არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბრაზილიელი გაუჩო

ბრაზილიელი გაუჩო

ბრაზილიელი გაუჩო

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ბრაზილიიდან

„ბრაზილიელი გაუჩო? — შეიძლება იკითხოთ. — ყოველთვის მეგონა, რომ ისინი არგენტინიდან იყვნენ“. მართალია, მაგრამ ბევრი გაუჩო, ანუ სამხრეთ ამერიკელი კოვბოი, ურუგვაიშიც, არგენტინის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქვეყანაშიც, ცხოვრობს. და თუ რიუ-გრანდი-დუ-სულს, ბრაზილიის სამხრეთ შტატს, ესტუმრებით, შეიძლება იქაც შეხვდეთ გაუჩოს. როგორც ცნობილია, გაუჩოს აცვია ბომბაჩასი, კოვბოის შარვალი და საკუთარ რანჩოში უვლის ცხენებს, რქოსან პირუტყვსა და ცხვარს, მაგრამ დღევანდელი ბრაზილიელი გაუჩო შეიძლება სულაც არ იყოს ისეთი, როგორიც თქვენ წარმოგიდგენიათ. რა ვიცით მათი წარმომავლობის შესახებ?

გაუჩოს ტომის ჩამოყალიბებას კოლონიზაციამ მისცა დასაბამი. XIX—XX საუკუნეებში ევროპიდან ჩამოსულმა იმიგრანტების დიდმა ჯგუფმა საცხოვრებელი ადგილისა და სამუშაოს ძებნა დაიწყო და სამხრეთ ბრაზილიაში დასახლდა. ისინი კარგად ფლობდნენ სხვადასხვა ხელობას და მებაღეობას მისდევდნენ. მრავალი იმიგრანტი გახდა გაუჩო ანუ კოვბოი და ამით ახალ კულტურას ჩაეყარა საფუძველი. მათი შთამომავლები დღემდე ინარჩუნებენ გაუჩოს ტომისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს; ეს ირეკლება მათ ჩაცმულობაზე, საკვებზე, გართობასა თუ საქმისადმი დამოკიდებულებაზე. მოდი თავდაპირველად მათ კერძებზე ვისაუბროთ, რაც ყველას დააინტერესებს.

არა მხოლოდ ჩურასკო და მატეს ჩაი

ხომ არ გგონიათ, რომ ბრაზილიელი კოვბოები ვეგეტარიანელები არიან! გაუჩოს საყვარელი საჭმელია შემწვარი ხორცი ანუ ჩურასკო. ისინი, ძირითადად, ამით ჯერ კიდევ მაშინ იკვებებოდნენ, როცა პამპას პრერიაზე საქონელს მწყემსავდნენ. თუ ვეგეტარიანელი არა ხართ ან სისხლში ქოლესტერინი ჭარბად არა გაქვთ, ალბათ, გენდომებათ, გემო გაუსინჯოთ ტრადიციულ როდიზიოს, ხორცისგან მომზადებულ სხვადასხვა ღვეზელსა და კერძს, რომელსაც გაუჩოს რესტორანსა თუ საღვეზელეში შემოგთავაზებენ. თქვენ აგრეთვე მოისურვებთ, კაფე „კოლონიალში“ შესვლას, სადაც განსაკუთრებული დესერტებისა და სასმელების დიდი არჩევანია; იქ თქვენი სურვილისამებრ გაგიმასპინძლდებიან ღვინით, ჩაით ან ყავით. ბრაზილიელები სასმელებს შორის უპირატესობას ანიჭებენ შიმარანს ანუ მატეს ჩაის; ეს ჩაი მზადდება პარაგვაული ბაძგის გამხმარი ფოთლებისგან. თუმცა, ამ სასმელს მომწარო გემო აქვს, ალბათ, შენიშნავთ, თუ როგორ წრუპავენ მას ბრაზილიელი კოვბოები ყოველდღე, განსაკუთრებით კი დანაყრების შემდეგ.

შეიძლება არც მოგეწონოთ შიმარანის მომწარო გემო, მაგრამ უდავოდ დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ ისეთ მშვიდ და მეგობრულ გარემოში ყოფნა, სადაც შიმარანსა და ჩურასკოს მიირთმევენ.

გაუჩოს ჩაცმულობა და მუსიკა

გაუჩოს ტრადიციული ჩასაცმელი — ბომბაჩასი, პონჩო, ყელიანი ფეხსაცმელი, განიერი ქამარი, ქუდი და ყელსახვევი — დასაბამს იღებს იმ პერიოდიდან, როდესაც კოვბოები დროის უმეტს ნაწილს პამპას პრერიაზე ატარებდნენ. ერთ წიგნში აღნიშნულია: „გაუჩოს ტომის განსაკუთრებული კულტურით გამოირჩევა რიუ-გრანდი-დუ-სულის შტატი. იქ არსებულ სამხერთ პამპას პრერიაზე შავგვრემანი კოვბოები დახეტიალობენ, რომლებიც ატარებენ თასმიან ჩალის ქუდებს, განიერ, გაცვეთილ შარვლებს, წითელ ყელსახვევებსა და ტყავის ყელიან ფეხსაცმელს“ (Insight Guides—Brazil). დღესასწაულების დროს ამ რეგიონში მცხოვრები ქალები, ჩვეულებრივ, მოკრძალებულ და ლამაზი ფერებით გაწყობილ კაბებს იცვამენ. როგორც მნახველებს, ისე თავად ბრაზილიელ კოვბოებს, ძალიან მოსწონთ ტრადიციულ კოსტიუმებში შესრულებული ცეკვები. გაუჩოს ტომის წეს-ჩვეულებები, რომლებიც ეხება საკვებს, ჩასაცმელსა და გართობას, შერწყმულია არა მარტო ისეთი ქვეყნებიდან ჩამოსული იმიგრანტების კულტურასთან, როგორიცაა გერმანია, ესპანეთი, იტალია და პორტუგალია, არამედ იაპონიის, ლიბანის, პოლონეთის, რუსეთის, საბერძნეთის, სირიის, უკრაინისა და აფრიკის ქვეყნების კულტურასთანაც.

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჟოზე კლაუდიუ პაიშან კორტესმა, რომელიც დაახლოებით 50 წლის განმავლობაში აკვირდებოდა გაუჩოს ტომის ტრადიციულ ჩაცმულობასა და ცეკვებს, აღნიშნა, რომ განმარტოებით მყოფ ბრაზილიელ კოვბოებს მუსიკისადმი სიყვარული განუვითარდათ. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ გაუჩოს, რომელსაც ხშირად მხოლოდ ცხენი ახლდა თან, ემღერა და მუსიკა მისი ცხოვრების ნაწილი გამხდარიყო. თავდაპირველად, კოვბოები ისეთ სიმებიან საკრავებზე უკრავდნენ, როგორიცაა გიტარა და ბანჯო, მაგრამ მოგვიანებით აკორდეონის გამოყენებაც დაიწყეს. მსოფლიოს სხვა ნაწილში მცხოვრები ახალგაზრდებისგან განსხვავებით, ბევრ ახალგაზრდა გაუჩოს დღემდე თანამედროვე მუსიკას ხალხური „ქანთრი“ ურჩევნია.

ბრაზილიელ კოვბოებს ცეკვაც უყვართ. მაშინაც კი, თუ გაუჩო შორს გადადის საცხოვრებლად, ყოველთვის სიყვარულით იხსენებს თავისი კულტურის მდიდარ მემკვიდრეობას — ტრადიციულ ცეკვებს. „კადრილის“ გარდა ბრაზილიელი კოვბოები სხვა ცეკვებსაც ასრულებენ — ცეკვა ხანჯლებით და ცეკვა სამი სატყორცნი ბურთით ანუ ბოლათი. ეს ბურთები მზადდება თიხისგან, ქვისგან ან მეტალისგან, რომლებზეც მიმაგრებულია დრეკადი ტყავის ზონრები. კოვბოებს მწყემსვის დროს შეუძლიათ ისე ისროლონ ეს ზონრიანი ბურთები, რომ საქონელს ფეხებში გამოსდონ და უმალ გააჩერონ.

სამშობლოსადმი სიყვარული

გაუჩოს ტომის კულტურა და წეს–ჩვეულებები დღემდეა შემორჩენილი ბრაზილიის იმ რეგიონში, რომელიც არგენტინასა და ურუგვაის ესაზღვრება. მოგზაურთათვის განკუთვნილ ერთ სახელმძღვანელოში ნათქვამია: „ქარისგან დაუცველ პამპას პრერიაზე, რომელიც ხშირად არის მოხსენიებული თქმულებებში, ბრაზილიელი კოვბოები დღემდე მისდევენ მესაქონლეობასა და მეცხვარეობას, რამაც თავიდანვე გაამდიდრა რიუ–გრანდი–დუ–სულის შტატი“.

გაუჩოს ტომი მხოლოდ შიმარანით და ჩურასკოთი როდია ცნობილი. ბრაზილიელი კოვბოები ამაყობენ თავიანთი ქვეყნის მრავალფეროვნებითა და ლამაზი ბუნებით; ზოგი მათგანი იუმორით ამბობს, რომ ღმერთმა დედამიწა ექვს დღეში შექმნა და აქედან რიუ-გრანდი–დუ–სულის შექმნას ხუთი დღე მოანდომა!

მაშინაც კი, თუ გაუჩო ქალაქში ცხოვრობს თავის წარმომავლობას არ ივიწყებს. იმისდა მიუხედავად, გაუჩო იმიგრანტია თუ იმიგრანტის შთამომავალი, თავისი წარმომავლობა ხელს უწყობს ისეთი თვისებების განვითარებაში, როგორიცაა თავდაჯერებულობა, პირდაპირობა, გაბედულება, დახმარებისთვის მზადყოფნა და სტუმართმოყვარეობა.

გაუჩოსთვის სანუკვარ ოცნებად არის ქცეული უბრალო, მწყემსური ცხოვრება, რაც დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა. მიუხედავად იმისა, კარგად იცის თუ არა გაუჩომ საქონლისა და ცხენების მოვლა, ქამანდისა თუ ზონრიანი ბურთის სროლა, ან ისეთი მოსავლის მოყვანა, როგორიცაა სიმინდი, ყურძენი, კარტოფილი, ბრინჯი, სოიო და ხორბალი, გული მაინც თავისი მიწისკენ მიუწევს. მაგრამ მწარე სინამდვილე სიღარიბე და ცრურწმენაა, რაც ღრმა კვალს ტოვებს მათ ცხოვრებაზე. თუმცა მრავალ გაუჩოს, რომლებმაც იეჰოვას მოწმეებთან დაიწყეს ბიბლიის შესწავლა, მტკიცედ სწამს, რომ მალე მთელი დედამიწა მშვენიერ სამოთხედ გადაიქცევა. თქვენც შეგიძლიათ გქონდეთ ამის იმედი (ლუკა 23:43; 2 პეტრე 3:13; გამოცხადება 21:1—4).

[ჩარჩო/სურათები 28 გვერდზე]

როგორ მოვამზადოთ გაუჩოს ორი ცნობილი კერძი

საქონლის შემწვარი ხორცი ანუ ჩურასკო

საქონლის ხორცი — 2 კგ., მსხვილი მარილი — 500 გრ.

დაჭერით ხორცი და მოაყარეთ მარილი. შემოდგით ცეცხლზე. როდესაც ქონით დაფარული ადგილი შეწითლდება, გადააბრუნეთ. საქონლის ხორცი აუცილებლად ქონიანი უნდა იყოს, რომლის დადნობის შემდეგაც ხორცი ცხიმით იჟღინთება და უფრო გემრიელი და რბილი ხდება. იგივენაირად შეიძლება მომზადდეს ღორის, შინაური ფრინველისა და ცხვრის ხორცი. ეს კერძი ოთხი ადამიანისთვის არის სამყოფი.

ბრინჯი „კარეტეირუ“ მზეზე გამომშრალი დამარილებული საქონლის ხორცით

მზეზე გამომშრალი საქონლის ხორცი — 500 გრ., დაჭრილი ხახვი — 200 გრ., ზეთი — 60 გრ., წყალი — 3 ჭიქა, უმი ბრინჯი — 500 გრ., 2 კბილი დაჭრილი ნიორი.

გარეცხეთ მზეზე გამომშრალი საქონლის ხორცი და რვა ან მეტი საათის განმავლობაში წყალში ჩატოვეთ. რამდენჯერმე გამოუცვალეთ წყალი. დაჭერით ხორცი წვრილად და მოშუშეთ ზეთში ხახვთან და ნიორთან ერთად. ჩაამატეთ ბრინჯი და კარგად მოურიეთ. დაასხით წყალი და წამოდუღების შემდეგ ნელ ცეცხლზე ადუღეთ. ერთხელ ამოურიეთ, რომ თანაბრად მოიხარშოს. როდესაც ბრინჯი მოიხარშება, ჩანგლით ამოურიეთ და სუფრასთან შემწვარ პარკოსნებთან ერთად მიიტანეთ. ეს კერძიც ოთხ ადამიანზეა გათვლილი.

[სურათები 24, 25 გვერდებზე]

რიუ–გრანდი–დუ–სული

[საავტორო უფლება]

Inset photos: M.A. Decusati

[სურათი 28 გვერდზე]

გაუჩოს ტრადიციულ მუსიკაზე ცეკვა.