არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოდი ერთად ვესტუმროთ კუნძულ მენს

მოდი ერთად ვესტუმროთ კუნძულ მენს

მოდი ერთად ვესტუმროთ კუნძულ მენს

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის დიდი ბრიტანეთიდან

იცით, სად შეგიძლიათ ნახოთ გიგანტური ზვიგენი? ირლანდიის ზღვაში მდებარე ულამაზეს კუნძულ მენთან ახლოს. ეს უწყინარი თევზი ხუთ ტონას იწონის და მხოლოდ პლანქტონით იკვებება. მის სანახავად ტურისტები გემით მიცურავენ კუნძულ მენიდან, რომელიც ინგლისიდან, ირლანდიიდან, შოტლანდიიდან და უელსიდან თითქმის ერთი და იმავე მანძილით არის დაშორებული. ეს „ეკოტურიზმის განვითარების საუკეთესო საშუალებაა“, — აღნიშნავს ადგილობრივი ნატურალისტი ბილ დეილი.

როგორ გამოიყურება კუნძული მენი? მისი ფართობი 570 კვადრატული კილომეტრია. კუნძულზე მოყავისფრო ერიკით დაფარული ბევრი მოშიშვლებული ადგილი, მწვანე ველი, ტბა, ნაკადული, თვალწარმტაცი უბე და ციცაბო კლდეა. ამ დასერილი სანაპირო ზოლის მქონე კუნძულზე 70 000 ადამიანი ცხოვრობს. მოდი ერთად დავათვალიეროთ დიდი ბრიტანეთის კუნძულებში შემავალი ეს ისტორიული მნიშვნელობის ადგილი და მისი ღირსშესანიშნაობები.

ტურისტებისთვის მიმზიდველი

ხშირად ამ ისტორიული მნიშვნელობის მქონე კუნძულის დამთვალიერებლებს იქ მობინადრე მენური კატის ნახვის სურვილი აქვთ. ამ უჩვეულო ცხოველს სახე კატას მიუგავს, მაგრამ მას უკანა კიდურები წინასთან შედარებით საგრძნობლად გრძელი აქვს, რის გამოც კურდღელს წააგავს. აღსანიშნავია ისიც, რომ მენურ კატას კუდი არა აქვს. თუმცა ზუსტად არავის შეუძლია თქვას, საიდან წარმოიშვა ეს ცხოველი, არსებობს მოსაზრება, რომ საუკუნეებით ადრე მეზღვაურებმა აზიის იმ ნაწილიდან ჩამოიყვანეს კნუტები, სადაც უკუდო კატები ბინადრობენ და ეს ჯიში ასე გამრავლდა კუნძულზე.

დამთვალიერებლებისთვის აგრეთვე ძალიან საინტერესოა კუნძულ მენზე ყოველწლიურად გამართული მოტორბოლისთვის, „ტურისტული ტროფეისთვის“, თვალყურის დევნება. მოტორბოლაში მონაწილეები კუნძულის მთავარ გზებზე 60 კილომეტრზე მეტ მანძილს გადიან. აქ პირველი შეჯიბრი 1907 წელს მოეწყო და მონაწილეები საშუალოდ 65 კილომეტრს ფარავდნენ საათში. დღეს გამარჯვებული საშუალოდ 190 კილომეტრს გადის საათში. რასაკვირველია, ეს სახიფათო სპორტის სახეობაა, რადგან წლების მანძილზე მოტორბოლელების სიცოცხლეც კი შეიწირა *.

კუნძულის დედაქალაქ დაგლასში ზღვის სანაპიროს გასწვრივ მიმავალი ცხენშებმული ვაგონები და ასევე 24 კილომეტრზე გაყვანილი ორთქლის წევის რკინიგზა ძველ დროს გვაგონებს. ეს სარკინიგზო ქსელი სტანდარტულზე უფრო ვიწროლიანდიანია. 100 წელზე მეტი ხნის წინ კი კუნძულ მენზე ელექტრული რკინიგზა გაიყვანეს. ტრამვაის ზოგი ხაზი ისეა გაყვანილი, რომ მენის უმაღლეს მწვერვალზე, სნეიფელზეც კი ადის, რომელიც ზღვის დონიდან 600 მეტრზე მაღლა მდებარეობს.

ლაკსის წყალსაწევი ბორბალი

ლაკსის დიდი მაღაროდან ტყვიის, ვერცხლისა და თუთიის მოპოვება მნიშვნელოვან როლს თამაშობდა კუნძულის განვითარებაში. ლაკსის უზარმაზარი წყალსაწევი ბორბალი 1854 წელს ვიქტორიანული ეპოქის ინჟინრებისა და მისი დამპროექტებლის, ადგილობრივი თვლების ოსტატის ვაჟის, რობერტ კასმენტის, ოსტატობით შესრულებული დიდებული მონუმენტია. ამ წყალსაწევ ბორბალს, რომლის დიამეტრიც 20 მეტრს აღემატება, წყლის ძალით ატრიალებდნენ. წყალი მაღლობზე მდებარე წყალსატევიდან მოედინებოდა. წყალსაწევი ბორბალი წუთში ორ–ნახევარჯერ ბრუნავდა და 360 მეტრი სიღრმიდან 950 ლიტრ წყალს ქაჩავდა. შედეგად მაღაროში წყალი აღარ გროვდებოდა. ბორბლის ამძრავი ლილვი მაღაროში წყალსატუმბ სისტემას ამოძრავებდა. ბორბლის ღერძი 10 ტონას იწონის.

სამხრეთით, ამ წყალსაწევი ნაგებობის კედელზე 2 მეტრი დიამეტრის ლითონის აბრაა მიმაგრებული, რომელზეც „ადამიანის სამი კიდურია“ გამოსახული. ეს ემბლემა დღეს კუნძულ მენის სიმბოლოდ გამოიყენება. საიდან იღებს ეს ემბლემა სათავეს და რა მნიშვნელობა აქვს მას?

პირველად „ადამიანის სამი კიდური“ ახ. წ. 1246 წლისთვის გამოჩნდა სპეციალურ სიგელზე, როგორც კუნძულის ოფიციალური სიმბოლო. მსგავსი გამოსახულება აღმოჩენილ იქნა ძვ. წ. VI საუკუნით დათარიღებულ ბერძნულ ლარნაკზე, რითაც ბერძნული ჯვარი, სვასტიკაა, წარმოდგენილი. ის მზის თაყვანისმცემლობასთან არის დაკავშირებული და, ჩვეულებრივ, მზის სხივების სიმბოლოს წარმოადგენს. როგორ გაჩნდა ეს ემბლემა კუნძულ მენზე? ის შესაძლოა ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან სიცილიასთან ვაჭრობის დროს შემოიტანეს; ეს სიმბოლო კუნძულ სიცილიაზეც გამოიყენებოდა. ან შეიძლება ის სკანდინავიელების ანუ ვიკინგების მონეტებზე გამოსახული სიმბოლოდან აიღეს. ჯავშანზე გამოსახული სამი კიდური, რომელიც დღემდეა შემორჩენილი, მოგვიანებით კუნძულ მენის მეფეებმაც გადაიღეს.

კუნძულის ისტორია

ახ. წ. 43 წელს რომაელებმა ინგლისი დაიპყრეს და დაახლოებით 400 წელი მართავდნენ. მაგრამ ისე ჩანდა, რომ მათ მხედველობიდან გამორჩათ კუნძული მენი, რომელსაც იულიუს კეისარმა „მონა“ უწოდა. IX საუკუნეში კუნძულზე სკანდინავიელები შეიჭრნენ და XIII საუკუნის შუა პერიოდამდე დარჩნენ. ეს უშიშარი მომთაბარენი კუნძულს ვაჭრობისა და მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმებისთვის ხელსაყრელ ადგილად მიიჩნევდნენ. ამ წლების განმავლობაში ტინვოლდი, მენის პარლამენტი, ჩამოყალიბდა. ფიქრობენ, რომ ეს მსოფლიოში ერთადერთი უძველესი პარლამენტია, რომელიც დღემდე მართავს კუნძულს *.

მოგვიანებით, კუნძულ მენს დროის სხვადასხვა მონაკვეთში მართავდა შოტლანდია, უელსი, ირლანდია, ინგლისი და ნორვეგია. 1765 წელს კი კუნძული ბრიტანეთის პარლამენტმა იყიდა. დღეს კუნძულის მმართველი დიდი ბრიტანეთის დედოფლის პირადი წარმომადგენელია. თავად კუნძული დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ ერთეულად ითვლება, რადგან ის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მდებარეობს და ფინანსური თვალსაზრისით ხელსაყრელ ადგილს წარმოადგენს. კუნძულს აგრეთვე აქვს თავისი საფოსტო მარკები და ფული, რომლის კურსიც ბრიტანული ფულის ეკვივალენტია.

კელტურ ენათა ჯგუფში შემავალი მენური ენა

კუნძულ მენზე ლაპარაკობენ უძველეს ენაზე, მენურზე. ეს ენა შედის კელტურ ენებში, ინდოევროპულ ენათა ერთ–ერთ ჯგუფში. მენური ენა წარმოიშვა ირლანდიური გაელურისა და მისი მონათესავე შოტლანდიური გაელური ენის საფუძველზე. 100 წელზე მეტი ხნის წინათ მენური ენის შესახებ ითქვა, რომ „ეს ენა სამხრეთ განედისკენ მცურავი აისბერგის მსგავსად უჩინარდება“. და ეს სინამდვილეში ასეც მოხდა. მშობლიურ მენურზე მოლაპარაკე უკანასკნელი ადამიანი 1974 წელს 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაგრამ ამჟამად მენური, როგორც კუნძულის მდიდარი მემკვიდრეობის ნაწილი, სკოლებში კვლავ ისწავლება.

ირლანდიური ან შოტლანდური გაელურისგან განსხვავებით, მენურს 1610 წლამდე დამწერლობა არ ჰქონდა. მენურზე პირველი წიგნი „ქრისტიანული პრინციპები და მოვალეობები“ 1707 წელს დაიბეჭდა. შემდეგ სხვა წიგნებიც გამოიცა.

დაახლოებით 1763 წელს ხალხი დაჟინებით ითხოვდა, რომ ბიბლია ეთარგმნათ მენურზე, რადგან ამ ენაზე იმ დროისთვის კუნძულის მოსახლეობის ორი მესამედი ლაპარაკობდა. შეზღუდული შესაძლებლობებისა და სწავლულთა სიმცირის გამო ბიბლიის სხვადასხვა წიგნის თარგმანი მხოლოდ 1748 წლიდან გამოჩნდა. 1775 წელს სპეციალურად სასულიერო პირებისთვის დაიბეჭდა მთლიანი ბიბლიის ორმოცი ეგზემპლარი, 1819 წელს კი ყველასთვის გამოიცა 5 000 ეგზემპლარი. როგორი იყო შედეგი? ერთმა ქალმა, რომელსაც მენურ ენაზე გამოცემული საღვთო წერილი პირველად ვაჟმა წაუკითხა, გულაჩუყებულმა თქვა: „დღემდე სიბნელეში ვიყავით“.

1611 წლით დათარიღებული ინგლისურ ენაზე გამოცემული „მეფე ჯეიმზის თარგმანიდან“ მენურ ენაზე ბიბლია 25 მამაკაცმა თარგმნა; მათგან რამდენიმეს აგრეთვე შეეძლო ებრაული წერილების ბერძნული თარგმანი, სეპტუაგინტა, გამოეყენებინა. მენურ ენაზე თარგმნილ ბიბლიაში ღვთის სახელი იეჰოვა ინგლისურის მსგავსად არის გადმოტანილი *. სინამდვილეში, როგორც 1895 წელს უ. ტ. რადკლიფმა დაწერა, ბიბლია „შესანიშნავი ლიტერატურული ძეგლია, რომლის სწავლაც არც ერთ განათლებულ მენელს არ მობეზრდება“.

ქრისტიანობა დღეს

კუნძულის მცხოვრებლები დღესაც პატივს სცემენ ბიბლიას; იეჰოვას მოწმეები იქ ბიბლიის შესწავლებით არიან ცნობილნი. მათ ბოლო სამეფო დარბაზი 1999 წლის მაისში ააშენეს დაგლასის ულამაზეს ადგილას, ბელმანტის გორის ძირას. როდესაც მოხალისეებად მომსახურე იეჰოვას მოწმეებმა ამ დარბაზის მშენებლობა სულ რაღაც ექვს დღეში დაასრულეს, კუნძულ მენის დამკვირვებელმა განაცხადა: „ამას შეიძლება პატარა სასწაული ვუწოდოთ“.

თუ ამ თვალწარმტაც კუნძულზე სტუმრობის შესაძლებლობა მოგეცემათ, შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ თავაზიანი კუნძულელები თქვენს სტუმრობას სასიამოვნოსა და დაუვიწყარს გახდიან. მაგრამ ფრთხილად იყავით მენელ მამაკაცთან საუბრისას: მისთვის „კონტინენტი“ კუნძული მენია, ხოლო ინგლისი — „ერთ–ერთი კუნძული“.

[სქოლიოები]

^ აბზ. 7 იხილეთ 1988 წლის 22 სექტემბრის „გამოიღვიძეთ!“-ში (ინგლ.) მოცემული სტატია, რომელიც ფრედ სტივენზე, „ტურისტულ ტროფეიში“ მონაწილე ყოფილ მოტორბოლელზე, მოგვითხრობს.

^ აბზ. 14 ორი პარლამენტი — ფარერული და ისლანდიური — უფრო ადრე ჩამოყალიბდა, მაგრამ დღეს არც ერთი არ ფუნქციონირებს.

^ აბზ. 20 ღვთის სახელი ირლანდიურ და შოტლანდიურ გაელურში გადმოდის, როგორც Yehobhah, ხოლო უელსურში — Jehofah.

[რუკა 14 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ირლანდია

შოტლანდია

ინგლისი

უელსი

ირლანდიის ზღვა

კუნძული მენი

[სურათი 15 გვერდზე]

ტრამვაი კუნძულ მენზე.

[სურათი 15 გვერდზე]

ლაკსის უზარმაზარი წყალსაწევი ბორბალი.

[სურათი 14, 15 გვერდებზე]

ორთქლის წევის რკინიგზა კუნძულ მენზე.

[სურათი 15 გვერდზე]

კუნძულ მენზე მობინადრე უკუდო კატა.

[სურათი 16 გვერდზე]

გიგანტური ზვიგენი.

[სურათი 16 გვერდზე]

ხედი პილ–ჰილიდან.

[სურათი 16, 17 გვერდებზე]

პილის ნავსადგური; უკანა ხედზე მოჩანს პილის ციხესიმაგრე.

[სურათის საავტორო უფლება 15 გვერდზე]

All photos except center emblem: Copyright Bill Dale, IsleOfManPhotos.com

[სურათის საავტორო უფლებები 16 გვერდზე]

Shark: The Basking Shark Society; right inset and background: Copyright Bill Dale, IsleOfManPhotos.com