არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შთამომავლებზე ზრუნვა ცხოველთა სამყაროში

შთამომავლებზე ზრუნვა ცხოველთა სამყაროში

შთამომავლებზე ზრუნვა ცხოველთა სამყაროში

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ესპანეთიდან

მშობლები შვილების აღზრდას, როგორც წესი, დაახლოებით ორ ათწლეულს უძღვნიან. მაგრამ ადამიანებისგან განსხვავებით მრავალ ცხოველს ნაშიერთა გამოკვებისა და აღზრდის სრული პროგრამისთვის ზაფხულის რამდენიმე თვე აქვს. ქვემოთ მოყვანილი მაგალითები კარგად დაგვანახვებს, თუ რა ურთულესი ამოცანის წინაშე დგება ყოველწლიურად ზოგი ცხოველი მშობლის ვალდებულების შესრულებისას.

1. ლაკლაკი ლაკლაკისთვის, რომელსაც თანდართულ სურათზე ვხედავთ, ზაფხული ნამდვილად არ არის დასვენების დრო. ის მრავალჯერ გადის ერთსა და იმავე გზას ბუდიდან ახლომდებარე ტბამდე, სადაც მშიერი ბარტყებისთვის ბაყაყებს, პატარა თევზებს, ხვლიკებსა და კალიებს ეძებს. გარდა ამისა, ბუდეს პერიოდულად შეკეთება სჭირდება. ორივე მშობელს მთელი დღის განმავლობაში მოსვენება არა აქვს. პატარა მართვეები საოცრად ბევრს ჭამენ. თქვენ წარმოიდგინეთ, პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში საკვები, რომელსაც ისინი ყოველდღიურად შეექცევიან, მათი წონის ნახევარს აღწევს! მას შემდეგაც კი, რაც ფრენას სწავლობენ, პატარა ლაკლაკები რამდენიმე კვირა ისევ მშობლებზე არიან დამოკიდებულნი.

2. ავაზა ავაზებს, ჩვეულებრივ, მარტოხელამშობლიანი ოჯახები აქვთ, სადაც ბოკვრებზე ზრუნვა დედას უწევს. დედა, როგორც წესი, 3-5 პატარაზე ზრუნავს და თითქმის ყოველდღე მსხვერპლის ძიებაშია, რათა ისინი მშივრები არ დარჩნენ. ეს კი საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა, მით უმეტეს, რომ ნადირობა ხშირად წარუმატებლად მთავრდება. გარდა ამისა, რამდენიმე დღეში ერთხელ მან ოჯახი სხვა ადგილზე უნდა გადაიყვანოს, ვინაიდან პატარა და დაუცველ ავაზებს ლომები განუწყვეტლივ ემტერებიან. როცა ბოკვრები წამოიზრდებიან და შვიდი თვის ხდებიან, დედა მათ ნადირობას ასწავლის. ეს სწავლება დაახლოებით ერთ წელს გასტანს. ჩვეულებრივ, ბოკვრები დედასთან 1—1, 5 წლის განმავლობაში რჩებიან.

3. მურტალა მურტალები და მათი ნაშიერნი თითქმის განუყრელნი არიან. გამოჩეკისთანავე ბარტყები ტოვებენ მოტივტივე ბუდეს და მყუდრო ბინას მშობლების ზურგზე პოულობენ. ბარტყი მშობლის ზურგზე ადის და ფრთებსა და ზურგის ბუმბულებს შორის ნახულობს ადგილს. აქ ის თბილად და უსაფრთხოდ გრძნობს თავს იმ დროს, როცა დედა ან მამა წყლის ზედაპირზე დაცურავს. „მყვინთავი“ მშობლები საკვებს არ აკლებენ პატარებს და თან დაჰყავთ ისინი. მართალია, ბარტყები მალე თვითონაც სწავლობენ ყვინთვას და საკვების მოძებნას, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც მშობლებზე არიან დამოკიდებულნი.

4. ჟირაფი ჟირაფებს ერთ ჯერზე იშვიათად თუ ჰყავთ ერთზე მეტი ნაშიერი, და ეს არაა გასაკვირი: ახალდაბადებული ჟირაფი — ისეთი, როგორსაც სურათზე ვხედავთ — შეიძლება წონაში 60 კილოგრამს აღწევდეს, სიმაღლეში კი — 2 მეტრს! დაბადებიდან ერთ საათში პატარა ჟირაფი უკვე ფეხს იდგამს, ცოტა ხანში კი თვითონვე წოვს დედის რძეს. მართალია, ძოვას დაბადების შემდეგ მალევე იწყებს, მაგრამ დედის რძე მას ცხრა თვის განმავლობაში სჭირდება. როდესაც პატარა ჟირაფი რაიმე საშიშროებას გრძნობს, მაშინვე დედის ფეხებს შორის იმალება. დედა ჟირაფი წიხლებით იგერიებს მტაცებელთა უმეტესობას და საიმედოდ იცავს მას.

5. ცისფერი ალკუნი თავიანთი ბარტყებისთვის თევზის დაჭერისას ალკუნებს შერჩევის უნარის გამოვლენა და სიმარდე მართებთ. ორნითოლოგთა დაკვირვებით, ახალგამოჩეკილ მართვეებს ორივე მშობელი კვებავს პატარა თევზებით, რომლებიც სიგრძეში ორ სანტიმეტრზე ნაკლებია. მშობელს ნისკარტით ფრთხილად მიაქვს თევზი და ისე უდებს მშიერ ბარტყს ხახაში, რომ თევზის თავი წინ მოექცეს და გადაყლაპვა გაუადვილოს. რაც უფრო იზრდებიან პატარები, დედ-მამას მათთვის უფრო დიდი ზომის თევზები მიაქვთ. გარდა ამისა, მშობლები თანდათან კვების სიხშირესაც ზრდიან. თავიდან ბარტყები საკვებს თითქმის ყოველ 45 წუთში ერთხელ შეექცევიან, მაგრამ როცა დაახლოებით 18 დღის ხდებიან, მათ უზომო მადა აქვთ და თევზის გარეშე 15 წუთზე მეტს ვეღარ ძლებენ. პატარა ალკუნს, რომელიც სურათზე ჩანს, უკვე დატოვებული აქვს ბუდე და მალე დამოუკიდებლად დაიწყებს თევზაობას. შეიძლება იფიქროთ, რომ მშობლები ახლა მაინც გათავისუფლდებიან შვილების აღზრდის საზრუნავისგან. მაგრამ ალკუნების შემთხვევაში ეს ნამდვილად არ არის ასე. ხშირად ისინი ყველაფერს ხელახლა იწყებენ და იმავე ზაფხულის განმავლობაში მეორედ იბუდებენ.

რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი რამ არაა ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ ზრუნავენ ცხოველთა სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები თავიანთ ნაშიერებზე. და მაინც, რაც უფრო მეტს იკვლევენ ნატურალისტები, მით უფრო აშკარა ხდება, რომ მშობლიური ინსტინქტი უდიდეს როლს ასრულებს ცხოველთა სამყაროში. თუ ღმერთმა ცხოველები ასეთი უნარით დააჯილდოვა, ეს ჩვენთვის, ადამიანებისთვის, ერთ რამეზე უნდა მეტყველებდეს: მას სურს, რომ მშობლებმა არ მოაკლონ თავიანთ შვილებს სითბო და მზრუნველობა.