რატომ მიზიდავენ ქრისტიანისთვის შეუფერებელი ადამიანები?
ახალგაზრდების შეკითხვები
რატომ მიზიდავენ ქრისტიანისთვის შეუფერებელი ადამიანები?
„ვიცოდი, რომ არ უნდა გამეცნო ის ახლოს, მაგრამ იყო რაღაცა, რის გამოც საკუთარ თავს უფლება მივეცი: არ მჯეროდა, რომ მამაკაცი ჩემთან დროის გატარებას მოინდომებდა“ (ნენსი) *.
„საციგურაო მოედანზე დავდიოდი და რეგულარულად ვხვდებოდი ეგრეთ წოდებულ მეგობრებს, რომლებიც იქ გავიჩინე. ძალიან მალე ამორალურ ცხოვრებას მივყავი ხელი“ (დანი).
ნენსის და დანის ქრისტიანულ ცხოვრებას კარგი დასაწყისი ჰქონდა. ნენსი ღვთისმოშიშ ოჯახში გაიზარდა და თავისი რწმენის შესახებ უკვე ცხრა წლიდან ლაპარაკობდა სხვებთან. დანი მოზარდი იყო, როცა სრული დროით მსახურება დაიწყო. მიუხედავად ამისა, მათ სერიოზული მარცხი განიცადეს ღვთის მსახურებაში. რატომ? მათ ურთიერთობა დაიწყეს ადამიანებთან, რომლებიც მათ რწმენას არ იზიარებდნენ.
დაახლოებიხარ ოდესმე ისეთ ვინმეს, ვისზეც გულის სიღრმეში გრძნობდი, რომ ცუდ გავლენას ახდენდა შენზე? ის შეიძლება იყო შენი თანაკლასელი, ვისთანაც საერთო ინტერესები გაკავშირებდა, ან საპირისპირო სქესის წარმომადგენელი, რომელიც მოგწონდა.
ალბათ, გახსენდება ბიბლიური შეგონება: „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორინთელები 15:33). მაგრამ ყველა ადამიანი მიეკუთვნება ცუდ საზოგადოებას, ვინც იეჰოვას მსახური არ არის? იქნებ აქვთ მათ მიმზიდველი თვისებები, შესაძლოა შესანიშნავიც კი? მაშინ, რას ვიტყოდით ადამიანზე, რომელიც თანამორწმუნეა, მაგრამ, ამავე დროს, ცუდ მაგალითს იძლევა? სანამ ამ კითხვებზე პასუხს გავცემდეთ, მოდი დავფიქრდეთ, როგორ და რატომ ვითარდება ასეთი ახლო ურთიერთობები.
რა იწვევს ახლო ურთიერთობის განვითარებას?
ვინაიდან ადამიანები ღვთის მსგავსად არიან შექმნილნი, შეიძლება მათაც კი გამოავლინონ კარგი თვისებები, ვინც იეჰოვას არ იცნობს. შედეგად, შეიძლება ისეთ ადამიანებს შეხვდე, რომლებიც პატივსაცემები და მიმზიდველებიც კი არიან, მიუხედავად იმისა, რომ ჭეშმარიტ ღმერთს არ სცემენ თაყვანს. უნდა მოერიდო ასეთ ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ბიბლიური ჭეშმარიტება არ იციან? სრულიადაც არა. როდესაც ბიბლია მოგვიწოდებს, „ყველას სიკეთე გავუკეთოთ“, ამათში ისინიც იგულისხმებიან, ვინც ჩვენს ქრისტიანულ რწმენას არ იზიარებს (გალატელები 6:10). ამიტომ, მეგობრების არჩევისას სიფრთხილის გამოვლენა არ ნიშნავს, სხვებს ისე მოვექცეთ, თითქოს მათზე უკეთესები ვიყოთ (იგავები 8:13; გალატელები 6:3). ასეთი საქციელი შენი ქრისტიანული მრწამსისთვის შეუფერებელი იქნებოდა.
თუმცა ზოგი ქრისტიანი ახალგაზრდა სცილდება ზომიერების ფარგლებს; ისინი ახლო ურთიერთობას
ამყარებენ ისეთ ადამიანებთან, რომელთაც უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ აინტერესებთ სულიერი საკითხები. დანი, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, ძალიან კარგი მოციგურავე იყო. ის ადამიანები, რომლებთანაც მან რეგულარული ურთიერთობა დაიწყო საციგურაო მოედანზე, ქრისტიანები არ იყვნენ. ბოლოს, როცა დანმა თავის ახალ „მეგობრებთან“ ერთად დაიწყო უზნეობის ჩადენა და ნარკოტიკების მიღება, მიხვდა, რომ მისი ცხოვრება არ შეესაბამებოდა ქრისტიანული ცხოვრების წესს, ამიტომ მსახურება და კრების შეხვედრებზე დასწრება შეწყვიტა. ასე გაგრძელდა რამდენიმე წელი, სანამ ძალები არ მოიკრიბა საჭირო ცვლილებებისთვის, რომ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას დაბრუნებოდა.მელანი დაუახლოვდა თანამორწმუნეს, რომელიც სულიერად მოსუსტებული იყო. „ის მეუბნებოდა, რომ გამხნევება სჭირდებოდა, ამიტომ მასთან ახლო ურთიერთობა დავიწყე“, — თქვა მელანიმ. რა თქმა უნდა, ბიბლია მოუწოდებს ქრისტიანებს, რომ ‘მხარი დაუჭირონ სუსტებს’ (1 თესალონიკელები 5:14). მაგრამ მელანიმ თავის ახალ მეგობართან ერთად ბარებში სიარული დაიწყო, სადაც შემდგომმა ურთიერთობებმა ის სამარცხვინო საქციელამდე მიიყვანა.
ოჯახის როლი
ოჯახში არსებული ატმოსფერო შეიძლება ერთ-ერთი ფაქტორი იყოს, რაც ასეთი ურთიერთობისკენ გიბიძგებს. მიშელს უკვირს, თუ რატომ იზიდავს ყოველთვის ისეთი ბიჭები, რომლებიც ემოციურად განსხვავდებიან მისგან და მზრუნველები არ არიან. მან დაასკვნა, რომ ისინი მამამისს ჰგვანან, რომელიც არასდროს ავლენდა სითბოს და არასდროს უთმობდა მას დროს. როგორც მიშელი ამბობს, მას იმდენად უნდოდა, უკარება მამაკაცებისგან მოწონება დაემსახურებინა, რომ თავისდა უნებურად უჩნდებოდა მათთან დაახლოების სურვილი.
ამის საპირისპიროდ, ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილ ახალგაზრდას შეიძლება იმის გაგება მოუნდეს, თუ სხვები როგორ ცხოვრობენ და ისეთი გრძნობა გაუჩნდეს, თითქოს მშობლები ზედმეტად დაჰფოფინებენ. ნებისმიერ შემთხვევაში ახალგაზრდა ცდილობს, ‘ქვეყნიურ მეგობრებთან’ ურთიერთობით შეივსოს დანაკლისი (იაკობი 4:4). ვნახოთ, რა დაემართა ბილს.
ბილს დედა პატარაობიდანვე წმინდა წერილებით ზრდიდა, მაგრამ მას არ უნდოდა იეჰოვასთვის თავის მიძღვნა, რადგან ფიქრობდა, რომ ამით მისი თავისუფლება შეიზღუდებოდა. ჭეშმარიტი ქრისტიანობის მიღმა არსებული ცხოვრების მოსინჯვის მიზნით ბილი ქუჩის ბანდას აჰყვა, რომლებმაც მას ნარკოტიკებისკენ, ძალადობისა და ბოროტმოქმედებისკენ
უბიძგეს. ერთხელ, როცა პოლიციელებს გაურბოდა და დიდი სიჩქარით მართავდა მანქანას, ავარიაში მოჰყვა და რამდენიმე თვის განმავლობაში კომაში იყო. ექიმი ფიქრობდა, რომ ის შეიძლებოდა მომკვდარიყო. საბედნიეროდ, ბილი გადარჩა; მაგრამ ის ბრმა და ხეიბარია. მან მწარე გამოცდილების შედეგად ბევრი რამ ისწავლა. ახლა ის მონათლული ქრისტიანია. ბილი მიხვდა, რომ ეს გამოცდილება შეიძლებოდა სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა.სხვა ფაქტორები
ზოგჯერ გართობის ინდუსტრია ახდენს გავლენას იდეალური მეგობრების შესახებ ახალგაზრდების წარმოდგენაზე. მაგალითად, წიგნებში, სატელევიზიო პროგრამებში, კინოფილმებსა და მუსიკალურ ვიდეოკლიპებში, ჩვეულებრივ, წარმოადგენენ ისეთ გმირს, რომელიც თავიდან უხეში და ცინიკოსია, შემდეგ კი დიდ თანაგრძნობას ავლენს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ადამიანები, რომლებიც უგულოები და ეგოისტები არიან, შეიძლება მგრძნობიარენი და მზრუნველები გახდნენ. შემდეგ ეს შეხედულება შეიძლება ისე იყოს გაგებული, რომ კარგ მეგობარს, რომელიც ხშირად საპირისპირო სქესს ეკუთვნის, მხოლოდ ამ შესანიშნავი თვისებების გამოვლენა სჭირდება. ცხადია, მსგავსი შეხედულება ხალხს ასეთი წიგნებისა და ვიდეოკასეტების შეძენისკენ აღძრავს. მაგრამ, როგორ ფიქრობ, რამდენად ხშირად იქცევა ასეთი ფანტაზიები რეალობად? სამწუხაროდ, ზოგი ახალგაზრდა ტყუვდება ასეთი დამღუპველი ფანტაზიებით და უმეგობრდება, ან ქორწინდება კიდეც, ეგოისტ და მოძალადე ადამიანზე და შემდეგ ამაოდ უცდის ყურადღებიან, თანამგრძნობ და გამგებ პიროვნებად მის „გარდაქმნას“.
დაფიქრდი კიდევ ერთ მიზეზზე, თუ რატომ ინტერესდება ზოგი შეუფერებელი ადამიანებით: ისინი ფიქრობენ, რომ არავის მოეწონებიან და ამიტომ თანახმა არიან, ურთიერთობა დაიწყონ პირველივე შემხვედრთან, ვინც მათდამი ინტერესს ავლენს. ნენსიმ, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, იცოდა ბიბლიის თვალსაზრისი, რომ „მხოლოდ უფალში“ შეეძლო დაქორწინება (1 კორინთელები 7:39, სსგ). თუმცა თავს არასდროს თვლიდა მიმზიდველად, ესიამოვნა, როცა მის მიმართ რომანტიკული ინტერესი გამოავლინა თანამშრომელმა, რომელიც მის რწმენას არ იზიარებდა. მათ შეხვედრა დაიწყეს და ამ ურთიერთობამ კინაღამ სექსუალურ უზნეობამდე მიიყვანა ის.
ზემოხსენებული შემთხვევებიდან ჩანს, რომ უამრავი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ იწყებს ახალგაზრდა ქრისტიანი ახლო ურთიერთობას ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ცუდ გავლენას ახდენენ მათზე და, როგორც ჩანს, ამდენივე საბუთი არსებობს ასეთი ახლო მეგობრობის გასამართლებლად. მაგრამ ასეთი სახის მეგობრობას ტკივილი მოაქვს და შეიძლება დამღუპველიც კი იყოს. რატომ?
მეგობრობის ძალა
ფაქტია, რომ ვისთანაც მეგობრობ, მისი მსგავსი ხდები. ამიტომ ისინი, ვისთანაც დროს ვატარებთ, უდიდეს გავლენას ახდენენ ჩვენზე. იგავების 13:20-დან ვიგებთ, რომ ეს გავლენა შეიძლება ან კარგი იყოს, ან ცუდი: „ბრძენებთან დამავალი დაბრძენდება, რეგვენთა მოყვასი კი გაუბედურდება“. ახლო მეგობრები ისეთ ადამიანებს ჰგვანან, რომლებიც ერთი მანქანით მგზავრობენ, ერთი მარშრუტი აქვთ და ერთი და იმავე ადგილისკენ მიემართებიან. ამიტომ ჰკითხე საკუთარ თავს: მიდის ჩემი მეგობრის გზას იქით, საითაც მე მინდა, რომ წავიდე? შემიწყობს ეს ხელს სულიერი მიზნების მიღწევაში?
ალბათ, დაგვეთანხმები, რომ გულწრფელი თვითშეფასების გაკეთება რთული საქმეა. ძლიერმა გრძნობებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს შენზე. მაგრამ სანდოა მეგობრების არჩევისას მხოლოდ გრძნობებზე დანდობა? შეიძლება გსმენია სიტყვები, რომელთაც ხშირად ამბობენ: „მოიქეცი ისე, როგორც შენი გული გიკარნახებს“. მაგრამ იგავების 28:26-ში წერია: „თავის გულზე დაიმედებული ბრიყვია“. რატომ? იმიტომ, რომ „გული ყველაზე ვერაგი და უმართავია“ (იერემია 17:9, აქ; რიცხვნი 15:39). ვერაგი ადამიანი გამცემი, მატყუარა და მზაკვარია. მიენდობოდი მატყუარა და მოღალატე ადამიანს? ჩვენი ფიგურალური გული ცბიერია. ასე რომ, ურთიერთობები ჯანსაღი ვერ იქნება მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვეჩვენება.
ყველაზე საიმედო ხელმძღვანელობას ბიბლია გვიწევს. ჩვენი არასრულყოფილი გულისგან განსხვავებით, ბიბლიური პრინციპები არასდროს გაგიცრუებს იმედს. როგორ შეუძლია ბიბლიურ პრინციპებს იმის განსაზღვრაში დაგეხმაროს, გყავს თუ არა შესაფერისი მეგობარი? როგორ შეგიძლია თავი აარიდო დამღუპველ შედეგებს ისეთი მეგობრის არჩევის დროს, როგორიცაა ქორწინების თანამგზავრი? ეს კითხვები განხილული იქნება შემდეგ ნომერში.
[სქოლიო]
^ აბზ. 3 სახელები შეცვლილია.
[სურათი 20 გვერდზე]
გართობის ინდუსტრია გავლენას ახდენს იდეალური მეგობრების შესახებ ჩვენს წარმოდგენაზე.