ვირუსი, რომლის შესახებაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს
ვირუსი, რომლის შესახებაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს
დაქორწინებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ კრისტინა * პირველად მივიდა გინეკოლოგთან გამოკვლევაზე. მას პაპნაცხიც აუღეს. გინეკოლოგმა რაღაც საეჭვო დაინახა და კრისტინას კოლპოსკოპიის გაკეთება ურჩია. მან საშვილოსნოს ყელში შენიშნა ეროზია და გაუკეთა ბიოფსია (ცოცხალი ორგანიზმიდან ავადმყოფურად შეცვლილი ქსოვილის ამოკვეთა და მიკროსკოპული შესწავლა დიაგნოზის დაზუსტების მიზნით).
«ორი კვირის შემდეგ, — ყვება კრისტინა, — მე და ჩემი მეუღლე ანალიზის პასუხზე დაგვიბარეს. გვითხრეს, რომ ეროზია ინფექციით — ადამიანის პაპილომის ვირუსით — იყო გამოწვეული და დაავადების შორს წასული ფორმა მქონდა. ექიმმა აგვიხსნა, რომ არსებობდა საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების საშიშროება და საჭირო იყო მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყება.
დიაგნოზის მოსმენაზე ცრემლები გადმომცვივდა. ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის ეს სრულიად მოულოდნელი დარტყმა იყო. მომდევნო დღესვე პატარა ქირურგიული ოპერაცია დამინიშნეს. იმ საღამოს ძალიან ვწუხდი და ვღელავდი. თავში სულ ერთი კითხვა მიტრიალებდა: „რატომ უნდა დამმართოდა ეს მაინცდამაინც მე?“»
კრისტინას ადრე წაკითხული ჰქონდა, რომ ეს ვირუსი სქესობრივი გზით გადაეცემა. ამიტომ ვერაფრით გაეგო, როგორ შეიძლებოდა იგი მის ორგანიზმში მოხვედრილიყო. ის და მისი ქმარი ყოველთვის ბიბლიის მაღალი ზნეობრივი ნორმების შესაბამისად ცხოვრობდნენ.
ფართოდ გავრცელებული ინფექცია
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში მილიონობით ქალია ადამიანის პაპილომის ვირუსით (აპვ) დაავადებული. მიიჩნევენ, რომ მსოფლიოში სქესობრივი გზით ყველაზე ხშირად ამ ვირუსით დაინფიცირება ხდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ეს ინფექცია საშვილოსნოს ყელის კიბოს * განვითარების ძირითადი რისკ-ფაქტორია.
ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში ასობით ათას ადამიანს ეუბნებიან, რომ აპვ-თი არიან ინფიცირებულნი და მრავალი ათასი ქალი კვდება ამ ინფექციის
შედეგად განვითარებული საშვილოსნოს ყელის კიბოთი. განვითარებად ქვეყნებში საშვილოსნოს ყელის კიბოთი ქალების სიკვდილის ძირითადი მიზეზი აპვ-ია. მთელ მსოფლიოში საშვილოსნოს კიბოთა შორის საშვილოსნოს ყელის კიბო მეორე ადგილზეა. ამიტომ გასაკვირი არ არის, თუ რატომ უწოდებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აპვ-ს „ხალხის ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემას“. კიდევ რა უნდა ვიცოდეთ ამ ვირუსის შესახებ?ადამიანის პაპილომის ვირუსი იწვევს მეჭეჭების გაჩენას როგორც ქალებში, ისე კაცებში. ასევე მისი მიზეზით ჩნდება მეჭეჭები სასქესო ორგანოებზე. ამ მეჭეჭებს კონდილომა აკუმინატა ეწოდება. ჩვეულებრივ, ეს მეჭეჭები კეთილთვისებიანია, ანუ მათგან კიბო არ ვითარდება. არსებობს ამ ვირუსის ასობით ნაირსახეობა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე მათგანია კანცეროგენული (კიბოს განვითარების გამომწვევი). საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას იწვევს ზოგიერთი სახის აპვ და ისიც იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ვირუსით ორგანიზმი დიდი ხნის განმავლობაშია ინფიცირებული. აპვ-ს უმრავლესობა ყოველგვარი გარეგნული გამოვლინების გარეშე ქრება, როდესაც მას იმუნური სისტემა სძლევს.
რისკ-ფაქტორები
ძირითადად, საფრთხე ემუქრება ქალებს, რომლებიც სქესობრივად აქტიურ ცხოვრებას ადრეულ ასაკში იწყებენ და რომლებსაც არაერთი სქესობრივი პარტნიორი ჰყავთ; ასევე ქალებს, რომელთა პარტნიორებსაც არაერთ ქალთან აქვთ სქესობრივი ურთიერთობა. ხშირად აპვ-ს გადამცემები არიან მამაკაცები, რომლებსაც დაავადების არავითარი გარეგნული გამოვლინება არა აქვთ.
მაგრამ ზოგჯერ ინფიცირდებიან ქალები, რომლებიც ზნეობრივად სუფთა ცხოვრებას ეწევიან ან ისეთებიც, რომლებსაც არასდროს ჰქონიათ სქესობრივი კავშირი. მაგალითად, არც ისე დიდი ხნის წინ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ვირუსი შეიძლება მშობიარობისას დედიდან შვილს გადაეცეს; ადამიანი შეიძლება სხვა გზითაც დაინფიცირდეს. დაავადება დაინფიცირებიდან მრავალი წლის შემდეგ ვლინდება.
როგორ უნდა განისაზღვროს, დაინფიცირებულია თუ არა ადამიანი
თუ თქვენ ქალბატონი ბრძანდებით, შეიძლება დაგებადოთ კითხვა: „საიდან უნდა ვიცოდე, ვარ თუ არა აპვ-თი დაინფიცირებული?“ ამის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დაავადება, ჩვეულებრივ, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ისევე როგორც სტატიის დასაწყისში მოხსენებული კრისტინას შემთხვევაში იყო, საჭიროა საშვილოსნოს ყელიდან აღებული უჯრედების ციტოლოგიური გამოკვლევა. ამ ტესტს პაპნაცხის ანუ პაპანიკოლაუს * ნაცხის აღებას უწოდებენ.
მედიცინის მუშაკი ფრთხილად იღებს ჩამონაფხეკს ყელის ქსოვილიდან და აღებულ უჯრედებს ლაბორატორიაში აგზავნის. ტესტის შედეგად დგინდება, არის თუ არა იქ ინფექცია, ანთება ან არანორმალური უჯრედები. არსებული ცნობების თანახმად, პაპნაცხის აღება ამცირებს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისა და ამ კიბოს შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებელს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „ისეთი ეროზიების ადრეულ სტადიებზე ამოცნობა, რომლებიც შემდგომში კიბოში გადაიზრდება არის და, ალბათ, დარჩება კიდეც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ამ დაავადების გლობალური მასშტაბით კონტროლქვეშ აყვანის ძირითადი მეთოდი“. თუ პაპნაცხის ტესტის შედეგები არადამაკმაყოფილებელია, კეთდება კოლპოსკოპია. ეს არის გამადიდებელი ლინზების მქონე აპარატის გამოყენებით დაზიანებული უბნის დათვალიერება. მისი გამოყენებით დგინდება, არის თუ არა ეროზია. თუ არის, კეთდება ბიოფსია და იწყებენ მკურნალობას.
დღეისათვის კეთდება უფრო რთული ლაბორატორიული ტესტებიც. მათი საშუალებით მეტი სიზუსტით შეიძლება დაავადების არსებობა-არარსებობის დადგენა.
მკურნალობა და პროფილაქტიკა
არსებობს მკურნალობის რამდენიმე მეთოდი, რომელთა დახმარებითაც შეიძლება აპვ-ს ინფექციაზე ზემოქმედება. მედმუშაკები მიმართავენ უშუალოდ დაზიანებული არის მკურნალობას. გარკვეული მედიკამენტებით ანადგურებენ ვირუსების შემცველ უჯრედებს. სხვა მეთოდი იმუნური სისტემის სტიმულირებისკენ არის მიმართული. გარდა ამისა, მიმართავენ ელექტროკოაგულატორის, ლაზერული ქირურგიის ან კრიოქირურგიის მეშვეობით დაზიანებული ან ინფიცირებული არის მოცილებას.
მაგრამ ცხადია, დაავადების მკურნალობას ბევრად ჯობია, რომ თავიდან იქნეს არიდებული დაინფიცირება. როგორ შეიძლება ამის გაკეთება?რამდენიმე წლის წინ მეხიკოში ჩატარდა სიმპოზიუმი, სადაც განიხილეს საკითხი, რომელიც ეძღვნებოდა თემას: „საშვილოსნოს ყელის კიბო და აპვ ახალ ათასწლეულში“. კანადიდან მოწვეული ლექტორისა და აპვ-ს წინააღმდეგ ბრძოლაში დახელოვნებული სპეციალისტის, დ-რ სესილ რაიტის, რჩევა შემდეგში მდგომარეობს: „საჭიროა ქორწინებამდე სქესობრივი ურთიერთობისგან თავის შეკავება“. მონრეალის მაკგილის უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატომიის მეცნიერებათა პროფესორი, დ-რ ალექს ფერენცი, მსგავს აზრს გამოთქვამს: „საშვილოსნოს ყელის კიბოს ასარიდებლად . . . საჭიროა, სქესობრივი პარტნიორებიდან ორივეს მხოლოდ ერთმანეთთან ჰქონდეთ ურთიერთობა“.
ამგვარად, ადამიანები, რომლებიც ბიბლიის ზნეობრივი პრინციპების თანახმად ცხოვრობენ, ნაკლებად ინფიცირდებიან აპვ-თი და მათ ამ ვირუსით გამოწვეული კიბოს განვითარების ნაკლები საფრთხე ემუქრებათ. ამის მიზეზი ის არის, რომ ბიბლია განსჯის ცოლ-ქმარს გარდა, სხვებთან სქესობრივ კავშირს. ღვთის სიტყვა ცოლ-ქმარს მოუწოდებს, ერთმანეთის ერთგულები იყვნენ და ქრისტიანებს შეაგონებს, დაქორწინდნენ მხოლოდ მათზე, ვინც ბიბლიური პრინციპების თანახმად ცხოვრობს (1 კორინთელები 7:39; ებრაელები 13:4).
მნიშვნელოვანია, რომ პაპილომის ვირუსთან დაკავშირებით ადამიანს გარკვეული ცოდნა ჰქონდეს, რადგან ამ ინფექციის თავიდან არიდება, ჩვეულებრივ, შესაძლებელია. გარდა ამისა, მაშინაც კი, როდესაც ვინმეში უკვე თავს იჩენს ეს ინფექცია და ადამიანს მისი მიზეზით გამოწვეული დაავადების შორს წასული ფორმა აქვს, შესაძლებელია აპვ-ს მკურნალობა და დადებითი შედეგების მიღწევა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „თუ საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზის დადგენა ადრეულ ეტაპებზე მოხერხდა, ის თითქმის ყოველთვის იკურნება“.
ზნეობასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნის გარდა, ქალებისთვის საჭიროა, გათვითცნობიერებულნი იყვნენ იმაში, თუ რა დაავადებაა ეს და ესმოდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ისეთი ტესტების რეგულარულად გაკეთება, როგორიცაა პაპნაცხის ტესტი *. თუ ქალს რაიმე პათოლოგია აღმოაჩნდება, შეეძლება უმკურნალოს მას. მკურნალობასთან დაკავშირებით სათანადო თვალსაზრისის შესახებ კოლპოსკოპისტი, დ-რ მონსერატ ფლორესი, აღნიშნავს: „თუ ქალმა იცის, რამდენად სერიოზულია მისი პრობლემა, ის თავიდან აირიდებს ორ უკიდურესობას: 1) სათანადო ყურადღება არ მიაქციოს დაავადებას და არ მიჰყვეს ექიმის დანიშნულებას, რასაც შეიძლება კიბოს განვითარება მოყვეს და 2) კიბოს შიშმა შეიპყროს და ისეთი ქირურგიული პროცედურები ჩაიტაროს, რომელთა გაკეთებაც აუცილებელი არ არის“.
მეცნიერები განაგრძობენ ორგანიზმში აპვ-ს აღმოჩენის უფრო ეფექტური და ეკონომიური მეთოდების ძიებას. გარდა ამისა, მუშაობენ ვაქცინებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც დაინფიცირების არიდებას, ისე უკვე განვითარებული დაავადების განკურნებას.
სტატიის დასაწყისში მოხსენიებული კრისტინას უკანასკნელი ტესტის შედეგი დამაკმაყოფილებელი იყო, მაგრამ ის მაინც განაგრძობს ყოველ ექვს თვეში ერთხელ კოლპოსკოპიის გაკეთებას. მას შემდეგ, რაც ბევრი გაიგო საკუთარი დაავადების შესახებ, კრისტინა ამბობს: „მაშინაც კი, როდესაც აპვ-ს მატარებლები ვართ, ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად“.
[სქოლიოები]
^ აბზ. 2 სახელი შეცვლილია.
^ აბზ. 7 საშვილოსნოს ყელი არის ქალის საშოსა და საშვილოსნოს შორის, საშვილოსნოს ქვედა შევიწროებულ უბანზე არსებული არხი.
^ აბზ. 14 ამ ტესტს ეწოდა მისი შემომღების, ბერძენი ექიმის, ჯორჯ პაპანიკოლაუს, სახელი.
^ აბზ. 23 შეერთებული შტატების კიბოს ეროვნული ინსტიტუტის რჩევის თანახმად, ეს ტესტი ქალმა 18 წლის ასაკიდან ან სქესობრივად აქტიური ცხოვრების დაწყებიდან უნდა გაიკეთოს.
[ჩარჩო 22 გვერდზე]
ზომები, რომლებსაც ქალები იღებენ
საჭიროა პაპნაცხის რეგულარულად აღება, სიგარეტისგან თავის შეკავება და ჯანსაღი დიეტა — დიდი რაოდენობით ბოსტნეული, ხილი და მარცვლოვნები. ზოგიერთი გამოკვლევის თანახმად, კაროტინების, ვიტამინ A-ს, C-სა და E-ს, აგრეთვე ფოლიუმმჟავას მიღება ამცირებს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკს.
[ჩარჩო/სურათი 23 გვერდზე]
მომაკვდინებელი ვირუსი
ადამიანის პაპილომის ვირუსი (აპვ) მთელ მსოფლიოში სქესობრივი გზით გადამდები ყველაზე ხშირი ინფექციაა. გარდა ამისა, განვითარებად ქვეყნებში ის არის საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი ძირითადი მიზეზი. მსოფლიო მასშტაბით საშვილოსნოს კიბოთა შორის საშვილოსნოს ყელის კიბო მეორე ადგილზეა.
[საავტორო უფლება]
© Science VU/NCI/Visuals Unlimited
[სურათი 23 გვერდზე]
დ-რ ჯორჯ პაპანიკოლაუ, რომელმაც შემოიღო პაპნაცხის ტესტი.