ყვავილებით მოქარგული ველი
ყვავილებით მოქარგული ველი
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის უკრაინიდან
გაზაფხულის დადგომისას ამ პატარა ველზე, რომელიც კარპატების მთებში მდებარეობს, ნაყოფიერი მიწა თანდათანობით თეთრი ყვავილების ხალიჩით იფარება. აქ სტუმრობისთვის ყველაზე კარგი დრო გვიანი გაზაფხულია, როცა ალპების მდელოებზე ყვავილების სასიამოვნო სურნელი ტრიალებს; ეს კი მნახველებს ამ ადგილის სანახავად იზიდავს.
სად შეიძლება ასეთი სილამაზის ხილვა? ნარგიზის ველზე, დასავლეთ უკრაინაში ჰუსტის მახლობლად მდებარე ნაკრძალში. აქ ველური ნარგიზებით მოფენილი უზარმაზარი მინდვრებია. თუმცა ამ ველზე 400-ზე მეტი სახეობის მცენარე იზრდება, ნარგიზების რაოდენობა ბევრად ჭარბობს.
ნაკრძალს ამ ყვავილის სახელი უწოდეს. ეს ყვავილი ვიწროფოთოლა ნარგიზად ანუ ყვითელ ნარგიზადაც არის ცნობილი. ეს ბოლქვიანი მცენარე, — გრძელი ვიწრო ფოთლებითა და საყვირის ფორმის გვირგვინით, რომელსაც თეთრი ან მოყვითალო ფურცლები აქვს გარედან შემოხვეული, — ასევე მთელ ალპებსა და ბალკანეთში იზრდება.
ნარგიზს საუკუნეების განმავლობაში ხოტბას ასხამდნენ პოეტები და მუსიკოსები. ერთი სახეობა „პოეტური ნარგიზის“ სახელითაცაა ცნობილი. ძველ რომში ერთხელ მმართველებმა ყვითელი ნარგიზები გამოიყენეს გამარჯვებული ჯარისკაცებისთვის საზეიმოდ პატივის მისაგებად. პრუსიაში ნარგიზი სიყვარულისა და ბედნიერების სიმბოლო იყო. დღეს კი მთელი მსოფლიო ყოველწლიურ ფესტივალებსა და დღესასწაულებზე ამ ყვავილს ხოტბას ასხამს.
ნარგიზი მხოლოდ ლამაზი ყვავილი როდია. მისი სახელი ნაწარმოებია ბერძნული სიტყვიდან „ნარქეო“, რაც გაოგნებას ნიშნავს. შეიძლება ამ ყვავილმა მართლა იქონიოს ასეთი ეფექტი? ნარგიზის ველზე ამ მცენარის ყვავილობისას მისულ მნახველს
შეიძლება ეიფორია დაეუფლოს ან ოდნავ თავბრუც კი დაეხვეს.ყვავილის სურნელის დამამშვიდებელი ეფექტის გამო, ზოგი ნარგიზს სამკურნალო თვისებებსაც მიაწერს. არაბები ნარგიზის ზეთს სიმელოტის, ფრანგები კი ეპილეფსიისა და ისტერიის განსაკურნებლად იყენებენ. დღეს ნარგიზის ზეთი პარფიუმერიასა და არომათერაპიაში გამოიყენება.
კვლავაც გაახარებს მნახველს ეს ყვავილი?
ვიწროფოთლიან ნარგიზს მაღალი მთის ყვავილად მიიჩნევენ. ის, ჩვეულებრივ, ზღვის დონიდან 1 100-დან 2 060 მეტრის სიმაღლეზე იზრდება. ნარგიზის ველი კი ზღვის დონიდან 200 მეტრ სიმაღლეზეა, რის გამოც ადგილი, სადაც ეს განსაკუთრებული ყვავილი იზრდება, ყველაზე დაბალია.
იმისათვის, რომ ბუნების ეს საოცრება დაეცვათ, ნარგიზის ველი 1979 წელს ნაკრძალად გამოცხადდა. დაახლოებით 20 წლის შემდეგ, ევროსაბჭომ ვიწროფოთლიანი ნარგიზი დასაცავ სახეობათა სიაში შეიტანა.
თავიდან, ყვავილობის სეზონის შემდეგ ნარგიზის ველზე ბალახის თიბვა აიკრძალა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე წელში ყვავილის რიცხობრიობა შემცირდა. რატომ? მეცნიერებმა შენიშნეს, რომ თიბვის შეწყვეტის შედეგად ბალახმა ისე იმძლავრა, რომ ყვავილს გახარების საშუალებას არ აძლევდა. როდესაც ნება დართეს, რომ ბალახი კვლავ გათიბულიყო, ველი ისევ ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა. ასე რომ, ახლა ველი გაზაფხულობით ლამაზია და შინაურ პირუტყვსაც სარჩო მთელი ზამთრის განმავლობაში აქვს.
ეს საოცარი სილამაზე ცხადყოფს, თუ როგორი იქნება მთელი დედამიწა მომავალში. ბიბლიის მკვლევარები მოუთმენლად ელიან ღვთის სამეფოს მმართველობის დროს, როდესაც „გაიხარებს უდაბნო და ურწყული მიწა, და გამხიარულდება ტრამალი და გაიფურჩქნება“ (ესაია 35:1). მაშინ მთელი დედამიწა ნარგიზის ველის მსგავსად გალამაზდება, რადგან სამოთხედ გადაიქცევა; იმის მსგავს სამოთხედ, რომელიც თავდაპირველად ედემში იყო (დაბადება 2:8—15).