არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სათამაშოები წარსულში და დღეს

სათამაშოები წარსულში და დღეს

სათამაშოები წარსულში და დღეს

ფილიპი * და მისი თანატოლები გახარებულები უყურებენ, როგორ ხტის ბურთი, რომელიც საქსოვი ძაფისგან გააკეთეს. მათ გორგლით ფეხბურთის თამაში დაიწყეს. მაიკი გაოცებული შეჰყურებს პატარა მანქანას, რომელსაც დისტანციური პულტის მეშვეობით მართავს. მას შეუძლია ის ადვილად ამოძრაოს წინ და უკან. ანდრეა და მისი პატარა მეგობრები თოჯინებს ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს აცმევენ და იმაზე ლაპარაკობენ, თუ თავად როგორ ჩაიცვამენ, როცა გაიზრდებიან.

რა აქვთ ამ ბავშვებს საერთო? სათამაშოები, რომლებითაც საათობით შეუძლიათ ითამაშონ. ზოგჯერ სათამაშო, მაგალითად რბილი დათუნია, ჩვილობიდანვე ბავშვის განუყრელი მეგობარი ხდება. ზოგი სათამაშო საოჯახო ალბომშიც კი იკავებს ადგილს. როგორია სათამაშოების წარმოშობის ისტორია? რატომ არის ბავშვისთვის სათამაშო ასე მნიშვნელოვანი?

სათამაშოების წარმოშობის ისტორია

ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „ხშირ შემთხვევაში სათამაშო არის ხელსაწყო, რომელსაც სათამაშოდ იყენებენ. სათამაშოების, გასართობი საშუალებებისა და თამაშების ისტორია შორეული წარსულიდან და სხვადასხვა კულტურიდან მომდინარეობს. დროთა განმავლობაში უმარტივეს სათამაშოს საკმაოდ რთული მოწყობილობის სათამაშო ცვლიდა. მაგალითად, ბავშვის მიერ შერჩეული ჩვეულებრივი ჯოხი, რომელიც მისი წარმოდგენით ცხენის როლს ასრულებდა, რთულ მექანიკურ მოწყობილობად გადაიქცა“. ამგვარად, სათამაშო შეიძლება იყოს ნებისმიერი ნივთი, რითაც თამაში და გართობაა შესაძლებელი. და რადგან ადამიანი ბუნებით გართობისკენ არის მიდრეკილი, ადვილად შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ სათამაშო კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდანვე არსებობდა.

მაგალითად, თოჯინები ან თოჯინის სხვადასხვა ნაწილები ძველ ბაბილონსა და ეგვიპტეში იქნა ნაპოვნი. ვარაუდობენ, რომ თოჯინებს უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს, ვიდრე სხვა სათამაშოებს. ამ მხრივ ბურთი მეორე ადგილზე დგას. მართალია, არავინ იცის, პირველად როდის დაიწყეს ბურთით თამაში, მაგრამ ეგვიპტელი ბავშვის სამარხში აღმოჩენილ იქნა ქვის ფიგურები, რომლებითაც, როგორც ჩანს, კეგლს თამაშობდნენ.

ქვისგან გაკეთებული „იო-იო“ სამი ათასზე მეტი წლის წინათ არსებობდა საბერძნეთში და ვარაუდობენ, რომ მისით ძველ ჩინეთშიც თამაშობდნენ. რომაელი ბავშვები მარიონეტებითა და სპილოს ძვლისგან გაკეთებული გეომეტრიული ფიგურების აწყობით ერთობოდნენ. ბერძენი და რომაელი ბიჭები მინიატურული ორთვალებითაც თამაშობდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ „სატრანსპორტო საშუალებებით“ თამაში იმ დროსაც პოპულარული იყო. ერთ მუზეუმში ინახება ძველი ბორბლები, რომლებზეც თიხისგან გამოძერწილი ცხოველის ფიგურებია მიწებებული, რაც შეიძლება სათამაშო იყო. მათ ძველ მექსიკურ კულტურას მიაკუთვნებენ და ვარაუდობენ, რომ იმდროინდელი ბავშვები მსგავსი ფიგურებითაც თამაშობდნენ. აღსანიშნავია, რომ მექსიკის კულტურაში დღემდე არ არის აღმოჩენილი სხვა სახის ბორბლები. შუა საუკუნეებში ოვალური ან მრგვალი ფორმის ბურთებს ცხოველის შარდის ბუშტისგან აკეთებდნენ. თანამედროვე ბურთის მსგავსად, ამითაც შეიძლებოდა ფეხბურთის თამაში და გოლის გატანა.

მე-18 საუკუნეში ინგლისში ბავშვების გონებრივი განვითარების მიზნით გამოიგონეს სურათები, რამაც მე-20 საუკუნის დასაწყისში დიდი პოპულარობა მოიპოვა. ამავე პერიოდში ფერადმა ფანქრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მარტო შეერთებულ შტატებში ერთმა კომპანიამ ას მილიარდ კოლოფზე მეტი ფერადი ფანქარი გამოუშვა. როგორც ხედავთ, ზოგ თანამედროვე სათამაშოს დიდი ხნის ისტორია აქვს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში.

რისთვის არის სათამაშო საჭირო?

«ბუნებრივია, რომ ყველა ბავშვი თამაშობს. თამაში ხელს უწყობს ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას. ამ დროს ბავშვი სხვებთან ურთიერთობასაც სწავლობს. თუ თამაში ბავშვის „სამუშაოა“, სათამაშოები „სამუშაო იარაღები“ გამოდის. კარგად შერჩეული „იარაღები“ ბავშვებს სამუშაოს კარგად შესრულებაში ეხმარება». აი ასე აღწერს სათამაშოს როლს ერთი სამთავრობო ცნობარი, რომელიც სათამაშოების სწორად შერჩევაზე ამახვილებს ყურადღებას.

რასაკვირველია, პირველ რიგში, სათამაშო იმიტომ არის პოპულარული, რომ მისით ბავშვი ერთობა. თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სათამაშო მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბავშვის განვითარებას. დაფიქრდით შემდეგ მაგალითებზე: როდესაც ბავშვი სათამაშო ოთხთვალას აწვება, კუნთებს ივითარებს. როცა სახტუნაო თოკზე ხტუნაობს, კუნთების მოძრაობის კოორდინაციას იუმჯობესებს. ბურთის დარტყმისას, როცა ცალ ფეხზე დგება ან ველოსიპედს ატარებს, წონასწორობის შენარჩუნებას სწავლობს; ხოლო ხატვისას ან ასაწყობი კუბების აწყობისას მოძრაობას აკონტროლებს.

რა შეიძლება ითქვას ბავშვის გონებრივ განვითარებაზე? თუ თამაშის დროს — მაგალითად, სახტუნაო თოკზე ხტუნაობისას ან დაჭერობანას თამაშისას — ბავშვი მღერის ან ლექსებს ამბობს, მისი მეტყველება უმჯობესდება. როცა ბავშვი სათამაშო კუბებით რამეს აშენებს, ასაწყობ სურათებს აწყობს, თამაშის წესებს სწავლობს, ზღაპრისა და მოთხრობის გმირებს განასახიერებს, ან სხვის ტანსაცმელს იცვამს, გონებრივი და შემოქმედებითი უნარი უუმჯობესდება. იგივე ხდება, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის, ხატვის, ქსოვის და ქარგვის დროს.

აღსანიშნავია ისიც, რომ თამაში ბავშვებს ადამიანებთან ურთიერთობის ჩვევებს უვითარებს. ასე ხდება, როდესაც სხვადასხვა სპორტული თამაშების დროს ისინი გუნდს აყალიბებენ. პროფესორი ბრუს დუნკან პერი ამბობს: „ბავშვს უფრო მეტად ესმის მოთამაშეების და შესაძლოა, უფრო თანამგრძნობი და ნაკლებად ეგოისტი გახდეს. თანატოლებთან თამაშის დროს ბავშვები სწავლობენ, რა არის მისაღები და რა — არა; აგრეთვე — საკუთარი ემოციების გაკონტროლებას და იმედგაცრუებასთან შეგუებას“.

ბავშვები სათამაშოებს იმ მიზნითაც იყენებენ, რომ უფროსებს მიჰბაძონ. ბერძენმა ფილოსოფოსმა არისტოტელემ თქვა, „ადამიანი მიდრეკილია მიმბაძველობისკენ“. დიახ, ბავშვები თამაშის დროს ყოველდღიური ცხოვრების სცენებს დგამენ. ადვილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ პატარა გოგონა, რომელიც თოჯინას აძინებს ან თავის პატარა მეგობრებთან ერთად საჭმელს ამზადებს; ან ბიჭები, რომლებსაც თავიანთი „ავტომანქანები“ აქეთ–იქით დაჰყავთ და ძრავას თავადვე ახმოვანებენ, თითქოს ნამდვილი მანქანები ჰყავდეთ. და მაინც, სათამაშოების შერჩევისას მშობლებმა რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინონ. რატომ?

გონივრულად შეარჩიეთ სათამაშოები

„დღევანდელ სათამაშოებში აირეკლება საზოგადოებაში გავრცელებული ძალადობა და უკანონობა“, — ნათქვამი იყო ლონდონში გამომავალ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“. მართალია, ამას ყველა სათამაშოზე ვერ ვიტყვით, მაგრამ დღეს „უფრო იოლად შეხვდებით დეფორმირებულ, დაკუნთულ . . . აგრესიული შესახედაობის სათამაშოებს, ვიდრე ტრადიციულს“, — აღნიშნავს მექსიკის გაზეთი „ლა ჰორნადა“. სტატიაში მოყვანილი სოჩიმილსოს (ესპანეთი) დამოუკიდებელი უნივერსიტეტის მასწავლებლისა და მკვლევარის, პატრისია ერლიხის, სიტყვების თანახმად, ბევრი სათამაშო, რომელიც დღეს იყიდება, მხარს უჭერს საზოგადოებაში გაბატონებულ იდეოლოგიას — ძალადობას, აგრესიას, სიძლიერეს, დამორჩილებასა და დაშინებას.

შეერთებული შტატების სკოლების ფსიქოლოგთა ასოციაცია აცხადებს, რომ სათამაშომ, რომელიც ირეკლავს ძალადობას, „შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის ემოციურ და გონებრივ განვითარებაზე, რასაც საბოლოოდ საზიანო შედეგები მოჰყვება“. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ძალადობის ამსახველი ვიდეო–კადრები და კომპიუტერული თამაშები ბავშვებს აგრესიულ ხასიათს უყალიბებს და დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს. აქედან გამომდინარე, ყველამ, ვისაც ბავშვის აღზრდის პასუხისმგებლობა აკისრია, დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს სათამაშოს ყიდვისას (იხილეთ 26–ე გვერდზე მოცემული ჩარჩო).

თანამედროვე ტექნიკური მიღწევების წყალობით, დღეს უამრავი სახის, მათ შორის რთული მოწყობილობის, სათამაშოს შეძენა შეიძლება. თუმცა, ეს შესაძლოა ყველა ოჯახისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი ან, უბრალოდ, ბავშვებს მალე მოსწყინდეთ მათით თამაში. არის ისეთი სათამაშოებიც, რომლებიც საზიანოა ბავშვებისთვის. ხუთი შვილის დედა ლიანი, რომელიც ავსტრალიაში ცხოვრობს, ამბობს: „ჩემი უფროსი ბიჭები ადვილად ექცევიან რეკლამების ზეგავლენის ქვეშ და ხშირად მთხოვენ ძვირადღირებულ კომპიუტერულ თამაშებს. თუმცა იაფფასიანი ხის ჯოხითა და რეზინის ბურთით ეზოში უფრო კარგად და დიდხანს ერთობიან. ეს ერთგვარი ვარჯიშიც არის. მივხვდი, რომ უბრალო სათამაშოები უფრო გამძლეა და ჩემს შვილებს წარმოსახვის უნარის გამოყენების საოცარ შესაძლებლობას აძლევს“.

გიცდიათ სათამაშოს გაკეთება?

თუ ჯერ კიდევ ბავშვი ხარ და შენს მშობლებს არ შეუძლიათ უკანასკნელი მოდელის სათამაშოები გიყიდონ, მაინც შეიძლება ბედნიერი იყო. შემოქმედებითი და წარმოსახვითი უნარის გამოყენებით თავად შეგიძლია სათამაშოების გაკეთება. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბავშვები თავად აკეთებენ სათამაშოებს.

შეხედე ამ სურათებს. როგორ ფიქრობ, განა ცუდად ერთობიან ეს ბავშვები? ზოგი „მანქანის“ აწყობა არც ისე ადვილია. ამისათვის საჭიროა ძველი მავთულების მოგროვება და სასურველი ფორმის მიცემა. ბორბლებისთვის მრგვლად გამოჭრილი რეზინა ან პლასტიკური მასა გამოგადგება. რას იტყვი ამ მატარებელზე, რომელიც პოლიეთილენის ბოთლებისგან არის გაკეთებული? ან ხის ნაჭრებისგან გაკეთებულ ამ სატვირთო მანქანაზე? ზოგჯერ შენი აწყობილი სათამაშოებით კატაობაც კი შეგიძლია. ასეთია, მაგალითად, აფრიკელი ბავშვის მიერ გაკეთებული ეს თვითმგორავი (სამაგატკა). ეს ბავშვები მიხვდნენ, რომ გართობა იაფფასიანი სათამაშოებითაც შეიძლება. ამასთანავე, თავად გაკეთების პროცესი უკვე გართობაა. მოდი სცადე სათამაშოების გაკეთება!

[სქოლიო]

^ აბზ. 2 სახელები შეცვლილია.

[ჩარჩო⁄სურათი 16 გვერდზე]

კარგი სათამაშოა ის, რომელიც . . .

● ბავშვის ასაკისთვის, უნარისა და ფიზიკური შესაძლებლობებისთვის შესაფერისი და უსაფრთხოა.

● კარგად აწყობილი და გამძლეა (ბავშვები მიდრეკილნი არიან სათამაშოების დაშლისკენ).

● იმდენად მიმზიდველი და საინტერესოა, რომ ბავშვის ყურადღებას იპყრობს.

● ხელს უწყობს ბავშვის შემოქმედებითი და წარმოსახვითი უნარის სათანადოდ განვითარებას.

● ხელმისაწვდომია.

● არ არის ტოქსიკური.

[ჩარჩო⁄სურათი 17 გვერდზე]

ხიფათის თავიდან ასაცილებლად . . .

● დიდი ბავშვების სათამაშოები პატარებისთვის მიუწვდომელ ადგილას შეინახეთ.

● თუ შესაძლებელია, ბავშვებს ყურადღებით წაუკითხეთ სათამაშოზე მიკრული იარლიყი ან მითითება.

● თქვენს შვილს და მას, ვისთანაც თამაშს აპირებს, ასწავლეთ სათამაშოების სწორად გამოყენება და შენახვა.

● მოერიდეთ საშინელ ხმაზე მყვირალა სათამაშოებს.

● სათამაშოები პერიოდულად გადაამოწმეთ. ხშირ შემთხვევაში საჭიროა დაზიანებული სათამაშოს შეკეთება ან დაუყოვნებლივ გადაგდება.

● სახიფათო სათამაშოებით, მაგალითად სამიზნეებით, ბასრპირიანი იარაღებითა და ელექტრო სათამაშოებით, მხოლოდ დიდმა ბავშვებმა უნდა ითამაშონ უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ.

● პატარა ბავშვებმა მცირე ზომის სათამაშოები რომ არ გადაყლაპონ, მათთვის მიუწვდომელ ადგილას უნდა შეინახოთ.

[სურათი 14 გვერდზე]

ლომი და ზღარბი ბორბლებიან სადგამზე, ძვ. წ. მეორე ათასწლეული, ირანი.

[საავტორო უფლება]

Lion and hedgehog: Erich Lessing/Art Resource, NY

[სურათი 15 გვერდზე]

თიხის თოჯინა, ძვ. წ. 600 წელი, იტალია.

[სურათი 15 გვერდზე]

ბზრიალა, ძვ. წ. 480 წელი, საბერძნეთი, ელინისტური ეპოქა.

[სურათი 15 გვერდზე]

სიმინდის ფუჩეჩისგან გაკეთებული თოჯინა, კოლონიური ამერიკა.

[სურათი 15 გვერდზე]

ფანქრები, მე-20 საუკუნის დასაწყისი, შეერთებული შტატები.

[სურათები 16 გვერდზე]

ბავშვები თავიანთი ხელით გაკეთებულ სათამაშოებთან ერთად.

[სურათის საავტორო უფლებები 15 გვერდზე]

Clay doll: Erich Lessing/Art Resource, NY; top: Réunion des Musées Nationaux/ Art Resource, NY; corn husk doll: Art Resource, NY