არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

ძაღლური ცხოვრებაც ამას ჰქვია!

„ავსტრალიელები შინაურ ცხოველებზე უფრო მეტ ფულს ხარჯავენ, ვიდრე ქველმოქმედებაზე, — აღნიშნავს ავსტრალიაში გამომავალი გაზეთი (The Sydney Morning Herald). — ავსტრალიელები წელიწადში მილიარდ შვიდასი ათას ამერიკულ დოლარს ხარჯავენ ძაღლების საჭიროებებზე; მათ შორის მაშველი ჟილეტების, თვლებით მოჭედილი სამკაულებისა და პირის ღრუს გამაგრილებელი საშუალებების შეძენაზე“. ვეტერინარული მაღაზიის მესაკუთრემ ჯეისონ გრამმა შენიშნა, რომ ბოლო ათწლეულში საკმაოდ შეიცვალა ცხოველებისადმი დამოკიდებულება. „ადრე ძაღლები ეზოში ჰყავდათ და მათ რწყილები ესეოდათ, საჭმელად კი მხოლოდ ძვლებს უყრიდნენ. ახლა ისინი სახლში ჰყავთ, მათთვის სპეციალურად განკუთვნილ ფუმფულა საწოლში აძინებენ და თვლებით მოჭედილ ყელსაბამს უკეთებენ“. ჯეისონ გრამი აღნიშნავს, რომ ასეთი ცვლილება ძალიან წაადგა ბიზნესს, რადგან ძაღლებს ახლა ოჯახის წევრებივით ეპყრობიან და მათთვის ძვირადღირებულ ნივთებს არ იშურებენ. ზოგი ცხოველის მოთხოვნილებაზე, სურვილებსა და გარეგნობაზე ისე ზრუნავენ, როგორც ადამიანზე; თუმცა ძაღლისთვის მნიშვნელობა არა აქვს 50-დოლარიან სათამაშოს უყიდიან, თუ — 5-დოლარიანს. როგორც ჩანს, პატრონი შინაურ ცხოველზე ზრუნვით იკმაყოფილებს სიყვარულის მოთხოვნილებას.

ბავშვები ომის მსხვერპლი ხდებიან

ერთი გერმანული გაზეთი აღნიშნავს, რომ გაეროს ბავშვთა დახმარების ფონდის შეფასების თანახმად, რუანდაში რასობრივ კონფლიქტს 800 000 ადამიანი შეეწირა; აქედან 300 000 ბავშვი იყო (Leipziger Volkszeitung). როგორც ვარაუდობენ, რუანდაში 100 000–ზე მეტი ბავშვი უფროსების მეთვალყურეობის გარეშე იზრდება. „ისინი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ“, — ნათქვამია გაზეთში.

შესწორებები ბიბლიაში

„ბიბლიიდან აღებული ლოცვებისა და ფსალმუნების საფუძველზე ანგლიკანური ლოცვების ახალი წიგნი შეადგინეს. ეს იმ მიზნით გააკეთეს, რომ მორწმუნეებმა ისეთ საკითხებზე იფიქრონ, როგორიცაა განვითარებადი ქვეყნების ვალები და ურთიერთხელსაყრელი ვაჭრობა“, — იუწყება ინგლისის საინფორმაციო სააგენტო „რეიტერი“. ამ ჯიბის კრებულს „ლოცვები მშვიდობისა და სამართლიანობისთვის“ უწოდეს. მასში „უფლის ლოცვიდან“ აღებული იესოს სიტყვები — „პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს“, ასე შეცვალეს — „შენ გვაძლევ ყოველდღიურ პურს, როცა ვიბრუნებთ მიწებს ან, როცა უკეთეს ანაზღაურებას ვღებულობთ“. ასევე 22–ე ფსალმუნში ჩაწერილი სიტყვები — „შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტებისა არ მეშინია“, ასეა შეცვლილი — „ძალადობამ მთელი მსოფლიოც რომ მოიცვას, მე მაინც არ შემეშინდება, უფალო“. ტრადიციონალისტებმა ამ 96–გვერდიან ჯიბის წიგნს „დაცინვა და ღვთის გმობა“ უწოდეს, აგრეთვე „უგუნურება და შეურაცხყოფა“, — ნათქვამია გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“.

აბორტები შემოსავლის დაკარგვის შიშით

თუმცა ბევრი არ ფიქრობს ასე, მაგრამ „ავსტრალიაში აბორტებს უმეტეს შემთხვევაში საშუალო ფენის გათხოვილი ქალები იკეთებენ და არა თინეიჯერები, რომლებსაც რამდენიმესთან აქვთ სქესობრივი კავშირი“, — ნათქვამია ავსტრალიაში გამომავალ ერთ გაზეთში (The Sydney Morning Herald). ფინანსური პრობლემების გამო ხშირად ბავშვების ყოლაზე იმ ოჯახებში ამბობენ უარს, სადაც ქმარი სრულ განაკვეთზე მუშაობს, ცოლი კი — ნახევარზე. „დედობა კარიერასა და შემოსავალზე გავლენას ახდენს, — ამბობს პიტერ მაკდონალდი, ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი დემოგრაფიის დარგში. — ქალებს, რომლებსაც ბავშვები არა ჰყავთ, უფრო მეტი ფულის გამომუშავება შეუძლიათ“. როგორც ზემოხსენებული გაზეთი იუწყება, ყოველი მესამე ფეხმძიმე აბორტს იკეთებს.