არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნამდვილად საჭიროა, რომ ივარჯიშოთ?

ნამდვილად საჭიროა, რომ ივარჯიშოთ?

ნამდვილად საჭიროა, რომ ივარჯიშოთ?

„თუ გსურთ, რომ კარგ ფორმაში იყოთ, ივარჯიშეთ კვირაში ორჯერ. ივარჯიშეთ ნახევარი საათი ყოველდღე. მოერიდეთ ალკოჰოლს, რომ კიბოთი არ დაავადდეთ. მიირთვით ალკოჰოლი, თუ გსურთ, რომ შეიმციროთ გულით დაავადების საშიშროება. თავი ხომ არ მოგაბეზრეს ამგვარი კეთილი რჩევებით? საინფორმაციო საშუალებებში დღეს ერთს გვეუბნებიან, მომდევნო კვირას კი სრულიად საპირისპიროს . . . რატომ არა აქვთ მეცნიერებს ერთი აზრი? რატომ არის ყავის დალევა ზიანის მომტანი ამ კვირას, ხოლო მომდევნო კვირას უვნებელი?“ (ბარბარა ბრემი, სპეციალისტი განათლების სფეროში, ფიზკულტურის მეცნიერებათა პროფესორი).

ჯანდაცვის მუშაკებს ხშირად ერთი აზრი არა აქვთ კვებასა და კარგ ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს ადამიანმა და რა — არა კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, იმდენად ბევრია, რომ მრავალი დაბნეულია და არ იცის, რა ქნას. მაგრამ, როდესაც საქმე ზომიერ ფიზიკურ აქტივობას ეხება, მეცნიერებს შორის სრული თანხმობაა; მათი აზრით, ადამიანს თუ უნდა, რომ კარგი ჯანმრთელობა ჰქონდეს, რეგულარულად უნდა ივარჯიშოს!

სათანადო ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა ჩვენს დროში უფრო და უფრო სერიოზული პრობლემა ხდება და ეს განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებს ეხება. ადრე ამ ქვეყნებში მრავალი ადამიანი მძიმე ფიზიკური შრომით იყო დაკავებული; ისინი სასოფლო–სამეურნეო საქმეებს ეწეოდნენ, ნადირობდნენ ან აშენებდნენ. ძველ დროში მუხლჩაუხრელად მუშაობა მხოლოდ იმისათვის, რომ თავი ერჩინათ, ხშირად მძიმე ტვირთად აწვათ ჩვენს წინაპრებს და მათ სიცოცხლესაც კი უსწრაფებდა. ენციკლოპედია „ბრიტანიკას“ თანახმად, „ძველ საბერძნეთსა და რომში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 28 წელი იყო“. ამის საპირისპიროდ, XX საუკუნის მიწურულისთვის განვითარებულ ქვეყნებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 74 წლამდე გაიზარდა. რამ გამოიწვია ასეთი ცვლილება?

ტექნოლოგია სასიკეთო თუ საზიანო?

დღეს ხალხი უფრო დიდხანს ცხოვრობს და შედარებით უკეთესი ჯანმრთელობა აქვს, ვიდრე საუკუნეების წინ. ეს ნაწილობრივ ტექნოლოგიური პროგრესის დამსახურებაა. თანამედროვე აღმოჩენებმა სახე უცვალა ადამიანთა საქმიანობას და მრავალი მძიმე სამუშაოს შესრულება გააიოლა. დაავადებებთან ბრძოლაში მედიცინამაც საგრძნობლად წაიწია წინ, რამაც ადამიანთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებას შეუწყო ხელი. მაგრამ შეინიშნება ერთი პარადოქსიც.

ტექნოლოგიის განვითარებამ ხელი კი შეუწყო ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, მაგრამ დროთა განმავლობაში მსოფლიოს უმეტეს ნაწილში მის შედეგად მრავალი უმოძრაო ცხოვრებას ეწევა. ამერიკის კარდიოლოგიური ასოციაციის მიერ არც ისე დიდი ხნის წინ გამოქვეყნებულ ცნობაში, „კარდიოვასკულარული დაავადებების მსოფლიო სტატისტიკა“, ნათქვამია: „გარდაქმნებმა ეკონომიკაში, ურბანიზაციამ, ინდუსტრიალიზაციამ და გლობალიზაციამ ისეთი ცხოვრების წესი დაამკვიდრა, რომელიც ხელს უწყობს გულის დაავადებების განვითარებას“. ამ ცნობაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ უმთავრეს რისკ–ფაქტორთა შორის არის „უმოძრაობა და არაჯანსაღი კვება“.

მრავალ ქვეყანაში მხოლოდ 50–იოდე წლის წინათ ფიზიკურად მომუშავე ადამიანს ოფლი უნდა ეღვარა, რათა ცხენშებმული გუთნით ეხნა, ბანკში მისასვლელად სოფლამდე ველოსიპედით ევლო, საღამოს კი სახლში დაბრუნებულს მრავალი რამ შეეკეთებინა. მაგრამ მისი შვილიშვილების ცხოვრება სრულიად სხვაგვარია. დღეს ადამიანი დღის უმეტეს ნაწილს კომპიუტერის წინ ატარებს, თითქმის ყველგან მანქანით დადის, საღამოს კი ტელევიზორს უყურებს.

ერთი გამოკვლევის თანახმად, შვედი ტყის მჭრელი ადრე ხეების მოჭრასა და მორების გადაზიდვაში დღეში 7 000 კალორიას წვავდა, ახლა კი თანამედროვე მანქანები ასრულებენ ამ მძიმე სამუშაოს უმეტეს ნაწილს. დღეს მსოფლიოში არსებული გზების უმეტესობა ერთ დროს წერაქვითა და ნიჩბით არის გაყვანილი. მაგრამ დღეს განვითარებად ქვეყნებშიც კი ბულდოზერები და სხვა მძიმე ტექნიკა ასრულებს თხრასთან დაკავშირებულ საქმეებს.

ჩინეთის ზოგ ნაწილში დღეს ხალხი სატრანსპორტო საშუალებად ველოსიპედებს მოტოროლერებს ამჯობინებს. შეერთებულ შტატებში მოსახლეობის 25 პროცენტი დღეში სულ ერთ მილზე ნაკლებს გადის და დაახლოებით 75 პროცენტი ასეთი მანძილის დასაფარავად ავტომობილს იყენებს.

თანამედროვე ტექნოლოგიის ნაყოფია უმოძრაო ცხოვრების წესის მქონე თაობაც. ერთი გამოკვლევის ჩატარების შედეგად შენიშნეს, რომ ვიდეოთამაშები უფრო სასიამოვნო და მეტად რეალური ხდება, რის გამოც ბავშვები მეტ დროს უთმობენ მას. იმავეს თქმა შეიძლება ტელეგადაცემების ყურებასა და ბავშვებისთვის სხვა ისეთ გასართობ საშუალებებთან დაკავშირებითაც, რომლებიც უმოძრაო ცხოვრების წესს უწყობს ხელს.

საშიშროებები, რომლებიც უმოძრაო ცხოვრების წესთან არის დაკავშირებული

ფიზიკური დატვირთვის მკვეთრად შემცირებამ მრავალს ფიზიკურ, ფსიქიკურ და ემოციურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეუქმნა. მაგალითად, ბრიტანეთის ჯანმრთელობის სააგენტო ახლახან იუწყებოდა: „ბავშვებს, რომლებიც ნაკლებად მოძრაობენ, ნაკლებად აქვთ განვითარებული პირადი ღირსების გრძნობა, მეტად ნერვიულები არიან და უფრო ადვილად სძლევთ სტრესი. აგრეთვე უფრო მოსალოდნელია, რომ ასეთმა ბავშვებმა პატარაობიდანვე დაიწყონ მოწევა და ნარკოტიკების მიღება. ფიზიკურად პასიური თანამშრომლები სამუშაოზე მეტ დღეებს აცდენენ, ვიდრე ფიზიკურად აქტიურები. ასაკში შესვლისას ფიზიკურად არააქტიური ადამიანები კარგავენ ძალას და ყოველდღიურ საქმიანობასთან ადვილად გამკლავების უნარს. შედეგად, მრავალი კარგავს დამოუკიდებლობას და ფსიქიკური მდგომარეობაც შედარებით უარესი აქვთ“.

კორა კრეგი, კანადის ფიზიკური ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის კვლევითი ინსტიტუტის პრეზიდენტი, აღნიშნავს, რომ „კანადელები სამუშაოზე საჭიროზე ბევრად ნაკლებად არიან ფიზიკურად აქტიურები . . . საერთოდ, ფიზიკური დატვირთვა უფრო და უფრო კლებულობს“. კანადაში გამომავალ გაზეთ „გლოუბ ენდ მეილში“ ნათქვამია: „კანადელთა 48 პროცენტი ზომაზე მეტს იწონის და ამათგან 15 პროცენტი ძალიან მსუქანია“. გაზეთი დასძენს, რომ კანადაში მოზრდილ ადამიანთა 59 პროცენტი უმოძრაო ცხოვრების წესს ეწევა. კუოპიოს (ფინეთი) უნივერსიტეტის თანამშრომელი მატი უუსიტუპა გვაფრთხილებს, რომ „მსოფლიოში სიმსუქნისა და უმოძრაო ცხოვრების წესის ზრდასთან ერთად მკვეთრად მატულობს II ტიპის დიაბეტის შემთხვევათა რიცხვი“.

ჰონკონგში არც ისე დიდი ხნის წინ ჩატარებული გამოკვლევიდან გამოჩნდა, რომ 35 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანების დაახლოებით 20 პროცენტის სიკვდილი შეიძლება ფიზიკური აქტივობის ნაკლებობასთან იყო დაკავშირებული. ამ გამოკვლევის შედეგებში, რომელსაც ჰონკონგის უნივერსიტეტის პროფესორი ტი–ჰინგ ლამი უწევდა ხელმძღვანელობას და რომელიც 2004 წელს გამოქვეყნდა „ეპიდემიოლოგიის მატიანეში“, აღნიშნული იყო, რომ ჰონკონგის ჩინურ მოსახლეობაში „ფიზიკური არააქტიურობით გამოწვეული საშიშროებები უფრო მეტია, ვიდრე მოწევით. მეცნიერების პროგნოზით, დანარჩენი ჩინელებიც „მსგავსი მიზეზით გამოწვეული დიდი სიკვდილიანობის მაჩვენებლის მოწმენი გახდებიან“.

არის გამართლებული ამ საკითხთან დაკავშირებით დაფიქრება? ნამდვილად შეიძლება ფიზიკურმა არააქტიურობამ ჩვენს ჯანმრთელობას იმაზე მეტი ზიანიც კი მიაყენოს, ვიდრე ამას თამბაქოს მოწევა აყენებს? საყოველთაოდ ცნობილია, რომ აქტიურ ადამიანებთან შედარებით, არააქტიურებს უფრო აღენიშნებათ მაღალი არტერიული წნევა, მათ მეტად ემუქრებათ დამბლის დაცემისა და გულის შეტევების, აგრეთვე ამა თუ იმ სახის კიბოს განვითარების საშიშროება, მეტად ემუქრებათ ოსტეოპოროზის განვითარების საფრთხე და მეტად არიან სიმსუქნისკენ მიდრეკილნი *.

„უოლ–სტრიტ ჯორნელში“ ნათქვამია: „დედამიწის ყველა კონტინენტზე, ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც საკვების უკმარისობა შეინიშნება, ჭარბი წონის მქონე ან მსუქან ადამიანთა რიცხვი საგანგაშო დონეს აღწევს. ამაში კი მთავარი დამნაშავე ისევ და ისევ მაღალკალორიული კვება და უმოძრაო ცხოვრების წესია, რამაც შეერთებულ შტატებში გასუქების ეპიდემია გამოიწვია“. შვედი დოქტორი სტეფან რისუნერი იზიარებს ამ აზრს და იმასაც კი ამბობს, რომ „არ არსებობს ქვეყანა, სადაც მსუქან ადამიანთა რიცხვი არ მატულობს“.

გლობალური პრობლემა

ცხადია, რეგულარული და ზომიერი ფიზიკური აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ კარგი ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ. მიუხედავად იმისა, რომ კარგად შუქდება საკითხი ფიზიკურ არააქტიურობასთან დაკავშირებული საშიშროებების შესახებ, მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, ფიზიკურად არააქტიურია. მსოფლიო კარდიოლოგიური ფედერაციის ღრმა რწმენით, დედამიწის მოსახლეობის 60—85 პროცენტი, „განსაკუთრებით კი გოგონები და ქალები, ფიზიკურად საკმარისად აქტიურები არ არიან“. ეს ორგანიზაცია აცხადებს, რომ „ბავშვების ორი მესამედიც არ არის ფიზიკურად იმდენად აქტიური, რამდენიც კარგი ჯანმრთელობისთვის არის საჭირო“. შეერთებულ შტატებში მოზრდილთა დაახლოებით 40 პროცენტი უმოძრაო ცხოვრების წესს ეწევა, ხოლო 12—21 წლამდე ახალგაზრდების დაახლოებით ნახევარი ფიზიკურად სათანადოდ დატვირთული არ არის.

ერთი გამოკვლევის შედეგად, რომელიც ევროპის 15 ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული უმოძრაო ცხოვრების წესის შესწავლას ეხებოდა, დადგინდა, რომ არააქტიურ ადამიანთა პროცენტული მაჩვენებელი მერყეობდა 43 პროცენტიდან 87 პროცენტამდე და ყველაზე მცირე მაჩვენებელი იყო შვედეთში, ხოლო ყველაზე მაღალი — პორტუგალიაში. სან–პაულუში (ბრაზილია) მოსახლეობის დაახლოებით 70 პროცენტი უმოძრაო ცხოვრებას ეწევა. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება, რომ „მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან მიღებული გამოკითხვის შედეგები თითქმის ერთნაირია“. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ, სპეციალისტთა აზრით, ყოველწლიურად ფიზიკური უმოძრაობით გამოწვეული მიზეზებით ორი მილიონი ადამიანი კვდება.

ჯანმრთელობის დაცვის მუშაკები მიიჩნევენ, რომ მსოფლიოში მდგომარეობა საგანგაშოა. ამიტომ სამთავრობო უწყებებმა მთელ მსოფლიოში დაიწყეს ისეთი ღონისძიებების გატარება, რომლებიც ხელს შეუწყობს ხალხის გათვითცნობიერებას იმაში, თუ რამდენად სასარგებლოა ზომიერი ფიზიკური აქტივობა. იაპონია, ავსტრალია და შეერთებული შტატები იმედოვნებენ, რომ 2010 წლისთვის 10 პროცენტით გაზრდიან თავიანთი მოქალაქეების ფიზიკურ აქტივობას. შოტლანდიას მიზნად აქვს დასახული, რომ 2020 წლისთვის მისი მოზრდილი მოსახლეობის 50 პროცენტი რეგულარულად ფიზიკურად აქტიური იყოს. ჯანდაცვის ორგანიზაციისგან მიღებულ ცნობაში ნათქვამია: „სხვა ქვეყნები, რომლებიც დიდ ყურადღებას ამახვილებენ ფიზიკური აქტივობის ნაციონალურ პროგრამებზე, არის მექსიკა, ბრაზილია, იამაიკა, ახალი ზელანდია, ფინეთი, რუსეთი, მაროკო, ვიეტნამი, სამხრეთი აფრიკა და სლოვენია“.

მთავრობები და ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციები კი ცდილობენ კონკრეტული ღონისძიებების გატარებას, მაგრამ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ძირითადი პასუხისმგებლობა მაინც თითოეულ ჩვენგანს პირადად გვაკისრია. საკუთარ თავს დაუსვით კითხვები: „ვარ საკმარისად ფიზიკურად აქტიური? საკმარისად ვვარჯიშობ? თუ არა, რის გაკეთება შემიძლია ჩემი უმოძრაო ცხოვრების წესის შესაცვლელად? მომდევნო სტატია დაგანახვებთ, როგორ შეგიძლიათ ფიზიკურად უფრო აქტიურები გახდეთ.

[სქოლიო]

^ აბზ. 16 ფიზიკურად არააქტიურობამ შეიძლება მკვეთრად გაზარდოს სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელ გარკვეულ მდგომარეობათა რიცხვი. მაგალითად, ამერიკის კარდიოლოგიური ასოციაციის მონაცემების თანახმად, ფიზიკურად არააქტიურობა „ორჯერ ზრდის გულის დაავადებების განვითარების რისკს და არააქტიურ ადამიანებში დაახლოებით 30 პროცენტით მეტია ჰიპერტენზიით დაავადების საშიშროება. აგრეთვე ორჯერ მეტია გულ–სისხლძარღვთა დაავადებითა და დამბლით სიკვდილის საფრთხე“.

[ჩარჩო 4 გვერდზე]

რა ჯდება ფიზიკური უმოძრაობა

მრავალი მთავრობა და ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაცია სერიოზულად არის შეფიქრიანებული იმით, თუ რა ძვირი უჯდება საზოგადოებას ფიზიკური უმოძრაობა.

ავსტრალია — ამ ქვეყანაში ყოველწლიურად ფიზიკურ უმოძრაობასთან დაკავშირებით განვითარებულ ჯანმრთელობის პრობლემებზე ზრუნვას დაახლოებით 377 მილიონი ამერიკული დოლარი ხმარდება.

კანადა — მსოფლიო კარდიოლოგიური ფედერაციის მონაცემების თანახმად, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში კანადა 2 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტს ხარჯავს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომლებიც „ფიზიკური არააქტიურობით არის გამოწვეული“.

შეერთებული შტატები — 2000 წელს შეერთებულმა შტატებმა უზარმაზარი თანხა — 76 მილიარდი დოლარი — მოახმარა უშუალოდ ფიზიკური არააქტიურობით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობას.

[ჩარჩო⁄სურათები 5 გვერდზე]

ბავშვებისთვის აუცილებელია ფიზიკური აქტივობა

ახლახან ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ უფრო და უფრო მეტ ბავშვს არა აქვს რეგულარული ფიზიკური დატვირთვა. არააქტიურობა უფრო გოგონებში შეინიშნება, ვიდრე ბიჭებში. როგორც ჩანს, ზრდასთან ერთად ბავშვები ფიზიკურად უფრო და უფრო ნაკლებად აქტიურები ხდებიან. ქვემოთ მოყვანილია იმ მრავალ სარგებლობათაგან რამდენიმე, რომლებიც შეიძლება ბავშვებს რეგულარულმა ფიზიკურმა აქტივობამ მოუტანოთ:

● მტკიცე ძვლებისა და კარგი კუნთოვანი სისტემის განვითარება; აგრეთვე ჯანსაღი სახსრები

● ჭარბი წონისა და სიმსუქნის თავიდან არიდება

● მაღალი არტერიული წნევის არიდება ან მისი განვითარების დაყოვნება

● II ტიპის დიაბეტის არიდება

● პირადი ღირსების გრძნობის უკეთ ფორმირება; ნერვიულობისა და სტრესისადმი მედეგობა

● აქტიური ცხოვრების წესის სწავლა, რაც მოწიფულ ასაკში უმოძრაო ცხოვრების წესისგან დამცავია

[ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]

უკეთესი ჯანმრთელობა ხანდაზმულებისთვის

შეიძლება ითქვას, რომ, რაც უფრო მეტი ასაკი გაქვთ, მით უფრო მეტი სარგებლობა მოაქვს თქვენთვის რეგულარულად ზომიერების ფარგლებში ვარჯიშს. მიუხედავად ამისა, მრავალი ხანდაზმული ერიდება ფიზიკურ დატვირთვებს, რადგან ეშინია, რომ რაიმე არ დაიზიანოს ან ავად არ გახდეს. ცხადია, კარგია, თუ ხანდაზმულები ენერგიული ვარჯიშების დაწყების წინ ექიმის კონსულტაციას გაივლიან. მაგრამ სპეციალისტები მტკიცედ არიან დარწმუნებულნი იმაში, რომ ფიზიკური აქტივობა საგრძნობლად აუმჯობესებს ხანდაზმულთა ჯანმრთელობას. ქვემოთ ჩამოთვლილია, თუ რის გაუმჯობესებას უწყობს ხელს რეგულარულად ფიზიკური ვარჯიში:

● გონების სისხარტე

● გაწონასწორებულობა და ადვილად შემგუებლობა

● ემოციური ჯანმრთელობა

● დაავადების ან ტრავმირების შემთხვევაში სწრაფად განკურნება

● საჭმლის მომნელებელი სისტემისა და ფილტვების ფუნქციის გაუმჯობესება

● ნივთიერებათა ცვლა

● იმუნური სისტემა

● ძვლების სიმტკიცე

● ენერგიულობა