მილიარდი ადამიანის გამოკვების მცდელობა
მილიარდი ადამიანის გამოკვების მცდელობა
ყოველდღიურად მილიარდი ადამიანი განიცდის შიმშილს, რადგან საკმარისად ვერ იკვებება. როგორც გაერო აღნიშნავს, ხალხი არ უნდა იმყოფებოდეს ასეთ საშინელ მდგომარეობაში.
ორი ათასი წლის რვა სექტემბერს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა მსოფლიო ლიდერებს მიმართა: „როგორც ამბობთ, თქვენი უმთავრესი საზრუნავი უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრაა“. გაეროს მიერ გამართულ ათასწლეულის სამიტზე, რომელსაც მსოფლიოს უმაღლესი ძალაუფლების მქონე პირები ესწრებოდნენ, რამდენიმე მათგანმა გულწრფელი კომენტარი გააკეთა მსოფლიოში არსებული სიღარიბის შესახებ. ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა: „უკიდურესი სიღარიბე ადამიანს ღირსებას ულახავს“. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უფრო ფართოდ გააშუქა ეს საკითხი: „არსებობს სავალალო ფაქტები, რომ განვითარებულმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს აფრიკაში არსებული პრობლემის მოგვარება. ეს არცხვენს ჩვენს ცივილიზაციას“.
ამ ორმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოებმა სახელი გაიტეხეს, რადგან ისინი მაქსიმალურად არ შეეცადნენ, შიმშილი აღმოეფხვრათ. სამიტზე დამსწრეებმა — იმის ნიშნად, რომ მთელ მსოფლიოში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ძლიერი სურვილი აქვთ — პირობა დადეს, რომ მონაწილეობას მიიღებდნენ რვა პუნქტისგან შემდგარი რეზოლუციის განხორციელებაში. რეზოლუციაში ნათქვამია: „ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა ხალხი უკიდურესი სიღარიბით გამოწვეული დამამცირებელი და არაადამიანური პირობებისგან გავათავისუფლოთ; დღესდღეობით მილიარდზე მეტი ადამიანი იძულებულია, აიტანოს ასეთი პირობები . . . ჩვენ გადავწყვიტეთ: 2015 წლისთვის მთელ მსოფლიოში გავანახევროთ იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთა შემოსავალიც დღეში ერთ დოლარზე ნაკლებია და მათი, რომლებიც უკიდურესად შიმშილობენ“.
რა გაკეთდა ამ კეთილშობილური მიზნის განსახორციელებლად 2000 წლის სექტემბრიდან დღემდე?
საქმე მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვა
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2003 წლიდან იმის შეფასება დაიწყო, თუ რა გაკეთდა გაეროს ათასწლეულის სამიტზე მიღებული რეზოლუციის განსახორციელებლად. 2004 წლის 15 იანვარს გამოქვეყნებულ ოფიციალურ ანგარიშში აღნიშნული იყო: „მსოფლიომ უმნიშვნელოვანესი მიზნების განხორციელებაში სრული მარცხი განიცადა“. შიმშილისა და სიღარიბის შესახებ ანგარიშში ნათქვამი იყო: „პრობლემა საკვების ნაკლებობა არ არის. მსოფლიოში
საკვები ყველასთვის საკმარისია. პრობლემა ის არის, რომ ადამიანებს ფული არა აქვთ საკვების საყიდლად“.მასში აგრეთვე ნათქვამია: „პასუხისმგებლობა, რომ მთავრობებმა ენთუზიაზმი არ გამოავლინეს თავიანთი მისიის შესასრულებლად, მთლიანად მათ ეკისრებათ, იმის მიუხედავად, ქვეყანა მდიდარია თუ ღარიბი. მაგრამ გლობალური ეკონომიკური სისტემა, რომელსაც მდიდრები ქმნიან, ძალიან ხშირად ღარიბებს ხელს არ აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ მდიდარი ქვეყნები ბევრს საუბრობენ, ნაკლებად არიან დაინტერესებულნი არსებული სისტემის რეფორმაციით ანუ იმით, რომ უფრო მეტად დაეხმარონ უკიდურესად ღარიბ ადამიანებს“. და მაინც, პოლიტიკოსები კვლავაც ბევრს საუბრობენ სიღარიბეზე, საქმეს კი ნაკლებად აკეთებენ; მთავრობები თავიანთ სასარგებლოდ მოქმედებენ. მსოფლიოში მცხოვრები ღარიბები კი კვლავაც შიმშილობენ.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბუკლეტი, სახელწოდებით „ძლიერი სურვილიდან მოქმედებამდე“, გაფრთხილებას იძლევა: „მოსახლეობის მრავალ რეგიონს შიმშილის გაზრდის საშიშროება ემუქრება, თუ: საერთაშორისო სავაჭრო პოლიტიკა არ შეიცვლება; მთავრობები კი უფრო მეტ ყურადღებას არ დაუთმობენ შიმშილის პრობლემას და უფრო მეტ ძალისხმევას არ მოახმარენ ამ პრობლემის წარმატებით გადაჭრას“. წარმატების მისაღწევად ვინ უნდა გაატაროს უკეთესი პოლიტიკა და ვინ უნდა მოახმაროს ამას ძალისხმევა? სწორედ იმ მთავრობებმა, რომლებმაც 2000 წელს საჯაროდ განაცხადეს თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ, რომ მსოფლიო მოსახლეობის პირობებს გააუმჯობესებდნენ.
დანაპირების ერთხელ შეუსრულებლობას ადამიანები იმედგაცრუებამდე მიჰყავს, რამდენიმე შემთხვევა კი უნდობლობას იწვევს. იმის გამო, რომ მთავრობებმა არ შეასრულეს პირობა ღარიბებზე ზრუნვასთან დაკავშირებით, მათ უნდობლობა დაიმსახურეს. კარიბის ღარიბ რეგიონში მცხოვრები ხუთი შვილის დედა დღეში ერთხელ ძლივს აჭმევს შვილებს. ის ამბობს: „მხოლოდ იმაზე ვზრუნავ, დღეს რა ვჭამოთ, რომ შიმშილით არ დავიხოცოთ. ჩვენთვის სულერთია, ვინ დგას ხელისუფლების სათავეში. ისინი არასოდეს ზრუნავენ ჩვენზე“.
ღვთის წინასწარმეტყველმა იერემიამ დაწერა: „ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ხელთ არაა მისი გზა, რომ მავალი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). სიღარიბის პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით მთავრობების წარუმატებლობა ამ სიტყვების ჭეშმარიტებაზე მეტყველებს.
თუმცა არსებობს ისეთი მმართველი, რომელსაც ძალაც შესწევს და სურვილიც აქვს, რომ კაცობრიობის პრობლემები გადაჭრას; მის ვინაობას ბიბლია გვიმხელს. როდესაც ის დედამიწაზე იმმართველებს, აღარავინ იშიმშილებს.
იმედის საფუძველი
„ყველას თვალები შენ შემოგცქერიან და შენ აძლევ მათ საზრდოს თავის დროზე“ (ფსალმუნები 144:15). ვინ არის ის, ვინც ადამიანთა გამოკვებით არის დაინტერესებული? ჩვენი შემოქმედი, იეჰოვა ღმერთი. თუმცა ათასობით წელია, რაც ადამიანები შიმშილისა თუ სხვა პრობლემების გამო იტანჯებიან, იეჰოვა ყოველთვის იყო დაინტერესებული მათით. ის თვალყურს ადევნებს ადამიანთა მთავრობების წარუმატებლობას; მისი უტყუარი სიტყვა, ბიბლია, აჩვენებს, რომ მალე ამ მთავრობებს საკუთარი მმართველობით შეცვლის.
იეჰოვა ამბობს: „მე ვაკურთხე მეფე ჩემი სიონზე — ჩემს წმიდა მთაზე“ (ფსალმუნები 2:6). ამას სამყაროს უზენაესი ხელისუფალი ამბობს, რაც იმედის საფუძველს გვაძლევს. მაშინ როდესაც, მიწიერი მმართველები ხშირად უძლურნი არიან, დაეხმარონ ადამიანებს, სიღარიბესთან დაკავშირებულ პრობლემას იესო ქრისტე, იეჰოვასგან დანიშნული მეფე, გადაჭრის.
იეჰოვა ამ მეფის მეშვეობით ყველა მშიერს დააპურებს: „უფალი ცაბაოთი გამართავს ამ მთაზე ყველა ხალხისათვის ნადიმს მსუყე საჭმელებით“ (ესაია 25:6). ქრისტეს მმართველობის დროს ღვთის სამეფოში ადამიანებს უხვად ექნებათ საკვები ყველგან, სადაც უნდა ცხოვრობდნენ. იეჰოვას შესახებ ბიბლია ამბობს: „აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს“ (ფსალმუნები 144:16).
[ჩანართი 13 გვერდზე]
„არსებობს სავალალო ფაქტები, რომ განვითარებულმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს აფრიკაში არსებული პრობლემის მოგვარება. ეს არცხვენს ჩვენს ცივილიზაციას“. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი.
[სურათი 12 გვერდზე]
ეთიოპია: ამ სახელმწიფოში 13 მილიონი ადამიანი ჰუმანიტარული დახმარებით იკვებება. ზემოთ სურათზე ნაჩვენები ბავშვი ერთ-ერთი მათგანია.
[სურათი 12 გვერდზე]
ინდოეთი: მოსწავლეები, რომლებსაც სკოლაში აჭმევენ.
[სურათის საავტორო უფლებები 12 გვერდზე]
Top: © Sven Torfinn/Panos Pictures; bottom: © Sean Sprague/Panos Pictures