების
58 პროცენტი, 13—14 წლამდე მოზარდების 70 პროცენტი და 15—17 წლამდე მოზარდების 72 პროცენტი ამ ჩეთებით სარგებლობს . . . ბრიტანეთში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ყოველ მეშვიდე მშობელს წარმოდგენა არა აქვს, რა მიზნით იყენებენ მათი შვილები ინტერნეტს“.მშობლების მეთვალყურეობის გარეშე ინტერნეტით სარგებლობისას მოზარდები შესაძლოა პორნოგრაფიის ყურების ცდუნების წინაშე დადგნენ. თუმცა სხვა საშიშროებებიც არსებობს. ზემოთ მოხსენიებული პროფესორი ტაფელი წუხილით ამბობს: „ხშირად არც კი ვიცით, ვისთან ატარებენ დროს ჩვენი შვილები, რადგან მეგობრებს ინტერნეტის მეშვეობით ან სკოლაში იძენენ“.
აშკარაა, რომ დღევანდელი ახალგაზრდები წინა თაობებისთვის სრულიად უცხო პრობლემებსა და ზეწოლებს ხვდებიან. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბევრს გზა–კვალი აქვს არეული. არსებობს რაიმე საშუალება ასეთ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდების დასახმარებლად?
[ჩანართი 6 გვერდზე]
„ვფიქრობ, რომ მშობლების ასეთი დამოკიდებულების შედეგად — რაც უკვე 30 წელზე მეტია არსებობს — მოზარდებს არა აქვთ ოჯახის წევრებთან თბილი ურთიერთობები, ისინი არაკომუნიკაბელურები არიან, სწავლაში მოისუსტებენ და საკუთარ თავს ვერ აკონტროლებენ“ (ექიმი რობერტ შო).
[სურათი 6, 7 გვერდებზე]
იზრდება იმ დედების რიცხვი, რომლებიც მუშაობას იწყებენ, რაც გარკვეულწილად გავლენას ახდენს ოჯახურ ატმოსფეროზე.
[სურათი 7 გვერდზე]
მშობლების მეთვალყურეობის გარეშე მოზარდებს შეიძლება ადვილად შეექმნათ პრობლემები.
[სურათი 8 გვერდზე]
მკვლევარების აზრით, ძალადობის ამსახველი ვიდეოკლიპები მოზარდებს ძალადობისკენ უბიძგებს.
[სურათი 9 გვერდზე]
იცით, რა მიზნით იყენებენ თქვენი შვილები ინტერნეტს?