არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ ქურდობენ მაღაზიებში?

რატომ ქურდობენ მაღაზიებში?

რატომ ქურდობენ მაღაზიებში?

„მე ამას ქურდობად არ მივიჩნევ. ჩემი აზრით, ეს მდგომარეობით გამოწვეული ეკონომიკური რესურსების გადანაწილებაა“ (ანგლიკანური ეკლესიის მღვდელი).

ლეგენდებში თუ არის საერთოდ სიმართლის რაიმე მარცვალი, რობინ ჰუდი სრულიად სამართლიანად მიიჩნევდა ქურდობას. ინგლისური ფოლკლორის თანახმად, ის მდიდრებს ძარცვავდა და მათ ქონებას ღარიბებს ურიგებდა. სასულიერო პირიც, რომლის სიტყვებიც ზემოთ მოვიყვანეთ, სიღარიბეს ქურდობის საფუძვლიან მიზეზად მიიჩნევს. მათ შესახებ, ვინც მაღაზიებში ქურდობს, ის ამბობს: „ყოველმხრივ თანავუგრძნობ ამ ადამიანებს და ვფიქრობ, რომ ისინი სრულიად უდანაშაულონი არიან“. მისი აზრით, დიდმა მაღაზიებმა წელიწადში ერთხელ კარი უნდა გაუხსნან ღარიბებს და ნება მისცენ, უფასოდ წაიღონ ყველაფერი, რაც კი თაროებზე აწყვია.

აღსანიშნავია, რომ ბევრს, ვინც მაღაზიებში გასაყიდ საქონელს იპარავს, ქურდობისკენ სიღარიბე არ უბიძგებს. მაღაზიაში ქურდობისთვის იაპონიაში პოლიციის ორი თანამშრომელი დააკავეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში არაკომერციული სასურსათო კოოპერატივის ერთ–ერთ მეპატრონეს წაასწრეს კოოპერატივის მაღაზიაში ქურდობის ფაქტზე. მოზარდები, რომლებსაც აქვთ ფული, ხშირად იმ ნივთებს იპარავენ, რომლებიც არაფრად სჭირდებათ. რა უბიძგებს ხალხს მაღაზიებში ქურდობისკენ?

„სასიამოვნო გრძნობაა“

ემოციების მოზღვავება. შიშის განცდა. საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება. წინა სტატიაში მოხსენიებული გოგონების მსგავსად, ბევრი, ვინც მაღაზიებში იპარავს, სწორედ ამას განიცდის. ასეთი შეგრძნებების განსაცდელად ისინი მზად არიან ისევ და ისევ მოიპარონ. ერთი ქალი ამბობს, თუ რას გრძნობდა პირველი ქურდობის შემდეგ: „ამ დროს მძაფრი გრძნობები დამეუფლა. მე ეს მოვახერხე და სწორედ ამან გამოიწვია ჩემში ასეთი განცდები!“ იმის შესახებ კი, რასაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქურდობის დროს გრძნობდა, მან მოგვიანებით თქვა: „მრცხვენოდა საკუთარი საქციელის, მაგრამ, ამავე დროს, თავს ბედნიერად ვგრძნობდი. ეს ნამდვილად გამომაცოცხლებელი გრძნობა იყო. ვქურდობდი, მაგრამ ვერ მიჭერდნენ, რაც საკუთარ ძალებში მარწმუნებდა“.

ახალგაზრდა, სახელად ჰექტორი, ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მაღაზიებში ქურდობას თავი დაანება, რამდენიმე თვის განმავლობაში ქურდობის ძლიერი სურვილი ისევ და ისევ უჩნდებოდა *. «ეს სურვილი მოსვენებას არ მაძლევდა. ვიდექი მაღაზიაში, ვუყურებდი მაგალითად რადიოს და ვფიქრობდი: „რა ადვილი მოსაპარია. შემიძლია აქედან ისე გავაქრო, რომ ვერავინ დამინახოს“».

ზოგს, ვინც მძაფრი განცდებისთვის ქურდობს, სულაც არ სჭირდება მოპარული ნივთები. ინდოეთში გამომავალ ერთ გაზეთში ნათქვამი იყო, რომ „ფსიქოლოგების აზრით, ასეთ ადამიანებს იმის კეთება იტაცებთ, რაც აკრძალულია . . . ზოგი მათგანი მოგვიანებით აბრუნებს კიდეც მოპარულ საქონელს“.

სხვა მიზეზები

დეპრესია ათობით მილიონი ადამიანის მტერია. ზოგ შემთხვევაში, ადამიანის დეპრესიული მდგომარეობა ცუდ საქციელში ვლინდება — ისეთ მოქმედებაშიც კი, როგორიც მაღაზიაში ქურდობაა.

შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ ერთი 14 წლის გოგონას შემთხვევა. ის მატერიალურად სრულიად უზრუნველყოფილი იყო. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, სასოწარკვეთილებას მოეცვა. „ამ გრძნობას ვერანაირად ვერ ვიშორებდი თავიდან“, — ამბობს ეს გოგონა. მან ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გამოყენება დაიწყო. მოგვიანებით კი მაღაზიაში ქურდობისთვის დაიჭირეს. ამას თვითმკვლელობის ორი მცდელობა მოჰყვა.

თუ ჩვეულებრივ კარგი ყოფაქცევის ბავშვი მოულოდნელად მაღაზიაში ქურდობას იწყებს, მშობლებმა სერიოზული ყურადღება უნდა მიაქციონ მის ემოციურ მდგომარეობას. დოქტორი რიჩარდ მაკ–კენზი, რომლის სპეციალიზაციაც მოზარდთა ჯანმრთელობაა, ამბობს: „ჩემი ღრმა რწმენით, თქვენი ბავშვის ნებისმიერი სახის უჩვეულო მოქმედებისას ეჭვი უპირველესად დეპრესიაზე უნდა გქონდეთ, ვიდრე ბავშვის მოქმედება სხვაგვარად არ იქნება ახსნილი“.

ზოგი მოზარდი მაღაზიებში ქურდობას თანატოლების წრეში აღიარების მოსაპოვებლად იწყებს. შესაძლოა თანატოლები მას მხოლოდ ასეთ შემთხვევებში აღიარებენ თავიანთ მეგობრად. ზოგჯერ კი მაღაზიებში ქურდობის მიზეზი მხოლოდ მოწყენილობაა. გარდა ამისა, პროფესიონალი ქურდებისთვის ნაქურდალი შემოსავლის ძირითადი წყაროა. რაც უნდა იყოს მიზეზი, ქურდებს მაღაზიებიდან ყოველდღიურად მილიონობით დოლარის საქონელი გააქვთ. ცხადია, ვიღაცას უწევს საფასურის დაფარვა.

[სქოლიო]

^ აბზ. 7 ამ სტატიებში ზოგიერთი სახელი შეცვლილია.

[ჩარჩო 5 გვერდზე]

კლეპტომანია

„ჯერ კიდევ მოზარდი ვიყავი, როცა მაღაზიებში ქურდობა დავიწყე, — ამბობს მარია. — ქურდობის სურვილი თანდათანობით იმდენად გამიმძაფრდა, რომ დღეში 500 დოლარამდე ღირებულების საქონელს ვიპარავდი.

ჩემი მიზანი რაღაცის მოპარვა არ არის, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვერევი. ქურდობის სურვილი მერევა. ძალიან მინდა, რომ შევიცვალო“. რადგანაც მარიას საკუთარი იმპულსური მოქმედების კონტროლი უჭირს, ის ფიქრობს, რომ მისი პრობლემა კლეპტომანიაა.

„კლეპტომანია“ ნიშნავს ქურდობის გადაულახავ, ავადმყოფურ სურვილს, განსაკუთრებით კი ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული მიზეზების გარეშე. ეს უბრალოდ მიდრეკილება არაა, ის სერიოზული ემოციური პრობლემებით არის გამოწვეული.

ზოგი სრულიად უსაფუძვლოდ, ჩვეულებრივ ქურდებსაც კლეპტომანებს უწოდებს, მაგრამ ექიმების აზრით, ნამდვილი კლეპტომანია საკმაოდ იშვიათია. „ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის“ მონაცემების თანახმად, მათგან, ვინც მაღაზიებში ქურდობს, 5 პროცენტიც არ არის კლეპტომანი. ამიტომაც საჭიროა დაფიქრება, ვიდრე მაღაზიაში ქურდობას კლეპტომანიის მიზეზით ავხსნიდეთ. შესაძლოა ადამიანი მაღაზიაში სულ სხვა მიზეზით იპარავდეს.

[სურათი 5 გვერდზე]

მზრუნველი მშობლები ცდილობენ იმის გამორკვევას, თუ რატომ იწყებს ბავშვი მაღაზიებში ქურდობას.