არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„შეიძლება ინტერნეტით ვინმეს გაცნობა?“

„შეიძლება ინტერნეტით ვინმეს გაცნობა?“

ახალგაზრდების შეკითხვები

„შეიძლება ინტერნეტით ვინმეს გაცნობა?“

„ელექტრონული ფოსტის საშუალებით ჩვენ ყოველდღიურად გვქონდა ერთმანეთთან ურთიერთობა. დავგეგმეთ, სად უნდა გვეცხოვრა და გვემუშავა. უკვე ნიშნობის ბეჭდების ყიდვა გვქონდა გადაწყვეტილი. ჩვენი გაცნობიდან ერთი თვეც არ იყო გასული და ერთმანეთი საერთოდ არ გვყავდა ნანახი“ (მონიკა *, ავსტრია).

შესაძლოა ძალიან გსურს, ისეთი ადამიანი გაიცნო, რომელზეც დაქორწინდები. მაგრამ დღემდე შენმა მცდელობამ შედეგი არ მოიტანა. კეთილმოსურნე მეგობრები და ნათესავებიც ცდილობენ, ვინმესთან შეგახვედრონ, მაგრამ მიზნის მიღწევის ნაცვლად, უხერხულ მდგომარეობაში გაგდებენ, რის შედეგადაც უფრო მეტად გიცრუვდება იმედი. ამიტომ გაინტერესებს, შეგიძლია თუ არა დახმარებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიას მიმართო.

დღევანდელ კომპიუტერების ეპოქაში ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ შესაფერისი მეუღლის პოვნას თაგვის კლავიშზე თითის მხოლოდ რამდენჯერმე დაჭერით შეძლებს. როგორც ზოგი ამბობს, თქვენგან მხოლოდ ის მოითხოვება, რომ შეხვიდეთ ვებ–საიტზე, სალაყბო ოთახში ან გაეცნოთ სპეციალურად დაუქორწინებლებისთვის განკუთვნილ განცხადებების ელექტრონულ დაფას. გაზეთი „ნიუ–იორკ ტაიმზი“ იუწყება, რომ მხოლოდ შეერთებულ შტატებში ვებ–საიტების მეშვეობით თვეში 45 მილიონი ადამიანი ეცნობა ერთმანეთს. ერთი ინტერნეტ–სამსახურით, რომელიც ინტერნეტით მოსარგებლეებს რომანტიკული ურთიერთობების გაბმაში ეხმარება, 9 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს 240 ქვეყანაში.

რატომ არის მიმზიდველი ინტერნეტით ვინმეს გაცნობა?

მორცხვი ხარ ბუნებით? გიჭირს ვინმეს გაცნობა? გეშინია უარის მიღების? თუ ფიქრობ, რომ შენ გარშემო ძნელია შესაფერისი პარტნიორის პოვნა? ასეთ შემთხვევაში შეიძლება ინტერნეტმა მიგიზიდოს. შესაძლოა ასეთი სახით გაცნობა იმიტომაც გიზიდავს, რომ, როგორც ინტერნეტ–სამსახური გპირდება, ის „გააკონტროლებს შენს პაემნებს“. ამ მომსახურების შედეგად შესაძლებლობა გეძლევა, ასაკის მიხედვით შეარჩიო შესაფერისი პარტნიორი. ასევე გაიგო, მისი სახელი, რომელი ქვეყნიდანაა, როგორი პიროვნებაა, და ნახო მისი სურათი. რამდენადაც ამ მომსახურებით არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა გეძლევა, შეიძლება ინტერნეტით ვინმეს გაცნობა უფრო ეფექტური და ნაკლებად სტრესული მოგეჩვენოს, ვიდრე პირადად გაცნობა.

მაგრამ, როგორია რეალური სურათი? სინამდვილეში, მიიყვანს წყვილს ინტერნეტით გაცნობა ბედნიერებამდე? მოდი დავფიქრდეთ: ერთი ინტერნეტ–სამსახურით ექვის წლის განმავლობაში 11 მილიონი წყვილი სარგებლობდა, მაგრამ მათგან მხოლოდ 1475 დაქორწინდა. სხვა სამსახურმა კი, რითაც მილიონზე მეტი წყვილი სარგებლობდა, მხოლოდ 75 შეაუღლა. რატომ არის არაგონივრული ამ მომსახურებით სარგებლობა?

შესაძლებელია ერთმანეთის რეალურად შეფასება?

როგორც ერთი გაზეთის სტატიაშია ნათქვამი, „ყველა, ვინც ინტერნეტით ეცნობა ერთმანეთს, ცდილობს, თავი მიმზიდველ, პატიოსან და ისეთ პიროვნებად წარმოაჩინოს, რომელსაც ყველაფერი კარგად გამოსდის“. მაგრამ, სინამდვილეში, რამდენად გულწრფელად ახასიათებენ ისინი საკუთარ თავს? სხვა გაზეთის სტატიაში კი ეწერა: „სავსებით მოსალოდნელია, რომ ამ სამსახურით მოსარგებლე რაღაცას მაინც მოიტყუება“. ამ განაცხადის დასამტკიცებლად თინეიჯერებისთვის განკუთვნილი ერთი პოპულარული ჟურნალის რედაქტორმა ქალმა პირადად ჩაატარა გამოკვლევა. მან თავისი მონაცემები სამ ყველაზე პოპულარულ ვებ–საიტში შეიტანა. მის განცხადებას ბევრი გამოეხმაურა. მან ერთდროულად რამდენიმე მამაკაცის გაცნობა დაიწყო. რა იყო შედეგი? რასაკვირველია, არც ერთ მათგანს არ გაუმართლდა! ამასთანავე გაირკვა, რომ ყველა მამაკაცი იტყუებოდა და გულახდილად არ საუბრობდა საკუთარ თავზე. ეს რედაქტორი გვაფრთხილებს: „როგორც თავად გამოვცადე, ამ მომსახურებით მოსარგებლე ადამიანები ცრუობენ!“.

შეიძლება ვინმე ნაკლებად გააღიზიანოს იმის გაგებამ, რომ მომავალმა მეუღლემ თავისი ზუსტი წონა ან სიმაღლე დამალა. ის შესაძლოა ფიქრობს, რომ ფიზიკური გარეგნობა არც ისე მნიშვნელოვანია. ამას ბიბლიაც ადასტურებს: „მაცდურია მშვენიერება და ამაოა სილამაზე“ (იგავები 31:30). მაგრამ გონივრულია იმ ადამიანთან ურთიერთობის დაწყება, ვინც, თუნდაც ერთი შეხედვით, უმნიშვნელო საკითხში იტყუება? (ლუკა 16:10). გაქვს იმის გარანტია, რომ საქმე როცა სერიოზულ საკითხებს შეეხება, მაგალითად პირად მიზნებს, ის სიმართლეს გეტყვის? ბიბლიაში ნათქვამია: „ჭეშმარიტება ელაპარაკეთ ერთმანეთს“ (ზაქარია 8:16). დიახ, ურთიერთობის გასაღრმავებლად გულწრფელობა და პატიოსნება ძალიან მნიშვნელოვანია.

ინტერნეტით ურთიერთობისას ხშირად ფანტაზიებით იკვებებიან. ჟურნალი „ნიუსუიკი“ ამის თაობაზე აღნიშნავს: „ასეთი მომსახურებით მოსარგებლეებს საიტებში საგულდაგულოდ შერჩეული სიტყვებით შეაქვთ საკუთარ თავზე ინფორმაცია და თავს ყველაზე მიმზიდველ პიროვნებად წარმოაჩენენ . . . ისინი სასურველ შედეგსაც აღწევენ: რადგან სასიამოვნო და საინტერესო პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებენ, სხვებისთვის ისინი მიმზიდველნი ხდებიან“. ნიუ-იორკის ერთ-ერთი პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი, რომელიც აკვირდება ამ მომსახურებით მოსარგებლე წყვილთა ურთიერთობებს, აღნიშნავს, რომ ასეთ ვითარებაში ძალიან ადვილად ეჩვევიან ერთმანეთს. მაგრამ, როგორც შეიმჩნევა, ხშირად ეს არ იძლევა იმის გარანტიას, რომ წყვილის ურთიერთობა ბედნიერი ქორწინებით დამთავრდება. ერთი მამაკაცი საკუთარი გამოცდილებიდან ამბობს: „ეს მართლაც მახეა. ამ დროს ფანტაზიებით იკვებები და ვერ იღებ აუცილებელ ინფორმაციას“.

პირისპირ შეხვედრა

და მაინც, ზოგი შეიძლება მიიჩნევს, რომ ვინმეს როცა პირისპირ არ ეცნობი, ამას უფრო მეტი დადებითი მხარე აქვს. ისინი შესაძლოა ფიქრობენ, რომ ინტერნეტით გაცნობა წყვილს საშუალებას აძლევს, მთავარი ყურადღება ერთმანეთის შინაგან პიროვნებაზე გადაიტანონ და არა გარეგნობაზე. ბიბლიაც მოგვიწოდებს, რომ ყურადღება ადამიანის თვისებებზე გავამახვილოთ (1 პეტრე 3:4). მაგრამ პრობლემას ის ქმნის, რომ ინტერნეტით ურთიერთობისას არ შეგიძლია თვალყური ადევნო მოსაუბრის ჟესტებსა და სახის გამომეტყველებას. შენ ვერ ხედავ, როგორ ეპყრობა ის სხვებს ან როგორ იქცევა პრობლემების დროს. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ განსაზღვრო, არის ეს ადამიანი ის, ვისაც შეგიძლია ენდო და შეიყვარო. ყურადღება მიაქციე, როგორ არის სიყვარული 1 კორინთელების 13:4, 5-ში აღწერილი. ამ მუხლებიდან ვგებულობთ, რომ სიყვარული საქმეებით ვლინდება და არა სიტყვებით. ამიტომ, დრო გამოყავი და კარგად დააკვირდი მას, ვისაც ეცნობი, რათა დარწმუნდე, რომ სიტყვები საქმეებს შეესაბამება.

ხშირად წყვილი არ იქცევა ასე და ნაადრევად იწყებს ძალიან ახლო ურთიერთობას. ზოგი წყვილი წინდაუხედაობას ავლენს და ნაჩქარევად იღებს საკუთარ თავზე სერიოზულ ვალდებულებებს, მაშინ როცა თითქმის არ იცნობენ ერთმანეთს. ერთ სტატიაში, სათაურით „ინტერნეტით სიყვარული ბრმა არის“, მოთხრობილია ორ ადამიანზე, რომლებიც ერთმანეთისგან 8 000 მილით იყვნენ დაშორებულნი. სამი კვირის შემდეგ ისინი პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს. „მას თვალები გამომწვევად ჰქონდა შეღებილი, — ამბობს მამაკაცი. — არ მსურს, ისეთ ქალთან შეხვედრა, რომელიც ასე იღებება“. მათ ურთიერთობას მალე დაესვა წერტილი. სხვა წყვილის შეხვედრაც იმედგაცრუებით დამთავრდა. მამაკაცმა, რომელმაც ქალს თავის ქვეყანაში ჩამოსაფრენად თვითმფრინავის ბილეთი უყიდა, უკან დასაბრუნებელი ბილეთის ფული აღარ გადაუხადა!

ახალგაზრდა ქალი, სახელად ედა, თავის ისტორიას გვიყვება: „ყველაფერი ისე კარგად გვქონდა აწყობილი, რომ დაუჯერებელი იყო. ჩვენ დაქორწინებას ვაპირებდით“. მაგრამ, როდესაც ეს წყვილი პირადად შეხვდა ერთმანეთს, ყველაფერი ერთბაშად დაიმსხვრა. „ის არ იყო ისეთი პიროვნება, როგორიც წარმომედგინა; ის კრიტიკული იყო და სულ წუწუნებდა. მივხვდი, რომ ბედნიერი არ ვიქნებოდი“. ერთი კვირის შემდეგ ამ ურთიერთობას წერტილი დაესვა, რის შედეგადაც ედა გულგატეხილი დარჩა.

ინტერნეტით ურთიერთობისას სიტუაციას რეალურად არ აფასებენ. ამ დროს ემოციები მძლავრობს. თუ არ აეწყობა ურთიერთობა, — რაც ადვილი შესაძლებელია, — ამან შეიძლება ემოციურად გაგანადგუროს. „თავის გულზე დაიმედებული ბრიყვია“, — გვაფრთხილებს იგავების 28:26. დიახ, არაგონივრულია ფანტაზიებითა და ემოციებით სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება. ზემოთ მოყვანილი იგავი დასძენს: „სიბრძნით მავალი გადარჩება“.

რატომ არის საშიში ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება?

რასაკვირველია, არაგონივრულია სერიოზული გადაწყვეტილების ნაჩქარევად მიღება, როდესაც კარგად არ იცნობთ ერთმანეთს. შექსპირის ერთ ნაწარმოებში ასეთი ციტატაა მოყვანილი: „ქალის უცბად შერთვა ხშირად არ გამომდგარა“. ბიბლია უფრო გასაგებად გვირჩევს: „მოჩქარე კი სიდუხჭირეში იქნება“ (იგავები 21:5, აქ).

სამწუხაროდ, ბევრი, ვინც ინტერნეტით ეცნობა ერთმანეთს, რწმუნდება, რომ ეს ჭეშმარიტებაა. სტატიის დასაწყისში მოხსენიებულ მონიკას, რომელსაც სულ რაღაც ერთი თვის დაწყებული ჰქონდა მიწერ-მოწერა, ეგონა, რომ იპოვა ცხოვრების შესაფერისი თანამგზავრი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაქორწინებას აპირებდნენ და ნიშნობის ბეჭდების ყიდვაც კი ჰქონდათ გადაწყვეტილი, ამ ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ მათ ურთიერთობას წერტილი დაუსვა. ამას „დიდი გულისტკივილი“ მოჰყვა.

გულისტკივილის თავიდან არიდებას იმ შემთხვევაში შეძლებ, თუ ყურად იღებ ბიბლიაში მოცემულ რჩევას: „გონიერი ხედავს ბოროტებას და თავს არიდებს, სულელნი კი ჯიქურ მიდიან და ისჯებიან“ (იგავები 22:3, სსგ). მაგრამ მხოლოდ იმედგაცრუება და გულისტკივილი არ მოჰყვება ინტერნეტით ვინმეს გაცნობას. ამ ჟურნალის უახლოეს ნომერში განხილულ იქნება, კიდევ რა სირთულეები შეიძლება გამოიწვიოს ასეთმა ურთიერთობამ.

[სქოლიო]

^ აბზ. 3 ზოგი სახელი შეცვლილია.

[სურათი 17 გვერდზე]

ინტერნეტით სარგებლობისას ადამიანები ხშირად ყველაფერს აზვიადებენ და საკუთარ თავზე გულახდილად არ საუბრობენ.

[სურათი 18 გვერდზე]

ბევრი, ვინც ინტერნეტით ეცნობა ერთმანეთს, პირისპირ შეხვედრისას ხშირად გულგატეხილი რჩება.