არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვიპოვეთ გაცილებით ძვირფასი, ვიდრე გაგვაჩნდა

ვიპოვეთ გაცილებით ძვირფასი, ვიდრე გაგვაჩნდა

ვიპოვეთ გაცილებით ძვირფასი, ვიდრე გაგვაჩნდა

მოგვითხრო ფრანსის დელ-როზარიო-დე-პაესმა

1988 წელს მე და ჩემი ძმები სხვა მუსიკალურ ჯგუფებთან ერთად ათასობით მაყურებლის წინაშე გამოვედით ნიუ-იორკში, „მედისონ-სკვერ-გარდენში“. ჩვენს ანსამბლს, სადაც მე ვცეკვავდი, მაყურებელი დიდი ოვაციებით შეხვდა. წლების წინათ, როცა პატარები ვიყავით, მამამ ყველაფერი გააკეთა, რომ წარმატებისთვის მიგვეღწია.

მამა მუსიკოსი იყო. მან დაინახა, რომ ჩემს უფროს ძმებს, შვიდივეს, მუსიკალური ნიჭი ჰქონდათ. ამიტომ მან სახლი გაყიდა და იმ ფულით მუსიკალური ინსტრუმენტები შეიძინა საჭირო მოწყობილობებით, რათა შვილებს მუსიკალური ჯგუფის ჩამოყალიბებაში დახმარებოდა. მე 1966 წელს დავიბადე და იმ დროისათვის ჯერ კიდევ პატარა ვიყავი. მაშინ ჩვენი ოჯახი დომინიკელთა რესპუბლიკაში, ქალაქ იგუეიში, ცხოვრობდა.

პირველი კონცერტი, რომელშიც ჩემი ძმები მონაწილეობდნენ, 1978 წელს გაიმართა იგუეის მერიის შენობაში. მოგვიანებით ისინი დომინიკელთა რესპუბლიკის დედაქალაქში, სანტო-დომინგოში, გადავიდნენ და იქ დაიწყეს კონცერტების ჩატარება. ისინი უკრავდნენ და მღეროდნენ ახლებური სტილის მერენგეს, რამაც მათ დიდი პოპულარობა მოუტანა *. მათი ჯგუფი „ლოს ჰერმანოს როზარიოს“ (ძმები როზარიო) სახელით გახდა ცნობილი.

ჩემი ოცნება იყო, რომ ცნობილი მოცეკვავე გავმხდარიყავი და მინდოდა, ჩემი ძმების ჯგუფში მეცეკვა. ერთ წვეულებაზე ჩემმა ძმამ პეპემ, რომელიც ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, ცეკვის შესრულება მთხოვა. მან თქვა: „ფრანსისი ჩემს უმცროს დებს შორის ყველაზე პატარაა და კარგად ცეკვავს“. სტუმრებს მოეწონათ ჩემ მიერ შესრულებული ცეკვა. ვისარგებლე შემთხვევით და პეპეს ვუთხარი, რომ თავის ჯგუფში ავეყვანე. ცეკვა 16 წლიდან დავიწყე და „ლოს ჰერმანოს როზარიოს“ ყველა კონცერტში ვმონაწილეობდი.

დიდი წარმატება

მართალია, მერენგეს ჯგუფებში ქალები ყოველთვის მღეროდნენ, მაგრამ მამაკაცების ანსამბლში ქალს არასოდეს უცეკვია. მერენგეს მუსიკის შესაბამისად ვიყენებდი ცეკვის ახლებურ სტილს და თავად ვდგამდი თითოეულ მოძრაობას. ცეკვის ტექნიკა, რომელსაც ვიყენებდი, პოპულარული გახდა. მას ფრანსის როზარიო უწოდეს.

ჩვენ ვმღეროდით მერენგეს სიმღერას, სახელწოდებით „კუმანდე“, რომელშიც ერთ ადგილას ასეთი სიტყვები იყო: „ეაორა ტოდო ელმუნდო კომო ფრანსის როზარიო“ („და ახლა ყველა ფრანსის როზარიოს მსგავსად ცეკვავს“). მაყურებელი ჩემს ცეკვას ჰბაძავდა. ზოგჯერ ისინი, იმის მაგივრად, რომ ეცეკვათ, იატაკზე სხდებოდნენ და ცეკვას უყურებდნენ. დროთა განმავლობაში ჩვენი ჯგუფის აფიშისთვის მხოლოდ ჩემი სურათის გამოყენება დაიწყეს. ამიტომ, ყველასთვის ნათელი იყო, რომ მალე „ლოს ჰერმანოს როზარიოს“ კონცერტი გაიმართებოდა.

მას შემდეგ, რაც ჩემს ძმებთან ერთად კონცერტებზე გამოსვლა დავიწყე, სხვა მუსიკოსებიც შემოგვიერთდნენ ჯგუფში, მათ შორის სამი ძმა, რომელთა გვარიც პაესი იყო. ერთ–ერთი მათგანი, რობერტო, რომელიც საყვირზე უკრავდა, მოგვიანებით ჩემი მეუღლე გახდა. ძმა პაესებმაც შეიტანეს ჯგუფის წარმატებაში თავისი წვლილი. ჩვენმა ჯგუფმა, „ლოს ჰერმანოს როზარიომ“, არაერთხელ მიიღო მოწვევა, რომ სანტო–დომინგოს ტელევიზიითაც გამოსულიყო და სხვა ქვეყნებშიც ჩაეტარებინა კონცერტები.

1988 წელს შეერთებულ შტატებსა და კანადაში წავედით გასტროლებზე. ერთ–ერთი კონცერტი, როგორც ზემოთ მოვიხსენიე, „მედისონ–სკვერ–გარდენში“ ჩატარდა, სადაც მერენგეს ყველაზე პოპულარული ჯგუფები მონაწილეობდნენ. ჩვენს ჯგუფს ყველაზე დიდი ოვაციებით შეხვდნენ. ამ კონცერტის შემდეგ, კონცერტმეისტერები სხვა კონცერტების დროს ყოველთვის პროგრამის ბოლოს წარგვადგენდნენ ხოლმე. ჩემი ცეკვა უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იპყრობდა და „ლოს ჰერმანოს როზარიოს“ თაყვანისმცემელთა რიცხვიც უფრო და უფრო მატულობდა; ჩვენი ჯგუფის ჩანაწერებზე მოთხოვნილებაც უფრო მეტად იზრდებოდა.

ჩვენ მრავალ ქვეყანაში დავდიოდით გასტროლებზე. ვეწვიეთ კოლუმბიას, ეკვადორს, პანამას, პუერტო–რიკოს, კიურასაოს, ესპანეთს, გერმანიასა და სხვა ქვეყნებს. მალე ყველაზე პოპულარული მუსიკალური ჯგუფი გავხდით ლათინურ ამერიკაში. ცეკვა, სცენა, კოსტიუმები და გრიმი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა.

დასაქორწინებელი როცა ვიყავი, ვამბობდი: „ვინც ჩემით დაინტერესდება და ცეკვა არ ეყვარება, მის თავს ცეკვას ვამჯობინებ“. მაგრამ მალე ჩემს ცხოვრებაში დადგა დრო, როცა ყველაფერს სხვა თვალით შევხედე.

სულიერად გამოღვიძება

ეს მოხდა კანარის კუნძულებზე გასტროლების დროს, 1991 წელს. მე და რობერტო ახალი დაქორწინებულები ვიყავით. რობერტოს ძმამ, ფრედმა, რომელიც ჩვენს ჯგუფში იყო, ბიბლიის შესწავლა დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან და მათი ლიტერატურა ყოველთვის თან ჰქონდა.

ერთ დღეს ფრედის ოთახში დავინახე წიგნი „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“ და მისი კითხვა დავიწყე. ჩემი ყურადღება მიიპყრო წიგნის ერთ–ერთმა თავმა, სათაურით „სინამდვილეში არსებობს თუ არა ჯოჯოხეთი“? დედას ნათქვამი ჰქონდა, რომ ადამიანი თუ ბოროტებას ჩაიდენდა, ჯოჯოხეთში დაიწვებოდა. და რადგან ძალიან მეშინოდა იქ მოხვედრის, ამიტომ ამ საკითხმა ყველაზე მეტად დამაინტერესა.

რამდენიმე კვირის შემდეგ, როცა ჯერ კიდევ კანარის კუნძულებზე ვიმყოფებოდით, მუცელი მომეშალა. საავადმყოფოში როცა წამიყვანეს, რობერტოს ვუთხარი, რომ ფრედისთვის ეთხოვა ის წიგნი, რომელიც მის ოთახში ვნახე. მინდოდა ის გამოჯანმრთელებამდე წამეკითხა. წიგნი ძალიან მომეწონა. სხვა საკითხებთან ერთად ისიც გავიგე, რომ ბიბლიაში მოხსენიებული ჯოჯოხეთი უბრალოდ კაცობრიობის საერთო სამარეა და რომ ღმერთს ვინმეს ტანჯვა გულში არასოდეს გაუვლია (იერემია 7:31). ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა ბიბლიურმა სწავლებამ იმის შესახებ, რომ მკვდრებმა არაფერი იციან (ეკლესიასტე 9:5, 10).

როდესაც დომინიკელთა რესპუბლიკაში დავბრუნდით, ფრედმა იეჰოვას ერთ–ერთი მოწმე გამოგზავნა ჩვენს მოსანახულებლად. მან გაგვიზიარა ბიბლიური იმედი მარადიული ცხოვრების შესახებ სამოთხეში დედამიწაზე და ამან ჩემს მეუღლეშიც აღძრა ინტერესი (ფსალმუნები 36:29; ლუკა 23:43). ჩვენ ბიბლიის შესწავლის სურვილი გამოვთქვით.

პრიორიტეტებისა და ღირებულებების გადაფასება

ბიბლიის შესახებ უფრო მეტი გავიგე, ამიტომ ჩემს საყვარელ საქმიანობას სხვა თვალით შევხედე. ბიბლიურმა პრინციპებმა აზროვნება შემიცვალა (რომაელები 12:2). საკუთარ თავს შემდეგ კითხვას ვუსვამდი: „ასეთ ცეკვებს უნდა ვასრულებდე ამდენი მაყურებლის წინაშე? ეს ის არ არის, რაც მე მინდა“. ღმერთს ვევედრებოდი: „გთხოვ, დამეხმარე გამოსავლის პოვნაში“. მეუღლეს გავუზიარე ჩემი გრძნობები და თურმე ისიც იმავეს გრძნობდა. მან მითხრა: „მოითმინე, საყვარელო. ჯერ შენ წადი ჯგუფიდან და შემდეგ მე წამოვალ“.

კვლავ დავფეხმძიმდი და რამდენადაც ცეკვას ვეღარ შევძლებდი, თავისუფლად შემეძლო უფრო ხშირად დავსწრებოდი კრების შეხვედრებს სამეფო დარბაზში. ამან ძალიან გაგვაძლიერა მე და რობერტო, რომელიც ჩემთან ერთად ესწრებოდა კრების შეხვედრებს. ამ შეხვედრებზე დასწრება დაგვეხმარა იმის დანახვაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვას ხალხთან ერთად შეკრება. მივხვდით, რომ სულიერი წინსვლისთვის ქრისტიანული შეხვედრებიდან მითითებებისა და გამხნევების მიღება გვჭირდებოდა (ებრაელები 10:24, 25). მაშინაც კი, როცა დომინიკელთა რესპუბლიკის გარეთ დავდიოდით გასტროლებზე, მე და რობერტო სამეფო დარბაზს ვეძებდით და შეხვედრებს ვესწრებოდით.

როცა ბავშვი შემეძინა, ისევ ცეკვას დავუბრუნდი, მაგრამ გული ძველებურად აღარ მიმიწევდა ამისკენ. ეს ცვლილება შესამჩნევი გახდა და პრესამ ჩემი გაკრიტიკება დაიწყო. ხშირად მეკითხებოდნენ: „რატომ აღარ ცეკვავ ისე, როგორც ცეკვავდი?“ ვევედრებოდი იეჰოვას, რომ გამოსავალი მოეცა და ჩემს ძმებთან არანაირი პრობლემა არ შემქმნოდა. ჯგუფის ერთ-ერთი მესაკუთრე მეც ვიყავი და არ მინდოდა, რომ ჩემს ძმებს დავპირისპირებოდი.

როცა კვლავ დავფეხმძიმდი, რაფას, რომელიც ჩემი უფროსი ძმის, პეპეს, სიკვდილის შემდეგ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ვუთხარი, რომ ბავშვებთან უფრო მეტი დროის გატარება მინდოდა და სამსახურში აღარ დავბრუნდებოდი. მან მითხრა, რომ შემეძლო ისე მოვქცეულიყავი, როგორც თავად ჩავთვლიდი საჭიროდ. ჩემი ძმებიდან არც ერთს წინააღმდეგობა არ გაუწევია, რომ ბიბლია შემესწავლა. ამისათვის ძალიან მადლიერი ვარ მათი.

იეჰოვასადმი მსახურება — ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში

1993 წელს, ჯგუფთან ათი წლის მუშაობის შემდეგ, დასრულდა ჩემი საცეკვაო კარიერა და მთელი გულით მივუძღვენი თავი იეჰოვას. სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის მაუწყებელი გავხდი და, მას შემდეგ, რაც რობერტომაც დატოვა ჯგუფი, 1994 წელს ერთად მოვინათლეთ (მათე 24:14). ფრედი, რობერტოს უფროსი ძმა ხულიო და ასევე ჯგუფის სხვა წევრი მანუელ პერესი, იეჰოვას მოწმეები გახდნენ. ისინი დღემდე ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას.

ბევრს არ ესმოდა, რატომ დავტოვე შოუბიზნესი მაშინ, როცა ჩემი საქმე ძალიან მიყვარდა. ერთი ცნობილი პროდიუსერის მსგავსად, ზოგი ფიქრობდა, რომ ეს მხოლოდ გარკვეული პერიოდი გასტანდა. პროდიუსერმა ასეთი რამ იწინასწარმეტყველა ჩემ შესახებ: „სხვა მსახიობების მსგავსად, ესეც მოაგვარებს პრობლემებს და ჯგუფს დაუბრუნდება“. მაგრამ ეს ასე არ მომხდარა. გადავწყვიტე, რომ, რამდენადაც შესაძლებელი იყო, სრულად მიმეძღვნა თავი იეჰოვას მსახურებისთვის.

მე და ჩემს მეუღლეს ახლა სამი შვილი გვყავს: ქეითი, რობერტო და ობედი. ჩვენ ვცდილობთ ვასწავლოთ მათ, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სულიერია და არა მატერიალური. ჩვენი გამოცდილების წყალობით შეგვიძლია დავიცვათ ისინი ქვეყნიერების მაცდური გავლენისგან და მივცეთ მათ გონივრული რჩევები, რაც ცხოვრებაში გამოადგებათ. ყოველკვირეული ბიბლიის ოჯახური შესწავლა ძალიან სასარგებლოა, რაც ერთიანობის შენარჩუნებაში გვეხმარება ქვეყნიერებაში, სადაც ოჯახები უფრო და უფრო ინგრევა.

ჩვენ ვცდილობთ, შვილებს იმის დანახვაში დავეხმაროთ, რომ იეჰოვა რეალური პიროვნებაა, რომელსაც შეუძლიათ ენდონ (იგავები 3:5, 6; ებრაელები 11:27). ჩვენ ასევე ვაჩვენებთ მათ, რომ ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება და მასში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ფასდაუდებელი ძღვენია იმის დანახვა, რომ ბავშვები ბიბლიური ჭეშმარიტების შესაბამისად მოქმედებენ. ბოლო ორი წელი დამხმარე პიონერად ვმსახურობ; ასე უწოდებენ იეჰოვას მოწმეები მათ, რომლებიც ყოველთვიურად ბიბლიაზე დაფუძნებული მრწამსის შესახებ სხვებთან საუბარს 50 საათს ან მეტს უთმობენ. თითქმის ათი წელია, რაც ჩემი მეუღლე ქრისტიანული კრების უხუცესია.

მერენგეს დღესაც ლამაზ ცეკვად მივიჩნევ. მაგრამ სამწუხაროდ, დღევანდელი მერენგე, რაც დიდი პოპულარულობით სარგებლობს, ადრინდელისგან ძალიან განსხვავდება. ის ადრე უვნებელი იყო, ახლა კი მერენგესთვის შესაფერისი მუსიკის შესარჩევად დიდი დაკვირვებაა საჭირო.

იეჰოვასადმი მსახურებას პირველ ადგილზე ვაყენებ

ქვეყნიერება მრავალ რამეს გვთავაზობს, მაგრამ თითოეულმა თავად უნდა განვსაზღვროთ, თუ რა დგას ამ ყველაფრის უკან. ეს მუსიკალურ ინდუსტრიასაც ეხება, რომელიც, ერთი შეხედვით, შეიძლება მიმზიდველი და უვნებელი ჩანს, მაგრამ ეს ასე არ არის. მრავალი ადამიანი, რომლებიც მუსიკალურ სამყაროში მოღვაწეობენ, ნარკოტიკებს იღებს და უზნეო ცხოვრებას ეწევა. სცენა მათ ისეთ ხალხთან აკავშირებს, რომლებიც მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობენ და სინდისის ხმას საერთოდ არ უსმენენ (1 კორინთელები 15:33).

ჩვენ დავინახეთ, რომ ყველაზე საუკეთესო, რაც ადამიანმა შეიძლება გააკეთოს, იეჰოვასადმი მსახურებაა. მახსენდება, რომ ერთ–ერთი დიდი კონცერტის შემდეგ სასტუმროში ვბრუნდებოდი და საშინელ სიცარიელეს ვგრძნობდი. ახლა ვხვდები, ასეთი გრძნობა იმიტომ დამეუფლა, რომ ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანს, სულიერ მოთხოვნილებას, არ ვიკმაყოფილებდით (მათე 5:3).

ჩვენთვის უმთავრესია, რომ ვასიამოვნოთ ჩვენს შემოქმედს, განსაკუთრებით კი ქადაგებითა და მისი სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის სხვებისთვის სწავლებით (მათე 24:14; საქმეები 20:35). ამ საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას ბედნიერება და კმაყოფილება მოაქვს ჩვენი ოჯახისთვის. ჩვენ ნამდვილად მადლიერნი ვართ, რომ ღვთის ხალხს შორის ვიმყოფებით და გვყავს ნამდვილი მეგობრები, — ერთ რწმენაში გაერთიანებული და–ძმები, — რომლებიც ჩვენთან ერთად იზიარებენ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში მარადიული სიცოცხლის დიდებულ იმედს (მარკოზი 10:29, 30; 2 პეტრე 3:13; გამოცხადება 21:3, 4).

ჩვენ მატერიალურად უზრუნველყოფილნი ვიყავით ქვეყნიერებაში. მაგრამ იეჰოვა ღმერთის შესახებ შემეცნების მიღების შემდეგ შევიძინეთ სულიერი სიმდიდრე, რაც ბევრად აღემატება მატერიალურს. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ შეგვიძლია ვემსახუროთ განზრახვების შემსრულებელ ღმერთს — ბედნიერ ღმერთს, რომელიც მოგვიწოდებს, რომ მივენდოთ მას! (ფსალმუნები 36:3). ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ დიდებასა და მატერიალურ სიმდიდრეზე გაცილებით ძვირფასი რამ ვიპოვეთ. ვლოცულობთ, რომ იეჰოვა დაეხმაროს ჩვენს ოჯახს მისი ნების მარადიულად შესრულებაში.

[სქოლიო]

^ აბზ. 5 მერენგე არის ცეკვა-სიმღერა, რომელიც გამოირჩევა 2/4 მუსიკალური ზომითა და ტაქტით. ტრადიციულ კოსტიუმებში გამოწყობილი მუსიკოსთა პატარა ჯგუფი მერენგეს ასრულებდა აკორდეონზე, გუიროსა (კუბური სამუსიკო საკრავი) და ტამბურზე (მცირე ზომის დაფდაფი). გარკვეული დროის შემდეგ ჩამოყალიბდა უფრო დიდი ჯგუფები (რომლებიც ორკესტრის სახელითაცაა ცნობილი დომინიკელთა რესპუბლიკაში). დღესდღეობით მრავალი ჯგუფი მერენგეს შესასრულებლად იყენებს კლავიშებიან საკრავს, საქსოფონს, საყვირს, კონგას დაფდაფსა და სხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებს.

[სურათი 21 გვერდზე]

ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ჩემი კარიერის დასაწყისში.

[სურათი 21 გვერდზე]

ნიუ-იორკში ჩატარებული კონცერტი (დაახლოებით 1990 წელი).

[სურათი 23 გვერდზე]

სამეფო დარბაზის წინ.

[სურათი 23 გვერდზე]

ჩანართი: ბიბლიის ოჯახური შესწავლის დროს.