მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
უნაყოფობა. თუმცა სამედიცინო განათლება არა მაქვს, დიდი ინტერესით წავიკითხე სტატიათა სერია „უნაყოფობა — ახალი მიდგომა, ახალი კითხვები“ (8 ნოემბერი, 2004). ძალიან სასიამოვნოა იმის დანახვა, როგორ ძლიერ აფასებს იეჰოვა ადამიანის სიცოცხლეს. საკითხების ობიექტური განხილვა იეჰოვასადმი უფრო მეტ ნდობას გვივითარებს. ჩვენი კრების ტერიტორიაზე ბევრი სიხარულით იღებს ამ ჟურნალს.
ვ. პ. (რუსეთი).
დაქორწინების შემდეგ მე და ჩემს ქმარს ძალიან გვინდოდა, შვილები გვყოლოდა. მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ახლა, მას შემდეგ, რაც წლები გავიდა, სტატიათა ამ სერიაში წავაწყდით ჩვენთვის მტკივნეულ საკითხს. ნამდვილად ძალების მომცემია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა თავის დროზე გვაძლევს სულიერ საკვებს. ძალიან ძნელია იმის მოსმენა, როცა გეუბნებიან, რომ შვილი არასოდეს გეყოლება. პირადი კვლევისა და ამ სტატიის საშუალებით გავიგე, რომ მსგავს მდგომარეობაში სხვა წყვილებიც არიან, რამაც ძალიან მანუგეშა. მე და ჩემი მეუღლე თავს ბედნიერად ვგრძნობთ, რომ შეგვიძლია სრულად მივუძღვნათ დრო იეჰოვასადმი მსახურებას.
ტ. ო. (შეერთებული შტატები).
ვიტილიგო. ძალიან დიდი მადლობა სტატიისთვის „რა არის ვიტილიგო?“ (8 ნოემბერი, 2004). ხუთი წელია, რაც ეს დაავადება მაქვს. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ უკეთ შემიძლია მასთან გამკლავება. მიხარია, რომ იმ ქრისტიანულ ორგანიზაციას მივეკუთვნები, რომელიც ძალიან ზრუნავს თითოეულ ჩვენგანზე.
კ. ჰ. (გერმანია).
ეს დაავადება, რომ არ გავაზვიადო, გონებრივად და ემოციურად ძალიან დამღლელია. იეჰოვა გვასწავლის, რომ უფრო მეტად თანავუგრძნოთ ერთმანეთს. მოუთმენლად ველი იმ დროს, როდესაც ბუნებრივი ფერი კვლავ დამიბრუნდება.
ბ. უ. (შეერთებული შტატები).
ბოლო 25 წელია, რაც ვიტილიგოს დაავადება ემოციურად მანადგურებს. იმის გაგებამ, რომ სხვებიც განიცდიან მსგავს ემოციურ ტკივილს, ძალიან მანუგეშა. ბევრს არასწორი წარმოდგენა აქვს ვიტილიგოს შესახებ, მაგრამ ამ სტატიის საშუალებით ისინი ზუსტ ინფორმაციას მიიღებენ. დიდი მადლობა ამ საკითხის გაშუქებისთვის.
კ. ს. (იაპონია).
დაახლოებით 30 წელია, რაც ეს დაავადება მაქვს. ბავშვობაში თანატოლები მასხრად მიგდებდნენ გარეგნობის გამო. ვისწავლე, თუ როგორ დავძლიო ემოციური ტკივილი. სიბონგილის მსგავსად, გადავწყვიტე, სხვები გავამხნეო ბიბლიური დანაპირებით, რომ იეჰოვა მალე ბოლოს მოუღებს ავადმყოფობას და მისით გამოწვეულ წუხილს, რაც ასეთ დიდ ტკივილს გვაყენებს.
ე. მ. (ჩეხეთის რესპუბლიკა).
ჩემს 19 წლის გოგონას ეს დაავადება აქვს. არავინ იცის, რამდენი ცრემლი დაუღვრია მას და რამდენჯერ მიუმართავს ლოცვით იეჰოვასთვის. მას უყვარს იეჰოვა და ახლახან სრული დროით მსახურება დაიწყო. მადლობლები ვართ, რომ ასეთ სტატიებს ბეჭდავთ, რაც იმის დანახვაში გვეხმარება, თუ რამდენად ზრუნავს იეჰოვა ჩვენზე.
ს. ს. (იაპონია).
სრული დროით ვმსახურობ. ძალიან რთულია იმის გადმოცემა, თუ რას განვიცდი, როდესაც ჩემი ლაქებიანი კანის გამო სხვები განცვიფრებულები მიყურებენ და ყოყმანობენ, ჩამომართვან თუ არა ხელი ან გადამეხვიონ. ამ სტატიამ, რომლითაც ზუსტ ინფორმაციას გადმოსცემთ და, რომლითაც სხვებისადმი მზრუნველობას ავლენთ, ძალიან მანუგეშა. დიდი მადლობა ამ სტატიისთვის. ბევრმა გაიგო, რომ ეს დაავადება არ არის გადამდები; ჩვენ კი დავინახეთ, რომ იეჰოვა თითოეულ ჩვენგანზე ზრუნავს.
კ. ს. (შეერთებული შტატები).