„შესაძლებელია პატიმრების გამოსწორება?“
„შესაძლებელია პატიმრების გამოსწორება?“
ასეთი კითხვა იყო დასმული 2001 წლის 8 მაისის „გამოიღვიძეთ!“–ის გარეკანზე (რუს.). მრავალმა მკითხველმა გამოხატა მადლიერება ამ სტატიათა სერიისთვის. სტატიებში აღნიშნული იყო, თუ როგორ ატარებენ იეჰოვას მოწმეები ბიბლიაზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამას ატლანტის (ჯორჯიის შტატი, აშშ) ფედერალურ საპატიმროში. ქვემოთ მოყვანილია მიღებული მრავალი წერილიდან ზოგიერთი ნაწყვეტი.
▪ „რვა წელია რაც პატიმარი ვარ და ვხედავ, რომ ნამდვილი სარგებლობა მოაქვს ბიბლიაზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო საქმიანობას, რომელსაც იეჰოვას მოწმეები ციხეებში ეწევიან. ატლანტის პენიტენციარში (გამოსასწორებელი სახლი) ყოფნისას, მქონდა ბედნიერება, ურთიერთობა მქონოდა თქვენს სტატიაში მოხსენიებულ ხუთ პიროვნებასთან. მე ძალიან მადლიერი ვიყავი მათი მხრიდან გამოვლენილი სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. მადლობელი ვარ ასეთი ძმების, რომლებიც სიყვარულს ავლენენ ჩემნაირი ადამიანების მიმართ, რომლებმაც შეცდომა დავუშვით, მაგრამ ვცდილობთ გამოვსწორდეთ და უკეთესები გავხდეთ. რ. ჯ.
▪ „ახლა გამოსასწორებელ კოლონიაში ვიმყოფები, ადგილობრივი კრების ძმებმა შეძლეს, აქ ამ შესანიშნავი სასწავლო პროგრამის ჩატარება. შედეგი კი ის იყო, რომ კოლონიაში მყოფი ერთი ახალგაზრდა მოინათლა და მე, თუმცა ერთი პერიოდი ქრისტიანული კრებიდან გარიცხული ვიყავი, კვლავ აღმადგინეს. სხვა პატიმრებიც ახლა ბიბლიას სწავლობენ. გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ გლობალურ სასწავლო საქმიანობაში ვიღებთ მონაწილეობას. რა შესანიშნავია, ვემსახუროთ იეჰოვას, მიუხედავად იმისა, თუ სად ვიმყოფებით!“ ჯ. მ.
▪ „1970 წელს დამაპატიმრეს და ბრალი დამდეს დანაშაულში, რომელიც არ ჩამიდენია. ციხეში 14 წელი ვიჯექი. პატიმრობის პერიოდში იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათმა პატიოსნებამ და მზრუნველობამ. გათავისუფლების შემდეგ შესწავლა გავაგრძელე და მალევე მოვინათლე. დროდადრო კვლავაც თავს ვერ ვიკავებ და ვბრაზდები იმ უსამართლობისთვის, რომლის ატანაც მიწევს. მაგრამ ჩემს თავს ვახსენებ, რომ ახლო მომავალში იეჰოვა ბოლოს მოუღებს ყოველგვარ უსამართლობასა და ტანჯვას. პატიმრები შეძლებენ გამოსწორებას, თუ მიჰყვებიან ბიბლიაში მოცემულ დარიგებებს. პატიმრები ასევე მადლიერნი უნდა იყვნენ იმ მძიმე შრომისთვის, რომელსაც ჩვენი ძმები ეწევიან — ისინი არ ზოგავენ დროს მათ დასახმარებლად. პირადად მე მართლაც მადლიერი ვარ!“ რ. შ.
▪ „ციხეში სიგარეტის მოწევა და ნარკოტიკების მიღება დავიწყე; აგრეთვე ვბილწსიტყვაობდი და უფლებამოსილი პირებისადმი არავითარ პატივისცემას არ ვავლენდი. ბოროტმოქმედთა ერთ-ერთი ჯგუფის წევრიც ვიყავი. ამას ისიც ემატებოდა, რომ ქრისტიანული კრებიდან გარიცხული ვიყავი. ახლა დავუბრუნდი კრებას და სულიერად წინ მივიწევ. ვგრძნობ, რომ ჭეშმარიტების წყალობით უკვე თავისუფალი ვარ!“ ი. გ.