არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვესტუმროთ „ცეცხლის მთას“

ვესტუმროთ „ცეცხლის მთას“

ვესტუმროთ „ცეცხლის მთას“

„გამოიღვიძეთ!“–ისთვის იტალიიდან

მთელ მსოფლიოში სულ რამდენიმე ადგილი თუ მოიძებნება, სადაც ერთი და იმავე ვულკანის საუცხოო ხედის დანახვას ქალაქგარეთა ტერიტორიიდანაც შეძლებთ, ზღვიდანაც და ქალაქიდანაც. თუ მოხდა და ქალაქ კატანიაში აღმოჩნდით, თვალს ვერ მოწყვეტთ 3 300 მეტრზე მაღლა აზიდულ მთა ეტნას, ევროპის ყველაზე მაღალ მოქმედ ვულკანს, რომელიც კუნძულ სიცილიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარეობს.

ვულკანი, რომელიც დიდი ხანია იპყრობს ყურადღებას

არაბები, რომელთა ხელშიც სიცილია დიდი ხნის განმავლობაში იყო, ამ ვულკანს „ცეცხლის მთას“ უწოდებდნენ და ეტნა ნამდვილად ამართლებდა ამ სახელს გავარვარებული ლავის რეგულარული ამონთხევით. ისტორიამ წარსულში ეტნას გააქტიურების შესახებ ორი ცნობა შემოგვინახა. პინდარესა და ესქილეს აღწერილი აქვთ ძვ. წ. 475 წელს მომხდარი ამოფრქვევა. ლავის მიერ დაჩნეული ნიშნები საოცარი სანახავია — გველისმაგვარი კვალი მთიდან პირდაპირ ზღვაში ეშვება. ეს ნიშნები ძვ. წ. 396, ახ. წ. 1329 და 1669 წლების ამოფრქვევების შედეგია, რომელთაგან უკანასკნელიც ყველაზე მძლავრ „თანამედროვე“ ამოფრქვევად არის ცნობილი. ამ დროს ლავური ღვარი — რომელიც სიგანეში 2 კილომეტრს, ხოლო სიგრძეში 25 კილომეტრს აღწევდა — კატანიას გალავანმაც ვერ შეაჩერა. ლავამ უსახლკაროდ დატოვა 27 000–ზე მეტი ადამიანი და ნაწილობრივ დაფარა ქალაქის ნავსადგური.

როგორც ფიქრობენ, XX საუკუნეში ეტნა უფრო აქტიური გახდა, რასაც თან სდევდა არაერთი ამოფრქვევა. გასულ საუკუნეში ყველაზე მძლავრი ამოფრქვევა 1928 წელს მოხდა, რომლის დროსაც მიწის პირისაგან აღიგავა სოფელი მასკალი. ვულკანიდან ამოფრქვეული ლავა და ფერფლი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას გარკვეულ პრობლემებსა და საზრუნავს უქმნის.

ეტნა „დიდი დედიკოს“ როლში

როგორც ამბობენ, ეტნას მთავარი სტრუქტურის ფორმირება, სულ მცირე, 170 000 წლის წინათ, მაგმის ანუ გამდნარი ქანების ამონთხევით დაიწყო. ვულკანის აქტივობის სხვადასხვა პერიოდში მთავარი კონუსის კალთებზე წარმოიქმნა დაახლოებით 250 პატარა კონუსი. ისინი ეტნას გარშემო პატარა ბავშვებივით არიან ჩამწკრივებულნი. ამის გამო ვულკანს მეტსახელად „დიდ დედიკოს“ უწოდებენ.

თუ მანქანით ან მატარებლით ეტნას გარშემო პატარა მოგზაურობას დაგეგმავთ, შემოვლისას შეამჩნევთ, რომ სხვადასხვა ადგილიდან თქვენ წინ განსხვავებული, საუცხოო ხედები გადაიშლება. თქვენ ნახავთ ნიკოლოსისთან ახლოს მდებარე „მონტი როსის“ (წითელი ბორცვები), სილვესტრის კრატერებს და ვალი დელ ბოვის (ხარის ველის) ვრცელ ქვაბულს, რომლის დანახვაც შეიძლება ჯარედან და ძაფირანადან.

მართალია ეტნას გეოლოგიური ისტორია გარკვეულწილად ბურუსითაა მოცული, მაგრამ ფაქტია, რომ ის უხსოვარ დროს უკავშირდება. წყალქვეშ და სანაპირო ტერიტორიაზე მაგმის ამონთხევის შედეგად კატანიის ჩრდილოეთით მდებარე სანაპირომ დღეს არსებული სახე მიიღო. სანაპიროს ერთ ნაწილს ეწოდება რივიერა დეი ჩიკლოპი ანუ ციკლოპის ნაპირი, რომელიც შავი ქანებით გამოირჩევა. აჩი ტრეცას ციცაბო კლდის მოპირდაპირე მხარეს კი ზღვიდან ამოჭრილია უჩვეულო ფორმის ქანები, რომელთაც ფარაგლიონის უწოდებენ.

უცნაური სიყვარული

შეიძლება დაინტერესდეთ, ეშინია თუ არა ამ ვულკანის ძირას მცხოვრებ ხალხს იმის, რომ იგი შეიძლება ნებისმიერ დროს ამოიფრქვეს. როდესაც ეტნა მშვიდად არის, ეტნელებს (ასე ეძახიან ადგილობრივ მოსახლეობას) მისი არსებობაც კი არ ახსოვთ. მე–19 საუკუნეში მოღვაწე ფრანგი ნატურალისტი გაი დე მაუპასანტი თავის ნაშრომში — „მოგზაურობა სიცილიაში“ — წერდა: „ნადირი დამშვიდებულია. იქ, სადღაც შორს, მას სძინავს“. როდესაც მთაზე კვამლის ღრუბელი ჩნდება, ეტნელები მისთვის ერთი თვალის შევლებით კმაყოფილდებიან. მაგრამ, როცა შუაღამისას გუგუნი აღვიძებთ, აივნები და გზები ფერფლით იფარება და ნესტოები და თვალები მტვრით ევსებათ, — აი მაშინ კი ყველაფერი იცვლება. ამ დროს ისინი გონივრულად მოქმედებენ და ეტნასადმი შიშს ავლენენ — განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ლავის წითელი ნაკადი ნელა, მაგრამ უმოწყალოდ ეშვება მთიდან და თავის გზაზე ყველაფერს ნთქავს.

ყოველივეს მიუხედავად, აქ მცხოვრები ხალხი ეტნას „კეთილგანწყობილ გიგანტად“ თვლის. მართალია მას დასახლებული უბნების, ნარგავ–ნათესებისა და, არც ისე დიდი ხნის წინათ, ტურბაზების განადგურებაში ედება ბრალი, მაგრამ ადამიანთა სიცოცხლის ხელყოფაში მას საკმაოდ ცოტა დანაშაული აქვს ჩადენილი. ზიანის მომტანი ამოფრქვევების შემდეგ, რასაც თან სდევს ადამიანის შრომის ნაყოფის განადგურება, შეუდრეკელი მოსახლეობა ცხოვრებას ახლიდან იწყებს.

სიყვარული, რომელიც ვულკანის ძირას მცხოვრებ ხალხს მშობლიურ მიწასთან აკავშირებს, კარგად აღწერა იტალიელმა პოეტმა ჯაკომო ლეოპარდიმ. მან ასეთი ადამიანები შეადარა ტყის ცოცხის ერთ ჯიშს (Genista aetnensis), რომელიც ხშირად ვულკანთან ახლოს იზრდება. ამ ბუჩქს ლამაზი, მოლაპლაპე ყვავილები აქვს. ყვავილებს ამაყად და მტკიცედ უჭირავთ თავი, სანამ ლავის ღვარი გადაუვლით. ხოლო როცა ამოფრქვევა ჩაივლის და ქანი ცივდება, ბუჩქი კვლავ იზრდება და რთული პირობების მიუხედავად მტკიცედ და უშიშრად უბრუნდება ჩვეულ რიტმს.

ეტნა იცვლება

ვულკანოლოგთა აზრით, ეს „კეთილგანწყობილი გიგანტი“, როგორც ჩანს, იცვლის თავის ხასიათს. არც ისე შორეულ წარსულში ეტნას არ ახასიათებდა აფეთქებითი მოქმედება. მაგრამ ახლა, როგორც ჟურნალი „ფოკუსი“ აღნიშნავს, „ამ ვულკანს, რომელსაც აქამდე არ თვლიდნენ საშიშად, უფრო და უფრო მეტად უყურებენ ეჭვის თვალით“. იტალიელ და ფრანგ მკვლევართა გაფრთხილების თანახმად, ეტნა „ნელ–ნელა კარგავს ეფუზიურ ხასიათს (როდესაც ლავა და აირები მშვიდად ამოდის) და ექსპლოზიური (ფეთქებადი) ვულკანი ხდება“. კატანიაში მდებარე იტალიის ეროვნული გეოფიზიკური და ვულკანოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომელი პაოლა დელ კარლო აღნიშნავს, რომ „გასული 30 წლის განმავლობაში [ეტნას] ეფუზიური და ექსპლოზიური თვისებები აშკარად უფრო ინტენსიური გახდა და რთულია წინასწარ იმის ზუსტად განსაზღვრა, თუ რა იქნება მომავალში“.

არაჩვეულებრივი სანახაობა

გარდა იმისა, რომ ეტნა ხალხს შიშსა და მოწიწებას ჰგვრის, ის მათ არაჩვეულებრივი სანახაობითაც ანებივრებს. როცა ზამთარში თოვლითაა დაფარული, ხოლო ზაფხულში მუქი ყავისფერი სამოსი მოსავს, როცა მშვიდად გადმოჰყურებს სანაპიროს ან აზანზარებს გულებსა თუ მიწას, ან როცა ცეცხლით ღამეს ანათებს — ეტნა თავისი შემოქმედის ძალაზე მოწმობს (ფსალმუნები 64:7; 94:3, 4). თუ გექნებათ შესაძლებლობა და ესტუმრებით სიცილიის ლამაზ კუნძულს, ნუ დაივიწყებთ ეტნას. თქვენ მას შორიდანვე შენიშნავთ განუყრელ კვამლის ღრუბელთან ერთად. ეტნელები ამბობენ: „თუ გუგუნი მოგესმებათ, ნუ აღელდებით. ეტნა თავის სტუმრებს ასე ესალმება“.

[რუკა 15 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

იტალია

სიცილია

მთა ეტნა

[სურათი 14 გვერდზე]

მთა ეტნა, 1843 წელს შესრულებული ნახატი.

[საავტორო უფლება]

Culver Pictures

[სურათი 15 გვერდზე]

2001 წლის 26 ივლისი

[სურათი 15 გვერდზე]

2001 წლის 28 ივლისი, უკანა პლანზე კატანია.

[სურათი 15 გვერდზე]

2002 წლის 30 ოქტომბერი

[სურათი 15 გვერდზე]

2004 წლის 12 სექტემბერი

[სურათი 16 გვერდზე]

უჩვეულო ფორმის ქანები, რომელთაც ფარაგლიონი ეწოდება.

[სურათი 17 გვერდზე]

ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეტნა „კეთილგანწყობილი გიგანტია“.

[სურათის საავტორო უფლებები 15 გვერდზე]

All photos: © Tom Pfieffer; map: Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.

[სურათის საავტორო უფლებები 16 გვერდზე]

Background: © WOLFGANG KAEHLER 2005, www.wkaehlerphoto.com; Faraglioni: Dennis Thompson/Unicorn Stock Photos;