არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უნდა მიმართოთ ლოცვით ქალწულ მარიამს?

უნდა მიმართოთ ლოცვით ქალწულ მარიამს?

ბიბლიის თვალსაზრისი

უნდა მიმართოთ ლოცვით ქალწულ მარიამს?

მარიამი ცნობილი პიროვნებაა მრავალი ადამიანისთვის, რომელთაც სულ ცოტა მაინც სმენიათ ქრისტიანობის შესახებ. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა განსაკუთრებით აკურთხა ეს ახალგაზრდა ქალი იმით, რომ ის იესოს დედა გახდა. იესოს დაბადება იმიტომ იყო განსაკუთრებული, რომ მარიამი ქალწული იყო, როცა დაფეხმძიმდა. ქრისტიანულ სამყაროში ზოგი ეკლესია დიდი ხანია, რაც მარიამს განსაკუთრებული სახით სცემს თაყვანს. ახ. წ. 431 წელს, ეფესოს საეკლესიო კრებამ მარიამი „ღვთისმშობლად“ გამოაცხადა. დღესაც მრავალ ადამიანს ასწავლიან, რომ მას მიმართონ ლოცვით *.

ღვთის გულწრფელმა თაყვანისმცემლებმა იციან, რომ მათი ლოცვები შესაბამისი პიროვნებისადმი უნდა იყოს მიმართული. რას გვასწავლის ბიბლია ამასთან დაკავშირებით? უნდა მიმართონ ქრისტიანებმა ლოცვით ქალწულ მარიამს?

„გვასწავლე, როგორ ვილოცოთ“

ლუკას სახარებაში ნათქვამია, რომ იესოს ერთერთმა მოწაფემ თხოვნით მიმართა მას: „უფალო, გვასწავლე, როგორ ვილოცოთ“. იესომ უპასუხა: «ასე ილოცეთ: „მამა, განიწმინდოს შენი სახელი“». მთაზე ქადაგებისას იესომ მსგავსი მითითებები მისცა თავის მიმდევრებს ლოცვასთან დაკავშირებით: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“ (ლუკა 11:1, 2; მათე 6:9).

უპირველესად, აქედან ვსწავლობთ, რომ ლოცვა იესოს მამისადმი, იეჰოვასადმი, უნდა იყოს მიმართული. ბიბლიაში არსად არის ნათქვამი, რომ ლოცვით იეჰოვას გარდა სხვას მივმართოთ. ეს მართებულიცაა, ვინაიდან როდესაც მოსემ ათი მცნება მიიღო, გაიგო, რომ იეჰოვა არის „განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი ღმერთი“ (გამოსვლა 20:5, აქ).

რას ვიტყოდით კრიალოსნის გამოყენებაზე?

მრავალ ადამიანს, რომლებიც მარიამს მიმართავენ ლოცვით, ასწავლიან, რომ კურთხევების მისაღებად გაზეპირებული ლოცვები უნდა გაიმეორონ — ისეთი ლოცვები, როგორიცაა „იცოცხლე, მარიამ!“, „მამაო ჩვენო“ და სხვა. ერთ წიგნში ნათქვამია, რომ კათოლიკები „მარიამის თაყვანისცემის დროს იყენებენ უდავოდ ყველაზე გავრცელებულ ატრიბუტს — კრიალოსანს“ (Symbols of Catholicism). ქალწული მარიამის თაყვანისცემისას კრიალოსნის გამოყენება რელიგიური რიტუალია. კრიალოსანი არის სპეციალური მძივი, რომელსაც ლოცვების დასათვლელად იყენებენ. იმავე წიგნში ნათქვამია: «ხუთი ათმარცვლიანი (მოზრდილი მძივის მარცვლით გამოყოფილი) ციკლი შეადგენს „იცოცხლე, მარიამ!“-ის 50-ჯერ გამეორებასა და „მამაო ჩვენოსა“ და ხოტბის შესხმის 5-ჯერ გამეორებას». ისმენს ღმერთი კრიალოსნების გამოყენებით წარმოთქმულ ლოცვებს?

და ისევ, იესოს მიერ თავისი მოწაფეებისთვის მიცემული მითითებები დამაჯერებელ პასუხს გვცემს ამ კითხვაზე. მან თქვა: „ლოცვის დროს ნუ გაიმეორებთ ერთსა და იმავეს გაუთავებლად, როგორც უცხოტომელები აკეთებენ, რადგან ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან“ (მათე 6:7). ამრიგად, იესომ თავისი მსმენელების ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ გაზეპირებული ლოცვები გაუთავებლად არ გაემეორებინათ.

მრავალმა შეიძლება იკითხოს: «მაგრამ, განა იესომ არ ასწავლა თავის მოწაფეებს, რომ გაემეორებინათ „მამაო ჩვენო“, რომელიც კრიალოსნების გამოყენებით წარმოთქმული ლოცვის ნაწილია»? უნდა აღინიშნოს, რომ იესომ დატოვა ლოცვის ნიმუში, რომელიც ცნობილია როგორც „მამაო ჩვენო“ ანუ „უფლის ლოცვა“. თუმცა მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ იესომ ლოცვის ეს ნიმუში მას შემდეგ მისცა მოწაფეებს, როცა გააფრთხილა, არ ‘გაემეორებინათ ერთი და იგივე გაუთავებლად’. იესოს არ უთქვამს, რომ ლოცვის ნიმუში მათ მექანიკურად უნდა გაემეორებინათ, რაც ასევე ნათლად ჩანს მის მიერ მოყვანილი ორი სხვადასხვა მაგალითიდან, სადაც ის თავის მოწაფეებს ლოცვას ასწავლის (მათე 6:9—15; ლუკა 11:2—4). ამ ორ მაგალითში იესომ ერთი და იგივე აზრები გადმოსცა, მაგრამ ერთი და იგივე სიტყვები არ გაუმეორებია. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იესომ უბრალოდ ლოცვის ნიმუში ანუ მაგალითი მისცა თავის მიმდევრებს, თუ როგორ და რის შესახებ ელოცათ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი სიტყვები იმაზე მიუთითებდა, თუ ვისადმი უნდა ყოფილიყო ლოცვები მიმართული.

მარიამის მიმართ პატივისცემის გამოვლენა

ის ფაქტი, რომ ბიბლია არ ასწავლის ქრისტიანებს, ლოცვით მარიამს მიმართონ, სულაც არ ნიშნავს, რომ მარიამი პატივისცემას არ იმსახურებს იმისათვის, რაც მან ღვთის განზრახვების განსახორციელებლად გააკეთა. კურთხევები, რომლებსაც ადამიანები მისი ძის მეშვეობით მიიღებენ, მარადიულ სარგებლობას მოუტანს მორჩილ კაცობრიობას. მარიამმა თქვა: „ყველა თაობა ბედნიერს მიწოდებს“. მისმა ნათესავმა ელისაბედმა აღნიშნა, რომ მარიამი „კურთხეული . . . [იყო] ქალებს შორის“. ეს მართლაც ასე იყო. მარიამს უდიდესი პატივი ხვდა წილად; ის არჩეულ იქნა იმისათვის, რომ მესია ეშვა (ლუკა 1:42, 48, 49).

მაგრამ მარიამი არ იყო ერთადერთი ქალი, რომელიც ბიბლიაში კურთხეულად მოიხსენიება. ძველად იაელზე (იაყელი), რომელმაც ისრაელების სასარგებლოდ იმოქმედა, თქვეს, რომ ‘კურთხეული იყო დიაცთა შორის’ (მსაჯულთა 5:24). ერთგული იაელი, მარიამი და სხვა ღვთისმოშიში ქალები, რომლებიც ბიბლიაში არიან მოხსენიებულნი, იმსახურებენ იმას, რომ მათ მაგალითს მივბაძოთ და არა იმას, რომ თაყვანი ვცეთ.

მარიამი იესოს ერთგული მიმდევარი იყო. იესოს დედამიწაზე მსახურებისა თუ მისი სიკვდილის დროს ის მის გვერდით იყო. იესოს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მარიამი იესოს ძმებთან ერთად „გამუდმებით ლოცულობდა“. ეს საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ ისიც მათ შორის იმყოფებოდა, ვისზედაც ახ. წ. 33 წელს, ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, წმინდა სული გადმოვიდა. ამგვარად, მასაც ჰქონდა იმედი, ყოფილიყო პატარძლის კლასის ნაწილი, რომლებიც ქრისტესთან ერთად იმეფებდნენ ზეცაში (მათე 19:28; საქმეები 1:14; 2:1—4; გამოცხადება 21:2, 9).

მაგრამ არც ერთი ზემოთ მოყვანილი შემთხვევა არ გვაძლევს საფუძველს, რომ ლოცვით მივმართოთ მარიამს. გულწრფელი ლოცვა თაყვანისცემის მნიშვნელოვანი ნაწილია და ქრისტიანებმა ‘გამუდმებით უნდა ილოცონ’ (რომაელები 12:12). მაგრამ ლოცვები მხოლოდ იეჰოვასადმი უნდა იყოს მიმართული იესო ქრისტეს მეშვეობით (მათე 4:10; 1 ტიმოთე 2:5).

[სქოლიო]

^ აბზ. 3 იდეა იმის შესახებ, რომ მარიამი ღვთისმშობელია, დაფუძნებულია სამების არაბიბლიურ მოძღვრებაზე. ამ მოძღვრების თანახმად, იესო ღმერთია.