გახშირდა სტიქიური უბედურებები?
გახშირდა სტიქიური უბედურებები?
„არსებობს საშიშროება, რომ კლიმატის ცვალებადობით გამოწვეულ ბუნებრივ კატაკლიზმებს მომავალში უფრო საშინელი შედეგები მოჰყვება. ეს ნიშნავს, რომ ამინდის უფრო სახიფათო მოვლენებსა და უფრო დიდ დანაკარგს უნდა ველოდეთ . . . ამიტომ, უსაფრთხოების წინასწარი ზომების მისაღებად საჭიროა გონიერების გამოვლენა და მკვეთრი ცვლილებისთვის კარგად მომზადება“. „გეოსაკითხები — ყოველწლიური მიმოხილვა: ბუნებრივი კატაკლიზმები, 2003 წელი“.
ევროპის უმეტეს ნაწილში 2003 წლის ზაფხულში მოსახლეობა სიცხისგან გაითანგა. ბელგიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ნიდერლანდებში, პორტუგალიასა და ესპანეთში ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო 30 000 ადამიანი დაიღუპა. ბანგლადეშში, ინდოეთსა და პაკისტანში მუსონების პერიოდში არნახულმა სიცხემ 1 500 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მაშინ როცა ავსტრალიაში გვალვისა და ძლიერი სიცხის გამო ტყეებში ხანძარი გაჩნდა და სამ მილიონ ჰექტარზე მეტი ფართობის მიწა გადაწვა.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ცნობით, „2003 წელს ატლანტის ოკეანეში ტროპიკული ციკლონის დროს 16 სახეობის ძლიერი ქარიშხალი ამოვარდა; ეს მაჩვენებელი საგრძნობლად აჭარბებს 1944—1996 წლებში მომხდარი შტორმების საშუალო წლიურ რაოდენობას. ამ პერიოდში წელიწადში საშუალოდ 9,8 შტორმი ფიქსირდებოდა. მაგრამ აღსანიშნავია, რომ გრიგალი შესამჩნევად გახშირდა 90-იანი წლების შუა პერიოდიდან“. 2004 წელსაც არაფერი შეცვლილა; კარიბის ზღვის რაიონში და მექსიკის ყურეში ძლიერი ქარიშხალი ამოვარდა, რომელმაც ყველაფერი მიწასთან გაასწორა და 2 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
2003 წელს შრი–ლანკას ტროპიკულმა ციკლონმა გადაუარა, რომელმაც საშინელი წყალდიდობა გამოიწვია და სულ მცირე 250 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 2004 წელს დაფიქსირდა ახალი „რეკორდული“ რიცხვი — წყნარი ოკეანის დასავლეთ სანაპიროზე სულ მცირე 23 ტაიფუნი ამოვარდა. აქედან ათმა იაპონიას გადაუარა,
რამაც ქვეყანას დიდი მატერიალური ზარალი მიაყენა და 170–ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სამხრეთ აზიაში, განსაკუთრებით კი ბანგლადეშში, ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობებმა დაახლოებით 30 მილიონი ადამიანი დააზარალა. მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, თითქმის სამი მილიონი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა, ხოლო 1 300 დაიღუპა.2003 წელს რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 21 მაისს ძლიერი მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ალჟირის დედაქალაქში 10 000 ადამიანი დაშავდა, ხოლო 200 000 უსახლკაროდ დარჩა. 26 დეკემბერს დილის 5 საათსა და 26 წუთზე ირანის ქალაქ ბამიდან სამხრეთით რვა კილომეტრში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 6,5 ბალის სიძლიერის მიწისძვრამ ქალაქის ნაგებობათა 70 პროცენტი მიწასთან გაასწორა, 40 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 100 000–ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა. იმ წელს ეს ყველაზე დამანგრეველი სტიქიური უბედურება იყო. თითქმის მთლიანად განადგურდა 2000 წლის წინ აგებული ბამის ციხესიმაგრე არგ–ი–ბამი — რეგიონის მთავარი ღირსშესანიშნაობა, რომელიც ტურისტებს იზიდავდა.
ზუსტად ერთ წელიწადში კუნძულ სუმატრას (ინდონეზია) დასავლეთ სანაპიროზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის მაგნიტუდა 9,0 იყო; შედეგად წარმოიქმნა ცუნამი, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა — ამდენი მსხვერპლი ისტორიას არ ახსოვს. ოკეანის ძალიან დიდი სიგრძის ტალღებმა 200 000–ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ბევრი დაშავდა და უსახლკაროდ დარჩა. ძლიერი ტალღების გამო ეპიცენტრიდან დასავლეთით 4 500 კილომეტრით დაშორებულ აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროზეც კი დაიღუპა ხალხი.
უფრო მეტი სტიქიური უბედურებაა მოსალოდნელი?
ნუთუ ეს მოვლენები არ ცხადყოფს, რა გველოდება მომავალში? ბევრი მეცნიერის აზრით, ადამიანების გავლენა ატმოსფეროზე იწვევს კლიმატის ცვალებადობას და ამინდის უფრო სახიფათო მოვლენებს. თუ ეს მოსაზრება ახლოსაა სიმართლესთან, არაფერს კარგს არ უნდა ველოდეთ. მდგომარეობას ისიც აუარესებს, რომ მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც იძულებულები არიან, საშიშ ზონაში იცხოვრონ, რადგან სხვაგან წასასვლელი არა აქვთ.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ სტიქიური უბედურებების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის 95 პროცენტი განვითარებად ქვეყნებზე მოდის. ამ მხრივ მდიდარ ქვეყნებში სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ ამ ქვეყნებს ეკონომიკური ზარალის 75 პროცენტის ანაზღაურება უწევთ. სადაზღვევო კომპანიები შიშობენ, რომ ერთმანეთზე მიყოლებული ბუნებრივი კატაკლიზმების გამო თანხები არ დარჩებათ და ვეღარ შეძლებენ ზარალის ანაზღაურებას.
მომდევნო სტატიაში განვიხილავთ სტიქიური უბედურებების გამომწვევ ეკოლოგიურ პროცესებს და ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, თუ როგორ აუარესებს მდგომარეობას ადამიანთა ჩარევა. აგრეთვე ვიმსჯელებთ იმის თაობაზე, აქვთ თუ არა ადამიანებს საჭირო ცვლილებების მოხდენის ძალა და სურვილი, რათა მომავალი თაობებისთვის დედამიწა უსაფრთხო საცხოვრებლად აქციონ.
[სურათი 3 გვერდზე]
საფრანგეთი, 2003 წელი. ევროპაში არნახული სიცხის გამო 30 000 ადამიანი დაიღუპა; ესპანეთში ამ წელს ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურა — 44,8°C დაფიქსირდა.
[საავტორო უფლება]
Alfred/EPA/Sipa Press
[სურათები 4, 5 გვერდებზე]
ირანი, 2003 წელი. ქალაქ ბამში მომხდარმა მიწისძვრამ 40 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა; ქალები თავიანთ მიცვალებულებს დასტირიან.
[საავტორო უფლება]
Background and women: © Tim Dirven/Panos Pictures