არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გადაჭარბებული სმა და ჯანმრთელობა

გადაჭარბებული სმა და ჯანმრთელობა

გადაჭარბებული სმა და ჯანმრთელობა

„სანტა!“, „სალუტ!“, „ზა ვაშე ზდოროვიე!“, „ჩუკ სუკ კვა!“ საფრანგეთში, იტალიაში, რუსეთსა თუ ვიეტნამში მეგობრები მსგავს სადღეგრძელოებს ამბობენ, როცა ერთად იკრიბებიან. პარადოქსია, რომ სმის დროს ერთმანეთს დღეგრძელობას უსურვებენ, მაგრამ ბევრს სწორედ ალკოჰოლი უსწრაფებს სიცოცხლეს.

ალკოჰოლის უზომოდ სმა მრავალი პრობლემის წყაროა. სპეციალისტების აზრით, ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღება სამი ფორმით ვლინდება: სახიფათო, საზიანო და ალკოჰოლზე დამოკიდებულება. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განმარტავს, სახიფათო ის ფორმაა, როდესაც „ალკოჰოლის რეგულარულად მიღებას შეიძლება საზიანო შედეგები მოჰყვეს“ — ფიზიკური, გონებრივი ან სოციალური. ამ დროს ადამიანი იმაზე მეტს სვამს, ვიდრე ჯანდაცვის მუშაკები ურჩევენ ან კანონით არის ნებადართული. საზიანო ფორმა, რომელსაც გადაჭარბებულ სმასაც უწოდებენ, იმას ნიშნავს, რომ ადამიანი საკუთარ თავს უკვე აყენებს ფიზიკურ ან გონებრივ ზიანს, მაგრამ ალკოჰოლზე დამოკიდებულება ჯერ არა აქვს განვითარებული. ალკოჰოლზე დამოკიდებულების განვითარებისას კი „პიროვნება თავს ვერ იკავებს სმისგან“. ასეთ ადამიანს ავადმყოფური ლტოლვა აქვს სპირტიანი სასმელებისადმი და სმას მაშინაც განაგრძობს, როცა ალკოჰოლით გამოწვეული არაერთი პრობლემა აწუხებს. ის საშინლად იტანჯება, თუ დასალევი არა აქვს.

სქესის, ასაკისა თუ ეროვნების მიუხედავად, არავინ არის დაზღვეული ალკოჰოლის უზომოდ სმის სახიფათო ფორმისგან. როგორ მოქმედებს ალკოჰოლი ორგანიზმზე? რა საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას გადაჭარბებული სმა? რა დოზა ითვლება უსაფრთხოდ?

გონებისთვის სახიფათო

უმეტეს ალკოჰოლურ სასმელებში შედის ქიმიური ნივთიერება — ეთილის სპირტი ანუ ეთანოლი. ეს არის ნეიროტოქსინი, რომელსაც შეუძლია დააზიანოს ან მოშალოს ნერვული სისტემა. სიმთვრალე, ფაქტობრივად, იგივე მოწამვლაა. ეთილის სპირტის დიდი რაოდენობა ადამიანს კომაში აგდებს და კლავს. მაგალითად, იაპონელ ახალგაზრდებში მიღებულია სმაში გაჯიბრება — „იკკინომი“, რაც ზოგჯერ სიკვდილით მთავრდება. ორგანიზმს შეუძლია ეთილის სპირტი უვნებელ ნივთიერებებად გარდაქმნას, მაგრამ ეს პროცესი უცბად არ ხდება. რადგან ორგანიზმს საკმარისი დრო არა აქვს, ეთილის სპირტი ორგანიზმში გროვდება და აზიანებს ტვინის ფუნქციას. რა მხრივ?

ჩვენი მეტყველება, მხედველობა, კოორდინაცია, აზროვნება და საქციელი განპირობებულია უაღრესად რთული ქიმიური პროცესებით, რომლებიც მიმდინარეობს თავის ტვინის ნეირონებში ანუ ნერვული სისტემის ძირითად სტრუქტურულ და ფუნქციურ ელემენტებში. ორგანიზმში ეთილის სპირტის მოხვედრისას ქიმიური რეაქციები ცვლილებას განიცდის. ის ან აქვეითებს, ან აძლიერებს ზოგიერთი ნეიროტრანსმიტერის როლს — სიგნალების ნეირონიდან ნეირონში გადაცემას. ასეთნაირად, ტვინში იცვლება ინფორმაციის მიწოდების გზა, რაც ტვინის ნორმალურ მუშაობას აფერხებს. ამიტომ, მთვრალი ადამიანი გაურკვევლად ლაპარაკობს, ბუნდოვნად ხედავს, ბარბაცით დადის და კონტროლს კარგავს. ეს ყველაფერი კი დათრობის დამახასიათებელი სიმპტომებია.

როდესაც პიროვნება ხანგრძლივად და რეგულარულად სვამს, მისი ტვინი ეგუება ეთილის სპირტის საზიანო გავლენას და ნეირონები ნორმალურად ფუნქციონირებას განაგრძობს. შედეგად ადრინდელი დოზა ისეთ გავლენას აღარ ახდენს ადამიანზე, რასაც ადრე ახდენდა. ალკოჰოლზე დამოკიდებულება მაშინ ვითარდება, როცა ტვინი იმდენად ეგუება ალკოჰოლს, რომ მის გარეშე ნორმალურად ვეღარ ფუნქციონირებს. ქიმიური ბალანსის აღსადგენად ორგანიზმი ალკოჰოლს ითხოვს. თუ ამ დროს ადამიანს სასმელი არა აქვს, ტვინში მიმდინარე ქიმიური პროცესები მთლიანად ირღვევა და ეწყება აღგზნებადობა, კანკალი და კრუნჩხვებიც კი.

ტვინის ქიმიური შედგენილობის შეცვლის გარდა, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს უჯრედების ატროფია და კვდომა და, შედეგად, ტვინის სტრუქტურის მთლიანად შეცვლა. მართალია, ალკოჰოლზე უარის თქმის შემთხვევაში ნაწილობრივ ჯანმრთელობის აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ, როგორც ჩანს, ტვინის ზოგი უბანი პირვანდელ მდგომარეობას ვერასოდეს აღიდგენს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ მკვდარი ნეირონების აღდგენა შეუძლებელია; ეს კი საზიანოდ მოქმედებს მეხსიერებასა და ცნობიერების სხვა ფუნქციებზე. ტვინის ფუნქცია არა მარტო იმ შემთხვევაში ზიანდება, როცა პიროვნება დიდი ხნის განმავლობაში იღებს ალკოჰოლს, არამედ, როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, შედარებით მცირე პერიოდიც საკმარისია მის დასაზიანებლად.

ღვიძლის დაავადება და კიბო

ღვიძლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლის პროცესში. ის ებრძვის ინფექციას, არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, ორგანიზმიდან დევნის ტოქსიკურ ნივთიერებებს, მათ შორის ალკოჰოლსაც. ალკოჰოლის ხანგრძლივად და რეგულარულად მიღებისას ღვიძლის დაზიანება სამ ეტაპად მიმდინარეობს. პირველი ეტაპის დროს ეთილის სპირტის დაშლა აფერხებს ცხიმების დაშლის პროცესს, რის შედეგადაც ცხიმები ღვიძლში გროვდება. ამას ცხიმოვანი ჰეპატოზი ანუ ღვიძლის სტეატოზი ეწოდება. დროთა განმავლობაში ღვიძლის ქრონიკული ანთება ანუ ჰეპატიტი ვითარდება. გარდა იმისა, რომ ალკოჰოლი უშუალოდ განაპირობებს ჰეპატიტის განვითარებას, როგორც ჩანს, მისი მიღების შემთხვევაში ორგანიზმი ნაკლებად რეზისტენტული ხდება B და C ჰეპატიტის მატარებელი ვირუსების მიმართ *. თუ მკურნალობას არ ჩაიტარებთ, ალკოჰოლი კიდევ უფრო დააზიანებს ღვიძლის უჯრედებს, რაც გამოიწვევს უჯრედების დაპროგრამებულ კვდომას ანუ აპოპტოზს.

ბოლო ეტაპზე ვითარდება ციროზი. ღვიძლში მზარდი ანთებითი კერების გაჩენა და უჯრედების დაშლა ამ ორგანოში ისეთ პროცესებს იწვევს, რომელთა შეჩერებაც შეუძლებელია. თანდათანობით ღვიძლი მკვრივდება და მარცვლოვანი აგებულების ხდება. საბოლოოდ შემაერთებელი ქსოვილით ღვიძლის უჯრედების ჩანაცვლება აფერხებს სისხლის ნორმალურ მიმოქცევას, რის შედეგადაც ღვიძლი ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას და ადამიანი კვდება.

ალკოჰოლი კიდევ ერთ ფარულ საშიშროებას უქმნის ღვიძლს. ღვიძლი ნაკლებად უწევს წინააღმდეგობას კიბოს გამომწვევ უჯრედებს. ალკოჰოლი არა მარტო ღვიძლის კიბოს განვითარებას უწყობს ხელს, არამედ საგრძნობლად ზრდის კიბოს საფრთხეს პირის ღრუში, ხახაში, ხორხსა და საყლაპავ მილზე. გარდა ამისა, ალკოჰოლის მიღებისას პირის ღრუს ლორწოვანი გარსი უფრო ადვილად ატარებს თამბაქოში არსებულ კიბოს გამომწვევ ნივთიერებებს, რაც ზრდის მწეველებში კიბოს განვითარების საფრთხეს. ქალები, რომლებიც ყოველდღე სვამენ, მკერდის კიბოს განვითარების უფრო მეტი საშიშროების წინაშე არიან. ერთი გამოკვლევის თანახმად, სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაავადების რისკი იმ ქალებში, რომლებიც დღეში სამ ან მეტ ჭიქას სვამდნენ, 69 პროცენტით მეტი იყო, ვიდრე მათში, რომლებიც არ სვამდნენ.

ალკოჰოლით „მოწამლული“ ბავშვები

ალკოჰოლის უზომოდ მიღება განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს ნაყოფზე. „ინტერნეშნლ ჰერალდ ტრიბიუნში“ აღნიშნულია, რომ „ალკოჰოლი უფრო საზიანოდ მოქმედებს ნაყოფზე, ვიდრე რომელიმე ნარკოტიკი“. როდესაც ფეხმძიმე ქალი სვამს, „ნაყოფიც სვამს“. ალკოჰოლი განსაკუთრებით საზიანოდ მოქმედებს ნაყოფზე განვითარების პროცესში. ის შეუქცევადად აზიანებს ბავშვის ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ნეირონები სათანადოდ არ ყალიბდება. ზოგი უჯრედი კვდება, ზოგი კი სხვა ადგილას ვითარდება.

ჩანასახოვანი ალკოჰოლური სინდრომი არის იმის უმთავრესი მიზეზი, რომ იბადებიან გონებადაქვეითებული ბავშვები. ისინი გონებრივად განუვითარებლები არიან, კარგად ვერ ლაპარაკობენ, ასაკის შესაბამისად არ ვითარდებიან, ნელა იზრდებიან, ზედმეტად აქტიურები არიან და აღენიშნებათ სმენისა და მხედველობის დარღვევა. ბევრი ბავშვი სახის დეფექტებითაც იბადება.

გარდა ამისა, ბავშვებს, რომელთა დედებიც ორსულობის პერიოდში სვამენ, თუნდაც ზომიერად, შეიძლება დაქვეითებული უნარი ჰქონდეთ, აგრეთვე, პრობლემები ქცევასა და სწავლაში. „შვილს რომ ავნო, სულაც არ არის აუცილებელი ალკოჰოლიკი იყო. ფეხმძიმობის პერიოდში რომ დალიო, შვილს ზიანს მიაყენებ“,— შენიშნავს ვაშინგტონის უნივერსიტეტის, ორსულთა ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის განყოფილების, პროფესორი ენ სტრისგუსი. საფრანგეთის ჯანმრთელობისა და მედიცინის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის მიერ მომზადებულ ანგარიშში „ალკოჰოლი საზიანოა ჯანმრთელობისთვის“ აღნიშნულია, რომ „ალკოჰოლის მიღება საზიანოა მთელი ორსულობის პერიოდში. არ არსებობს მინიმალური დოზა, რომელიც თავის კვალს არ დატოვებს ნაყოფზე“. მაშასადამე, გონივრულია, რომ ფეხმძიმე ქალებმა ან მათ, რომლებიც ფიქრობენ ბავშვის ყოლას, საერთოდ არ მიიღონ არანაირი ალკოჰოლი *.

ზომიერი სმა

ზემოთ მოხსენიებული დაავადებების ჩამონათვალი, რასაც ალკოჰოლი იწვევს, სრული არ არის. ლონდონში გამომავალ ერთ–ერთ ჟურნალში 2004 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნული იყო, რომ „ალკოჰოლის მცირე რაოდენობაც კი ზრდის ტრავმის რისკს და 60–მდე დაავადების განვითარებას უწყობს ხელს“ (Nature). ამ ყველაფრის მხედველობაში მიღებით, სასმელის რა რაოდენობა ითვლება ზომიერად? დღეს მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ალკოჰოლურ სასმელებს დროდადრო იღებს. ჯანმთელობის შესანარჩუნებლად მთავარი ზომიერებაა. მაგრამ რას ნიშნავს ზომიერება? უმრავლესობა თვლის, რომ ზომიერად სვამს. შესაძლოა ისინი ფიქრობენ, რომ რადგან დათრობამდე არ სვამენ და არც ალკოჰოლზე არიან დამოკიდებულნი, საშიშროება არ ემუქრებათ. მიუხედავად ამისა, ყოველი მეოთხე ევროპელი იმდენს სვამს, რომ უკვე ალკოჰოლიზმის სახიფათო ფორმა აღენიშნებათ.

სხვადასხვა წყარო მამაკაცებისთვის ზომიერად მიიჩნევს დღეში 20 გრამი სუფთა ალკოჰოლის მიღებას, რაც ორ სტანდარტულ ჭიქას უდრის, ხოლო ქალებისთვის — 10 გრამს ანუ ერთ ჭიქას. საფრანგეთისა და ბრიტანეთის ჯანდაცვის მუშაკები ზომიერად თვლიან მამაკაცებისთვის დღეში სამ ჭიქას, მანდილოსნებისთვის კი —2–ს. „აშშ–ის ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებისა და ალკოჰოლიზმის ეროვნული ინსტიტუტი“ გვირჩევს, რომ „სამოცდახუთი წლის შემდეგ დღეში ერთ ჭიქაზე მეტი არ უნდა დავლიოთ“ *. თუმცა, უნდა ავღნიშნოთ, რომ ალკოჰოლი ყველა ადამიანზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. ზოგჯერ მცირე ოდენობაც კი ძალიან ბევრია. მაგალითად, „ალკოჰოლის ზომიერად მიღებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მათზე, რომლებსაც ემოციური მოშლილობა და ნევროზი აქვთ“, — ნათქვამია აშშ–ის კონგრესისთვის მომზადებულ ალკოჰოლსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მე–10 სპეციალურ ანგარიშში. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ასაკი, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა და აღნაგობა (იხილეთ ჩარჩო „რისკის მინიმუმამდე დაყვანა“).

რა დახმარება შეიძლება გაეწიოთ მათ, რომლებიც გადაჭარბებულად სვამენ? ამ კითხვაზე პასუხს მომდევნო სტატია გაგვცემს.

[სქოლიოები]

^ აბზ. 11 საფრანგეთში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ციროზის განვითარების საშიშროება ორჯერ მეტია C ჰეპატიტით დაავადებულ იმ ადამიანებში, რომლებიც გადაჭარბებით სვამენ, ვიდრე მათში, რომლებიც ამ ვირუსის მატარებლები არიან, მაგრამ სასმელს ზომიერად იღებენ. ასეთ ავადმყოფებს ექიმები ურჩევენ, ძალიან მცირე რაოდენობით მიიღონ ალკოჰოლი ან საერთოდ უარი თქვან მასზე.

^ აბზ. 17 მეძუძური დედები უნდა მოერიდონ სასმელს, რადგან ალკოჰოლი რძეში გროვდება. ფაქტობრივად, ალკოჰოლის კონცენტრაცია დედის რძეში უფრო მაღალია, ვიდრე სისხლში, რადგან რძეში უფრო მეტი წყლის შემცველობაა.

^ აბზ. 20 მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის, რომ ყველა ქვეყანაში სტანდარტულად სხვადასხვა ზომის ჭიქა ითვლება და ჭიქაში იმდენს ასხამენ, რამდენიც ადგილობრივად არის მიღებული.

[ჩარჩო⁄სურათები 5 გვერდზე]

ერთი ჭიქა რომ დალიოს მძღოლმა?

ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა მას შემდეგ იკრძალება, რაც მანქანა არსებობს. ეს აკრძალვა პირველად 1903 წელს დანიაში შემოიღეს.

ალკოჰოლის მშიერ კუჭზე მიღებისას, დაახლოებით ნახევარ საათში ის სისხლში ხვდება. საყოველთაოდ გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, ყავის დალევა, სუფთა ჰაერი და ფიზიკური ვარჯიში ვერ დაგეხმარებათ გამოფხიზლებაში. ერთადერთი საშუალება, ალკოჰოლი რომ ორგანიზმიდან გავიდეს, დროა. არც ის დაგავიწყდეთ, რომ ერთ სტანდარტულ ჭიქა ღვინოში ალკოჰოლის შემცველობა იმდენივეა, რამდენიც ერთ ჭიქა ლუდსა თუ ერთ ჭიქა არაყში *.

მართვის დროს ალკოჰოლის მცირე რაოდენობით მიღებამაც კი შეიძლება მოადუნოს თქვენი ყურადღება. ალკოჰოლი მოქმედებს მხედველობაზე. საგზაო ნიშნებს კარგად ვეღარ არჩევთ. მცირდება პერიფერიული მხედველობა; აგრეთვე, მძღოლს უჭირს მანძილის განსაზღვრა და შორს მყოფი საგნების დანახვა. ტვინი სწრაფად ვერ ამუშავებს ინფორმაციას, რის შედეგადაც რეაქცია და კოორდინაცია ნელდება.

ავარიის დროს ნასვამი მძღოლი უფრო სერიოზულ ტრავმას მიიღებს, ვიდრე ეს ფხიზელ მდგომარეობაში მოხდებოდა. უფრო მეტიც, სასწრაფო ოპერაციის შემთხვევაში თქვენი გადარჩენის შანსი ნაკლები იქნება, რადგან ალკოჰოლი გულსა და სისხლის მიმოქცევაზე მოქმედებს. „ამგვარად, საყოველთაოდ მიღებული თვალსაზრისის საწინააღმდეგოდ, ავარიის შედეგად, ძირითადად, ნასვამი მძღოლები იღუპებიან“, — ნათქვამია საფრანგეთის ეროვნული ინსტიტუტის ანგარიშში (Alcool: Dommages sociaux, abus et dépendance). ამავე ანგარიშში შემდეგი რჩევებია მოცემული:

▪ არასოდეს მიუსხდეთ საჭეს ნასვამ მდგომარეობაში.

▪ არ ჩაუჯდეთ ნასვამ მძღოლს.

▪ ეცადეთ, ნასვამ მშობლებს ან მეგობრებს გადააფიქრებინოთ მანქანის მართვა.

[სქოლიო]

^ აბზ. 29 როგორც წესი, შვიდი გრამი ალკოჰოლის ორგანიზმიდან გასვლას ერთი საათი სჭირდება. სტანდარტული ჭიქა ყველა ქვეყანაში სხვადასხვა ზომისაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სტანდარტულად მიიჩნევს სასმელის ოდენობას, სადაც 10 გრამი სუფთა ალკოჰოლია. ეს დაახლოებით 250 მილილიტრი ლუდის, 100 მილილიტრი ღვინის და 30 მილილიტრი არყის ტოლფასია.

[სურათები]

ამ ჭიქებში ალკოჰოლის დაახლოებით ერთი და იგივე რაოდენობაა

ერთი ბოთლი ლუდი (330 მლ., ალკოჰოლის შემცველობა 5%).

წყლით გაზავებული მაგარი სპირტიანი სასმელის (ვისკი, ჯინი, არაყი) ჭიქა (40 მლ., ალკოჰოლის შემცველობა 40%).

ერთი ჭიქა ღვინო (140 მლ., ალკოჰოლის შემცველობა 12%).

ლიქიორის პატარა ჭიქა (70 მლ., ალკოჰოლის შემცველობა 25%).

[ჩარჩო 6 გვერდზე]

ალკოჰოლიზმი — გენებია მიზეზი?

ალკოჰოლიზმის მკურნალობის მეთოდების ძიებისას მეცნიერები ცდილობდნენ, გაეგოთ, რა როლს ასრულებდა გენეტიკური ფაქტორი სპირტიანი სასმელებისადმი მიდრეკილებაში. მათ აღმოაჩინეს რამდენიმე გენი, რომლებიც, როგორც ჩანს, გავლენას ახდენს ადამიანის ალკოჰოლისადმი დამოკიდებულებაზე. თუმცა, ალკოჰოლიზმს მხოლოდ გენეტიკური ფაქტორი არ განაპირობებს. მაშინაც კი, თუ ადამიანი გენეტიკურად არის მიდრეკილი ალკოჰოლისკენ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად მასზე დამოკიდებული გახდება. დიდი მნიშვნელობა აქვს გარემო ფაქტორებს. ესენია: არასათანადო აღზრდა ან ისეთ ოჯახში აღზრდა, სადაც გადაჭარბებულად სვამენ, თანატოლების ზეგავლენა, უთანხმოება, ემოციური სირთულეები, დეპრესია, აგრესია, მძაფრი შეგრძნებებისკენ სწრაფვა, დიდი რაოდენობით სასმელის ატანა ან სხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულება. ეს და სხვა ფაქტორები ხელს უწყობს ალკოჰოლისადმი დამოკიდებულების განვითარებას.

[ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]

საფრანგეთი:

გამოკვლევები ცხადყოფს, რომ დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი გადაჭარბებულად სვამს, მათგან 2–დან 3 მილიონამდე დამოკიდებულია ალკოჰოლზე.

ნიგერია:

ლაგოსში გამომავალი გაზეთის თანახმად, ნიგერიაში „15 მილიონზე მეტი ალკოჰოლიკია“ (Daily Champion). ეს მოსახლეობის თითქმის 12 პროცენტია.

პორტუგალია:

ეს ქვეყანა ერთ–ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების ძალიან დიდი პრობლემა არსებობს. მოსახლეობის 10 პროცენტი „ალკოჰოლის მოხმარების გამო ინვალიდია“, — აღნიშნულია ლისაბონში გამომავალ გაზეთ „პუბლიკოში“.

შეერთებული შტატები:

აშშ–ის კონგრესისთვის მომზადებულ ალკოჰოლსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მე–10 სპეციალურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ „დაახლოებით 14 მილიონი ამერიკელი — მოსახლეობის 7,4 პროცენტი — ალკოჰოლის ბოროტად მომხმარებელი ანუ ალკოჰოლიკია“.

[ჩარჩო 8 გვერდზე]

რისკის მინიმუმამდე დაყვანა

ქვემოთ მოცემული საშუალებები, რომლებიც ადამიანს რისკის მინიმუმამდე დაყვანაში ეხმარება, გამოაქვეყნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან არსებულმა ფსიქიატრიულ- ნარკოლოგიურმა განყოფილებამ. რისკის მინიმუმამდე დაყვანა არ ნიშნავს იმას, რომ საფრთხე საერთოდ აღარ იარსებებს. ალკოჰოლი ადამიანებზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს.

▪ არ დალიოთ დღეში ორ სტანდარტულ ჭიქაზე მეტი *.

▪ ეცადეთ, კვირაში ორი დღე მაინც უარი თქვათ სპირტიან სასმელებზე.

შემდეგ სიტუაციებში შესაძლოა ორი ან ერთი ჭიქაც კი ძალიან ბევრი აღმოჩნდეს:

▪ მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს.

▪ ფეხმძიმობის ან ძუძუს წოვების პერიოდში.

▪ ზოგიერთი წამლის მიღების პერიოდში.

▪ ზოგიერთი დაავადების დროს.

▪ თუ დალევის დროს გიჭირთ თავის გაკონტროლება.

[სქოლიო]

^ აბზ. 58 ერთი სტანდარტული ჭიქა შეიცავს 10 გრამ ალკოჰოლს.

[საავტორო უფლება]

წყარო: Brief Intervention for Hazardous and Harmful Drinking.

[ჩარჩო⁄სურათი 9 გვერდზე]

ალკოჰოლი — სასარგებლოა გულისთვის?

მეცნიერები ფიქრობენ, რომ წითელ ღვინოში არსებული ქიმიური ნივთიერებები (პოლიფენოლები) ხელს უშლის ისეთი ქიმიური ნაერთის წარმოქმნას, რომელიც სისხლძარღვებს ავიწროებს.

გარდა ამისა, ალკოჰოლი ხელს უწყობს ორგანიზმში, ეგრეთ წოდებული, კარგი ქოლესტერინის მომატებას. აგრეთვე, ამცირებს ისეთი ნივთიერებების წარმოქმნას, რომლებიც იწვევს თრომბს.

როგორც ჩანს, ალკოჰოლი ორგანიზმზე მაშინ მოქმედებს დადებითად, თუ კვირის განმავლობაში მცირე რაოდენობით მივიღებთ და არა ერთჯერზე დიდი რაოდენობით მიღებისას. დღეში ორ ჭიქაზე მეტის დალევა ზრდის სისხლის არტერიულ წნევას, ხოლო უფრო მეტის — გულის წასვლის საფრთხეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის საზღვრების გადიდება და არითმია. ეს და სხვა საშიშროებები, რომლებიც ალკოჰოლის გადაჭარბებით მიღებას მოჰყვება, მთლიანად გადაწონის იმ დადებით გავლენას, რასაც ის გულსისხლძარღვთა სისტემაზე ახდენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უნდა კარგი იყოს, ზედმეტი რაოდენობა საზიანოა.

[დიაგრამა⁄სურათი 7 გვერდზე]

რა ზიანის მოყენება შეუძლია ალკოჰოლს?

ტვინი:

უჯრედების კვდომა, მეხსიერების დაკარგვა, დეპრესია, აგრესია.

მხედველობის, მეტყველების, კოორდინაციის დაქვეითება.

პირის ღრუს, ყელის, მკერდის, ღვიძლის კიბოს განვითარება.

გული:

კუნთების მოდუნება, გულ–სისხლძარღვთა დაავადებები, გულის გაჩერება.

ღვიძლი:

სტეატოზი, ღვიძლის გადიდება, ციროზი.

სხვა საშიშროებები:

სუსტი იმუნური სისტემა, პანკრეასის ანთება, კუჭის წყლული.

ფეხმძიმე ქალებში

განუვითარებელი და გონებაჩლუნგი ბავშვების დაბადება.

[სურათი 8 გვერდზე]

„ალკოჰოლი უფრო საზიანოდ მოქმედებს ნაყოფზე, ვიდრე რომელიმე ნარკოტიკი“.