არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არასწორია პატივმოყვარეობის გამოვლენა?

არასწორია პატივმოყვარეობის გამოვლენა?

ბიბლიის თვალსაზრისი

არასწორია პატივმოყვარეობის გამოვლენა?

„რა არის ცუდი იმაში, რომ გქონდეთ დიდება, სიმდიდრე და ძალაუფლება?“ ასე იყო დასათაურებული რელიგიურ გაერთიანებათა მიერ გამოცემული ანგარიში (Ethical Dilemmas). მასში მოხსენიებულია აბრაამის მიმართ ნათქვამი ღვთის სიტყვები: „გაქცევ დიდ ერად, და გაკურთხებ, და განვადიდებ შენს სახელს“ (დაბადება 12:2).

ზემოთ მოყვანილ ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ „პატივმოყვარეობამ სხვებს ზიანი არ უნდა მიაყენოს“, ამავე დროს, იქვე ციტირებული იყო პირველი საუკუნის ერთი ცნობილი რაბინის სიტყვები: „თუ მე არ ვიქნები ჩემი თავისთვის, სხვა ვინ იქნება?“ ეს რაბინი შემდეგ ასეთ დასკვნას აკეთებს: „თუ ჩვენვე არ ვაღიარებთ საკუთარ შესაძლებლობებს, სხვა არავინ გააკეთებს ამას“. აყენებს პატივმოყვარეობა დილემის წინაშე მათ, ვისაც ღვთისადმი მსახურება სურს? რას ნიშნავს, ვაღიაროთ ჩვენი პოტენციალი? არასწორია პატივმოყვარეობის გამოვლენა? როგორია ბიბლიის თვალსაზრისი ამ საკითხთან დაკავშირებით?

იყო აბრაამი პატივმოყვარე?

ბიბლიაში აბრაამი გამორჩეული რწმენის მქონე მამაკაცად არის მოხსენიებული (ებრაელები 11:8, 17). ღმერთმა აბრაამს იმის დაპირებით, რომ დიდ ხალხად აქცევდა და განადიდებდა მის სახელს, პატივმოყვარეობისკენ არ უბიძგა. ღმერთმა გააცხადა თავისი მიზანი, რომ აბრაამის მეშვეობით მთელ კაცობრიობას აკურთხებდა. ეს მიზანი გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე უბრალოდ ადამიანური პატივმოყვარეობა (გალატელები 3:14).

ღვთისადმი ერთგულების გამოსავლენად აბრაამმა, როგორც ჩანს, კომფორტული და მდიდარი ქალაქი ური დატოვა (დაბადება 11:31). მოგვიანებით, მან მშვიდობის შესანარჩუნებლად მზადყოფნით თქვა უარი ძალაუფლებასა და სახელზე, როდესაც თავის ძმისშვილს, ლოტს, საცხოვრებლად საუკეთესო მიწები შესთავაზა (დაბადება 13:8, 9). ბიბლიაში არსად წერია, რომ აბრაამი პატივმოყვარე იყო. პირიქით, თავისი რწმენის, მორჩილებისა და თავმდაბლობის გამო შეიყვარა იგი ღმერთმა, როგორც ნამდვილი „მეგობარი“ (ესაია 41:8, აქ).

განსხვავებული შეხედულებები მდგომარეობაზე, დიდებასა და ძალაუფლებაზე

პატივმოყვარეობა გულისხმობს „ძლიერ სურვილს, გქონდეს მდგომარეობა, დიდება და ძალაუფლება“. ძველ დროში მეფე სოლომონს მდგომარეობასთან, დიდებასა და ძალაუფლებასთან ერთად დიდი სიმდიდრეც ჰქონდა (ეკლესიასტე 2:3—9). საინტერესოა, რომ სოლომონს თავიდან ამის სურვილი არც კი ჰქონია. როდესაც მან მემკვიდრეობით მეფობა მიიღო, ღმერთმა შესთავაზა, ეთხოვა მისთვის, რაც უნდოდა. სოლომონმა, თავმდაბლურად სთხოვა, მიეცა მისთვის გონიერი გული და გამჭრიახობა, რათა ღვთის მიერ ამორჩეული ერი ემართა (3 მეფეთა 3:5—9). მოგვიანებით სოლომონმა, როცა გადახედა მთელ სიმდიდრესა და ძალაუფლებას, რომელსაც ფლობდა, თქვა, რომ „ყოველივე ამაოება და ქარის დევნა იყო“ (ეკლესიასტე 2:11).

თქვა სოლომონმა რაიმე ადამიანური პოტენციალიდან გამომდინარე მათ მიღწევებთან დაკავშირებით? დიახ, ცხოვრებაში გადამხდარი მრავალი შემთხვევის შემდეგ მან დაასკვნა: „გვეშინოდეს ღვთისა და ვიცავდეთ მის მცნებებს, რადგან სულ ეს არის ადამიანი“ (ეკლესიასტე 12:13). ადამიანებს შეუძლიათ თავიანთი პოტენციალი მდგომარეობის, სიმდიდრის, დიდებისა და ძალაუფლების მოსაპოვებლად კი არ გამოიყენონ, არამედ ღვთის ნების შესასრულებლად.

თავმდაბლობას პატივი მოაქვს

ცხადია, არაფერია ცუდი იმაში, რომ საკუთარ თავზე მოკრძალებული თვალსაზრისი გვქონდეს. ბიბლია მიგვითითებს, რომ მოძმე საკუთარი თავივით გვიყვარდეს (მათე 22:39). არც ის არის უჩვეულო, რომ ნუგეშისა და ბედნიერების სურვილი გვქონდეს. მაგრამ ბიბლია გულმოდგინე მუშაობისკენ, თავმდაბლობისა და მოკრძალებულობისკენაც მოგვიწოდებს (იგავები 15:33; ეკლესიასტე 3:13; მიქა 6:8). პატიოსანი და სანდო ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, ხშირად უყურადღებოდ არ რჩებიან, კარგ სამსახურს შოულობენ და სხვების მხრიდან პატივისცემას იმსახურებენ. რასაკვირველია, უკეთესია ასე მოიქცე, ვიდრე მოგების მიზნით უსამართლობას მიმართო ან სხვებს შეეჯიბრო უფრო მაღალი მდგომარეობის დაკავებაში.

იესომ გააფრთხილა მსმენელები ქორწილში საპატიო ადგილის არჩევასთან დაკავშირებით. მან ურჩია, რომ ყველაზე დაბალი ადგილი დაეკავებინათ და საპატიო ადგილზე მას შემდეგ გადასულიყვნენ, როდესაც, შესაძლოა, მასპინძელი სთხოვდათ ამას. ამ პრინციპის მხედველობაში მიღებით იესომ პირდაპირ თქვა: „ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება“ (ლუკა 14:7—11).

ქრისტიანები ერიდებიან პატივმოყვარეობის გამოვლენას

ბიბლია გვიჩვენებს, რომ ამპარტავნობით გამოვლენილი პატივმოყვარეობა ადამიანური არასრულყოფილების შედეგია (იაკობი 4:5, 6). მოციქული იოანე ერთ დროს პატივმოყვარე იყო. მას ისეთი ძლიერი სურვილი ჰქონდა, რომ მაღალი მდგომარეობა დაეკავებინა, თავის ძმასთან ერთად პირდაპირ სთხოვა იესოს, სამეფოში ყველაზე საპატიო ადგილები მათთვის მიეცა (მარკოზი 10:37). მოგვიანებით იოანემ თვალსაზრისი შეიცვალა. ფაქტობრივად, მან თავის მესამე წერილში მკაცრად გაკიცხა დიოტრეფე, რომლის შესახებაც თქვა, რომ ‘პირველობის მოყვარული’ იყო (3 იოანე 9, 10). დღეს ქრისტიანებს გულთან ახლოს მიაქვთ იესოს სიტყვები და მოკრძალებულები არიან. ასევე ითვალისწინებენ ხანდაზმული მოციქულის, იოანეს, მაგალითს, რომელმაც ისწავლა, თუ როგორ დაეძლია პატივმოყვარეობა.

სინამდვილეში, შეიძლება ითქვას, რომ ტალანტი, უნარიანობა, კარგი საქმეები და გულითადი შრომა სულაც არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ადამიანი აღიარებას მოიპოვებს. ზოგი შეიძლება იყოს აღიარებული, ზოგი კი — არა (იგავები 22:29; ეკლესიასტე 10:7). ხანდახან მათ, რომლებიც კარგი სპეციალისტები არ არიან, შეიძლება უფრო მაღალი მდგომარეობა დაიკავონ, ვიდრე მათ, რომლებიც უფრო უნარიანები არიან. ამ არასრულყოფილ ქვეყნიერებაში ისინი, რომლებსაც მდგომარეობასა და ძალაუფლებას აღწევენ, შეიძლება არც კი იყვნენ დახელოვნებულები.

ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის პატივმოყვარეობის საკითხი ეთიკურ დილემას არ ქმნის. ბიბლიით განსწავლული სინდისი ეხმარება მათ, მოერიდონ პატივმოყვარეობის გამოვლენას. ისინი, უბრალოდ, ცდილობენ ნებისმიერ სიტუაციაში საუკეთესო გააკეთონ ღვთის სადიდებლად და ყველაფერს იეჰოვას ანდობენ (1 კორინთელები 10:31). ქრისტიანები ცდილობენ, რომ თავიანთი პოტენციალი გამოიყენონ იმისათვის, რათა განივითარონ ღვთის შიში და დაიცვან მისი მცნებები.

[სურათი 16 გვერდზე]

უბიძგა ღმერთმა აბრაამს პატივმოყვარეობისკენ?