არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ ავარიდო თავი ქრისტიანისთვის შეუფერებელ ადამიანთან დაახლოებას?

როგორ ავარიდო თავი ქრისტიანისთვის შეუფერებელ ადამიანთან დაახლოებას?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ ავარიდო თავი ქრისტიანისთვის შეუფერებელ ადამიანთან დაახლოებას?

„თანაკლასელ გოგონასთან დავიწყე ურთიერთობა . . . ის არ იღებდა ნარკოტიკებს, არ მონაწილეობდა თავაშვებულ ღრეობებში, არ ეწეოდა უზნეო ცხოვრებას, სალანძღავ სიტყვებსაც კი არ იყენებდა და ფრიადოსანი მოსწავლე იყო. მაგრამ აშკარად ვგრძნობდი, რომ ის ცუდ გავლენას ახდენდა ჩემზე“ (ბევერლი) *.

რატომ მივიდა ბევერლი ასეთ დასკვნამდე? ახლა ის ხვდება, რომ ამ გოგონას უნდოდა, ბევერლიზე გავლენა მოეხდინა, რათა სახიფათო საქმიანობაში ჩაება. „როდესაც უფრო დავუახლოვდი მას, — გვიზიარებს ბევერლი. — მეც დავიწყე მასავით ოკულტური წიგნების კითხვა და სპირიტიზმთან დაკავშირებით მოთხრობაც კი დავწერე“.

ერთ ახალგაზრდასაც, სახელად მელანს, ცუდი საქციელისკენ უბიძგეს — მაგრამ ამ შემთხვევაში მასზე გავლენა თანაქრისტიანმა მოახდინა. როგორ შეგიძლია განსაზღვრო, მოახდენს თუ არა ესა თუ ის ადამიანი შენზე სასიკეთო გავლენას? ყოველთვის საშიშია ურწმუნოებთან დაახლოება? და ყოველთვის უვნებელია თანამორწმუნეებთან მეგობრობა?

განსაკუთრებით, რის თქმა შეიძლება საპირისპირო სქესის ადამიანთან მეგობრობაზე? თუ ვინმეზე დაქორწინებას აპირებ, როგორ შეგიძლია გაიგო, მოახდენს თუ არა მასთან ურთიერთობა შენზე დადებით გავლენას? მოდი ვნახოთ, როგორ შეუძლია ბიბლიურ პრინციპებს დაგვეხმაროს ამ კითხვებზე პასუხების პოვნაში.

ვინ გამიწევს კარგ მეგობრობას?

ნუთუ მხოლოდ იმის გამო არ უნდოდა ბევერლის თავის თანაკლასელ გოგონასთან დაახლოება, რომ ის ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემელი არ იყო? აღსანიშნავია, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები ვინმეს უზნეო ადამიანად არ მიიჩნევენ მხოლოდ იმიტომ, რომ ის მათი თანამორწმუნე არ არის. მაგრამ, როცა საქმე ეხება ახლო ურთიერთობას, ისინი სიფრთხილეს ავლენენ, რადგან აქვთ ამის მიზეზი. პავლე მოციქული ასეთი სიტყვებით აფრთხილებდა პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებას კორინთში: „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორინთელები 15:33). რას გულისხმობდა ის?

სავსებით შესაძლებელია, რომ კორინთის კრებაში ზოგ ქრისტიანს ურთიერთობა ჰქონოდა ეპიკურელებთან, ბერძენი ფილოსოფოსის, ეპიკურეს, მიმდევრებთან. ეპიკურე თავის მიმდევრებს ასწავლიდა, რომ საღად ეაზროვნათ, სიმამაცე და თავშეკავება გამოევლინათ და სამართლიანად ემოქმედათ. ის იმისკენაც კი მოუწოდებდა მათ, რომ არ დაეფარათ დანაშაული. მაშინ რატომღა მიიჩნევდა პავლე ეპიკურელებს, და თვით კრებაში მყოფ იგივე შეხედულებების მქონე ქრისტიანებს, ‘ცუდ საზოგადოებად’?

ეპიკურელები არ იყვნენ ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლები და არ სჯეროდათ აღდგომის. მათი მთავარი მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მიეღოთ ცხოვრებისგან (საქმეები 17:18, 19, 32). ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობის შედეგად კორინთის კრების ზოგმა წევრმა თანდათანობით დაკარგა რწმენა, რომ აღდგომა იქნებოდა. სწორედ ამიტომ 1 კორინთელების მე-15 თავში, სადაც პავლე ცუდი საზოგადოებების შესახებ იძლევა გაფრთხილებას, უამრავი არგუმენტია მოყვანილი, რომ პირველი საუკუნის ზოგი კორინთელი ქრისტიანისთვის აღდგომის იმედი კვლავაც რეალური გამხდარიყო.

რას ვსწავლობთ აქედან? იმ ადამიანებსაც კი, რომლებსაც ღმერთი არა სწამთ, შეუძლიათ კარგი თვისებები გამოავლინონ. მაგრამ, თუ მათ ახლო მეგობრებად აირჩევ, ისინი გავლენას მოახდენენ შენს აზროვნებაზე, რწმენასა და საქციელზე. ამიტომ, კორინთელების მიმართ მიწერილ თავის მეორე წერილში პავლემ აღნიშნა: „ნუ შეებმებით უთანასწორო უღელში ურწმუნოებთან“ (2 კორინთელები 6:14—18).

16 წლის ფრედმა დაინახა, რამდენად გონივრულია პავლეს სიტყვების ცხოვრებაში გამოყენება. მისი სკოლიდან მოსწავლეებისგან შემდგარი ჯგუფი ნებაყოფლობით მიემგზავრება ხოლმე განვითარებად ქვეყნებში, სადაც ბავშვებს კლასგარეშე გაკვეთილებს უტარებენ. როდესაც მასაც მიეცა ამის შესაძლებლობა, თავდაპირველად თანახმა იყო, გამგზავრებულიყო, მაგრამ, როდესაც თანაკლასელებთან ერთად დაიწყო მეცადინეობა, ფრედმა გადაიფიქრა. ის ამბობს: „მივხვდი, რომ დროის დიდ ნაწილს თუ მათთან ერთად გავატარებდი, ეს საფრთხეს შეუქმნიდა ჩემს სულიერობას“. ამიტომ ფრედმა გადაწყვიტა, აღარ მიეღო მონაწილეობა ამ პროექტში და სხვა სახით დახმარებოდა ღარიბ ხალხს.

თანაქრისტიანებთან მეგობრობა

რის თქმა შეიძლება ქრისტიანული კრების შიგნით მეგობრულ ურთიერთობებზე? როდესაც პავლე ახალგაზრდა ტიმოთეს სწერდა, გააფრთხილა: „დიდ სახლში ოქროსა და ვერცხლის ჭურჭლის გარდა ხისა და თიხის ჭურჭელიც არის, და ზოგი საპატიო მიზნისთვის არის განკუთვნილი, ზოგი კი — არასაპატიო მიზნისთვის. ვინც ამ უკანასკნელთაგან თავს სუფთად შეინახავს, საპატიო მიზნისთვის განკუთვნილი ჭურჭელი იქნება, განწმენდილი და პატრონისთვის სასარგებლო, ყოველი კარგი საქმისთვის გამზადებული“ (2 ტიმოთე 2:20, 21). ამგვარად, პავლემ დაუფარავად თქვა, რომ თვით ქრისტიანთა შორისაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო ისეთი ვინმე, ვინც პატიოსნად არ მოიქცეოდა. პავლე მთელი გულით მოუწოდებდა ტიმოთეს, რომ ასეთებისგან თავი სუფთად შეენახა.

ნიშნავს ეს, რომ ეჭვის თვალით უნდა უყურო თანაქრისტიანებს? რასაკვირველია, არა. ეს არც იმას ნიშნავს, რომ შენი მეგობრებისგან სრულყოფილებას ელოდო (ეკლესიასტე 7:16—18). მაგრამ მხოლოდ ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა ესწრება ქრისტიანულ შეხვედრებს ან ჰყავს ისეთი მშობლები, რომლებიც გულმოდგინედ მსახურობენ კრებაში, თავისთავად არ ნიშნავს, რომ ის საუკეთესო მეგობრობას გაგიწევს.

„თვისი საქციელის მიხედვითაც იცნობა ყმაწვილი, თუ სუფთაა ან თუ სამართლიანია მისი საქმე“, — ნათქვამია იგავების 20:11–ში. ამიტომ გონივრულია, თუ ასე მსჯელობ: «არის ამ ადამიანისთვის უმთავრესი იეჰოვასთან ურთიერთობა? თუ მისი აზროვნება და შეხედულებები „ამ ქვეყნიერების სულს“ ირეკლავს?» (1 კორინთელები 2:12; ეფესოელები 2:2). გაგიძლიერებს ასეთ ადამიანთან ახლო ურთიერთობა იეჰოვასადმი თაყვანისცემის სურვილს?

თუ ისეთ მეგობრებს ირჩევ, რომლებსაც მთელი გულით უყვართ იეჰოვა და სულიერს მთავარ ადგილს უთმობენ ცხოვრებაში, შენ მხოლოდ პრობლემებს კი არ აირიდებ თავიდან, არამედ უფრო მეტი ძალები გექნება იმისათვის, რომ ემსახურო ღმერთს. პავლემ უთხრა ტიმოთეს: „ესწრაფე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულსა და მშვიდობას მათთან ერთად, ვინც სუფთა გულით უხმობს უფალს“ (2 ტიმოთე 2:22).

საპირისპირო სქესის ადამიანთან მეგობრობა

თუ სრულწლოვანების ასაკს მიაღწიე და დაქორწინება გსურს, დაფიქრებულხარ, როგორ დაგეხმარება იმავე პრინციპების გამოყენება მომავალი მეუღლის არჩევაში? მომავალ მეუღლეში შეიძლება ბევრმა რამემ მიგიზიდოს, მაგრამ არაფერია ისე მნიშვნელოვანი, როგორც პიროვნების სულიერი მდგომარეობა.

ბიბლიაში არაერთხელ არის მოყვანილი გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ ქრისტიანები მხოლოდ „უფალში“ უნდა დაქორწინდნენ (1 კორინთელები 7:39; მეორე რჯული 7:3, 4; ნეემია 13:25). სინამდვილეში ისინი, რომლებიც ჩვენს რწმენას არ იზიარებენ, შესაძლოა სანდო, პატიოსანი და მზრუნველი ადამიანები იყვნენ. მაგრამ მათ არა აქვთ ისეთი მოტივები, როგორიც შენ — მათი მიზანი არ არის, კარგი თვისებების გამომუშავება და სიძნელეების მიუხედავად ბედნიერი ქორწინების შენარჩუნება.

მეორე მხრივ, იეჰოვასადმი მიძღვნილი და მისი ერთგული ადამიანი გამიზნულად ავითარებს საკუთარ თავში ქრისტიანულ თვისებებს და ცდილობს, რომ, რაც უნდა მოხდეს, არ დაკარგოს ისინი. ასეთი ადამიანი აცნობიერებს, რომ, ბიბლიის თანახმად, მოსიყვარულე მეუღლეს ახლო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს იეჰოვასთან (ეფესოელები 5:28, 33; 1 პეტრე 3:7). ასე რომ, როდესაც ცოლ–ქმარს უყვარს იეჰოვა, ეს მათთვის უდიდესი სტიმულია, რომ ერთმანეთის ერთგულები დარჩნენ.

ნიშნავს ეს იმას, რომ თანამორწმეებს შორის ქორწინება ბედნიერების გარანტიაა? არა. მაგალითად, თუ ისეთ ადამიანზე დაქორწინდები, რომელიც უმნიშვნელო ინტერესს ავლენს სულიერი საკითხებისადმი, რა მოყვება ამას შედეგად? სულიერად სუსტმა ადამიანმა, რომელსაც ამ ბოროტი სისტემის გავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ შესწევს, უფრო მეტი ალბათობაა, რომ ქრისტიანული კრება დატოვოს (ფილიპელები 3:18; 1 იოანე 2:19). წარმოიდგინე, რამხელა ტკივილს იგრძნობ და როგორ დაიძაბება თქვენ შორის ურთიერთობა, თუ შენი მეუღლე „ქვეყნიერების სიბილწეში“ ჩაეფლობა (2 პეტრე 2:20).

სანამ ახლო ურთიერთობას განავითარებ საპირისპირო სქესის ადამიანთან, რაც დაქორწინებამდე მიგიყვანთ, დაფიქრდი: „ეს ადამიანი ნამდვილად სულიერი პიროვნებაა? როგორც ქრისტიანი, კარგ მაგალითს იძლევა? ღრმად არის მასში ფესვგადგმული ბიბლიური ჭეშმარიტება თუ დრო სჭირდება, რომ სულიერად გაიზარდოს?“. დარწმუნებული ხარ, რომ იეჰოვასადმი სიყვარული მისი ცხოვრების მთავარი აღმძვრელი ძალაა? იმის ცოდნა, რომ ადამიანი კარგი რეპუტაციით სარგებლობს, ძალიან დამხმარეა. მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, დარწმუნებული უნდა იყო, რომ ვინც მოგწონს, იეჰოვას ერთგულია და როგორც მეუღლე, საუკეთესო პარტნიორობას გაგიწევს.

აგრეთვე გახსოვდეს, რომ ისინი, რომლებიც ქრისტიანისთვის შეუფერებელ ადამიანებთან სიამოვნებით ატარებენ დროს, თავადვე იძლევიან ცუდ მაგალითს — მაგალითად, გართობის მიუღებელ სახეობებში მონაწილეობენ. ქრისტიანულ კრებაში სამაგალითო ახალგაზრდები ასე არ უნდა იქცეოდნენ. ამიტომ გამოიკვლიე საკუთარი გული.

თუ აღმოაჩენ, რომ შენი გული გამოსწორებას საჭიროებს, ხელს ნუ ჩაიქნევ. გულის გამოსწორება შესაძლებელია (იგავები 23:12). ამისათვის მნიშვნელოვანია, შემდეგ კითხვებზე დაფიქრდე: „სინამდვილეში როგორი სურვილები გამოძრავებს? გინდა აკეთო ის, რაც კარგია და დაუახლოვდე ისეთ ადამიანებს, რომლებიც კარგად იქცევიან?“ იეჰოვას დახმარებით შეძლებ გულის გამოსწორებას (ფსალმუნები 96:10). კარგისა და ცუდის გასარჩევად აღქმის უნარის გაწაფვა გაგიადვილებს ისეთ ადამიანებთან დაახლოებას, რომლებიც დადებით გავლენას მოახდენენ შენზე (ებრაელები 5:14).

[სქოლიო]

^ აბზ. 3 სახელები შეცვლილია.

[სურათი 25 გვერდზე]

კარგი საზოგადოება სულიერად განამტკიცებს.