გადაჭარბებული სმა საფრთხეს უქმნის საზოგადოებას
გადაჭარბებული სმა საფრთხეს უქმნის საზოგადოებას
ალკოჰოლური სასმელების დალევას ორი ურთიერთსაპირისპირო შედეგი მოაქვს: სიხარული ან უბედურება. როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, ზომიერი სმა კაცის გულს ამხიარულებს (ფსალმუნები 103:15). თუმცა ბიბლია გვაფრთხილებს, რომ გადაჭარბებულმა სმამ შესაძლოა შხამიანი გველის ნაკბენივით საზიანოდ ან სასიკვდილოდაც კი იმოქმედოს ადამიანზე (იგავები 23:31, 32). მოდი უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ის საშიშროება, რომელიც გადაჭარბებულ სმას მოჰყვება.
„შაბათს მთვრალმა მძღოლმა 25 წლის ფეხმძიმე ქალი და მისი ორი წლის ბიჭუნა გაიტანა . . . ქალი, რომელიც ექვსი თვის ფეხმძიმე იყო, კვირას საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბავშვი, რომელმაც თავის სერიოზული დაზიანება მიიღო, კრიტიკულ მდგომარეობაშია“, — იუწყებოდა გაზეთი „მონდი“. სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევები არც ისე იშვიათად ხდება. შესაძლოა იცნობთ კიდეც ვინმეს, ვინც ნასვამი მძღოლის მსხვერპლი გახდა. ნასვამი მძღოლების გამო ყოველ წელს ავტოკატასტროფაში ათასობით ადამიანი კვდება ან სერიოზულ ტრავმას იღებს.
სიკვდილის მიზეზი
მთელ მსოფლიოში ალკოჰოლის გადაჭარბებულ მიღებას უამრავი ზიანი მოაქვს. საფრანგეთში უზომო სმის შედეგად გამოწვეულ სიკვდილის შემთხვევებს კიბოსა და გულის კორონარული დაავადებების შემდეგ მესამე ადგილი უკავია. უშუალოდ სიმთვრალის თუ ალკოჰოლის შედეგად გამოწვეული პრობლემების გამო წელიწადში დაახლოებით 50 000 ადამიანი კვდება. „ეს დაახლოებით იგივეა, რომ ყოველ კვირა ორმა ან სამმა უზარმაზარმა ავიალაინერმა განიცადოს კატასტროფა“, — აღნიშნულია საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშში.
ალკოჰოლის გადაჭარბებული სმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი განსაკუთრებით ახალგაზრდებზე მოდის. 2001 წელს გამოქვეყნებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, ევროპაში მცხოვრებ 15-დან 29 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცებში სიკვდილის მთავარი მიზეზი სასმელია. ვარაუდობენ, რომ მალე აღმოსავლეთ ევროპის ზოგ ქვეყანაში სამიდან ერთი ახალგაზრდა კაცი ამ მიზეზით მოკვდება.
ძალადობისა და შეურაცხყოფის მიზეზი
ალკოჰოლი ძალადობის გამომწვევი მიზეზიც არის. სმის შედეგად ადამიანი კონტროლს კარგავს; მან შესაძლოა სხვისი ნათქვამი ან მოქმედება არასწორად გაიგოს და უფრო ადვილად გადავიდეს ფიზიკურ შეურაცხყოფაზე.
ხშირად ალკოჰოლი ოჯახში სისასტიკისა და სექსუალური ძალადობის მიზეზი ხდება. საფრანგეთის ციხეებში ჩატარებული ერთი გამოკვლევის თანახმად, გაუპატიურებისა და შეურაცხყოფის შემთხვევების ორი მესამედი გადაჭარბებული სმის ნიადაგზე იქნა ჩადენილი. როგორც ჟურნალი „პოლიტიკა“ იუწყება, გამოკვლევები ცხადყოფს, რომ პოლონეთში ალკოჰოლიკი ქმრების 75 პროცენტი ცოლებს სასტიკად ეპყრობა. ერთი სამედიცინო გამოკვლევის თანახმად, „ორჯერ უფრო მეტი საფრთხე არსებობს იმისა, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანმა ნასვამ მდგომარეობაში მკვლელობა ჩაიდინოს. მკვლელობის ჩადენის რისკი მათთვისაც დიდია, რომლებიც თვითონ არ სვამენ, მაგრამ ოჯახში ალკოჰოლიკი ჰყავთ“ (ამერიკის სამედიცინო საზოგადოების სამეცნიერო საბჭო).
რა ფასად უჯდება ეს საზოგადოებას?
მკურნალობისა და დაზღვევის ხარჯები და კომპანიებისთვის მიყენებული ზარალი უზარმაზარ რიცხვს შეადგენს. ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღების გამო ირლანდიის ოთხმილიონიანი მოსახლეობა წელიწადში, სულ მცირე, ერთი მილიარდი დოლარის ზარალს განიცდის. „აირიშ თაიმზში“ ნათქვამია, რომ ეს თანხა საკმარისია „ყოველ წელს ახალი საავადმყოფოსა და სტადიონის ასაშენებლად და მთავრობის თითოეული წარმომადგენლისთვის პირადი თვითმფრინავის შესაძენად“. 1998 წელს „მაინიჩი დეილი ნიუზი“ იტყობინებოდა, რომ იაპონიაში ალკოჰოლიკების მიერ მიყენებულმა ზარალმა „წელიწადში 6 ტრილიონ იენს [55 მილიარდ დოლარს] გადააჭარბა“. შეერთებული შტატების კონგრესის ანგარიშში აღნიშნული იყო: „შეერთებულ შტატებში ალკოჰოლიკების მიერ მიყენებულმა ზარალმა მარტო 1998 წელს 184,6 მილიარდი დოლარი შეადგინა, ანუ უხეშად რომ ვთქვათ, აშშ-ის ყოველი მცხოვრები 638 დოლარით დაზარალდა“. რა შეიძლება ითქვას ალკოჰოლის მიზეზით განქორწინებული ოჯახების ან დაქვრივებულების ემოციურ და ფსიქოლოგიურ ტრავმაზე, ანდა მათზე, რომელთაც ხელი შეეშალათ განათლების მიღებასა და კარიერის შექმნაში?
რთული არ არის იმ ზიანის დანახვა, რასაც გადაჭარბებული სმა აყენებს საზოგადოებას. ზომაზე მეტს ხომ არ სვამთ, რითაც საფრთხეს უქმნით როგორც საკუთარ, ისე სხვების ჯანმრთელობას? ეს საკითხი მომდევნო სტატიაში იქნება განხილული.