არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ალკოჰოლის ტყვეობიდან გათავისუფლება

ალკოჰოლის ტყვეობიდან გათავისუფლება

ალკოჰოლის ტყვეობიდან გათავისუფლება

„მამაჩემი ალკოჰოლიკი იყო, მეც მის კვალს გავყევი. 12 წლის ასაკში უკვე ვსვამდი. დაქორწინების შემდეგ კი ყოველდღე ვთვრებოდი. დროთა განმავლობაში ძალადობასაც მივყავი ხელი. პოლიცია ხშირად მოდიოდა ჩემი ოჯახის დასახმარებლად. ჯანმრთელობა დავიზიანე, კუჭიდან სისხლის დენა დამეწყო, სიკვდილს ძლივს გადავურჩი. შემდეგ ციროზი და ანემია განმივითარდა. ცოტა ხანში იმ ადამიანთა ჯგუფს შევუერთდი, რომლებიც ცდილობდნენ, სმისთვის თავი დაენებებინათ. მაგრამ არაფერი გამომდიოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ობობას ქსელში გავები და თავს ვეღარ ვაღწევდი“ (ვიქტორი *, არგენტინა).

ასეთ სიტყვებს ხშირად გაიგებთ მათგან, რომლებიც ალკოჰოლის მარწუხებში არიან მოქცეულნი. ვიქტორის მსგავსად, ისინიც ფიქრობენ, რომ ამ პრობლემას თავს ვერასოდეს დააღწევენ. შესაძლებელია ალკოჰოლით გამოწვეული პრობლემების დაძლევა? თუ შესაძლებელია, როგორ?

პრობლემის აღიარება

უპირველეს ყოვლისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსმელმა და მისმა ახლობლებმა აღიარონ, რომ პრობლემა არსებობს. ალკოჰოლისადმი დამოკიდებულება აისბერგის მხოლოდ წვერია. ალკოჰოლისადმი დამოკიდებულება იმ დროიდან დიდი ხნის შემდეგ ვითარდება, როცა ადამიანმა ერთხელ, შესაძლოა, ზომიერად დალია. საოცარია, რომ ალკოჰოლით გამოწვეული ავარიებისა და ძალადობის უმრავლესობა მათი მიზეზით არ ხდება, რომლებიც ალკოჰოლზე არიან დამოკიდებულნი. ისინი არც საზოგადოებისთვის მიყენებული ზარალის ძირითადი მიზეზი არიან. ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: „ალკოჰოლით გამოწვეული საერთო პრობლემების შესამცირებლად საუკეთესო გზა ის არის, რომ სასმელის ოდენობა შეამცირონ არა ბოროტად მომხმარებლებმა, არამედ მათ, რომლებიცზომიერად სვამენ“ (კურსივი ჩვენია). იმაზე მეტს ხომ არ სვამთ, რამდენსაც ჯანდაცვის მუშაკები გვირჩევენ? სვამთ იმ სიტუაციებში, როცა სიფხიზლის შენარჩუნება და სწრაფი რეაქციაა აუცილებელი? სმის გამო პრობლემები ხომ არ გაქვთ ოჯახში ან სამსახურში? თუ ვაღიარებთ, რომ ალკოჰოლის ის რაოდენობა, რასაც ვიღებთ, შესაძლოა სახიფათო იყოს, და სასმელის რაოდენობას შევამცირებთ, ეს სერიოზული პრობლემების თავიდან აცილების საუკეთესო გზაა. როდესაც პიროვნება ალკოჰოლზე ხდება დამოკიდებული, მისთვის გაცილებით რთულია ცვლილებების მოხდენა.

ჩვეულებრივ, ისინი, რომლებიც გადაჭარბებულად სვამენ, არ აღიარებენ ამ პრობლემას. „ისე ვსვამ, როგორც ყველა“; „შემიძლია აღარ დავლიო, თუ არ მინდა“ — ამბობენ ისინი. „მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლს კინაღამ ვემსხვერპლე, ჩემს თავს ალკოჰოლიკს არ ვუწოდებდი. ამიტომ არასოდეს მიცდია ამ ჩვევის მიტოვება“, — ამბობს კონსტანტინე (რუსეთი). „ბევრჯერ ვცადე სასმელის მიტოვება, თუმცა თავს არ ვუტყდებოდი, რომ ალკოჰოლიკი ვიყავი. სმასთან დაკავშირებულ პრობლემებს სერიოზულად არ მივიჩნევდი“, — იხსენებს მარეკი (პოლონეთი).

როგორ შეიძლება მას, ვისაც სმის პრობლემა აქვს, დავეხმაროთ პრობლემის აღიარებასა და სმის მიტოვებაში? პირველ რიგში, მან უნდა აღიაროს, რომ მისი პრობლემები გადამეტებული სმის შედეგია და სასმელზე უარის თქმის შემთხვევაში მისი ცხოვრება გაუმჯობესდება. როგორც ერთ სამედიცინო ჟურნალშია აღნიშნული, საჭიროა ადამიანმა აზროვნება შეიცვალოს. თუ ის ამბობს „იმიტომ ვსვამ, რომ ცოლმა მიმატოვა და სამსახური დავკარგე“, ამის ნაცვლად უნდა თქვას: „ცოლმა იმიტომ მიმატოვა და სამსახური იმიტომ დავკარგე, რომ ვსვამ“ (La Revue du Praticien—Médecine Générale).

თუ გსურთ, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებულ პიროვნებას აზროვნების შეცვლაში დაეხმაროთ, გამოიყენეთ შემდეგი რჩევები: ყურადღებით მოუსმინეთ; დაუსვით პირდაპირი კითხვები, რომლებიც მას გრძნობებისა და ემოციების თავისუფლად გამოხატვაში დაეხმარება; თუ თანაგრძნობით მიუდგებით და გაუგებთ, ის იგრძნობს, რომ გესმით მისი; გაამხნევეთ მაშინაც კი, თუ ძალიან ნელა სწორდება; თავი შეიკავეთ განსჯისგან ან ისეთი რამის თქმისგან, რის გამოც ის თავისუფლად აღარ გამოთქვამს თავის გრძნობებს ან დახმარებაზე უარს იტყვის. შესაძლოა ასევე დამხმარე იყოს, მან შემდეგ ორ კითხვაზე ჩამოწეროს პასუხები: „რა მოხდება, თუ კვლავ განვაგრძობ სმას?“ და „რა მოხდება, თუ სმას თავს დავანებებ?“

დახმარების ძიება

როდესაც ვინმე ალკოჰოლის ბოროტად მოხმარებას იწყებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის უვარგისია ან შეუძლებელია მისი გამოსწორება. ზოგს შეუძლია სხვისი დახმარების გარეშე მიატოვოს სმა, მაგრამ ხშირად ალკოჰოლზე დამოკიდებულ პიროვნებებს სმის მისატოვებლად მკურნალობა სჭირდებათ *. ზოგისთვის შედეგიანია მკურნალობის სახლში ჩატარება, მაგრამ, როდესაც თავის დანებების პროცესში რთული სიმპტომები იჩენს თავს, შესაძლოა აუცილებელი გახდეს ჰოსპიტალიზაცია. როდესაც ეს სიმპტომები გავა (დაახლოებით 2—5 დღეში), ავადმყოფს შესაძლებელია წამლები დაუნიშნონ, რათა დალევის სურვილი გაუქრეს; საბოლოო ჯამში კი სმას თავი დაანებოს.

თუმცა დეტოქსიკაცია ანუ ზემოთ მოყვანილი მკურნალობის მეთოდები წარმატების გარანტია არ არის. წამლების მიღება დროებითი დახმარებაა და არა საბოლოო განკურნება. საფრანგეთში მცხოვრებმა ალენმა რამდენჯერმე ჩაიტარა მკურნალობის კურსი. „როგორც კი საავადმყოფოდან გამოვედი, მაშინვე სმა დავიწყე, რადგან კვლავ მეგობრების წრეს დავუბრუნდი. როგორც ჩანს, არ მქონდა სწორი მოტივები“, — ამბობს ის.

სიცარიელის გრძნობა

ფაქტობრივად, ბევრი წარმატებას იმიტომ ვერ აღწევს, რომ სმის მიტოვების შემდეგ სიცარიელის გრძნობა უჩნდებათ. ისეთი შეგრძნება აქვთ, თითქოს ახლო მეგობარი დაკარგეს. „მუდამ დალევაზე ვფიქრობდი,  — ამბობს რუსეთში მცხოვრები ვასილი. — ჩემთვის აზრს მოკლებული იყო დღე, თუ ვერ დავლევდი“. ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანს სმის მოთხოვნილების დაკმაყოფილების გარდა, სხვა ყველაფერი ნაკლებად მნიშვნელოვნად მიაჩნია. „ერთადერთი მიზანი მქონდა, რომ სასმელისთვის ფული მეშოვა და დამელია“, — იხსენებს იეში (პოლონეთი). როგორც ჩანს, იმისათვის, რომ ადამიანმა სმას თავი დაანებოს, მნიშვნელოვანია, სიცოცხლის აზრი იპოვოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ცნობარში მოცემულია რჩევები მათთვის, რომლებიც ალკოჰოლურ სასმელებთან დაკავშირებით აზროვნების შეცვლას ცდილობენ. იქ ხაზგასმულია, რომ სმისგან თავის შესაკავებლად მნიშვნელოვანია აზრით აღსავსე ცხოვრების დაწყება. მაგალითად, ერთერთი რჩევაა რელიგიური საქმიანობით დაკავება.

სულიერი საქმეებით დაკავების შემთხვევაში ადამიანი შეიძლება სმას გადაეჩვიოს. ნასვამ მდგომარეობაში ჩადენილი დანაშაულის გამო ალენი სამჯერ მოხვდა ციხეში. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან. ალენი ამბობს: „ბიბლიის შესწავლამ ჩემს ცხოვრებას აზრი შესძინა და სმის პრობლემა დამაძლევინა. ჩემი მოტივი მხოლოდ ის არ იყო, რომ სმისთვის თავი დამენებებინა, არამედ — იეჰოვასთვის მესიამოვნებინა“.

რეციდივის დაძლევა

მრჩევლები, რომლებიც მსმელებს ალკოჰოლიზმის დაძლევაში ეხმარებიან, აღნიშნავენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში მათთვის მხარდაჭერის აღმოჩენა და გამხნევება. სმის გამო ბევრმა ოჯახი და მეგობრები დაკარგა. განმარტოებამ ადამიანი შეიძლება დეპრესიაში ჩააგდოს და თავის მოკვლაც კი გადააწყვეტინოს. ზემოთ მოხსენიებული ცნობარი მათ, რომლებიც სხვას ეხმარებიან ალკოჰოლიზმის დაძლევაში, ურჩევს: „ეცადეთ, პიროვნება, რომელსაც ეხმარებით, მაშინაც კი არ გააკრიტიკოთ, როდესაც მისი საქციელით გაღიზიანებული ან უკმაყოფილო ხართ. გახსოვდეთ, რომ ჩვევის მიტოვება ადვილი არ არის. მას წარმატებული დღეებიც ექნება და წარუმატებელიც. იმისათვის, რომ ადამიანმა შეამციროს სასმელის მიღება ან საერთოდ უარი თქვას მასზე, ძალიან მნიშვნელოვანია გამხნევება და თანადგომა, აგრეთვე, საინტერესო იდეების შეთავაზება“.

ჰილარიო, რომელიც თითქმის 30 წელი გადამეტებულად სვამდა, გვიყვება: „სმის მიტოვებაში იმ მეგობრების მხრიდან გამოვლენილი სიყვარული დამეხმარა, რომლებიც იეჰოვას მოწმეთა კრებაში ვიპოვე. სმას ბევრჯერ დავუბრუნდი, მაგრამ მოწმეები ყოველთვის მხარში მედგნენ, მამხნევებდნენ და სათანადო ბიბლიურ რჩევებს მაძლევდნენ“.

თუ ცდილობთ, თავი დააღწიოთ ალკოჰოლის ტყვეობას, გახსოვდეთ, რომ შეიძლება პრობლემამ კვლავ იჩინოს თავი. ხშირად ეს გამოჯანსაღების პროცესის ნაწილია. ფარ–ხმალი არ დაყაროთ! გააანალიზეთ, რამ გამოიწვია რეციდივი და ეცადეთ, იგივე შეცდომები აღარ გაიმეოროთ. გაიხსენეთ, რომელმა სიტუაციებმა აღგიძრათ დალევის სურვილი — მოწყენილობამ, დეპრესიამ, მარტოობის გრძნობამ, კამათმა, სტრესმა ან იმ ადგილებში ყოფნამ, სადაც ყველა სვამს. ეცადეთ, აღარ აღმოჩნდეთ მსგავს სიტუაციებში! „ვისწავლე იმ ემოციების დროულად შემჩნევა, რომლებსაც დალევამდე მივყავდი, — ამბობს იეში, რომელსაც ორი წელი დასჭირდა, რომ სასმელი საერთოდ მიეტოვებინა. — დღეს ვერიდები ისეთ სიტუაციებს, რომლებიც დალევის სურვილს აღმიძრავს. არ დავდივარ იქ, სადაც ხალხი სვამს. არ ვჭამ იმას, რაშიც ალკოჰოლია. ვერიდები ალკოჰოლის შემცველ ლოსიონებს, კრემებსა და მედიკამენტებს. არ ვუყურებ სასმელის რეკლამებს“. ბევრმა აღმოაჩინა, რომ პრობლემის დაძლევაში ყველაზე მეტად ღვთისადმი ლოცვა დაეხმარა იმ ძალის მისაღებად, „რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორინთელები 4:7; ფილიპელები 4:6, 7).

თავისუფლება!

მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლისთვის თავის დანებებას თან ახლავს სირთულეები, მისი ტყვეობიდან თავის დაღწევა შესაძლებელია. ამ სტატიაში მოხსენიებულმა ყველა პიროვნებამ ეს პრობლემა დაძლია. დღეს ისინი უფრო ჯანმრთელები არიან და ხარობენ ოჯახის წევრებთან ურთიერთობითა და კარგი სამსახურით. ალენი ამბობს: „ალკოჰოლის ტყვეობიდან გავთავისუფლდი“. კონსტანტინე შენიშნავს: „იეჰოვას გაცნობამ ოჯახი შემინარჩუნა. ჩემმა ცხოვრებამ აზრი შეიძინა. ჩემი ბედნიერება ალკოჰოლზე აღარ არის დამოკიდებული“. ვიქტორი ამბობს: „ვგრძნობ, რომ თავისუფალი პიროვნება ვარ, ღირსების გრძნობა, მეობა დამიბრუნდა“.

ადამიანს ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია შეცვალოს თავისი ცხოვრება — ალკოჰოლის გადაჭარბებით მიღების საფრთხის წინაშე იქნება, სმით გამოწვეული პრობლემების თუ ალკოჰოლზე დამოკიდებულების განვითარების წინაშე. თუ იმდენს სვამთ, რომ საფრთხეს უქმნით საკუთარ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას, არ დააყოვნოთ ცვლილებების მოხდენა. ეს თქვენსა და თქვენი ახლობლების კეთილდღეობას მოემსახურება.

[სქოლიოები]

^ აბზ. 2 ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 10 ალკოჰოლიკების დასახმარებლად მრავალი სამკურნალო ცენტრი, საავადმყოფო და გამოსაჯანსაღებელი პროგრამა არსებობს. იეჰოვას მოწმეები რეკლამას არ უკეთებენ მკურნალობის რომელიმე მეთოდს. სიფრთხილეა საჭირო, რომ არავინ ჩაებას ისეთ საქმიანობაში, რომელიც მას ბიბლიურ პრინციპებს დაარღვევინებს. თითოეულმა თავად უნდა გადაწყვიტოს, მკურნალობის რომელ მეთოდს მიმართოს.

[სურათი 10 გვერდზე]

პრობლემის აღიარება პირველი ნაბიჯია.

[სურათი 11 გვერდზე]

ბევრს ალკოჰოლის დასაძლევად მკურნალობა ესაჭიროება.

[სურათი 12 გვერდზე]

ლოცვა დაგეხმარებათ.

[სურათი 12 გვერდზე]

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ძალა, რომელიც სასმელზე უარს გათქმევინებთ!