არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თანამშრომლობის როლი ბუნებაში

თანამშრომლობის როლი ბუნებაში

თანამშრომლობის როლი ბუნებაში

ბუნებაში „სიცოცხლის შესანარჩუნებლად ისევე აუცილებელია მჭიდრო ურთიერთობები, როგორც ზრდა და გამრავლება“ („სიცოცხლის კავშირები“).

ოკეანე მშვიდი და წყნარი იყო. მხოლოდ მის თავზე მოლივლივე მრავალი ზღვის ფრინველი არღვევდა მყუდროებას. ფრინველების საოცარი გამოცოცხლება იმაზე მეტყველებდა, რომ წყნარი ზედაპირის ქვემოთ რაღაც ხდებოდა. მოულოდნელად გამოჩნდა ბუშტულები, რომელთა რაოდენობამაც თანდათანობით იმატა და წყლის ზედაპირზე თეთრი რგოლი მოხაზა. წამიც და კამკამა წყალში, თეთრი რგოლის შუაგულში ორი მასიური, მუქი სხეული გამოჩნდა. ოკეანის სიღრმიდან ამოყვინთა ორმა კუზა ვეშაპმა, რომლებსაც პირები ფართოდ ჰქონდათ გაღებული. წყლის ზედაპირზე ამოსვლისთანავე მათ დახურეს უზარმაზარი პირები, ირგვლივ ბურუსი დატოვეს და ოკეანის სიღრმეში გაუჩინარდნენ, რათა კვლავ გაემეორებინათ ეს ლამაზი სანახაობა.

ეს ორი ვეშაპი ერთმანეთთან თანამშრომლობდა, რათა კრევეტებისმაგვარი ზღვის კიბორჩხალების საკმაოდ დიდი რაოდენობა მიერთვათ. თითქოს წყალქვეშ ბალეტს ცეკვავენო, ეს 40–ტონიანი ძუძუმწოვრები წყალში ყვინთავენ და კიბორჩხალების ქვემოთ ექცევიან. ისინი პატარა წრეს არტყამენ და ნესტოებიდან ჰაერის ბუშტულებს უშვებენ. ასეთი საოცარი ხერხის გამოყენებით ვეშაპები კიბორჩხალების ირგვლივ ბუშტულების „ბადეს“ ქმნიან. შემდეგ „ბადის“ შუაგულიდან ვერტიკალური მიმართულებით ამოყვინთავენ, ხოლო მახეში მოქცეული უმწეო მსხვერპლები პირდაპირ მათ პირში ეშვებიან.

აფრიკის ველებზე ხშირად ნახავთ ერთად ბაბუინებსა და ანტილოპა იმპალებს. „ეს ორი სახეობა საშიშროების შენიშვნისას ერთმანეთს აფრთხილებს“, — ნათქვამია ჟურნალ „საიენტიფიკ ამერიკენში“. იმპალების მახვილი ყნოსვა კარგად ავსებს ბაბუინების კარგ მხედველობას, რაც მტაცებლებს ძალიან ურთულებს მათთან შეუმჩნევლად მიპარვას. მსგავსი თანამშრომლობა არსებობს სირაქლემებსა და ზებრებს შორისაც; ამათგან პირველებს კარგი მხედველობა აქვთ, ხოლო უკანასკნელთ — მახვილი სმენა.

ეს ბუნებაში არსებული უთვალავი თანამშრომლობის მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. თანამშრომლობა შეინიშნება ყველგან — მიკრობებიდან დაწყებული ადამიანებით დამთავრებული; თანამშრომლობენ როგორც მსგავსი, ისე განსხვავებული სახეობის წარმომადგენლები. ათასობით წლის წინათ მეფე სოლომონი, რომელიც ბუნებას იკვლევდა, აკვირდებოდა ჭიანჭველებს. შედეგად მან დაწერა: „წადი ჭიანჭველასთან ზარმაცო, ნახე მისი გზები და დაბრძენდი. არა ჰყავს მას არც უფროსი, არც ზედამხედველი და არც ბატონი. იმზადებს ზაფხულში თავის პურს, აგროვებს მკის დროს თავის საზრდოს“ (იგავები 6:6—8).

ჭიანჭველები თანამშრომლობის, მუყაითი შრომისა და წესრიგის მაგალითს გვაძლევენ. ისინი ხშირად ერთად მუშაობენ, რათა სახლში მიათრიონ ტვირთი, რომელიც სიდიდით ბევრად აღემატება მათი სხეულის ზომას. ზოგიერთი ჭიანჭველა დაშავებულ ან დაქანცულ „თანამოძმესაც“ ეხმარება, რათა ბუდემდე მიიყვანოს. თუ მხედველობაში მივიღებთ ყოველივე ამას, გასაკვირი არ არის, რატომ გვირჩევს სოლომონი, მივბაძოთ ჭიანჭველებს.

მომდევნო სტატიებიდან დავინახავთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი თემაა „ბუნების წიგნში“ თანამშრომლობა, რომელიც შესაძლებელს ხდის ცხოვრებას და, მათ შორის, ადამიანთა ცხოვრებასაც. აგრეთვე გავიგებთ, თუ რა როლს ასრულებს ადამიანი ბუნებრივი რესურსების ბოროტად გამოყენებაში, ბუნების დაბინძურებასა და ზოგიერთი სახეობის გადაშენებაში. დართავს ნებას შემოქმედი ადამიანებს, მარადიულად განაგრძონ ასე მოქმედება?

[სურათი 3 გვერდზე]

ზემოთ: ბაბუინები და იმპალები ერთად არიან, რათა საშიშროების დროს ერთმანეთი გააფრთხილონ.

[სურათი 4 გვერდზე]

ჭიანჭველები თანამშრომლობის მაგალითს გვაძლევენ.

[სურათი 4 გვერდზე]

ერთმანეთთან თანამშრომლობენ სირაქლემები, რომლებსაც კარგი მხედველობა აქვთ, და ზებრები, რომლებიც მახვილი სმენით გამოირჩევიან.