არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბაღის მოვლა სასარგებლოა

ბაღის მოვლა სასარგებლოა

ბაღის მოვლა სასარგებლოა

სიამოვნებას განიჭებთ ბაღის მოვლა? საყვარელი საქმიანობით მხოლოდ სიამოვნებას არ ვღებულობთ. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ „ბაღის მოვლა ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო — ამცირებს სტრესს, არეგულირებს არტერიულ წნევას და, აგრეთვე, სიცოცხლეს ახანგრძლივებს“, — აღნიშნავს ლონდონში გამომავალი გაზეთი „ინდეპენდენტი“.

„დაძაბული დღის შემდეგ უდიდესი შვების მომგვრელია შინ დაბრუნება და საკუთარ ბაღში დროის მშვიდად გატარება“, — ამბობს მწერალი გეი სერჩი. ბაღის მოვლა არა მარტო სასარგებლო და საინტერესოა, არამედ ტანვარჯიშზე უკეთესი ვარჯიშია. როგორ? გეი სერჩის დაკვირვების თანახმად, „ისეთი საქმიანობა, როგორიცაა ბარვა და ფარცხვა, კარგი ვარჯიშია, რომელიც უფრო მეტ კალორიებს გვაკარგვინებს, ვიდრე ველოსიპედით სიარული“.

ბაღზე ზრუნვა განსაკუთრებით ხანში შესულებისთვის არის სასარგებლო. როცა ისინი ახალი კვირტის ან ყლორტის ამოსვლას ელოდებიან, დადებით განწყობას ინარჩუნებენ. გარდა ამისა, „ბაღში მუშაობით ხანდაზმულები, რომლებიც ასაკში შესვლის გამო ტკივილსა და იმედგაცრუებას განიცდიან, შვებას გრძნობენ“, — ამბობს დოქტორი ბრიგიდ ბოურდმენი, რომელიც მუშაობს მცენარეების მოვლა-გაშენების ორგანიზაციაში (Royal Horticultural Society). ხანში შესულებს ხშირად ეუფლებათ გულგატეხილობა, რადგან უფრო მეტად ხდებიან სხვებზე დამოკიდებულები. თუმცა, როგორც დოქტორი ბორდმენი აღნიშნავს, „როდესაც მცენარეებს ვრგავთ, ვზრუნავთ ბაღის გალამაზებაზე და ვხედავთ, როგორ გამოაქვს ნაყოფი ჩვენს შრომას, ეს კმაყოფილებას გვანიჭებს. ასეთნაირად, ვიკმაყოფილებთ სხვებზე ზრუნვის მოთხოვნილებას“.

ისინი, ვისაც ემოციური მოშლილობით გამოწვეული პრობლემები აქვთ, მშვიდდებიან, როცა ლამაზ, წყნარ გარემოში მუშაობენ. გარდა ამისა, როდესაც სხვებს ყვავილებს, ხილსა თუ ბოსტნეულს უზრდიან, ამან შეიძლება მათ თვითრწმენა და საკუთარი ღირსების გრძნობა დაუბრუნოს.

მაგრამ მხოლოდ მებაღეებისთვის არ მოაქვს სარგებლობა მცენარეებს. ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორმა როჯერ ულრიკმა სტრესის გამომწვევი ტესტი ჩაატარა ადამიანთა ერთ ჯგუფზე. მან აღმოაჩინა, რომ ისინი, რომლებიც ხეებითა და სხვა მცენარეებით გარემოცულ ადგილას წაიყვანეს, უფრო სწრაფად გამოკეთდნენ — დაურეგულირდათ არტერიული წნევა და გულისცემის სიხშირე — ვიდრე ისინი, რომლებიც არ წაუყვანიათ სიმწვანით მოსილ ადგილას. მსგავსი ტესტი ჩაუტარდათ პაციენტებს, რომლებიც საავადმყოფოში იწვნენ. ოპერაციის შემდეგ ის ავადმყოფები, რომელთა ოთახების ფანჯრებიდანაც ხეები მოჩანდა, სხვა პაციენტებისგან განსხვავებით, „უფრო სწრაფად გამოკეთდნენ, მალე დაბრუნდნენ სახლებში, ნაკლებად ჩიოდნენ და ტკივილსაც უკეთ იტანდნენ“.