არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როდესაც ყველგან ჰარმონია იქნება

როდესაც ყველგან ჰარმონია იქნება

როდესაც ყველგან ჰარმონია იქნება

ოდესმე გინახავთ, როგორ ასრულებენ თავიანთ პარტიას ბალეტის მოცეკვავე, ფიგურულ სრიალში მონაწილე ან ტრაპეციაზე ნომრით გამომსვლელი წყვილები? მათი ნებისმიერი მოძრაობა დიდი დახელოვნებულობით გამოირჩევა. მათ მოძრაობებში სრულყოფილი თანამშრომლობა და კოორდინაცია ჩანს. რა სასიამოვნო იქნებოდა, დღეს ჩვენს ცხოვრებაშიც რომ შეინიშნებოდეს მსგავსი შეთანხმებულობა და არ იყოს უთანხმოებები თუ კონფლიქტები. დღევანდელობის სურათი სულ სხვაგვარია — როგორც ბიბლია წინასწარმეტყველებს ჩვენს დროსთან დაკავშირებით, ხალხს შორის ‘შეუძლებელია მორიგება’ (2 ტიმოთე 3:1—5).

ამ რთული მდგომარეობის მიუხედავად, მილიონობით გულწრფელი ადამიანი სწავლობს, როგორ იცხოვროს მშვიდობიანად და სხვებთან შეთანხმებულად. რანაირად აღწევენ ისინი ამას? ბიბლიაში, ესაიას 48:17, 18-ში, ჩაწერილი თბილი სიტყვების გულთან ახლოს მიტანით. იქ ნათქვამია: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელიც გასწავლის სარგებლობას, რომელიც მიგიძღვის იმ გზაზე, რომელზეც უნდა დადიოდე. ყურად რომ გეღო ჩემი მცნებები, მდინარესავით იქნებოდა შენი მშვიდობა, და შენი სიმართლე — ზღვის ტალღებივით“.

როდესაც სითბოთი გამსჭვალულ ამ სიტყვებს ვეხმაურებით, იეჰოვა ჩვენი კეთილისმყოფელი ხდება. ის გვიჩვენებს, თუ როგორ ‘ვიაროთ’ ისე, რომ სხვებთან მშვიდობიანი და შეთანხმებული ურთიერთობა გვქონდეს. ამის საპირისპიროდ მოქმედება — არასრულყოფილი ადამიანების თეორიებისა და ფილოსოფიების ათვისება — არაგონივრული იქნებოდა. კაცობრიობის ისტორიამ არაერთხელ დაადასტურა იერემიას 10:23-ში ჩაწერილი მნიშვნელოვანი სიტყვების ჭეშმარიტება. იქ ნათქვამია: „ადამიანის ხელთ არაა მისი გზა . . . მავალი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ არ გვაქვს იმის უნარი, რომ საკუთარ თავი წარვმართოთ; ამასთანავე გონივრული და ყველასთვის მისაღები ზნეობრივი ნორმები დავადგინოთ. ეს ღვთის უფლებამოსილებაში შედის (ესაია 33:22).

ნამდვილი მშვიდობა და შეთანხმებულობა

მალე ღვთის ჩარევით მთელ დედამიწაზე დამკვიდრდება ჰარმონია. ის გვპირდება, რომ დადგება დრო, როდესაც „ქვეყანა სავსე იქნება უფლის ცოდნით, როგორც ზღვაა დაფარული წყლებით“ (ესაია 11:9). დიახ, დედამიწაზე სამარადისოდ მშვიდობა დაისადგურებს.

მთელ მსოფლიოში ახალი სახის შეთანხმებულობა გამეფდება, რადგან ღმერთი თავის ერთგულ მიწიერ ქვეშევრდომებს, ადამიანებს, ასწავლის, როგორ იზრუნონ სათანადოდ თავიანთ სამკვიდრებელზე — დედამიწაზე. ღმერთი, ასე ვთქვათ, ‘აღთქმასაც’ კი დაუდებს გარეულ მხეცებს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელნი მშვიდობიანად დაემორჩილებიან ადამიანებს (ოსია 2:20; დაბადება 1:26—28; ესაია 11:6—8).

ეს იმედი მხოლოდ უსაფუძვლო ოცნება როდია. მთაზე ქადაგებისას იესომ ორჯერ მოიხსენია ეს პერსპექტივა. პირველი შემთხვევისას მან თქვა: „ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“. შემდეგ კი, როდესაც მოსწავლეებს ასწავლიდა, თუ როგორ ელოცათ, მან აღნიშნა: „იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 5:5; 6:9, 10). მიწიერი ცხოვრების ბოლოს იესომ ერთი შესანიშნავი სიტყვით შეაჯამა, თუ რას ნიშნავდა ეს მორჩილი ადამიანებისთვის — „სამოთხე“ (ლუკა 23:43). მართლაც, იესოს მიერ დაღვრილი სისხლის საფუძველზე დედამიწაზე ნამდვილად იქნება მარადიულად სამოთხე (იოანე 3:16).

[სურათი 12 გვერდზე]

ღვთის მიერ აღთქმულ სამოთხეში დედამიწაზე ცოცხალ არსებებს შორის არნახული ჰარმონია დამყარდება.