არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სტიქიური უბედურებები და ადამიანური ფაქტორი

სტიქიური უბედურებები და ადამიანური ფაქტორი

სტიქიური უბედურებები და ადამიანური ფაქტორი

გამართული და კარგ მდგომარეობაში მყოფი მანქანა უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალებაა. მაგრამ გაუმართავი და მოუვლელი მანქანით სიარული საშიშია. გარკვეულწილად, იმავეს თქმა შეიძლება ჩვენს პლანეტაზე — დედამიწაზე.

მეცნიერთა აზრით, დედამიწის ატმოსფეროსა და ოკეანის წყლებში ადამიანის ჩარევით გამოწვეული ცვალებადობა ჩვენს პლანეტას საშიშ ადგილად აქცევს, რადგან ბუნებრივი კატაკლიზმები უფრო ხშირი და უფრო დამანგრეველი ხდება. ამის გამო მომავალი ბნელით არის მოცული. „პლანეტაზე, საიდანაც ვერსად გავიქცევით, ჩვენვე ვატარებთ უდიდეს და უმართავ ექსპერიმენტებს“, — ნათქვამია ჟურნალ „საიენსის“ სარედაქციო სტატიაში, რომელიც კლიმატურ ცვლილებებს ეხება.

ამიტომ, უფრო უკეთ რომ გვესმოდეს, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ადამიანთა ჩარევამ ბუნებრივი კატაკლიზმების სიხშირესა და სიძლიერეზე, საჭიროა ვიცოდეთ, ძირითადად რა იწვევს მათ. მაგალითად, რის გამო წარმოიქმნება ისეთი ძლიერი შტორმი, როგორიცაა გრიგალი?

ატმოსფეროში ჰაერის მასების გადაადგილება

დედამიწის კლიმატი ისეთ მექანიზმს მოგვაგონებს, რომელიც მზისგან მიღებულ ენერგიას გარდაქმნის და ანაწილებს. რამდენადაც მზე ყველაზე მეტად ტროპიკებში აცხუნებს, ტემპერატურის ასეთი ცვალებადობა ჰაერთა მასების არამდგრადობას იწვევს *. დედამიწის დღეღამური ბრუნვის შედეგად მოძრავი ნოტიო ჰაერის მასები წარმოქმნის ძლიერ ქარებს, რომლის ზოგი სახეობა იწვევს დედამიწის ზედაპირის დადაბლებასა და დაძირვის უბნების წარმოქმნას. ამან კი, თავის მხრივ, შეიძლება ქარიშხალი გამოიწვიოს.

თუ თვალყურს ადევნებთ ტროპიკულ გრიგალს, შენიშნავთ, რომ, ჩვეულებრივ, ის ეკვატორიდან ჩრდილოეთისკენ ან სამხრეთისკენ — უფრო ცივი რაიონებისკენ — ინაცვლებს. ამგვარად ეს შტორმები ცხელი ჰაერის მასების გადაადგილებას და შესაბამისად ზომიერი კლიმატის შენარჩუნებას უწყობს ხელს. მაგრამ, როდესაც ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ოკეანის ზედა ფენებში — ძლიერ გამთბარი ოკეანის არეში — დაახლოებით 27°C–ს აღემატება, ეს შტორმები იმდენად ძლიერდება, რომ ტროპიკულ ციკლონს წარმოქმნის. რეგიონების მიხედვით ამ შტორმებს აგრეთვე გრიგალი ან ტაიფუნი ეწოდება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში გრიგალით გამოწვეული ყველაზე მომაკვდინებელი სტიქიური უბედურება 1900 წლის 8 სექტემბერს მოხდა ზღვისპირა ქალაქ გალვესტონში (ტეხასის შტატი). გრიგალის ამოვარდნით გამოწვეულმა შტორმმა ამ ქალაქში იმსხვერპლა 6 000–დან 8 000–მდე ადამიანი, ხოლო მის შემოგარენში 4 000–მდე ადამიანი. 3 600 საცხოვრებელი სახლი მიწასთან გასწორდა. ფაქტობრივად, გალვესტონში არც ერთი ნაგებობა არ დარჩენილა დაუზიანებელი.

როგორც წინა სტატიაში მოვიხსენიეთ, ბოლო წლებში დედამიწის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი ქარიშხლები დაფიქსირდა. მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, გამოიწვია თუ არა ისინი გლობალურმა დათბობამ, რაც ხელს უწყობს ასეთი გრიგალების წარმოსაქმნელად ენერგიის დაგროვებას. მაგრამ ამინდის ცვალებადობა შეიძლება გლობალური დათბობის გამომწვევი მხოლოდ ერთ–ერთი მიზეზი იყოს. სხვა პოტენციური საშიშროებების დანახვა უკვე ახლავეა შესაძლებელი.

ზღვის დონის მომატება და ტყის ჩეხვა

ჟურნალ „საიენსის“ სარედაქციო სტატიაში ნათქვამი იყო: „გასული საუკუნის მანძილზე ზღვის დონემ 10–დან 20 სანტიმეტრამდე მოიმატა და მოსალოდნელია, რომ კიდევ მოიმატებს“. როგორ უკავშირდება ეს გლობალურ დათბობას? მკვლევარები ყურადღებას აქცევენ ორ სავარაუდო პროცესს. ერთი ის არის, რომ პოლარულ მხარეებში მუდმივი ყინულსაფარი დნება, რის შედეგადაც ოკეანის წყლის მოცულობა იზრდება; მეორე კი თბილი ჰაერის ინტენსიურობაა, როდესაც ოკეანის წყლები თბება და, შესაბამისად, ოკეანეში წყლის დონე იმატებს.

წყნარი ოკეანის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში მდებარე ტუვალოს პატარა კუნძულებზე უკვე შეიმჩნევა ზღვის დონის მატება. ჟურნალ „სმითსონიენის“ თანახმად, ფუნაფუტის კუნძულზე შეგროვებულმა მონაცემებმა ცხადყო, რომ ზღვის დონე იქ „უკანასკნელი ათი წლის მანძილზე წელიწადში საშუალოდ 5,6 მილიმეტრით იმატებს“.

დედამიწის ბევრ ნაწილში მოსახლეობის ზრდის შედეგად ქალაქები და დასახლებები მომრავლდა, რის გამოც გარემო პირობები გაუარესდა. ამის შედეგად კი სტიქიური უბედურებები უფრო გახშირდა. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

ჰაიტი — ეს არის სახელმწიფო, სადაც სწრაფად იზრდება მოსახლეობა და იჩეხება ტყეები. ახლახან საინფორმაციო საშუალებებმა გადმოსცა, რომ, თუმცა ჰაიტიზე ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური პრობლემებია, არაფერი უქმნის ქვეყანას ისეთ დიდ საშიშროებას, როგორც ტყეების ჩეხვა. ეს საშიშროება ტრაგიკული რეალობა გახდა 2004 წელს, როდესაც კოკისპირულ წვიმებს მეწყერი მოჰყვა და ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

აზიაში გამომავალ ჟურნალ „ტაიმში“ ნათქვამია, რომ „გლობალური დათბობა, წყლის დაგუბება, ტყეების ჩეხვა და მცენარეული საფრის მოსპობა“ სამხრეთ აზიაში სტიქიურ უბედურებებს უფრო ამწვავებს. სხვა ყველაფერთან ერთად ტყეების გაჩეხვა იწვევს გვალვას, რაც ნიადაგის სწრაფად გამოშრობას უწყობს ხელს. ბოლო წლებში ინდონეზიასა და ბრაზილიაში გვალვის გამო უფრო ხშირად ჩნდება ხანძარი ტყეებში, რომლებიც ადრე უფრო ტენიანი იყო. მაგრამ მხოლოდ ამინდის ცვლილება არ განაპირობებს სტიქიურ უბედურებებს. ბევრ ქვეყანაში ბუნებრივი კატაკლიზმები დედამიწის ქერქქვეშა ფენებიდან იღებს სათავეს.

როდესაც მიწა ირყევა

დედამიწის ქერქი შედგება სხვადასხვა სიდიდის დანალექი ფენებისგან, რომლებიც ერთმანეთის პირისპირ განუწყვეტლივ მოძრაობს. ქანთა მასების გადაადგილება იმდენად ხშირია, რომ ყოველწლიურად მილიონობით მიწისძვრა ხდება. რასაკვირველია, მათგან ბევრი არც კი იგრძნობა.

ამბობენ, რომ მიწისძვრების 90 პროცენტი გამოწვეულია დედამიწის ქერქის სიცარიელეებში ქანების ჩანგრევით. ამ სიცარიელეებში იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ საკმაოდ დიდი სიმძლავრის ძვრები ხდება. როგორც ვარაუდობენ, ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა 1556 წელს ჩინეთის სამ პროვინციაში მომხდარ მიწისძვრებს. მათ შედეგად დაახლოებით 830 000 ადამიანი დაიღუპა.

მიწისძვრებს სხვა უბედურებებიც სდევს თან. მაგალითად, 1755 წლის 1 ნოემბერს მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა პორტუგალიის ქალაქი ლისაბონი, სადაც 275 000 ადამიანი ცხოვრობდა. მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. მიწისძვრამ გამოიწვია ხანძარი და ცუნამი — ახლომდებარე ატლანტის ოკეანიდან წამოსულმა 15–მეტრიანმა გიგანტურმა ტალღებმა წალეკა ყველაფერი. მთლიანობაში დაღუპულთა რიცხვმა 60 000–ს მიაღწია.

მაგრამ ასეთი უბედურებების მასშტაბები გარკვეულწილად ადამიანური ფაქტორითაც არის განპირობებული. უბედურებებს მასშტაბურს ხდის მჭიდროდ დასახლებული საშიში ზონები. „ამჟამად დიდი ქალაქების თითქმის ნახევარი სეისმურ რაიონში მდებარეობს“, — ამბობს მკვლევარი ენდრიუ რობინსონი. მასშტაბების ზრდის მეორე ფაქტორი შენობებია — მათ ასაგებად გამოყენებული სამშენებლო მასალა და შენობის კონსტრუქცია. მართლაც რომ ახლოსაა სიმართლესთან ერთი ძველი გამონათქვამი: „მიწისძვრა კი არ იწვევს სიკვდილიანობას, არამედ ნაგებობა“. მაგრამ რა არჩევნის წინაშე დგანან ისინი, რომლებსაც სიღარიბის გამო არ შეუძლიათ იცხოვრონ ისეთ შენობებში, რომლებიც მიწისძვრებს უძლებს?

ვულკანი — აღმშენებელი და დამაქცეველი

„შესაძლოა ამ სიტყვების წაკითხვის მომენტში სულ მცირე 20 ვულკანი იფრქვევა“, — ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სმითსონის ინსტიტუტის ანგარიშში. ზოგადად რომ შევეხოთ ამ საკითხს, ტექტონიკური თეორიის თანახმად, მიწისძვრები და ვულკანის ამოფრქვევები ერთი და იმავე რეგიონებში ხდება: დედამიწის ქერქში არსებულ ხვრელებსა და ნაპრალებში, განსაკუთრებით ოკეანის ფსკერზე გაჩენილ ნაპრალებში, სადაც მანტიიდან დედამიწის ქერქის სიღრმის გავლით ამოდის მაგმა; აგრეთვე ტექტონიკურად აქტიურ ზონებში, სადაც დანალექი ფენები ერთმანეთის პირისპირ განუწყვეტლივ მოძრაობენ.

ასეთ ზონებში არსებული ვულკანები განსაკუთრებით საშიშია, რადგან ყველაზე ხშირად სწორედ ამ ზონებში ხდება მათი ამოფრქვევა; ეს ზონები მჭიდროდ არის დასახლებული. წყნარი ოკეანის ვულკანურ სარტყელზე ასობით ასეთი ვულკანია. გარდა ამისა, არსებობს ეგრეთ წოდებული ტექტონიკური ქანებიდან დაშორებული ცხელი წერტილები. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ჰავაის, აზორის, გალაპაგოსისა და საზოგადოების კუნძულები სწორედ ასეთ ცხელ წერტილებში წარმოიქმნა ვულკანების მოქმედების შედეგად.

სინამდვილეში ვულკანებს, როგორც აღმშენებლებს, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი პლანეტის ისტორიაში. ერთ–ერთი უნივერსიტეტის ვებგვერდის მტკიცებით, „კონტინენტებისა და ოკეანური აუზების 90 პროცენტი ვულკანური წარმოშობისაა“. მაშ, რატომ არის ზოგი ამოფრქვევა ასე ძლიერი?

ამოფრქვევა იმით იწყება, რომ დედამიწის ქერქის სიღრმიდან ამოდის გავარვარებული მაგმა. ზოგი ვულკანიდან ლავა ნელა ამოინთხევა, რის გამოც ახლომახლო მცხოვრებ ხალხს იშვიათად უწყობს არასასიამოვნო სიურპრიზს. მაგრამ ზოგი ვულკანის ამოფრქვევა ატომური ბომბის აფეთქებაზე ძლიერია. ამ მხრივ გადამწყვეტ ფაქტორად ითვლება ამოფრქვეული თხევადი ვულკანური მასის შედგენილობა და სიბლანტე, მასში გახსნილი აირებისა და წყლის ორთქლის ნარევის რაოდენობა. როდესაც მაგმა უახლოვდება ზედაპირს, ვულკანურ მასაში გახსნილი აირები და წყლის ორთქლი სწრაფად ფართოვდება და ამოფრქვევისას ისეთი ეფექტი აქვთ, როგორიც გაზიანი სასმელების გახსნას.

საბედნიეროდ, ხშირად ვულკანები წინასწარ გვაფრთხილებენ ამოფრქვევის შესახებ. ასეთი რამ მოხდა 1902 წელს, როდესაც კარიბის ზღვაში, კუნძულ მარტინიკაზე მდებარე მოქმედი ვულკანი მონტან–პელე ამოფრქვევის შესახებ იტყობინებოდა. იმ დროს ახლომდებარე ქალაქ სენ–პიერში არჩევნები ტარდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შეშინებულ ხალხს ჰაერში გაფანტული ფერფლის გამო სუნთქვა უჭირდა, პოლიტიკოსები მოუწოდებნენ მათ, ქალაქში დარჩენილიყვნენ. იმ დღეებში თითქმის ყველა მაღაზია დაკეტილი იყო.

8 მაისს, ამაღლების დღესასწაულზე, უამრავი ხალხი მივიდა კათოლიკურ ეკლესიაში; ისინი ღმერთს სთხოვდნენ, რომ ვულკანის ამოფრქვევისგან დაეცვა ისინი. მაგრამ დილის რვა საათზე ვულკანი მონტან–პელე ამოიფრქვა და ჰაერში გავარვარებული მასის — ფერფლის, ლავის, ქანების ნამსხვრევებისა და ცხელი აირების — ამოტყორცნა დაიწყო. და ამ მასის ტემპერატურა ცელსიუსის სკალის მიხედვით 200–დან 500 გრადუსამდე იყო. ქალაქი მთიდან დაშვებულმა სიკვდილის შავმა ღრუბელმა დაფარა და თითქმის 30 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩამოდნა ეკლესიის ზარები და დაიწვა ნავსადგურში მდგარი გემები. ეს იყო XX საუკუნის ყველაზე კატასტროფული ვულკანური ამოფრქვევა. რასაკვირველია, ამდენი ადამიანი არ დაიღუპებოდა, თუ ხალხი გამაფრთხილებელ ნიშნებზე თვალს არ დახუჭავდა და უსაფრთხოების წინასწარ ზომებს მიიღებდა.

კვლავაც ხშირად მოხდება სტიქიური უბედურებები?

სტიქიურ უბედურებებთან დაკავშირებულ 2004 წლის ანგარიშში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციამ განაცხადა, რომ გასული ათწლეულის განმავლობაში ბუნებრივი კატაკლიზმების რიცხვი 60 პროცენტით გაიზარდა. „ეს უკვე დიდი ხნის ტენდენციაა“, — ნათქვამია ანგარიშში, რომელიც გამოიცა კატასტროფული ცუნამის წარმოქმნამდე — ეს სტიქიური უბედურება 26 დეკემბერს მოხდა ინდონეზიის ოკეანეში. უდავოა, რომ, თუ საშიშ ზონებში კიდევ გაიზრდება მოსახლეობა და არ შეწყდება ტყეების ჩეხვა, ოპტიმიზმით ვეღარ შევხედავთ მომავალს.

გარდა ამისა, ბევრი განვითარებული ქვეყანა დღემდე აგრძელებს სითბური აირებით ატმოსფეროს დაბინძურებას. ჟურნალ „საიენსის“ სარედაქციო სტატიაში ნათქვამია, რომ დღეს არანაირ ზომებს არ იღებენ გამონაბოლქვების შესამცირებლად, რაც „ინფექციის გავრცელების სტადიაში მკურნალობაზე უარის თქმის ტოლფასია: ეს იმის გარანტიაა, რომ მოგვიანებით უფრო მეტი ხარჯის გაწევა გახდება საჭირო“. ამასთან დაკავშირებით კანადის ერთ–ერთ პერიოდულ გამოცემაში სტიქიური უბედურებების შედეგების შემსუბუქებასთან დაკავშირებით ნათქვამი იყო: „სრული დამაჯერებლობით შეიძლება ითქვას, რომ კლიმატის ცვლილება ყველაზე გავრცელებული და სერიოზული ეკოლოგიური პრობლემაა, რომელსაც კი ოდესმე წაწყდომია საერთაშორისო საზოგადოება“.

მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ მივიდა საერთო დასკვნამდე იმასთან დაკავშირებით, მოქმედებს თუ არა ადამიანური ფაქტორი გლობალურ დათბობაზე; და რაც მთავარია, ვერც იმ შეთანხმებამდე მივიდა, თუ როგორ აკონტროლოს ეს პროცესი. მართლაც რომ უტყუარია ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები: „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა . . . მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23, სსგ). და მაინც, როგორც მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, მდგომარეობა უიმედო არ არის. სინამდვილეში ჩვენი დროის უბედურებები, მათ შორის დღევანდელ საზოგადოებაში ამოვარდნილი „ქარიშხალი“, იმაზე მიუთითებს, რომ ხსნა ახლოსაა.

[სქოლიო]

^ აბზ. 6 მზის ენერგიის არათანაბარი განაწილება აგრეთვე განაპირობებს ოკეანური დინებების სისტემას, რის შედეგადაც სითბო უფრო ცივ რაიონებში ინაცვლებს.

[ჩარჩო/სურათი 6 გვერდზე]

როცა ხორბალთან ერთად ვულკანიც იზრდება

ათას ცხრაას ორმოცდასამ წელს ერთმა მექსიკელმა მიწათმოქმედმა შენიშნა, რომ ყანაში ხორბალთან ერთად უცნაური რამ იზრდებოდა. გარკვეული ხნის შემდეგ მან მიწაში გაჩენილი ნაპრალები შენიშნა. მეორე დღეს ამ ნაპრალებში პატარა ვულკანი წარმოიქმნა. მომდევნო ხუთი კვირის განმავლობაში ვულკანის კონუსი 150 მეტრი სიმაღლის გახდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ 360 მეტრს მიაღწია. საბოლოოდ, ვულკანის კონუსი 430 მეტრამდე გაიზარდა და ზღვის დონიდან 2 775 მეტრის სიმაღლეზე აღმართულ მთად გადაიქცა. ამ ვულკანს უწოდეს პარიკუტინი, რომელიც 1952 წელს მოულოდნელად ჩაქრა და მას შემდეგ მიძინებულია.

[საავტორო უფლება]

U. S. Geological Survey/Photo by R. E. Wilcox

[ჩარჩო/სურათი 8 გვერდზე]

როდესაც ღმერთმა უბედურებისგან იხსნა ერები

შიმშილობა — ერთ-ერთი სახის უბედურებაა, რომელიც ბუნებრივ კატაკლიზმებს სდევს თან. ძველად პირველი შიმშილობა ძველ ეგვიპტეში იაკობის ვაჟის, იოსების, დროს ჩამოვარდა. ამ შიმშილობამ შვიდ წელს გასტანა და ეგვიპტეს, ქანაანსა და კიდევ სხვა ქვეყნებს შეეხო. მაგრამ ამ უბედურების დროს ხალხი მასიურად არ დახოცილა, რადგან იეჰოვამ მის შესახებ შვიდი წლით ადრე იწინასწარმეტყველა. მან აგრეთვე ნათელი გახადა, რომ შიმშილობის დაწყებამდე შვიდი წელი ეგვიპტეში უხვმოსავლიანი პერიოდი იქნებოდა. ღვთისმოშიშმა იოსებმა, რომელიც ღვთის ხელმძღვანელობით ეგვიპტეში ფარაონის შემდეგ მეორე კაცი გახდა და საკვების განაწილებას ზედამხედველობდა, იმდენად დიდი რაოდენობის მარცვლეული დააგროვა, რომ „შეწყვიტა მისი აღრიცხვა“. ამგვარად, ეგვიპტეს მხოლოდ თავისი მოსახლეობის გამოკვება კი არ შეეძლო, არამედ „ყველა ქვეყნიდან“ ჩამოსული ხალხის, მათ შორის იოსების ოჯახისაც (დაბადება 41:49, 57; 47:11, 12).

[სურათები 7 გვერდზე]

ჰაიტი, 2004 წელი. დატბორილ ქუჩებში ბიჭები სასმელ წყალს ეზიდებიან. ტყეების ჩეხვას ძლიერი მეწყერი მოჰყვა.

[საავტორო უფლებები]

Background: Sophia Pris/EPA/Sipa Press; inset: Carl Juste/Miami Herald/Sipa Press

[სურათი 9 გვერდზე]

ბევრი ქვეყანა დღემდე აგრძელებს სითბური აირებით ატმოსფეროს დაბინძურებას.

[საავტორო უფლება]

© Mark Henley/Panos Pictures