არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პირველი მაისი რა მნიშვნელობა აქვს ამ დღეს თქვენთვის?

პირველი მაისი რა მნიშვნელობა აქვს ამ დღეს თქვენთვის?

პირველი მაისი რა მნიშვნელობა აქვს ამ დღეს თქვენთვის?

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის დიდი ბრიტანეთიდან

რა წარმოგიდგებათ თვალწინ პირველი მაისის ხსენებისას? პარადები და დემონსტრაციები ხომ არა? თუ მაისის ხის გარშემო ცეკვა ან დასვენების დღე?

პირველ მაისზე შეიძლება ყველას სხვადასხვა შეხედულება ჰქონდეს, რაც იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ რომელ ქვეყანაში ცხოვრობს. თუმცა ეს განსხვავებული შეხედულებები მაინც კავშირშია ერთმანეთთან. ახლა მოკლედ განვიხილოთ, საიდან იღებს სათავეს პირველი მაისი, რაც ნათელს მოჰფენს ამ დღესასწაულს.

საიდან იღებს ეს დღესასწაული სათავეს?

ძველ რომში მაისის პირველ დღეს გაზაფხულისა და ყვავილების ქალღმერთ ფლორასადმი მიძღვნილ დღესასწაულს — ფლორალიებს — აღნიშნავდნენ. ამ დროს ხალხი მხიარულებას ეძლეოდა, რასაც თან ახლდა სიმღერა და ცეკვა-თამაში; ყველაფერი ყვავილებით იყო მორთულ-მოკაზმული და საზეიმო პარადები ეწყობოდა. ამ დღესასწაულზე განსაკუთრებულ სიხარულს რომაელი მეძავი ქალები განიცდიდნენ, რადგან ისინი ქალღმერთ ფლორას თავიანთ მფარველ ღვთაებად მიიჩნევდნენ.

როდესაც რომაელები ქვეყნებს იპყრობდნენ, იქ თავიანთ წეს-ჩვეულებებს ავრცელებდნენ. მაგრამ მათ აღმოაჩინეს, რომ კელტურ ტომებში მაისის პირველ დღეს უკვე ზეიმობდნენ დღესასწაულს, რომელიც ბელტანის სახელით იყო ცნობილი. კელტებისთვის ახალი დღე საღამოს იწყებოდა. პირველი მაისის წინა საღამოს ყველა კოცონი ჩამქრალი იყო, და მზე როდესაც ამოდიოდა, ხალხი მაღლობებზე ან წმინდა ხეების ქვეშ აჩაღებდა ცეცხლს; ისინი ასეთი სახით ხვდებოდნენ ზაფხულის დადგომას და სიცოცხლის განახლებას. ამ დროს ხალხი საქონელს საძოვრებზე მიერეკებოდა და ღვთაებებს მათ მფარველობას ევედრებოდა. მალე რომაელების და კელტური ტომების ეს ორი დღესასწაული ერთმანეთს შეერწყა და პირველი მაისის დღესასწაულად იქცა.

გერმანელი და სკანდინავიელი ხალხების დღესასწაულიც — ვალპურგი — ბელტანის მსგავსი იყო. ეს დღესასწაული ვალპურგის ღამეს იწყებოდა. ამ დროს კუდიანებისა და ბოროტი სულების გასადევნად კოცონს აჩაღებდნენ. ევროპის სხვა ქვეყნებში კი პირველ მაისს საკუთარი წეს-ჩვეულებების თანახმად აღნიშნავდნენ და მათგან უმეტესობა დღემდეა შემორჩენილი.

ამ წარმართულ დღესასწაულებზე ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებმა თითქმის ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინეს. „პირველი მაისის, იგივე ბელტანის, დღესასწაულზე ყველაფრის გაკეთება იყო ნებადართული. ქრისტიანული ეკლესია და სხვა უფლებამოსილი პირები ვერ აკონტროლებდნენ სიტუაციას“, — აღნიშნულია ინგლისში გამომავალ გაზეთ „გარდიანში“.

პირველ მაისთან დაკავშირებული ადათ-წესები

შუა საუკუნეების ინგლისში პირველი მაისის დღესასწაულის აღსანიშნავად ახალი წეს-ჩვეულებები შემოიღეს და ეს დღე ინგლისელი ხალხის საყვარელ დღეობად იქცა. მამაკაცები და ქალები პირველი მაისის ღამეს ახლომდებარე ტყეებში ატარებდნენ, სადაც ყვავილებსა და აყვავებული ხეების ტოტებს აგროვებდნენ, რათა მაისის პირველ დღეს მზის ამოსვლას ყვავილებით შეგებებოდნენ *. როგორც ფილიპ სტაბზი წერს თავის ბროშურაში (The Anatomy of Abuses), ამ დროს უზნეობა ყვაოდა. ამ თავაწყვეტილი მხიარულების მონაწილეები სოფლის ცენტრში ხეს დგამდნენ, რომელსაც მაისის ხეს უწოდებდნენ. მთელი დღის მანძილზე მის გარშემო ცეკვავდნენ და თამაშობებს აწყობდნენ. სტაბზი ამ ხეს „სამარცხვინო კერპს“ უწოდებს. ხალხი მაისის დედოფალს ირჩევდა და ხშირად — მაისის მეფესაც, რათა მათ გაეწიათ ხელმძღვანელობა ამ დღესასწაულისთვის. მაისის ხეების აღმართვა და მეფე-დედოფლის არჩევა ევროპის სხვა ქვეყნებშიც იყო მიღებული.

რა მნიშვნელობა ჰქონდა პირველ მაისთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებს? ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“ ახსნილია: „თავდაპირველად ეს რიტუალები იმ მიზნით სრულდებოდა, რომ ხალხი კურთხეული ყოფილიყო — უხვი მოსავალი მოეყვანათ, საქონელი მოეშენებინათ და შთამომავლობა ჰყოლოდათ. მაგრამ დროთა განმავლობაში ბევრ ქვეყანაში ამ რიტუალებმა თავდაპირველი მნიშვნელობა დაკარგა და პირველი მაისი უბრალოდ პოპულარულ დღესასწაულად იქცა.

პირველ მაისთან დაკავშირებული ცვლილებები

პროტესტანტი რეფორმატორები ცდილობდნენ, აეკრძალათ ეს დღესასწაული, რადგან მას წარმართულად მიიჩნევდნენ. შოტლანდიაში, სადაც ფესვგადგმული იყო კალვინისტური სწავლებები, 1555 წელს აიკრძალა პირველი მაისის აღნიშვნა. მოგვიანებით, 1644 წელს, ინგლისის პარლამენტმა, რომელსაც პურიტანი რეფორმატორები ედგნენ სათავეში, მაისის ხე აკრძალა. როდესაც ინგლისი მეფის გარეშე დარჩა და ბურჟუაზიული და ახალი თავადაზნაურობის დიქტატურა დამყარდა, პირველი მაისის დღესასწაულზე „თავაშვებული რიტუალების“ შესრულება აიკრძალა. მიუხედავად ამისა, 1660 წელს, როდესაც სახელმწიფოს სათავეში მონარქი დადგა, ისევ დაუშვეს მაისის ხის აღმართვა.

დღესასწაულები, რომლის დროსაც მაისის ხეს აღმართავდნენ, XVIII—XIX საუკუნეებში თანდათანობით დავიწყებას მიეცა. მაგრამ ბოლო დროს ისინი კვლავ განახლდა და ზნეობრივად უფრო სუფთა ხასიათი მიიღო. პირველ მაისთან დაკავშირებული ბევრი წეს-ჩვეულება, მაგალითად, მაისის ხეზე ჩამოკიდებული ფერადი ლენტებით ხის გარშემო ცეკვა, შედარებით ბოლო პერიოდიდან იღებს სათავეს. მაგრამ ფოლკლორისტებმა პირველი მაისის წარმოშობის გამოკვლევისას აღმოაჩინეს, რომ ამ დღესასწაულთან დაკავშირებული ბევრი წეს-ჩვეულება წარმართული რიტუალებიდან მომდინარეობს.

ევროპელმა ემიგრანტებმა პირველ მაისთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები სხვა ქვეყნებშიც გაავრცელეს; ზოგი მათი შთამომავალი ტრადიციისამებრ დღემდე აღნიშნავს პირველ მაისს. მაგრამ ამჟამად ბევრ ქვეყანაში პირველი მაისი ან პირველი ორშაბათი, რომელიც 1 მაისს მოჰყვება, მშრომელთა დღესასწაულად ითვლება.

პირველი მაისი მშრომელთა დღედ იქცა

პირველ მაისს პარადები და დემონსტრაციები თავდაპირველად ჩრდილოეთ ამერიკაში გაიმართა. რამ განაპირობა ასეთი ტრადიციის შემოღება? სამრეწველო გადატრიალების შედეგად შეიქმნა ახალი მექანიზმები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდნენ. ამის გამო ფაბრიკა-ქარხნების მესაკუთრეები დაქირავებული მუშებისგან მოითხოვდნენ, რომ კვირის გარდა ყოველდღე 16 საათი ემუშავათ. მშრომელთა ცხოვრების გასაუმჯობესებლად შეერთებული შტატებისა და კანადის პროფკავშირმა მოითხოვა, რომ 1886 წლის 1 მაისიდან სამუშაო დღე 8 საათამდე შეემცირებინათ. უმეტეს ადგილას დამქირავებლებმა უარი განაცხადეს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რის გამოც პირველ მაისს ათასობით მუშა გაიფიცა.

ჩიკაგოს (ილინოისის შტატი) ერთ-ერთი ბაზრის მოედანზე მუშათა ამ გამოსვლის მხარდამჭერებს ეს საკუთარი სიცოცხლის ფასად დაუჯდათ. გაფიცვას მხარი დაუჭირეს ესპანეთის, ინგლისის, იტალიის, რუსეთის, საფრანგეთისა და ჰოლანდიის მშრომელებმა *. 1889 წელს სოციალისტურმა პარტიებმა პარიზის კონგრესზე გადაწყვეტილება მიიღეს, რომ 1890 წლის 1 მაისს 8-საათიანი სამუშაო დღის მხარდასაჭერად ჩატარდებოდა საერთაშორისო დემონსტრაციები. მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდებოდა პირველ მაისს დემონსტრაციები, სადაც მოითხოვდნენ, რომ მშრომელებს უკეთესი სამუშაო პირობები ჰქონოდათ.

საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ტრადიციისამებრ პირველ მაისს სამხედრო პარადები და ტექნოლოგიური მიღწევების ჩვენება ეწყობოდა. ამჟამად ბევრ ქვეყანაში პირველი მაისი უქმე დღეა და მშრომელთა საერთაშორისო დღედ ითვლება. შეერთებულ შტატებსა და კანადაში კი მშრომელთა დღეს სექტემბრის პირველ ორშაბათს აღნიშნავენ.

რა კავშირია ძველ და თანამედროვე საპირველმაისო ტრადიციებს შორის?

პირველი მაისი ყოველთვის უბრალო ხალხის დღესასწაულად ითვლებოდა. თანახმა იყო დამსაქმებელი თუ არა, ამ დღეს მშრომელები ისვენებდნენ. პირველ მაისს დამსაქმებლისა და მუშის როლი იცვლებოდა; ამ დროს მეფესა და დედოფალს უბრალო ხალხიდან ირჩევდნენ და მმართველი კლასი ხშირად დაცინვის ობიექტი ხდებოდა. ამიტომ პირველი მაისი ადვილად გადაიზარდა მუშათა მოძრაობაში; XX საუკუნეში ეს დღე სოციალისტური პარტიის მიერ იქნა აღიარებული და დღესასწაულად გამოცხადდა.

ძველად გამართული პირველმაისობის მსგავსად, მშრომელთა საერთაშორისო დღესასწაულის დროსაც ქუჩებში ეწყობა პარადი. მაგრამ ძალადობა ბოლო წლებში გამართულ საპირველმაისო დღესასწაულებზეც ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. მაგალითად, 2000 წლის პირველ მაისს ბევრ ქვეყანაში მიტინგები მოეწყო გლობალური კაპიტალიზმის წინააღმდეგ. ეს ხელჩართულ ბრძოლებში გადაიზარდა, რის შედეგადაც ბევრი დაზარალდა.

ვინ მოახდენს საჭირო ცვლილებებს?

რეალურად რომ დავფიქრდეთ, შეძლებენ ადამიანები გლობალური ცვლილებების მოხდენას, რაც სარგებლობას მოუტანს ყველა გულწრფელ ადამიანს? რასაკვირველია, არა. ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვების უტყუარობა არაერთხელ მტკიცდება: „მავალი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23).

უდიდესი — ზეადამიანური — ძალა მოითხოვება იმისათვის, რომ მსოფლიოში მშვიდობა დამყარდეს. ასეთი ძალის წყარო დედამიწის შემოქმედი, იეჰოვა ღმერთია. ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში, მის შესახებ ნათქვამია, რომ ‘აღაპყრობს თავის ხელს და დააკმაყოფილებს ყოველ სულდგმულს’ (ფსალმუნები 144:16). ჩვენ გთავაზობთ, უფრო კარგად გაეცნოთ ღვთის შესანიშნავ განზრახვებს.

ღვთის ძის, იესო ქრისტეს, მიერ თავისი მოწაფეებისთვის დატოვებული ლოცვის ნიმუშის მიხედვით, ღვთის სამეფო დამყარდება და ღვთის ნება აუცილებლად შესრულდება დედამიწაზე. ბიბლიაში ჩაწერილი დანაპირების თანახმად, ღვთის მიერ დანიშნული მმართველი, იესო ქრისტე, „იხსნის ღარიბს, მღაღადებელს, და ღატაკს, რომელსაც არ ჰყავს შემწე. შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სულებს დაიხსნის. ვერაგობისა და ძალადობისგან დაიხსნის მათ სულებს“ (ფსალმუნები 71:12—14).

[სქოლიოები]

^ აბზ. 11 გრიგორიანული კალენდრის შემოღებამდე 400 წელზე მეტი ხნით ადრე მაისის თვე 11 დღით გვიან იწყებოდა. ამიტომ პირველ მაისს უფრო თბილოდა და ირგვლივ ყველაფერი სიმწვანით იყო მოსილი.

^ აბზ. 19 ეს გაფიცვა მას შემდეგ დაიწყო, როდესაც გაფიცულებსა და შტრაიკბრეხერებს (პირი, რომელიც გაფიცვის დროს მუშაობს საწარმოში) შორის შეტაკება მოხდა, რასაც რამდენიმე მუშის სიკვდილი მოჰყვა.

[სურათი 12 გვერდზე]

XVI საუკუნის ლონდონში ყოველ პირველ მაისს ეკლესიასთან მაისის ხეს აღმართავდნენ.

[საავტორო უფლება]

From the book Observations on Popular Antiquities

[სურათი 14 გვერდზე]

ანტიკაპიტალისტური მიტინგი 2000 წლის პირველ მაისს ლონდონში.

[საავტორო უფლება]

© Philip Wolmuth/Panos Pictures