რა ხდება მსოფლიოში
რა ხდება მსოფლიოში
ჩვილებს ესმით მუსიკა
„ჩვილები მანამდეც კი რეაგირებენ მუსიკის ხმაზე, ვიდრე ლაპარაკს ისწავლიან“, — ნათქვამია ჟურნალ „საიენტიფიკ ამერიკენში“. როგორც ჟურნალი იუწყება, ჩვილებს შეუძლიათ აღიქვან სხვადასხვა ტონალობები და შეამჩნიონ ტემპისა და რიტმის ცვლილება. მათ მაშინაც კი შეუძლიათ ნაცნობი მელოდიის ამოცნობა, როდესაც ის სხვა ტონალობაშია შესრულებული. ორი თვის ბავშვს ჰარმონიული მელოდიის (კონსონანსი) მოსმენა ურჩევნია არაჰარმონიული მელოდიის (დისონანსი) მოსმენას. ბელფასტის სამეფო უნივერსიტეტის თანამშრომელმა პიტერ ჰეპერმა „აღმოაჩინა, რომ დაბადებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე ნაყოფს შეუძლია პოპულარული ტელეგადაცემის თანმხლები მუსიკა — რომელსაც დედა ყოველდღიურად ისმენს მშობიარობამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში — გაარჩიოს უცნობი სიმღერისგან“, — დასძენს ჟურნალი.
შავ ზღვაში მდგომარეობა უმჯობესდება
შავ ზღვაში დღეს უფრო მეტი დელფინი, კიბორჩხალა და კრევეტია (ზღვის ბინადარნი, რომლებიც, ჩვეულებრივ, დაბინძურებულ წყალში კვდებიან), ვიდრე უწინ, — ნათქვამია ერთ უკრაინულ გაზეთში (Demokratychna Ukraina). ოდესის ნავსადგურშიც კი, რომელიც შავი ზღვის ყველაზე დაბინძურებულ ადგილად არის მიჩნეული, კვლავ მომრავლდნენ ნემსთევზები. „ხანგრძლივი დაბინძურების შემდეგ შავი და აზოვის ზღვის ეკოსისტემა ნელნელა უმჯობესდება“, — განაცხადა სამხრეთის ოკეანის შემსწავლელი ბიოლოგიის ინსტიტუტის ოდესის ფილიალის დირექტორმა ბორის ალექსანდროვმა. რამ გახადა შესაძლებელი ეკოსისტემის გაუმჯობესება? სამეცნიერო ჟურნალ „საიენს ნიუსში“ ნათქვამია: „საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთში, უკრაინაში, მოლდავეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობის გამო მნიშვნელოვნად შემცირდა სოფლის მეურნეობაში სასუქის გამოყენება. ამიტომაც 90–იანი წლებიდან შავ ზღვაში გაცილებით ნაკლები რაოდენობის ნიტრატები ხვდება, ვიდრე უწინ“. მართალია, ნიტრატების შემცირებამ შავ ზღვას სარგებლობა მოუტანა, მაგრამ „ეკონომიკისა თუ სოფლის მეურნეობის დაცემით შეუძლებელია მკვდარი ზღვის რეგიონის მთლიანად გაკონტროლება“, — აღნიშნულია ჟურნალში. პლიმუთის (ინგლისი) უნივერსიტეტის პროფესორი ლორენს მიი, რომელიც იკვლევს საზღვაო–სანაპირო ზოლის ეკოლოგიურ მდგომარეობას, სხვა გამოსავალს გვთავაზობს. ის ამბობს: „იმისათვის, რომ შევამციროთ ნიტრატების ზღვაში მოხვედრა, უნდა ვისწავლოთ სოფლის მეურნეობის გონივრულად მართვა“.
მორწყვა კანალიზაციის წყლით
„მსოფლიოში სასარგებლო მცენარეების ერთი მეათედი კანალიზაციის წყლით ირწყვება“, — ნათქვამია ერთ ავსტრიულ გაზეთში (Der Standard). ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ისეთი მცენარეები, როგორიცაა პამიდორი და ქოქოსი, ამ გზით მოჰყავთ. „კანალიზაციის წყალი, რომელიც უმეტესწილად არ იწმინდება, დიდი ქალაქებიდან პირდაპირ სარწყავ სისტემებში ჩაედინება“, — აღნიშნულია გაზეთში. იქვე ციტირებულია მოსახლეობის წყლით მომარაგებასთან დაკავშირებული შრი–ლანკაში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის, კრისტ სკოტის, სიტყვები: „ბევრ ქვეყანაში დიდი ქალაქების სწრაფი ზრდის გამო მოსავლის მოსარწყავად ერთადერთი საშუალება კანალიზაციის წყლის გამოყენებაა“. ამავე გაზეთში ნათქვამია, რომ მსოფლიოში დაახლოებით 20 მილიონ ჰექტარ მიწაზე ფერმერებს სხვა არჩევანი არა აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი წყალი გამოიყენონ მოსავლის მოსაყვანად. მათთვის კანალიზაციის წყალი არა მარტო უფასო სასუქია, არამედ ერთადერთი სარწყავი საშუალება.
ტრეფიკინგი
„ყველაზე მომგებიან კომერციულ საქმიანობებს შორის, ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობის შემდეგ, ტრეფიკინგი პირველ ადგილზე დგას. ის შემოსავლის უდიდეს წყაროს წარმოადგენს საერთაშორისო კრიმინალური ჯგუფებისთვის. როგორც ვარაუდობენ, ტრეფიკინგს წელიწადში 6–დან 9 მილიარდამდე დოლარის მოგება მოაქვს“, — ნათქვამია ერთ საერთაშორისო გაზეთში (The Miami Herald). შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ–ერთი განყოფილების უფროსმა, ჯონ მილერმა (რომელიც იბრძვის ტრეფიკინგის წინააღმდეგ), ამ ბოლო დროს მეხიკოში გამართულ პრესკონფერენციაზე კორესპონდენტებს განუცხადა, რომ ტრეფიკინგის მიზნით წელიწადში დაახლოებით 17 500 ადამიანი ჩაჰყავთ შეერთებულ შტატებში. აქედან ერთი მესამედი მექსიკიდან ან მექსიკის გავლით გადაჰყავთ შტატებში. „რომ აღარაფერი ვთქვა უკანონო იმიგრაციაზე, კაცებს, ქალებსა და ბავშვებს აიძულებენ, მონურ პირობებში იცხოვრონ“, — თქვა მილერმა. მან ტრეფიკინგს სექსუალური ექსპლუატაცია და იძულებითი შრომა უწოდა. ასევე „21–ე საუკუნეში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ძირითადი საკითხი“.