მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
მოზარდობის წლები დიდი მადლობა სტატიათა სერიისთვის „მოზარდობის წლები — სირთულეების პირისპირ“ (8 ივლისი, 2004). ახლახან მოზარდობის წლებში შევაბიჯე და აღმოვჩნდი ზოგიერთი პრობლემის პირისპირ, რის შედეგადაც თავს ცუდად ვგრძნობდი. ამ სტატიების დახმარებით საჭირო რჩევა მივიღე; ისინი დამეხმარება, მახსოვდეს ჩემი დიდებული შემოქმედი. ვიმედოვნებ, მოზარდობის წლებს ისე გავივლი, რომ ამ ქვეყნიერებით გატაცების შედეგად მიყენებული ტკივილების არიდებას შევძლებ.
რ. რ. (ალბანეთი).
ბავშვობისას ბევრი თანატოლი მეგობარი მყავდა. მაგრამ, როცა წამოვიზარდეთ ერთმანეთთან ურთიერთობა გავწყვიტეთ. კრების შეხვედრის დამთავრების შემდეგ მანქანაში ვჯდებოდი და არავის ველაპარაკებოდი. შვება ვიგრძენი, როდესაც წავიკითხე, რომ მოზარდებისთვის ჩვეულებრივია გუნება-განწყობილების მკვეთრი ცვლილება; აგრეთვე დავინახე, რომ მარტოობის დასაძლევად საუკეთესო საშუალება სხვებისადმი, და მათ შორის არა მარტო თანატოლებისადმი, ინტერესის გამოვლენაა. იმ დღეს კრებაზე და-ძმებს დაველაპარაკე და ასაკისთვის ყურადღება არ მიმიქცევია; შედეგად კი ძალიან ნასიამოვნები დავრჩი.
მ. კ. (იაპონია).
მე 15 წლის ვარ. ეს ინფორმაცია ძალიან მჭირდებოდა. აქ მოყვანილი ახალგაზრდების შემთხვევები დამეხმარა, გამეგო, რომ მტკივნეულ ემოციებს მარტო მე არ განვიცდი და ამ გრძნობებთან გამკლავება შესაძლებელია. ამან ძალები შემმატა და გამამხნევა.
ლ. რ. (უკრაინა).
დიდი მადლობა სტატიათა ამ სერიისთვის. მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ემოციების მოზღვავებასთან გამკლავება შესაძლებელია. ვიმედოვნებ, ეს სტატიები სხვა ახალგაზრდებსაც დაეხმარება გაწონასწორებული სახით მიუდგნენ ცხოვრების ამ პერიოდს.
რ. ვ. (იტალია).
სტატიათა ეს სერია სწორედ ის იყო, რაც მჭირდებოდა. ხასიათი ძალიან ხშირად მეცვლება და ზოგჯერ თავი ძალიან უმწეო მგონია და საშინელ მარტოობას განვიცდი. ყოველთვის ჩემს თავს ვადანაშაულებდი იმაში, რომ ასეთი გრძნობები მეუფლებოდა. მაგრამ ამ სერიის ბოლო სტატიაში ნათქვამი იყო: „იეჰოვა ღმერთს უნდა, რომ შენ ბედნიერი იყო — ნამდვილად ბედნიერი. ამაში გაცილებით მეტი იგულისხმება, ვიდრე მხოლოდ ის, რომ გარეგნულად მხიარული ჩანდე, შინაგანად კი იტანჯებოდე“. ამ სიტყვების წაკითხვისას ცრემლები გადმომცვივდა. სტატიაში ისიც იყო აღნიშნული, რომ დროთა განმავლობაში ასეთი გრძნობები გაივლის. ამან ძალიან, ძალიან მანუგეშა. ძალების მოზღვავება ვიგრძენი. უღრმესი მადლობა!
ჰ. ტ. (იაპონია).
სამეფო დარბაზში როგორც კი ეს ჟურნალი დავინახე, მაშინვე გადავავლე თვალი. სახლში კი მისი კითხვა დავიწყე და სულმოუთქმელად ჩავიკითხე ბოლომდე. ბოლოში რომ გავედი, გული დამწყდა, რადგან დაუსრულებლად მინდოდა მისი კითხვა! გთხოვთ, კვლავაც განაგრძეთ მსგავსი სტატიების წერა!
ქ. კ. (შეერთებული შტატები).
კლავიატურა მე 12 წლის ვარ. მადლობა სტატიისთვის „თითებიდან დაღვრილი მუსიკა“ (8 ივლისი, 2004). ადრე ვიყიდე წიგნი მუსიკალურ ინსტრუმენტებზე და მასში კლავიატურის მქონე ინსტრუმენტებზეც არის საუბარი. კლავიატურაზე მოცემულია გარკვეული დეტალები, მაგრამ არა ისე კარგად, როგორც ეს „გამოიღვიძეთ!“–შია გაკეთებული. დიდი ხანია, რაც ასეთ სტატიას ვეძებდი. მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის უნარი მართლაც რომ ჩვენი შემოქმედისგან ბოძებული ძღვენია!
დ. გ. (გერმანია).