არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეუძლია ასტროლოგიას თქვენი მომავლის განსაზღვრა?

შეუძლია ასტროლოგიას თქვენი მომავლის განსაზღვრა?

ბიბლიის თვალსაზრისი

შეუძლია ასტროლოგიას თქვენი მომავლის განსაზღვრა?

როგორ შეგიძლიათ ცხოვრების გაუმჯობესება და წარმატების მიღწევა ბიზნესსა და სიყვარულში? მრავალი პასუხს ასტროლოგიაში ეძებს. ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი ჰოროსკოპს მიმართავს იმ მიზნით, რომ დარწმუნდეს მომავალ წარმატებაში. მსოფლიოს ლიდერებსაც კი სჯერათ, რომ მათ გადაწყვეტილებებზე ვარსკვლავები ახდენენ გავლენას.

სანდოა ასტროლოგია? რის საფუძველზე ჭვრეტენ მომავალს ასტროლოგები? უნდა იხელმძღვანელონ ქრისტიანებმა ციური სხეულებით?

რა არის ასტროლოგია?

ენციკლოპედია „უორლდ ბუკის“ თანახმად, ასტროლოგია „დაფუძნებულია რწმენაზე, რომ ციური სხეულების განლაგების მიხედვით შეიძლება პიროვნების ხასიათის თუ მომავლის განსაზღვრა“. ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ ბავშვის დაბადების მომენტში პლანეტების ზუსტი განლაგებითა და ზოდიაქოს ნიშნების * მდებარეობით შესაძლებელია ბავშვის მომავლის განსაზღვრა. კონკრეტულ მომენტში ციური სხეულების განლაგებას, რომლითაც მომავალს წინასწარმეტყველებენ, ჰოროსკოპი ეწოდება.

ასტროლოგიის ძველი დროიდან სჯეროდათ. ბაბილონელებმა დაახლოებით ოთხი ათასი წლის წინათ დაიწყეს მომავლის წინასწარმეტყველება მზის, მთვარისა და ხუთი ყველაზე ხილული პლანეტის მდებარეობის მიხედვით. ისინი აცხადებდნენ, რომ ეს ციური სხეულები გარკვეული ძალებით მოქმედებდნენ ადამიანთა ქცევებზე. მოგვიანებით წინასწარმეტყველებისთვის ზოდიაქოს ნიშნების გამოყენებაც დაიწყეს.

ასტროლოგიის წარუმატებლობის ხანგრძლივი ისტორია

ბიბლიაში ნაჩვენებია კავშირი ბაბილონსა და ასტროლოგიას შორის. ღვთის სიტყვაში რამდენჯერმეა მოხსენიებული ბაბილონელი ასტროლოგები (დანიელი 4:7; 5:7, 11). წინასწარმეტყველი დანიელის დროს ასტროლოგია ისე ფართოდ იყო გავრცელებული ქალდეაში (ბაბილონი), რომ ტერმინი „ქალდეველები“, ფაქტობრივად, ასტროლოგებზე მიანიშნებდა.

დანიელმა არა მარტო ის დაინახა, თუ რა დიდ გავლენას ახდენდა ასტროლოგია ბაბილონზე, არამედ ასტროლოგების წარუმატებლობაც. ბაბილონელმა ასტროლოგებმა ვერ შეძლეს ეწინასწარმეტყველათ თავიანთი ქალაქის დაცემა (დანიელი 2:27). ყურადღება მიაქციეთ, თუ რა ზუსტი წინასწარმეტყველება წარმოთქვა ესაიამ ბაბილონის განადგურებამდე ორი საუკუნით ადრე: „მოვიდნენ და გიხსნან ასტროლოგებმა — ხალხმა, რომლებიც ვარსკვლავებს სწავლობენ და ცის რუკებს ადგენენ, გითხრან, თვიდან თვემდე რაც უნდა მოგივიდეს, — შემდეგ ესაია განაგრძობს. — ისინი საკუთარ თავსაც კი ვერ იხსნიან“ (ესაია 47:13, 14, „თანამედროვე ინგლისური თარგმანი“).

აშკარაა, რომ ბაბილონელმა ასტროლოგებმა თავიანთი ქალაქის დაცემა რამდენიმე საათით ადრეც კი ვერ იწინასწარმეტყველეს. როდესაც მეფე ბელშაცარის სასახლეში კედელზე ღვთის მკაცრი განაჩენის შესახებ უცნაური წარწერა გამოიკვეთა, ასტროლოგებმა ვერ შეძლეს მისი ამოხსნა. ამან მათი უუნარობა და წარუმატებლობა დაამტკიცა (დანიელი 5:7, 8).

ასტროლოგები დღესაც წარუმატებლები არიან მნიშვნელოვანი მოვლენების წინასწარმეტყველებასთან დაკავშირებით. მკვლევარებმა რობერტ კალვერმა და ფილიპ იანამ გამოკვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ 3 000–ზე მეტი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური წინასწარმეტყველებიდან მხოლოდ 10 პროცენტი შესრულდა. კარგ ანალიტიკოსს უფრო ზუსტად შეეძლო მოვლენების განჭვრეტა.

კამათი ბიბლიურ სწავლებებზე

ებრაელი წინასწარმეტყველები მხოლოდ იმიტომ არ უარყოფდნენ ასტროლოგიას, რომ მას არ შეეძლო მომავლის ზუსტად წინასწარმეტყველება. ღმერთმა რჯულში, რომელიც მოსეს მისცა, ისრაელები კონკრეტულად გააფრთხილა, არ მიემართათ მკითხავებისთვის: „არ იპოვებოდეს შენში . . . არც ჯადოქარი . . . არც მარჩიელი, — შემდეგ კი ნათქვამი იყო. — ვინაიდან საძაგელია უფლისათვის ყოველივე ამის მოქმედი“ (მეორე რჯული 18:10, 12).

მართალია, რჯულში სიტყვა „ასტროლოგია“ არ იყო მოხსენიებული, მაგრამ ნათელია, რომ ეს აკრძალვა მასაც ეხებოდა. ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“ აღნიშნულია, რომ ასტროლოგია არის „მკითხაობის ფორმა, რომლითაც ვარსკვლავებზე, მზეზე, მთვარესა და პლანეტებზე დაკვირვებით წინასწარმეტყველებენ მსოფლიო მოვლენებსა თუ ადამიანის მომავალს“. ყველა სახის მკითხაობა — რომელიც დაფუძნებულია ვარსკვლავებსა თუ ნებისმიერ სხვა რამეზე — ეწინააღმდეგება ღვთის კანონებს. რატომ? ამისათვის საფუძვლიანი მიზეზი არსებობს.

ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი წარმატება თუ წარუმატებლობა ვარსკვლავებს მივაწეროთ, ბიბლია გასაგებად გვეუბნება, „კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“ (გალატელები 6:7). ღმერთი ჩვენს მოქმედებებზე პასუხისმგებლობას ჩვენვე გვაკისრებს, რადგან ნების თავისუფლება გვაქვს (მეორე რჯული 30:19, 20; რომაელები 14:12). შეიძლება უბედური შემთხვევისა თუ ავადმყოფობის გამო ვიტანჯებით, რომელთა წინაშეც უძლურნი ვართ; ამასთან დაკავშირებით ბიბლია გვიხსნის, რომ ასეთი უბედურებები ‘დროსა და შემთხვევაზეა დამოკიდებული’ და არა ჰოროსკოპზე (ეკლესიასტე 9:11).

ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ურთიერთობისას შევიმოსოთ ისეთი თვისებებით, როგორიცაა თანაგრძნობა, სიკეთე, თავმდაბლობა, რბილი ხასიათი, სულგრძელობა და სიყვარული (კოლოსელები 3:12—14). ასეთი თვისებები ხელს უწყობს ხანგრძლივ მეგობრობასა და მყარ ქორწინებას. ორი პიროვნების ხასიათის „ასტროლოგიური დამთხვევა“ არ არის საიმედო სახელმძღვანელო მომავალი მეუღლის ასარჩევად. ფსიქოლოგმა ბერნარდ სილვერმანმა ჩაატარა გამოკვლევა, რომლის თანახმადაც ჰოროსკოპის მიხედვით დაქორწინებული 3 500 წყვილიდან 17 პროცენტი განქორწინდა. სილვერმანის თქმით, ეს ციფრი არ მცირდება.

ნათელია, რომ ასტროლოგია არასაიმედო და მცდარია. როცა შეცდომებს ჩავდივართ, ეს ვარსკვლავებს კი არ უნდა მივაწეროთ, არამედ საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ. და რაც ყველაზე მთავარია, ღვთის სიტყვა გმობს ასტროლოგიას.

[სქოლიო]

^ აბზ. 6 ზოდიაქოს ნიშნებია 12 სხვადასხვა თანავარსკვლავედი, რომლებსაც ასტროლოგიაში იყენებენ.