არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

ძილი პრობლემების ადვილად გადაჭრაში გვეხმარება

„მრავალმა შენიშნა, რომ ისეთ პრობლემებს, რომელთა გადაჭრაც ძილის წინ ვერ შეძლეს, დილით გაცილებით ადვილად გაუმკლავდნენ; მათ ისეთი შეგრძნება ჰქონდათ, თითქოს ტვინი მთელი ღამის განმავლობაში აუღელვებლად მუშაობდა მათ გადასაჭრელად“, — იუწყება ლონდონში გამომავალი გაზეთი „ტაიმზი“. გერმანელი მეცნიერები, რომლებმაც ჟურნალ „ბუნებაში“ თავიანთი აღმოჩენები გამოაქვეყნეს, ამბობენ, რომ ამჟამად მათ ხელთ აქვთ ზემოთ მოხსენიებული სიტყვების უტყუარობის დამამტკიცებელი ფაქტები. მათ დაკვირვება მოახდინეს 66 მოხალისეზე, რომლებსაც რთული მათემატიკური ფორმულების ამოხსნის ორი გზა ასწავლეს, მაგრამ სწორი პასუხის მისაღები ყველაზე იოლი, მესამე გზა, არ განუმარტეს. დაკვირვების პროცესში ზოგ მოხალისეს დაძინების უფლება მისცეს მაშინ, როცა სხვებს მთელი ღამის ან დღის განმავლობაში უნდა ეფხიზლათ. „გამოძინებამ განსაცვიფრებელი შედეგები მოიტანა, — იუწყება ლონდონში გამომავალი გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“, რომელიც იმავე გამოკვლევაზე აკეთებს კომენტარს. მათ, ვინ გამოიძინა, „მესამე გზის პოვნის ორჯერ მეტი შანსი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც მთელი ღამე ფხიზლობდა“. მეცნიერებმა სხვა ექსპერიმენტიც ჩაატარეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მხოლოდ გამოძინებამ არ შეუწყო ხელი მოხალისეთა მიერ მიღწეულ შედეგებს. მათ მოხალისეთა ორივე ჯგუფს მისცეს რთული დავალება — ერთ შემთხვევაში დილით კარგად გამოძინების შემდეგ, ხოლო მეორე შემთხვევაში საღამოს, მთელი დღის მანძილზე ფხიზლად ყოფნის შემდეგ. ამ ორი ჯგუფის მიერ შესრულებულ დავალებას შორის არავითარი განსხვავება არ იყო, რაც იმაზე მოწმობს, რომ „კარგი შედეგი დასვენებულ ტვინს კი არ მოაქვს, არამედ იმას, რომ ტვინს ძილის პროცესში ყველაფრის გადახარისხების უნარი აქვს“, — ნათქვამია „ტაიმზში“. ფსიქოლოგი, ულრიხ ვაგნერი ასეთ დასკვნას აკეთებს: „ამგვარად, ძილი აუმჯობესებს შემოქმედებით პროცესს“.

ძაღლები წინასწარ გრძნობენ ეპილეფსიურ შეტევას

ესპანეთში გამომავალი ერთი გაზეთი იუწყება, რომ ზოგი ძაღლი წინასწარ გრძნობს, როდის დაემართებათ ეპილეფსიური შეტევა ბავშვებს, რომლებთანაც ერთ წელზე მეტია, რაც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ (Diario Médico). სპეციალისტები ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც 45 ოჯახზე ჩაატარეს დაკვირვებები. ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა შენიშნეს, რომ შეტევის დაწყებამდე მათი ძაღლი „უჩვეულოდ“ იქცევა. როგორც ისინი ამბობენ, ძაღლი აიძულებს ბავშვს, დაჯდეს ან გვერდით უდგება მას, რათა იმ შემთხვევაში, თუ დავარდება, რბილად დაეცეს.

ბჰუტანი თამბაქოს გაყიდვას კრძალავს

ბჰუტანის სამეფომ, რომელიც ჰიმალაის მთებში, ჩინეთსა და ინდოეთს შორის მდებარეობს, ნიკოტინის შემცველი ყველანაირი პროდუქციის გაყიდვა აკრძალა. ეს აკრძალვა არ ვრცელდება უცხოელ დიპლომატებზე, ტურისტებზე ან მათზე, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მუშაობენ. მიიჩნევენ, რომ ბჰუტანი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ასეთი ნაბიჯი გადადგა. ამ ქვეყანაში მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც იკრძალება. როგორც ბი–ბი–სი იუწყება, „ასეთი კანონის შემოღებით მთავრობა მთელ ძალისხმევას ახმარს იმას, რომ ბჰუტანში არავინ ეწეოდეს“.

დაინფიცირებული სისხლის გამოყენება იაპონიაში

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ საკმაოდ გაბედული ნაბიჯი გადადგა, რომ გამოეშკარავებინა „6 916 საავადმყოფო, რომლებიც ჰეპატიტ C–ს შემცველ სისხლის პროდუქტებს იყენებდნენ და ის ფირმები, რომლებიც მათ ამ პროდუქტებით ამარაგებდნენ“, — ნათქვამია „ჯაპან ტაიმსში“. როგორც გაზეთშია აღნიშნული, ომისშემდგომი იაპონიის ისტორიაში ფიბრინოგენი (სისხლის შესადედებელი პროდუქტი) გახდა ერთ–ერთი ყველაზე სავალალო მდგომარეობის მიზეზი მედიცინაში. ამავე დროს, ის დასძენს, რომ 1980—2001 წლებში ფიბრინოგენი დაახლოებით 290 000 პაციენტის მკურნალობის დროს გამოიყენეს. ვარაუდობენ, რომ აქედან 10 000 დაინფიცირდა. მათ შორის ბევრი ფეხმძიმე ქალი იყო, რომლებსაც ეს პროდუქტი მშობიარობის დროს სისხლდენის შესაჩერებლად მიაღებინეს. სამინისტროს მიერ ზემოხსენებული ფაქტის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ დაზარალებულებმა აქცია მოაწყვეს. მათ სურდათ, რომ ამ პრობლემას საზოგადოების ყურადღება მიეპყრო; ამავე დროს, ისინი მოუწოდებდნენ ყველას, რომ, თუ სისხლის ამ პროდუქტის გამოყენება დასჭირდებათ, შეამოწმონ ის, რათა ჰეპატიტ C–თი არ იყოს დაინფიცირებული. როგორც ცნობილია, ჰეპატიტი C თუ არ იკურნება, ის სასიკვდილოა.