მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
სილამაზე. მე 11 წლის ვარ. ძალიან მომეწონა სტატიათა სერია „როგორი სილამაზეა ყველაზე მნიშვნელოვანი?“ (8 იანვარი, 2005). ზოგჯერ ძალიან მაღელვებს ის, თუ როგორ გამოვიყურები. ეს სტატია დამეხმარა იმის დანახვაში, რომ ადამიანები მდიდარ შინაგან ბუნებას უფრო ამჩნევენ, ვიდრე ლამაზ გარეგნობას.
ა. ლ. (შეერთებული შტატები).
უკმაყოფილო ვარ ჩემი გარეგნობით. მაგრამ იმედი მაქვს, რომ იეჰოვასთვის მოსაწონია ჩემი შინაგანი პიროვნება და ცხოვრების სტილი. ასეთი სტატიები არა მარტო საინტერესოა, არამედ ძალებსაც მმატებს.
მ. გ. (გერმანია).
ახალგაზრდების შეკითხვები. გმადლობთ სტატიისთვის „რა ვქნა, თუ ის უარს მეუბნება?“, რომელიც გამოქვეყნებული იყო რუბრიკაში „ახალგაზრდების შეკითხვები“ (8 იანვარი, 2005). სტატიაში მოხსენიებული ახალგაზრდებივით, მეც მომწონდა ახალგაზრდა ქრისტიანი მამაკაცი, რომელმაც უარი მითხრა სიყვარულზე. ამან სულიერად გამანადგურა. სტატიამ დამანახვა, რომ საჭირო იყო კონკრეტულად მეთხოვა ლოცვაში იეჰოვასთვის, დამხმარებოდა, სულიერი საქმეებით ვყოფილიყავი დაკავებული. მინდა, დავძლიო ცალმხრივი სიყვარულის შედეგად მოყენებული ჭრილობა.
ი. ვ. (იაპონია).
სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატავად, რაც სტატიის წაკითხვის შემდეგ ვიგრძენი. მართლაც რომ დროული იყო ამ სტატიის მიღება; ის ზუსტად აღწერს იმ გრძნობას, რაც განვიცადე. არ იყო ადვილი უარის მიღება, მაგრამ ეს სტატია დამეხმარა, მომხდარზე მეტად აღარ მეფიქრა.
მ. პ. (იტალია).
აქ მოყვანილი რჩევების გამოყენება შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ამ სტატიამ შემაძლებინა სულიერი წონასწორობის აღდგენა. იმედი მაქვს, ის ბევრს დაეხმარება, კვლავ დაინახონ, რომ იეჰოვას თვალში ძვირფასნი არიან, და ისევ დაუბრუნდეთ სიცოცხლის ხალისი!
ჯ. ი. (შეერთებული შტატები).
ამ სტატიამ ძალები შემმატა და დამეხმარა, გულგატეხილობა დამეძლია. მართალია, უარყოფილად ვიგრძენი თავი, მაგრამ ამ სტატიამ შვება მომგვარა. მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ზრუნავს თითოეულ ჩვენგანზე.
მ. ლ. (შეერთებული შტატები).
იმ დღეს, როდესაც „გამოიღვიძეთ!“–ის ეს ნომერი მივიღე, მომივიდა წერილი ქრისტიანი ძმისგან, რომელმაც თავაზიანად, მაგრამ ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე უარი მითხრა სიყვარულზე. რამდენიმე დღის განმავლობაში არც ჭამა შემეძლო და არც ძილი. ეს სტატია დამეხმარა, რეალურად შემეხედა სიტუაციისთვის და პირადი ღირსების გრძნობა არ დამეკარგა.
მ. ი. (იაპონია).
დიდი ხნის განმავლობაში ვიტანჯებოდი სიყვარულის გამო, რომელიც ორმხრივი არ იყო; მივხვდი, საუკეთესო საშუალება იყო ის, რომ სინამდვილეს შევგუებოდი. ახლა ვხედავ, რომ მარტო მე არ ვარ ასეთ მდგომარეობაში. დიდი მადლობა.
ლ. ე. ს. (ბრაზილია).
გული მეტკინა და გულგატეხილობა დამეუფლა, როცა პიროვნებამ, რომელიც მომწონდა, უარი მითხრა. სტატიის წაკითხვის შემდეგ თვალები ცრემლებით ამევსო, რადგან ამ სტატიის საშუალებით იეჰოვა დამეხმარა. ახლა ვხვდები, რომ მას ამ დიდი ტკივილისგან ჩემი დაცვა უნდოდა. ყველაზე მეტად იეჰოვა მიყვარს.
დ. ო. (ავსტრია).
„ახალგაზრდების შეკითხვებში“ მოცემული აზრი იმის შესახებ, რომ იეჰოვამ ჩაუდო ადამიანებს გულებში სიყვარულის გრძნობა და მან იცის, თუ როგორ შეიძლება ამ გრძნობის მართვა, ჩემთვის ახალი და მანუგეშებელი იყო. მინდა, გავხდე ისეთი პიროვნება, როგორზეც ამ ჟურნალის შესავალ სტატიებშია საუბარი და რომლებიც იეჰოვას თვალში შინაგანად არიან ლამაზები.
ჰ. ვ. (იაპონია).