ვინ არის „ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი“?
ვინ არის „ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი“?
იესო ხშირად მიმართავდა ლოცვით ღმერთს, რომელსაც მამას უწოდებდა და სხვებსაც ასწავლიდა, რომ იგივე ეკეთებინათ (მათე 6:9—11; ლუკა 11:1, 2). სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე თავის მოციქულებთან ერთად ლოცვისას, იესო მამას ევედრებოდა: „მამა, მოვიდა საათი, განადიდე შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ, მარადიული სიცოცხლე რომ მიიღონ, უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:1, 3).
ყურადღება მიაქციეთ, რომ იესო ლოცვით მიმართავს მას, ვისაც „ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“ უწოდებს. ის მიუთითებს ღვთის აღმატებულ მდგომარეობაზე, როდესაც განაგრძობს: „ახლა კი, მამა, განმადიდე იმ დიდებით, რომელიც შენთან მქონდა ქვეყნიერების შექმნამდე“ (იოანე 17:5). რადგან იესო ღმერთს ეუბნებოდა, რომ მასთან ჰქონდა დიდება, როგორღა შეიძლებოდა, რომ ამავე დროს ის „ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი“ ყოფილიყო? მოდი გამოვიკვლიოთ ეს საკითხი.
იესოს მდგომარეობა ზეცაში
ამ ლოცვის წარმოთქმიდან რამდენიმე საათის შემდეგ იესო მოკლეს. მაგრამ ის გარდაცვლილი დიდხანს არ ყოფილა — მხოლოდ პარასკევ საღამოდან კვირა დილამდე (მათე 27:57—28:6). „ეს იესო აღადგინა ღმერთმა, — ამბობს მოციქული პეტრე, — რისი მოწმენიც ყველა ვართ“ (საქმეები 2:31, 32). შეეძლო იესოს საკუთარი თავის მკვდრეთით აღდგენა? არა, რადგან ბიბლიის თანახმად, მკვდრებმა „არაფერი არ იციან“ (ეკლესიასტე 9:5). „ერთადერთმა ჭეშმარიტმა ღმერთმა“, იესოს ზეციერმა მამამ, აღადგინა თავისი ძე (საქმეები 2:32; 10:40).
მოგვიანებით თავისი რელიგიის გამო იესოს მოწაფე, სტეფანე, მოკლეს. ჩაქოლვამდე სტეფანემ ხილვა იხილა. მან თქვა: „აი, ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგომს“ (საქმეები 7:56). ამგვარად, სტეფანემ იესო — კაცის ძე — ზეცაში ღვთის მხარდამჭერის როლში — მის ‘მარჯვნივ მდგომი’ — იხილა, სწორედ ისე, როგორც ის დედამიწაზე ჩამოსვლამდე იყო ‘მასთან’, მამასთან (იოანე 17:5).
მოგვიანებით, მტრების მიერ სტეფანეს სიკვდილით დასჯის შემდეგ, იესო სასწაულებრივი სახით მოევლინა სავლეს, რომელიც უფრო ცნობილია თავისი რომაული სახელით, პავლე (საქმეები 9:3—6). ათენში (საბერძნეთი) ყოფნისას პავლე საუბრობდა ‘ღმერთზე, რომელმაც შექმნა სამყარო და ყველაფერი, რაც მასშია’. მან თქვა, რომ ეს ღმერთი, „ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი“, ‘გაასამართლებს მსოფლიოს თავის მიერ დანიშნული კაცის მეშვეობით და ამაში იმით დაარწმუნა ყველა, რომ მკვდრეთით აღადგინა იგი [იესო]’ (საქმეები 17:24, 31). აქ პავლე მოციქულმა იესო მოიხსენია ‘კაცად’, ღმერთზე დაბლა მდგომ პიროვნებად, რომელიც ღმერთმა ზეციერი ცხოვრებისთვის აღადგინა.
მოციქულმა იოანემაც იესო ღმერთზე დაბლა მდგომ პიროვნებად მოიხსენია. იოანეს სიტყვების თანახმად, მან სახარება იმ მიზნით დაწერა, რათა მკითხველებმა ‘ირწმუნონ, რომ იესო არის ქრისტე, ღვთის ძე’ და არა ღმერთი (იოანე 20:31). მან აგრეთვე ზეციდან მიიღო ხილვა, რომელშიც დაინახა „კრავი“. კრავი მის სახარებაში იესოს ეწოდება (იოანე 1:29). ეს კრავი დგას 144 000-თან ერთად, რომელთა შესახებაც იოანე ამბობს, რომ ‘დედამიწიდან ნაყიდნი [მკვდრეთით აღდგენილნი] არიან’. მოციქული ხსნის, რომ 144 000-ს შუბლებზე აწერიათ კრავის „სახელი და მისი მამის სახელი“ (გამოცხადება 14:1, 3).
განა შეიძლება „კრავი“ და ‘მისი მამა’ ერთი და იგივე იყოს? ცხადია, არა. ბიბლიაში ისინი ორ ცალკეულ პიროვნებად არიან მოხსენიებულნი. მათ სხვადასხვა სახელებიც ჰქვიათ.
კრავისა და მისი მამის სახელი
როგორც დავინახეთ, ღვთის ძის, კრავის, სახელი იესოა (ლუკა 1:30—32). რას ვიტყოდით მისი მამის სახელზე? ღვთის სახელია იეჰოვა, რომელიც ბიბლიის დედანში ათასობით ადგილზე გვხვდება. სამწუხაროდ, სახელი იეჰოვა ბიბლიის მრავალ თარგმანში შეცვალეს ტიტულებით „უფალი“ და „ღმერთი“. მიუხედავად ამისა, ზოგი თარგმანი მაინც იყენებს ღვთის სახელს; მაგალითად, არქიმანდრიტ ნესტორ ყუბანეიშვილის „საღვთო რჯულში“ მესამე მეფეთა 18:39-დან მოყვანილ ციტატაში ნათქვამია: „იეგოვა არს ღმერთი“ (1910 წლის გამოცემა, პარაგრაფი 19) *.
აღსანიშნავია, რომ ინგლისურ ენაზე გამოცემულ „ამერიკულ სტანდარტულ თარგმანში“ (1901) ღვთის სახელი, იეჰოვა, ყველა სათანადო ადგილზე აღადგინეს. მის წინასიტყვაობაში აღნიშნულია: „ამერიკელმა მთარგმნელებმა, საკითხის საგულდაგულოდ აწონ-დაწონვის შემდეგ, მიიღეს მტკიცე გადაწყვეტილება, რომ იუდეველთა ცრურწმენა იმის თაობაზე, რომ ღვთის სახელი ძალიან წმინდაა და არ უნდა წარმოითქვას, აღარ უნდა ახდენდეს გავლენას ძველი აღთქმის ინგლისურსა თუ სხვა ენებზე გაკეთებულ თარგმანებზე, როგორც ეს, საბედნიეროდ, შეინიშნება თანამედროვე მისიონერების მიერ გაკეთებულ არაერთ თარგმანში“ *.
საიდან მოდის სწავლება სამების შესახებ?
მაშინ რა შეიძლება ითქვას სამების დოგმატის შესახებ, რომელიც ასწავლის, რომ იეჰოვა და იესო ერთი და იგივე პიროვნებაა? ერთ-ერთი რელიგიური ჟურნალი 1999 წლის აპრილ-ივნისის ნომერში სამებას ასე განმარტავდა: „არსებობს ერთი ღმერთი და მამა, ერთი უფალი იესო ქრისტე და ერთი სულიწმიდა; ეს არის სამი ‘პიროვნება‘ . . . რომლებიც ერთი და იგივეა ანუ ერთარსია . . . აღნიშნული სამი პიროვნება თანაბარი უფლებებისა და ერთი და იგივე ბუნებრივი შესაძლებლობების მქონეა, მაგრამ თავიანთი პიროვნული თვისებებით ერთმანეთისგან განსხვავდებიან“ * (The Living Pulpit).
საიდან აიღო სამების შესახებ ამ რთულმა დოგმატმა სათავე? ერთ-ერთი რელიგიური ჟურნალის 1998 წლის 20-27 მაისის ნომერში მოყვანილია ერთი მოძღვრის სიტყვები, რომელიც აღიარებს, რომ სამება „ეკლესიის სწავლებაა და არა იესოსი“ (Christian Century). მიუხედავად იმისა, რომ სამება იესოს სწავლება არ არის, შეესაბამება იგი იმას, რასაც იესო ასწავლიდა?
მამა ძეზე დიდია
იესო თავის მოწაფეებს ასწავლიდა, ელოცათ: „მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა“. ჩვენს ზეციერ მამაზე, რომლის სახელიც არის იეჰოვა, ბიბლიაში ნათქვამია, რომ იესოზე აღმატებულია. მაგალითად, იეჰოვა არის „უკუნითი უკუნისამდე“. მაგრამ ბიბლია ამბობს, რომ იესო არის „პირმშო ყველა ქმნილებას შორის“. იეჰოვა რომ იესოზე დიდია, ამას თავად იესოც ასწავლიდა, როდესაც თქვა: „მამა ჩემზე უმეტესია“ (მათე 6:9, სსგ; ფსალმუნები 89:1, 2; კოლოსელები 1:15; იოანე 14:28, სსგ). მაგრამ სამების შესახებ დოგმატის თანახმად, მამა და ძე თანაბარია.
მამა რომ ძეზე აღმატებული და ცალკე პიროვნებაა, ნათლად ჩანს იესოს ლოცვებიდანაც; მაგალითად, სიკვდილის წინ წარმოთქმული ლოცვიდან: „მამა, თუ გსურს, ამაცილე ეს სასმისი [სამარცხვინო სიკვდილი], ლუკა 22:42). თუ ღმერთი და იესო „ერთარსნი არიან“, როგორც ამას სამების დოგმატი ასწავლის, როგორ შეიძლებოდა იესოს სურვილი, ანუ ნება, მამის სურვილისგან განსხვავებული ყოფილიყო? (ებრაელები 5:7, 8; 9:24).
მაგრამ იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი“ (გარდა ამისა, თუ იეჰოვა და იესო ერთი და იგივე პიროვნებაა, როგორ შეიძლებოდა, რომ ერთ მათგანს სცოდნოდა ისეთი რამ, რაც მეორემ არ იცოდა? მაგალითად, იესომ ამ წუთისოფლის განსჯის დროის თაობაზე თქვა: „იმ დღეზე ან საათზე კი მამის გარდა არავინ იცის: არც ზეციერმა ანგელოზებმა და არც ძემ“ (მარკოზი 13:32).
სამება და ეკლესია
სამებას არც იესო ასწავლიდა და არც პირველი საუკუნის ქრისტიანები. როგორც უკვე აღინიშნა, ის „ეკლესიის სწავლებაა“. ზემოხსენებული ჟურნალის 1999 წლის გამოშვებაში აღნიშნული იყო: „ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ყველას აზრით, სამების შესახებ დოგმატი ქრისტიანული თეოლოგიის სწავლებაა“, მაგრამ იქვე იყო დამატებული, რომ ის არ არის „ბიბლიური“ (The Living Pulpit).
„ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ (1967) სამების საკითხი ვრცლად არის აღწერილი და მასში ნათქვამია: „სამების დოგმატი მთელი თავისი დეტალებით IV საუკუნის მიწურულს იქნა ჩამოყალიბებული . . . ამ პერიოდამდე იდეა ‘სამპიროვნული ღმერთის’ შესახებ მტკიცედ არ იყო დაფუძნებული და მთლიანად გათავისებული არც ქრისტიანობაში და არც ამ რწმენის აღმსარებლებს შორის“.
ბერნის (შვეიცარია) უნივერსიტეტის პროფესორმა მარტინ ვერნერმა აღნიშნა: „ახალ აღთქმაში ყველგან, სადაც ლაპარაკია იესოსა და ღვთის, მამის, ურთიერთობაზე ან იესოს განკაცებასა თუ მესიანურ სტატუსზე, გასაგებად და არაორაზროვნად არის აღნიშნული, რომ იესოს დაქვემდებარებული მდგომარეობა უჭირავს“. ცხადია, რომ იესოსა და პირველი საუკუნის ქრისტიანების მრწამსი რადიკალურად განსხვავდება დღევანდელი ეკლესიის სამების სწავლებისგან. მაშ, საიდან იქნა გადაღებული ეს სწავლება?
სამების ფესვები
ბიბლია მოგვითხრობს მრავალ ღმერთებსა თუ ღვთაებებზე, რომლებსაც ხალხი თაყვანს სცემდა; მაგალითად, აშთორეთი, მილქომი, ქემოში და მოლოქი (3 მეფეთა 11:1, 2, 5, 7). ერთ დროს ძველ ისრაელში ერთი პერიოდი მრავალ ადამიანს ისიც კი სწამდა, რომ ბაალი იყო ჭეშმარიტი ღმერთი. ამიტომ იეჰოვას წინასწარმეტყველმა ელიამ ხალხს მოსთხოვა, არჩევანი გაეკეთებინათ: „თუ უფალია ღმერთი, გაჰყევით მას, ხოლო თუ ბაყალია, მას გაჰყევით“ (3 მეფეთა 18:21).
სამ-სამად დაჯგუფებული წარმართული ღვთაებებისადმი, ანუ ტრიადებისადმი, თაყვანისცემა იესოს დაბადებამდეც იყო გავრცელებული. ისტორიკოსმა უილ დიურანტმა აღნიშნა: „იდეა სამპიროვნული ღვთის შესახებ ეგვიპტიდან შემოვიდა“. „რელიგიისა და ეთიკის ენციკლოპედიაში“ ჯეიმზ ჰეისტინგზი წერდა: „მაგ. ინდუიზმში ვხვდებით ტრიადას — ბრაჰმა, შივა, ვიშნუ; ეგვიპტის რელიგიაში კი — ოსირისი, ისიდა და ჰორი“.
ამგვარად, არსებობს მრავალი ღმერთები. აღიარებდნენ ამას პირველი საუკუნის ქრისტიანები? ან მიიჩნევდნენ ისინი იესოს ყოვლისშემძლე ღმერთად?
[სქოლიოები]
^ აბზ. 11 დამატებითი ინფორმაციისთვის, თუ სად შეიძლება ქართულ წყაროებში ღვთის სახელის ნახვა, იხილეთ 2004 წლის 8 თებერვლის „გამოიღვიძეთ!“, გვერდი 3.
^ აბზ. 12 ამ ჟურნალის 31-ე გვერდზე იხილეთ სტატია „უნდა გამოვიყენოთ ღვთის სახელი?“.
^ აბზ. 14 ათანასეს მრწამსის მიხედვით, რომელიც იესოს სიკვდილიდან რამდენიმე ასეული წლის შემდეგ იქნა ჩამოყალიბებული, სამება შემდეგი სახით განიმარტება: „მამა არის ღმერთი: ძე არის ღმერთი და სულიწმიდა არის ღმერთი. მაგრამ სამი ღმერთი კი არ არსებობს, არამედ ერთი“.
[სურათი 7 გვერდზე]
ეგვიპტე
ჰორის, ოსირისისა და ისიდას ტრიადა; ძვ. წ. მეორე ათასწლეული.
[სურათი 7 გვერდზე]
პალმირა, სირია
მთვარის ღმერთის, ცის უფლისა და მზის ღმერთისგან შემდგარი ტრიადა; დაახლოებით ახ. წ. პირველი საუკუნე.
[სურათი 7 გვერდზე]
ინდოეთი
ინდუსების სამპიროვნული ღვთაება; დაახლოებით ახ. წ. მეშვიდე საუკუნე.
[სურათი 7 გვერდზე]
ნორვეგია
სამება (მამა, ძე და სულიწმიდა); დაახლოებით ახ. წ. მე-13 საუკუნე.
[სურათის საავტორო უფლება 7 გვერდზე]
Top two photos: Musée du Louvre, Paris