რა ხდება მსოფლიოში
რა ხდება მსოფლიოში
ცრუ შეხედულება თმის ზრდასთან დაკავშირებით
„თმის შეჭრა ან გადაპარსვა არ იმოქმედებს თქვენი თმის ზრდის სისწრაფეზე, აგებულებასა და სისქეზე“, — აღნიშნავს „ნიუ-იორკ ტაიმზი“ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ სტატიაში. დიდი ხანია, რაც გავრცელებულია შეხედულება, რომ, თუ თმას გადაიპარსავენ, ის უფრო სწრაფად გაიზრდება და თმის ღერებიც უფრო მსხვილი იქნება. მაგრამ XX საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ ჩატარებული არაერთი გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ „თმის სიგრძე, აგებულება და სისქე განისაზღვრება გენეტიკური ფაქტორებით და ორგანიზმში ჰორმონების დონით და არა იმით, თუ რამდენად ხშირად იპარსავს ადამიანი მას“, — ნათქვამია ამ სტატიაში. რატომ განაგრძობს ეს ცრუ შეხედულება დღემდე არსებობას? შესაძლოა, იმიტომ, რომ მრავალი პარსვას ადრეულ ასაკში იწყებს; მაშინ კი თმა განვითარების პროცესშია და მისი ფერიც შედარებით ღიაა. «თმის ძირები [კი] უფრო მუქი და მსხვილია და ბოლოების მოჭრა იმის შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს თმის ღერი უფრო გამსხვილდა, — ნათქვამია „ტაიმში“. — თავის გადაპარსვის შემდეგ მოკლე თმის ზრდა უფრო მეტად შესამჩნევია, ვიდრე იმავე სიგრძით უფრო გრძელი თმის ზრდა».
მუშაობა ავადმყოფობის დროს
ბრიტანული გაზეთ „ტელეგრაფის“ ინტერნეტ-გამოცემა აღნიშნავს: „ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს აიძულებენ, ავადმყოფობის დროს იმუშაონ მიუხედავად იმისა, რომ თავს ცუდად გრძნობენ, შეიძლება უფრო მეტად განუვითარდეთ გულის დაავადებები. ლონდონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეისწავლეს ლონდონში მომსახურე 10 000 ოფიციალური პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სამუშაოზე დასწრების მონაცემები, რომლებიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო დაგროვებული. იმ თანამშრომლებიდან, რომლებიც ავადმყოფობის (თუნდაც უბრალო სურდოს) დროს სახლში არ რჩებოდნენ, 30—40 პროცენტს „წლების შემდეგ ორჯერ მეტად აღენიშნებოდათ კორონარული დაავადებები“, — ამბობს სერ მაიკლ მარმოტი, ამ შესწავლის ხელმძღვანელი.
მსოფლიოში ყველაზე რთულად სათარგმნი სიტყვა
ბი-ბი-სის სიტყვების თანახმად, «მსოფლიოში ყველაზე რთულად სათარგმნი სიტყვა აღმოჩნდა „ილუნგა“» (ბალუბა ენაზე, რომელზეც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ლაპარაკობენ). ათას ლინგვისტს შორის ამ სიტყვამ ყველაზე მეტი ხმა მიიღო. „ილუნგას“ უწოდებენ „ადამიანს, რომელიც მზად არის აპატიოს სხვას ნებისმიერი შეურაცხყოფა პირველად, აიტანოს — მეორედ, მაგრამ არასოდეს — მესამედ“. მეორე რთულად სათარგმნი სიტყვა არის „ნაა“, იაპონური სიტყვა, რომელიც მხოლოდ „კანსაიში გამოიყენება და განაცხადის ხაზგასმას ან ისეთივე შეხედულების ქონას ნიშნავს, როგორიც მეორე ადამიანს აქვს“. მთარგმნელობითი სააგენტოს უფროსის, იორგა ზილინსკიენეს, სიტყვების თანახმად, „ხალხს ზოგჯერ ავიწყდება, რომ მთარგმნელმა . . . უნდა თარგმნოს არა მხოლოდ ერთი ენიდან მეორეზე, არამედ ერთი კულტურიდან მეორეზე გადმოიტანოს აზრი, ზოგჯერ კი ეკვივალენტური აზრი მეორე კულტურაში, უბრალოდ, არ არსებობს“.
თავისუფალ დროს კითხვა და მაღალი აკადემიური მოსწრება
თავისუფალ დროს კითხვა უფრო უწყობს ხელს მაღალ აკადემიურ მოსწრებას, ვიდრე „საათობით დამოუკიდებლად ან მშობლებთან ერთად მეცადინეობა, გაკვეთილების დროს გაკეთებული ჩანაწერების კითხვა ან კომპიუტერის გამოყენება“, — იუწყება მეხიკოში გამომავალი გაზეთი „მილენიო“. ასობით ათასი მოსწავლის მისაღები გამოცდების შედეგები ცხადყოფს, რომ ის მოსწავლეები, რომლებიც დროს უთმობენ როგორც სასწავლო პროგრამის შესწავლას, ისე თავისუფალ დროს კითხვას, უფრო წარმატებულნი არიან, ვიდრე სხვები. მოსწავლეებმა უნდა იკითხონ არა მარტო საპროგრამო მასალა, არამედ სიამოვნების მომგვრელიც; მაგალითად, ბიოგრაფიები, ლექსები თუ წიგნები მეცნიერულ თემებზე. ამავე ცნობის თანახმად, მოსწავლეებს, რომლებიც ყოველდღიურად საათობით უყურებენ ტელეგადაცემებს, უფრო დაბალი აკადემიური მოსწრება აქვთ.