არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ არის თანამშრომლობა მნიშვნელოვანი?

რატომ არის თანამშრომლობა მნიშვნელოვანი?

რატომ არის თანამშრომლობა მნიშვნელოვანი?

„არც ერთ ცოცხალ ორგანიზმს არ შეუძლია სხვებისგან სრულიად იზოლირებულად არსებობა — თითოეული, პირდაპირ თუ ირიბად, დაკავშირებულია სხვა ცოცხალ არსებებთან“ („სიმბიოზი — ბიოლოგიურ ურთიერთობებთან გაცნობა“).

ცოცხალი ბუნება ურთიერთდაკავშირებულ და ურთიერთდამოკიდებულ ორგანიზმთა ქსელია. ადამიანებიც ამ ქსელის ნაწილი არიან. ამის დამადასტურებელი ფაქტის სანახავად შორს წასვლა არ მოგიწევთ — დააკვირდით საკუთარ ორგანიზმს. საჭმლის მომნელებელი სისტემა ჩუმად მუშაობს თავისთვის; იქვე არიან „მეგობარი“ ბაქტერიები, რომლებიც საზიანო „მტრებს“ ანადგურებენ და ამგვარად თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგანან; ისინი აგრეთვე გეხმარებიან საჭმლის მონელებასა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინების გამომუშავებაში. ბაქტერიების მასპინძელი, თქვენი ორგანიზმი, სტუმრებს საკვებითა და სათანადო საცხოვრებელი გარემოთი უზრუნველყოფს.

მსგავსი თანამშრომლობა შეინიშნება ცხოველთა სამყაროშიც, განსაკუთრებით მცოხნავ ცხოველთა შორის; მაგალითად ისეთებში, როგორიცაა მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, ირემი და ცხვარი. მათი რთული კუჭის პირველი განყოფილება, ფაშვი, უამრავი ბაქტერიის, სოკოსა და უმარტივესის მასპინძელია. ფერმენტაციის საშუალებით ეს მიკროორგანიზმები ცელულოზას — მცენარეულობის ბოჭკოებში არსებულ ნახშირწყალს — სხვადასხვა საკვებ ნივთიერებად შლიან. ისეთი მწერებიც კი, რომლებიც ცელულოზით იკვებებიან, მაგალითად, ხოჭოები, ტარაკნები, ტარპონები, ტერმიტები და კრაზანისებრთა ოჯახის წარმომადგენლები, მონელების პროცესში ბაქტერიებს იშველიებენ.

განსხვავებულ ორგანიზმთა შორის მსგავს მჭიდრო თანამშრომლობას სიმბიოზი ეწოდება. ეს სიტყვა „თანაცხოვრებას“ ნიშნავს. ასეთი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ნებისმიერი ცოცხალი ეკოსისტემის განვითარებისთვის“, — ამბობს ტომ ვეიკფორდი თავის წიგნში „სიცოცხლის კავშირები“ *. მაგალითად, განვიხილოთ ნიადაგი, რადგან დედამიწაზე არსებული მრავალი ეკოსისტემა სწორედ იქიდან იწყება.

ნიადაგი — თითქმის ცოცხალი ორგანიზმი!

ბიბლიაში ნათქვამია, რომ ნიადაგს ძალა აქვს (დაბადება 4:12). ეს განაცხადი გონივრულია, რადგან ნიადაგი უსიცოცხლო მტვერზე ბევრად მეტია. ის არის რთული საარსებო გარემო, რომელშიც სიცოცხლე ჩქეფს. ერთ კილოგრამ ნიადაგში შეიძლება იყოს 500 მილიარდზე მეტი ბაქტერია, 1 მილიარდი სოკო და დაახლოებით 500 მილიონი მრავალუჯრედიანი ორგანიზმი (მწერებით დაწყებული და ჭიებით დამთავრებული). ამ ორგანიზმთაგან მრავალი ერთმანეთთან თანამშრომლობს ორგანული ნარჩენების — ჩამოცვენილი ფოთლებისა და ცხოველთა ექსკრემენტების — დაშლისას. ისინი აგრეთვე ნახშირბადს ნახშირორჟანგად და სხვა ისეთ ნაერთებად გარდაქმნიან, რომლებიც მცენარეს ფოტოსინთეზისთვის სჭირდება.

პარკოსნებს, მაგალითად იონჯას, სამყურას, ბარდასა და სოიას, ისეთი განსაკუთრებული კავშირი აქვთ ბაქტერიასთან, რომ მას თავიანთი ფესვთა სისტემის „დაინფიცირების“ საშუალებას აძლევენ. მაგრამ ზიანის ნაცვლად, ეს ბაქტერია ფესვებზე პატარა კოჟრების გაჩენას იწვევს. ამ კოჟრებში ბაქტერია სახლდება, თითქმის 40-ჯერ უფრო დიდი ხდება და ბაქტეროიდად იქცევა. ბაქტერიების დავალებაში შედის აზოტის ისეთ ნაერთებად გარდაქმნა, რომლის ათვისებაც პარკოსნებს შეუძლიათ. ბაქტერია კი მცენარისგან საკვებ ნივთიერებებს იღებს.

მცენარის ზრდაში სოკოც ასრულებს მნიშვნელოვან როლს. თითქმის ყველა ხეს, ბუჩქსა თუ ბალახს აქვს ფარული, მიწისქვეშა კავშირი სოკოსთან. სოკოები „აინფიცირებენ“ აღნიშნულ მცენარეთა ფესვებს და მათ წყლისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი მინერალების შეთვისებაში ეხმარებიან, როგორიცაა რკინა, ფოსფორი, კალიუმი და თუთია. სოკო კი, რომელსაც ქლოროფილის უქონლობის გამო საკვები ნივთიერებების სინთეზი არ შეუძლია, მასპინძლის ნახშირწყლებს იწოვს.

სოკოებზე ძალიან დამოკიდებული ერთ-ერთი მცენარე ჯადვარი გახლავთ. ბუნებაში სოკოებსა და ამ მცენარეს შორის ურთიერთობა ჯადვარის მტვრისმაგვარი თესლებიდან იწყება. თესლებს გასაღივებლად დახმარება სჭირდებათ. სოკოები ზრდასრულ მცენარესაც ეხმარებიან. ისინი ხელს უწყობენ ჯადვარის პატარა ფესვთა სისტემის განვითარებას. ვეიკფორდის სიტყვების თანახმად, სოკოები „დიდ და დინამიურ ფესვთა ქსელს ავითარებენ, რომელიც ჯადვარს საჭირო საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფს. [სოკოებმა] კი შეიძლება მცენარისგან მიიღონ ვიტამინები და აზოტის ნაერთები. მაგრამ ჯადვარის გულუხვობას თავისი საზღვარი აქვს. მცენარე გამოყოფს ბუნებრივ ფუნგიციდებს, რითაც კონტროლს უწევს მასზე მზარდ სოკოებს — თუ სოკოები მხოლოდ ფესვებში ცხოვრებით არ კმაყოფილდებიან და მაღლა ამოსვლას ცდილობენ, რათა ჯადვარის ღეროშიც დაიდონ ბინა, მცენარე მათზე თავისი ფუნგიციდებით მოქმედებს“.

ყვავილოვან მცენარეებში ურთიერთკავშირები მხოლოდ ნიადაგში არსებული თანამშრომლობით არ შემოიფარგლება. მათ სხვა, ხილული კავშირებიც აქვთ.

კავშირები, რომლებიც გამრავლებას უწყობს ხელს

როდესაც ფუტკარი ყვავილზე ჯდება, ის თავის მასპინძელთან სიმბიოზურ თანამშრომლობას იწყებს. ფუტკარი იღებს ნექტარს და დამტვერვაშიც მონაწილეობს, რადგან ყვავილის მტვერი იმავე სახეობის სხვა ყვავილზე გადააქვს. ასეთი თანამშრომლობა ყვავილოვან მცენარეს გამრავლების შესაძლებლობას აძლევს. დამტვერვის შემდეგ ყვავილები წყვეტენ საკვების „წარმოებას“. საიდან იციან მწერებმა, რომ „სასადილო“ უკვე დაიკეტა? ყვავილები სხვადასხვა სახით „ეუბნებიან“ მათ ამის შესახებ. ისინი აღარ გამოსცემენ არომატს, ყრიან გვირგვინის ფურცლებს ან იცვლიან ზრდის მიმართულებას თუ ფერს, რის შედეგადაც მწერები მათდამი ინტერესს კარგავენ. ადამიანებისთვის მცენარის ამ მდგომარეობაში ნახვა შეიძლება სასიამოვნო არ იყოს, მაგრამ ამით ყვავილოვანი მცენარეები დიდ „ყურადღებას“ ავლენენ მძიმედ მშრომელი ფუტკრების მიმართ, რომლებსაც ახლა შეუძლიათ მთელი ყურადღება მიაპყრონ მცენარეებს, რომლებიც მზად არიან თანამშრომლობისთვის.

გასულ წლებში ზოგ ტერიტორიაზე მკვეთრად იკლო დამმტვერავების, განსაკუთრებით კი ფუტკრების, რაოდენობამ. ეს ძალიან ცუდია, რადგან ყვავილოვან მცენარეთა დაახლოებით 70 პროცენტი მწერებით დამტვერვაზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, ჩვენი საკვების 30 პროცენტი იმ ფუტკრების „მუშაობის“ შედეგია, რომლებიც მარცვლოვნებს მტვერავენ.

ჭიანჭველები ბაღში

ზოგი ჭიანჭველაც თანამშრომლობს მცენარეებთან. მცენარეები ამ მწერებს ბუდისთვის საჭირო ადგილსა და საკვებს აძლევენ, ხოლო ჭიანჭველები ამის სანაცვლოდ მათ დამტვერვაში, თესლების გავრცელებასა და საკვებ ნივთიერებათა დაგროვებაში ეხმარებიან; აგრეთვე იცავენ თავდამსხმელებისგან, რომლებიც ძირითადად მცენარეებით იკვებებიან. ისინი თავიანთ მასპინძელს სხვა მწერებისა თუ ცხოველებისგანაც იცავენ. ჭიანჭველების ერთი სახეობა, რომელიც აკაციის ეკლების ღრუში ბუდობს, ანადგურებს აკაციისთვის საშიშ ვაზსაც კი, რომელიც მწერს ხეზე თავისი ტერიტორიის „პატრულირებისას“ ხვდება. ამ შესანიშნავი მომსახურებისთვის აკაციის ხე ჭიანჭველას მადლობას იმით უხდის, რომ ტკბილი ნექტრით უმასპინძლდება.

ზოგიერთი ჭიანჭველა კი „მეცხოველეობას“ არჩევს; ისინი ზრუნავენ ბუგრებზე, რომლებიც ტკბილ ნექტარს გამოყოფენ, როდესაც ჭიანჭველები თავიანთი ანტენებით ნაზად ეხებიან. ბუგრების შესახებ წიგნში „სიმბიოზი“ ნათქვამია: «ჭიანჭველები ამ მწერებს მსხვილფეხა საქონლის როლში იყენებენ — „წველიან“ მათ და თავდამსხმელებისგანაც იცავენ». მერძევეობის ფერმაში მომუშავეთა მსგავსად, რომლებიც თავიანთ ძროხებს ღამით სადგომში აბინავებენ, ჭიანჭველებს ხშირად საღამოს ბუგრები უსაფრთხო ადგილას — თავიანთ ბუდეებში — მიჰყავთ, ხოლო დილით „საძოვრებზე“ — ჩვეულებრივ, ნორჩ, უფრო მეტი საკვების შემცველ ფოთლებზე — აბრუნებენ. საუბარია არა მხოლოდ რამდენიმე ბუგრზე, არამედ ერთ ბუდეში დასახლებულ მთელ „ნახირზე“, რომელიც ათასობით ბუგრს ითვლის.

ჭიანჭველები ზრუნავენ აგრეთვე მუხლუხის სტადიაში მყოფი ზოგიერთი სახეობის პეპელაზე. მაგალითად, დიდი ცისფერი პეპელა (Maculinea arion) წითელ ჭიანჭველებთან ეწევა თანაცხოვრებას. ჭიანჭველების დახმარების გარეშე ეს პეპელა ვერ გაივლიდა ცხოვრების სრულ ციკლს. მუხლუხის სტადიაში ყოფნისას ის მასპინძელს შაქრის შემცველი სეკრეტით უმასპინძლდება. მოგვიანებით, როდესაც ჭუპრიდან პეპელა გამოდის, მწერი უვნებელი ტოვებს ჭიანჭველის უსაფრთხო ბუდეს.

სახიფათო ცხოველებთან ცხოვრება

ფრინველი რომ ყოფილიყავით, მოიყვანდით თუ არა თქვენს ბუდეში გველს? „არასოდეს“, — იტყვით თქვენ. მაგრამ სწორედ ასე იქცევა ბუსნაირთა რიგის ერთ-ერთი სახეობის წარმომადგენელი. გველს, რომელიც მათ თავიანთ ბუდეში მოჰყავთ, ბრმა გველი (Leptotyphlops dulcis) ეწოდება. ის ზიანს კი არ აყენებს ბარტყებს, არამედ ჭამს ჭიანჭველებს, ბუზებსა თუ სხვა მწერებსა და მათ ლარვებს, ანუ მატლებს. ჟურნალ „ნიუ-საიენტისტში“ გამოქვეყნებული ერთი სტატიის თანახმად, ბარტყები, რომლებიც გველთან ერთად ცხოვრობენ, „უფრო სწრაფად იზრდებიან და გადარჩენის მეტი შანსი აქვთ“, ვიდრე მათ, რომლებსაც ბუდეში ეს ცოცხალი „მტვერსასრუტი“ არა ჰყავთ.

თვალჭყეტიების ერთ-ერთი წარმომადგენელი (Burhinus vermiculatus) კი არა მარტო გველთან ცხოვრობს, არამედ ბუდის გაკეთება ნილოსის ნიანგის (ქვეწარმავალი, რომელიც ნადირობს ზოგიერთი სახეობის ფრინველზე) მეზობლად უყვარს. ეს ფრინველი ნიანგის სადილი კი არ არის, არამედ მისი გუშაგია. როგორც კი მის ან ნიანგის ბუდეს რაიმე საფრთხე დაემუქრება, ის მთელი ხმით გაჰკივის და, თუ ნიანგი სადმეა წასული, სასწრაფოდ მოეშურება სახლისკენ.

ჩანისკარტებით გასუფთავებულნი

ოდესმე გინახავთ ანტილოპის, ძროხის, ჟირაფის ან ხარის ზურგზე წამოსკუპებული წითელნისკარტა შოშია ან ეგვიპტური ყანჩა, რომლებიც მათ უნისკარტებენ? ეს ფრინველები აღნიშნულ ცხოველებს თავს კი არ აბეზრებენ, არამედ ტილების, ტკიპებისა და სხვა პარაზიტების ჭამით, მასპინძელს დიდ სამსახურს უწევენ, რადგან ცხოველებს თავად არ შეუძლიათ ამ პარაზიტების მოშორება. ფრინველები მიირთმევენ დაინფიცირებულ ქსოვილებსა და მატლებსაც. ეს ფრინველები თავიანთ მასპინძელს მოსალოდნელი საფრთხის შესახებაც კი აფრთხილებენ.

ბეჰემოთს ძალიან უყვარს წყალი. წყალში ის არა მარტო ბანაობს, არამედ პოულობს „მეგობრებს“, რომელთაგან ზოგი ბუმბულით არის შემოსილი და ზოგიც — ფარფლებით. წყალში ყოფნისას ბეჰემოთს წყალმცენარეებისგან, მკვდარი კანისა და პარაზიტებისგან, — პრაქტიკულად, ცხოველზე მიკრული ნებისმიერი ჭუჭყისგან — „ასუფთავებს“ ერთ-ერთი სახეობის თევზი — შავი ლაბეო. ისინი ბეჰემოთს კბილებსა და ღრძილებსაც კი უსუფთავებენ. მას ეხმარებიან სხვა სახეობის თევზებიც. მათგან ზოგი უსუფთავებს ჭრილობებს, სხვები კი თავიანთ გრძელ „ცხვირებს“ ყოფენ ბეჰემოთის ფეხის თითებს შორის და ისეთ ადგილებში, სადაც შეღწევა არც ისე ადვილია, და იქიდან ჭუჭყი გამოაქვთ.

ცხადია, თევზებსაც სჭირდებათ კიბოსმაგვარებისგან, ბაქტერიებისა და ტილებისგან გასუფთავება; აგრეთვე დაზიანებული ან დაავადებული ქსოვილების მოშორება. ამ მიზნის მისაღწევად ზღვის თევზები, ჩვეულებრივ, თავიანთი „დამსუფთავებელი სადგურებისკენ“ მიემართებიან. იქ ფერადი ღორჯოები, ტუჩოსნები და დამლაგებელი კრევეტები გულმოდგინედ ემსახურებიან თავიანთ „კლიენტებს“ და მომსახურებისთვის გასამრჯელოდ საკვებს იღებენ. დიდ თევზებს შეიძლება დამსუფთავებელთა მთელი ბრიგადა ემსახურებოდეს.

„კლიენტი“ თევზი სხვადასხვა სახით ანიშნებს „სანიტრებს“ რომ სურს, მოემსახურონ. მაგალითად, ზოგი უჩვეულო პოზას იღებს — თავს დაბლა ან კუდს მაღლა სწევს; ან შეიძლება მათ ფართოდ გააღონ პირები ან ლაყუჩები, რითაც თითქოს ამბობენ: „შემოდით! მინდა, რომ დამჩიჩქნოთ“. დამსუფთავებლები მზად არიან დაუყოვნებლივ შეუდგნენ მომსახურებას მაშინაც კი, როდესაც კლიენტი ისეთი საშიში მტაცებელია, როგორიცაა მურენა ან ზვიგენი. დასუფთავების დროს ზოგიერთი „კლიენტი“ ფერს იცვლის; შესაძლოა იმიტომ, რომ პარაზიტები უფრო შესამჩნევი გახდეს. აკვარიუმებში, სადაც დამსუფთავებელი თევზები არ არიან, ზღვის თევზები „პარაზიტებით მალე ინფიცირდებიან და სუსტები იზრდებიან“, — ნათქვამია წიგნში „ცხოველთა თანამშრომლობა“. მაგრამ, როგორც კი აკვარიუმში დამსუფთავებელ თევზებს ჩაუშვებენ, ისინი მაშინვე იწყებენ მოქმედებას და წმენდენ „რიგში ჩამდგარ კლიენტებს“.

რაც უფრო მეტს ვიგებთ ცოცხალი ბუნების შესახებ, მით უფრო მოწიწების გრძნობით გვავსებს ის შეთანხმებულობა და ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც ცოცხალ ორგანიზმებს შორის შეინიშნება. ორკესტრის მუსიკოსთა მსგავსად, თითოეული ორგანიზმი თავის პარტიას ასრულებს და ამგვარად სიცოცხლის (მათ შორის ადამიანის სიცოცხლის) სიმფონიის შესრულებას შესაძლებელსაც ხდის და სასიამოვნოსაც. ცხადია, ეს გონივრული დიზაინისა და უზენაესი დიზაინერის არსებობას ადასტურებს! (დაბადება 1:31; გამოცხადება 4:11).

დისჰარმონიის ერთადერთი წყარო

სამწუხაროდ, ადამიანები ხშირად არღვევენ ბუნებაში არსებულ ჰარმონიას. ცხოველებისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად ინსტინქტებით მოქმედებენ, ადამიანებზე სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას. ამ ფაქტორებში შედის როგორც სიყვარული და სხვა კარგი თვისებები, ისე სიძულვილი და პირადი გამორჩენის სურვილი თუ სიხარბე.

ადამიანებს სულ უფრო და უფრო მართავს ცუდი თვისებები, რის შედეგადაც ჩვენი პლანეტის მომავალს მრავალი შიშით უყურებს (2 ტიმოთე 3:1—5). მაგრამ მათ მხედველობიდან რჩებათ შემოქმედი. ღვთის განზრახვის შესრულების შედეგად, არა მარტო ბუნებაში აღდგება დარღვეული წონასწორობა, არამედ ყველა ქმნილებას შორის — ადამიანების ჩათვლით — არნახული შეთანხმებულობა გამეფდება.

[სქოლიო]

^ აბზ. 5 არსებობს სიმბიოზის სამი ძირითადი ფორმა: მუტუალიზმი (ორი ორგანიზმის ურთიერთსასარგებლო თანაცხოვრება), კომენსალიზმი (ერთ-ერთი ორგანიზმი ცხოვრობს მეორის ხარჯზე ისე, რომ მასპინძელს არავითარ ზიანს არ აყენებს) და პარაზიტიზმი (ერთი ორგანიზმი იყენებს მეორეს როგორც საკვების წყაროს და მას ზიანს აყენებს). ამ სტატიაში განხილული იქნება მუტუალიზმის მაგალითები.

[ჩარჩო⁄სურათი 7 გვერდზე]

ორი ორგანიზმი ერთ არსებაში

კლდეებზე ან ხეებზე, ალბათ, ხშირად შეგინიშნავთ ხრაშუნა, ნაცრისფერი ან მწვანე ორგანიზმები — ლიქენები. ზოგიერთი წყაროს თანახმად, არსებობს მათი დაახლოებით 20 000 სახეობა! ლიქენი შეიძლება ჰგავდეს ერთ ორგანიზმს, მაგრამ სინამდვილეში ის სოკოსა და წყალმცენარისგან შედგენილი ორგანიზმია.

რატომ არის ორი ორგანიზმი გაერთიანებული? სოკოს არ შეუძლია საკუთარი თავის საკვებით უზრუნველყოფა. ამიტომ მიკროსკოპული ჰიფების საშუალებით სოკო წყალმცენარის უჯრედში იჭრება; წყალმცენარეს კი ფოტოსინთეზის საშუალებით შეუძლია შაქრების წარმოქმნა. ამ შაქრებიდან ზოგი ტოვებს წყალმცენარის უჯრედებს და სოკოების საზრდო ხდება. წყალმცენარე კი სოკოსგან იღებს წყალს; აგრეთვე სოკო წყალმცენარეს მზის გადაჭარბებული რადიაციისგან იცავს.

ერთმა მეცნიერმა ლიქენს ხუმრობით უწოდა „სოკო, რომელმაც საკვების მოპოვების მიზნით, მცენარეების მოშენებას მიჰყო ხელი“. ეს სოკოები სოფლის მეურნეობის კარგი მუშაკები არიან, რადგან ლიქენები „ფარავს დედამიწის ზედაპირის ათჯერ მეტ ფართობს, ვიდრე ტროპიკული ტყეები“, — ნათქვამია წიგნში „სიცოცხლის კავშირები“. მათ ნახავთ არქტიკიდან ანტარქტიდამდე. ეს ქმნილება ცოცხალი მწერების ზურგზეც კი იფურჩქნება!

[ჩარჩო⁄სურათები 8 გვერდზე]

მარჯანი — საოცარი სიმბიოზი

მარჯნის რიფები პოლიპებისა და წყალმცენარეებისგან შედგება. მარჯანს ასე თვალისმომჭრელ შეფერილობას პოლიპის უჯრედებში არსებული წყალმცენარეები აძლევენ. წყალმცენარეების წონა ხშირად ჭარბობს პოლიპების წონას და ზოგჯერ მისი მასა სამჯერ აღემატება მასპინძლის მასას; ამიტომ მარჯანი უფრო მცენარედ ითვლება, ვიდრე ცხოველად! წყალმცენარის ძირითადი ფუნქცია ორგანულ ნივთიერებათა სინთეზია, რომლის 98 პროცენტსაც ის „ბინის ქირად“ იხდის. პოლიპებს საკვები ნივთიერებები არა მარტო არსებობისთვის სჭირდებათ, არამედ რიფების — კიროვანი ჩონჩხის — ასაგებადაც.

წყალმცენარე კი ამ კავშირით, სულ მცირე, ორი სახით სარგებლობს. პირველი, იკვებება პოლიპის ცხოველქმედების შედეგად წარმოქმნილი ნივთიერებებით — ნახშირორჟანგით, აზოტის ნაერთებითა და ფოსფატებით. მეორე, სარგებლობს დაცვით, რომლითაც პოლიპის კიროვანი ჩონჩხი უზრუნველყოფს. წყალმცენარეს არსებობისთვის მზის სინათლე სჭირდება; ამიტომ მარჯანი სუფთა, კარგად განათებულ წყლებში ბინადრობს.

თუ მარჯანს არახელსაყრელი გარემო პირობები ექმნება, მაგალითად, იმატებს წყლის ტემპერატურა, პოლიპი აძევებს წყალმცენარეს და უფერულდება. ამას შედეგად შიმშილით სიკვდილი მოჰყვება. უკანასკნელ წლებში, მეცნიერების დაკვირვებით, მსოფლიოში იზრდება მკვდარი მარჯნის პოლიპებისგან წარმოქმნილი ჯებირების რაოდენობა.

[ჩარჩო⁄სურათები 8, 9 გვერდებზე]

ვსწავლობთ მათ მაგალითზე

ცაზე ორი რეაქტიული თვითმფრინავი, თითქოს ფრინველებიაო, ერთიმეორის მიყოლებით მიფრინავდა. ეს არ იყო ჩვეულებრივი ფრენა, არამედ — მეცნიერული ექსპერიმენტი, რომელიც ვარხვებზე ჩატარებული დაკვირვების შედეგებზე იყო დაფუძნებული. მეცნიერებმა დაინახეს, რომ ვარხვები, რომლებიც სხვების უკან მიფრინავდნენ, დამატებით აღმავალ ძალას იღებდნენ; შედეგად მათი გულისცემა 15 პროცენტით ნაკლები იყო, იმ ვარხვებთან შედარებით, რომლებიც მარტო მიფრინავდნენ. შეიძლებოდა თვითმფრინავებშიც აეროდინამიკის იმავე პრინციპების გამოყენება?

ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, ინჟინრებმა ააგეს საცდელი თვითმფრინავი, რომელიც რთული ელექტროდანადგარებით იყო აღჭურვილი. ეს დანადგარები პილოტს საშუალებას აძლევდა, დაეცვა წინა თვითმფრინავთან დისტანცია (90 მეტრი); დასაშვები გადახრა 30 სანტიმეტრს არ აღემატებოდა (იხილეთ სურათი). რა იყო ექსპერიმენტის შედეგი? ფრონტალური წინააღმდეგობა, ჩვეულებრივთან შედარებით, 20 პროცენტით შემცირდა, ხოლო საწვავი 18 პროცენტით ნაკლები დაიხარჯა. მეცნიერების აზრით, ამ აღმოჩენის შედეგებს გამოიყენებენ როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ავიაციაში.

[საავტორო უფლებები]

Jets: NASA Dryden Flight Research Center; birds: © Joyce Gross.

[სურათები 5 გვერდზე]

ძროხა თავის ფაშვში მასპინძლობს ბაქტერიებს, სოკოებსა და პროტოზოებს (ჩანართი გადიდებულია).

[საავტორო უფლება]

Inset: Melvin Yokoyama and Mario Cobos, Michigan State University.

[სურათი 7 გვერდზე]

ყვავილოვან მცენარეებს გამრავლებაში ფუტკრები ეხმარებიან.

[სურათი 8, 9 გვერდებზე]

ძროხა წითელნისკარტა შოშიასთან ერთად.

[სურათი 10 გვერდზე]

ჭრელი დამსუფთავებელი კრევეტი ფრინტაზე.

[სურათი 10 გვერდზე]

თევზი-პეპელა პატარა დამსუფთავებელ თევზთან.